"ცხოვრების აღწერა ჯერ არ შედგენილა ჩვენში. სურათები, ლიტერატურული მოგონებები, სილუეტი არც კი გაგონილა. თითქო იღბლად დაჰყოლია ჩვენს ლიტერატურას, რუსთაველიდამ დაწყებული, შესანიშნავი მწერლებისა და ადამიანთა ვინაობის უცოდინრობა, ეს ნაკლულევანება ქართულის მწერლობისა უნდა გასწორდეს. იმ პირებზე მაინც, რომელთაც ამ საუკუნეში გადმოუბიჯებიათ ფეხი, ან კიდევ ამ საუკუნეში დაბადებულან და უდროოდ დაჰკარგვიან ჩვენს ქვეყანას", - ეს სიტყვები ეკუთვნის იონა მეუნარგიას, რომელსაც "ქართული ლიტერატურის პლუტარქეს" ეძახდნენ. თავად კი საკუთარ თავს - ქართული ლიტერატურის "მეწვრილმანეს და ფაქტების მომქუჩებელს".
სწორედ ამ "ქართული ლიტერატურის მეწვრილმანემ და ფაქტების მომქუჩებელმა" დაგვიტოვა უზარმაზარი მემკვიდრეობა, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ნარკვევები, ფელეტონები, რომლებიც იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა - "ტიფლისკი ვესტნიკი", "დროება", "ივერია", "კავკაზი", "მოამბე" და სხვა.
მან პირველმა დაამკვიდრა ქართულ ლიტერატურაში ბიოგრაფიული ჟანრი: "მოგონებები და ნარკვევები გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი და დავით ერისთავების, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე".
სამახსოვრო უბის წიგნაკს დაატარებდა, რომ მის ფურცლებზე ამა თუ იმ მწერლის ცხოვრებიდან, შეხვედრებიდან ან საუბრიდან მნიშვნელოვანი მომენტები მოეხაზა. დღევანდელ სტატიაში სწორედ მის სამახსოვრო წიგნში თავმოყრილი რამდენიმე ნაკვესი გვინდა გავაცნოთ ჩვენს მკითხველს.
"მე აქ ილიას ცხოვრებას არ ვწერ, ილიას ცხოვრების მასალას ვაქუჩებ, რომელიც ან თითონ ილიასაგან გამიგონია, ან მე თითონ ჩემის თვალით მინახავს. მე ხომ მეწვრილმანე ვარ ქართული მწერლობისა...
გაზეთ "ივერიის" გამოცემას რომ მოკიდა ხელი ილიამ, ის დიდ ფაცი-ფუცში იყო. მე იმ დროს პეტერბურგში ვიყავი დროებით. გაზეთში თანამშრომლობა მქონდა აღთქმული. სხვათა შორის, გაზეთში უნდა დაწყებულიყო ჩემგან შეკრებილი ისტორიული და სამწერლო ნაკვესების ბეჭდვა, რომელზედაც ფსევდონიმი "ლელო" ეწერათ. თითონ სათაური - "ნაკვესები" - ილიასგან არის გამოგონილი, მაგრამ ფსევდონიმი არ მოსწონდა.
20 დეკემბერს, 1885 წელს, ილია თბილისიდან მწერდა - შენი ფსევდონიმი არც ერთი არ მომეწონა. აქ მოვიგონეთ ორი ფსევდონიმი: "მე ვარ და ჩემი ნაბადი", თუმცა გრძელია, მაგრამ შენზედ ზედ გამოჭრილი; "აბედი" - ვითომ ნაკვესმა შენ ცეცხლი მოგიკიდა, როგორც აბედს და შენ ჩვენ გადმოგვეცი. ეს უკანასკნელი კარგია, მაგრამ აკაკი წერეთელს საბაბს მისცემს, ქართული "აბედი" რუსულ "ობედად" გადააქციოს. მაინც შენ სხვის სადილობების მაძიებელს გეძახდა და დაგცინოდა. ორში ერთი ამოირჩიო და ტელეგრაფით მაცნობო", - იხსენებდა იონა მეუნარგია.
უბის წიგნაკის ჩანაწერები
"1883 წელი, 24 აგვისტო. საგურამოში ვიყავი ილიასთან. ჩემს ოთახში სტოლქვეშ ჰამაკი ვიპოვე. გავიტანე გარეთ, კაკლის ტოტებში გავაბი და გავწექი. ილია კაკლის ქვეშ იყო წამოწოლილი და "ილიადას" კითხულობდა.
მე: - ვიშ, სწორედ ინგლისელის მოგონილია ეს ჰამაკი.
ილია: - არა, ამერიკელების.
მე: - ამერიკა და ინგლისი ვის გაუყვია?
ილია: - ოკეანეს.
.....
1884 წელი. გუშინ საადგილმამულო ბანკში კრება იყო ქართული თეატრის შესახებ. ბევრი გრძლად და ცხარედ ლაპარაკობდა რა ვიცი, რას, უმეტესობა კი სდუმდა. ილიამ გადახედა ჩაფიქრებულად და მდუმარედ და უთხრა თავის მეზობელს: "გასპადა, ვოტ ეტა სილა!"
.....
