მარიამ ელიაშვილი
26.06.2017

 საჰაერო-სახმელეთო ტრანსპორტის მწარმოებელი კომპანია "ლიბერთი," დიდი ხანია, მფრინავი მანქანების შექმნაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოდელი "პალ-ვ" 2012 წელს შეიქმნა, სამომხმარებლო ბაზარზე მომდევნო წელს გამოჩნდება.

იმედოვნებენ, რომ 2019 წლისთვის მფრინავი მანქანების რიცხვი 50-დან 100-მდე გაიზრდება, მომდევნო წელს კი მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულს მიაღწევს. სატრანსპორტო კომპანიათა ნაწილი მას მომავლის ტრანსპორტად მიიჩნევს და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში გზები საცობებისგან გაიწმინდება.

მფრინავი ავტომობილის პირველი მოდელი 499,000 ევროდ გაიყიდება, თუმცა მის შესაძენად მხოლოდ თანხა საკმარისი არაა. მსურველს როგორც მფრინავის, ისე ავტომობილის მართვის ლიცენზია უნდა ჰქონდეს. სანამ მფლობელს გადაეცემა, თავად ტრანსპორტიც 150-საათიან შემოწმებას გაივლის.

"ლიბერთი" არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც საფრენი მანქანების შექმნაზე მუშაობს. "ტოიოტა" 2020 წელს თავის მოდელს ტოკიოში ოლიმპიურ ასპარეზობაზე წარადგენს, თუმცა ამ საფრენი მანქანის მიზანი მხოლოდ ოლიმპიური ცეცხლის გადატანა იქნება, იგი მასობრივი წარმოებისთვის განკუთვნილი არაა.

სამომხმარებლო ბაზარზე "პალ-ვ"-ს კონკურენციას ისეთი კომპანიები გაუწევენ, როგორებიცაა "აერომობილი" და "ტერფუჯი". ორივე მათგანი თვითმფრინავის მსგავს რეაქტიულ ძრავას იყენებს, რაც განსხვავდება "პალ-ვ"-ის გიროკოპტერის სისტემისგან.

მისი განმასხვავებელი ნიშანია ორი პროპელერი. მათგან შედარებით უფრო დიდს, რომელიც ზედა ნაწილშია განთავსებული, ძრავა არ აქვს მიერთებული. მანქანის სპეციფიკური აეროდინამიკური მახასიათებლის გამო შემხვედრი ჰაერის ნაკადი ატრიალებს მას და დატრიალებულ პროპელერს მანქანა ჰაერში აჰყავს. თანაც ძალიან მოკლე მანძილი ჰყოფნის ასაფრენად და დასაჯდომად.

"აერომობილმა" წინასწარი შეკვეთა 2020 წლისთვის მიიღო, "ტერაფუჯი" კი თავის პროდუქციას 2019 წელს წარადგენს.

უახლოს მომავალში საფრენი მანქანები, შესაძლოა, ჩვეულებრივ ტრანსპორტად იქცნენ, რაც გზებს საცობებისგან გაათავისუფლებს, დანიშნულების ადგილამდე მისვლას კი გაცილებით ცოტა დრო დასჭირდება.

ექსპერტთა ნაწილი არ იზიარებს ამ მოსაზრებას, მათ მფრინავი მანქანების მასობრივი გამოყენება არარეალურად მიაჩნიათ. სკეპტიკოსთა თქმით, ეს გამოიწვევს ხმაურს ცაში და შესაძლოა, მფრინავი მანქანა უფრო საფრთხის შემცველი იყოს, ვიდრე საგზაო ტრანსპორტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×