1887 წელი. თელავში გარდაიცვალა მელექსე იოსებ დავითაშვილი, რომლის პანაშვიდზე თბილისში აკაკიმ სიტყვა წარმოთქვა.
"აკაკის სიტყვა დავითაშვილის დასაფლავებაზე ისეთი ხამუტია, რომელიც ვისაც გინდა იქ მყოფს დაედგმოდა", - სთქვა ილიამ, რომელსაც აკაკის სიტყვა არ მოსწონებოდა თურმე".
.....
რვეულის ერთ კიდეზე იონა მეუნარგიას მიუწერია: "აკაკის ილია არ მოსწონდა, ისე, როგორც მიქელანჯელოს რაფაელი არ მოსწონდა, კორნელის - რასინი, ვიქტორ ჰიუგოს - ლამარტინი, ლამარტინს - ალფფრედ მიუსე, ბეთჰოვენს - რასინი".
.....
1891 წელი. ვანო მაჩაბელმა მიამბო ამას წინათ: ილია დაბრუნდა რუსეთიდან. ბანკში რომ შემოვიდა, შემოვეხვივენით და დაველაპარაკეთ. საქმის გარემოება რომ გვიამბო, ანტონ ფურცელაძემ ჰკითხა ილიას:
- სხვა რა ამბავია რუსეთში?
- რა უნდა იყოს, - უპასუხა ილიამ, - რუსეთში აწმყო არ არსებობს, რუსეთი მომავლით ცხოვრობს.
- არა, თუ?
- ჰო, დედა არ წამიწყდება, - დაასაბუთა ილიამ, რომელიც სულ დედის სულს ფიცულობდა.
.....
ზალიკო ჭავჭავაძემ დეპეშა მისწერა ილიას "სად არის ჩემი ძმა იასე, შემატყობინე". ილიამ პასუხი მისწერა: "სნაჩალა უპლატიტე ზა ოტვეტ."
.....
თითონ ილიამ გვიამბო: "მოსამართლედ რომ ვიყავი, ერთი გლეხი მიწას ედავებოდა ყაზბეგს.
- ბატონო, მიწა ჩემია, თეიმურაზ მეფის დროს მაქვს ნაყიდი, მოწმეცა მყავს და ახლა ყაზბეგი მართმევს, მიშველე-დამიფარე, - შემომჩივლა გლეხმა.
მე დავიბარე გლეხისგან ნახსენები მოწმე.
- შენ მოწმე ხარ, რომ ესა და ეს მიწა ამ გლეხს აქვს ნაყიდი თეიმურაზ მეფის დროს?
- დიახ, შენი ჭირიმე, მოწმე ვარ, თუნდ დამაფიცეთ, ფრჩხილების საკვეთი ამიღია.
თურმე ძველი ჩვეულება ყოფილა, როცა მიწას იყიდდა ვინმე, დამსწრე მოწმეს ფრჩხილებს მოსჭრიდნენ. ამისთვის გასამრჯელოს აძლევდნენ იმას და ეს მოწმე ვალდებული იყო, უფროსი შვილისთვის ეამბა ამ ნასყიდობის ამბავი. შვილი შვილიშვილს გადასცემდა და ამგვარად ნასყიდობის ისტორია გადადიოდა მოდგმიდან მოდგმაზე.
ილიას ეს ჩვეულება მეტად არ გაეგონა, ძლიერ მოეწონა და, მოწმის ჩვენების თანახმად, სადაო მიწა გლეხისთვის მიუსჯია.
აყაზბეგმა აპელაცია გადაიტანა, საცა სწერდა: "მომრიგებელ მოსამართლემ მკვდრები ააყენა მიწიდან და ჩვენება ჩამოართვა". ამაზე ილიას უთქვამს: "ბაბილონში აგურზე იპოვეს წარწერა, ესა და ეს მამული ნასყიდია და ამ ნასყიდობის მოწმე ესა და ეს, რომლის ფრჩხილი ამ აგურში არისო. გატეხეს აგური და შიგ ფრჩხილი ნახეს".
.....
ილია ძუნწი იყოო. დიდებულის გიოტეს შესახებაც გერმანიასა და ევროპაში ძლიერ გავრცელებული იყო ხმები მის ძუნწობასა და გულქვაობაზე, მაგრამ როცა ინგლისის გამოჩენილმა მეცნიერმა ლიუსმა დაწვრილებით შეისწავლა ცხოვრება გიოტისი, ისეთი ფაქტები აღმოაჩინა ინტენსიური, ფარული კაცთმოყვარებისა, რომ გიოტის ვრცელს ბიოგრაფიაში ლიუსი სწერს: "ამ ფაქტების გაცნობამ ჩემში აღძრა ისეთი უკიდურესი სიყვარული გიოტისადმი, რომ ველური კაცივით მისი შექმნის სურვილი დამებადა".
დაიცადეთ, ჭორიკანა ლილიპუტებო და რომელიმე ქართველი ლუისი აღმოაჩენს გულივერ ილიას ცხოვრებაში იმნაირ ფარულს კაცთმოყვარეობას, რომ თქვენის სირცხვილის ალში დაიწვებით, თუ ნიჭი სირცხვილისა სრულიად არა გაქვთ დახშული".