დღის განმავლობაში 10-15 წუთზე მეტი საუბარი ტვინის სიმსივნის რისკს 40%-ით ზრდის
მარი ჩიტაია
27.06.2017

 მობილური ტელეფონი, რომლის გარეშეც თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია, ჯანმრთელობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს. ელექტრომაგნიტური გამოსხივების გამო ტვინის კიბოს რისკი კატასტროფულად მატულობს. მეცნიერთა დასკვნით, 2020 წლისთვის თავის ტვინის სიმსივნეთა რაოდენობა 20-ჯერ გაიზრდება.

ეს საფრთხე არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება და ადგილობრივი მეცნიერებიც აბსოლუტურად იზიარებენ, მაგრამ ძნელად შეიძლება მოიძებნოს ადამიანი, ვინც მობილური ტელეფონის გამოყენებაზე უარს იტყვის. პირიქით, რაც დროს გადის, მობილურით საუბრის ხანგრძლივობა იზრდება და ეს ორგანიზმისთვის უდიდესი დატვირთვაა.

როგორც ცნობილია, ნებისმიერ ტექნიკურ პროგრესს, სიკეთესთან ერთად, თან ახლავს უარყოფითი შედეგები. თუ რა არის ასეთი საფრთხე მობილურის მომხმარებლისთვის, ამის გარკვევას "ბიზნეს-რეზონანსი" სპეციალისტებზე დაყრდნობით შეეცადა.

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტისა და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრის, პროფესორ რამაზ გახოკიძის განმარტებით, ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა ყველა ელექტრომაგნიტური ხელსაწყო (ელექტროტალღური ღუმლები, კომპიუტერები, ტელევიზორები და ა.შ.). თუმცა, ყველა მათგანი, მობილური ტელეფონისგან განასხვავებით, ჩვენგან გარკვეული მანძილით არის დაცილებული.

"ადამიანები მობილური ტელეფონით საუბრობენ რამდენიმე საათს დღეში. ორგანიზმისთვის ეს კოლოსალური დატვირთვაა. რადიოსიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივება მოქმედებს როგორც უშუალოდ ცალკეულ ორგანოებსა და სტრუქტურებზე, ისე მთლიანად ნერვულ სისტემაზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მობილური ტელეფონების რადიოგამოსხივება აღიარა პოტენციურ კანცეროგენად და ქლოროფორმის, დდტ-ს, ბენზინის და ა.შ. მსგავსად მიაკუთვნა "ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენური" ფაქტორების ჯგუფს.

საშიშროება, პირველ რიგში, დაკავშირებულია ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებაზე ტვინში ელექტრულ პროცესებზე. ტვინის ნერვული უჯრედები წარმოქმნის რთულ ელექტრულ ქსელს. ტელეფონის ველის ზემოქმედებით ამ ქსელზე ხდება ტვინის უჯრედების აქტიურობის დარღვევა, რაც იწვევს ჰიპერტონიას, არითმიას, წყლულოვან დაავადებებს, მეხსიერების დაქვეითებას, ხშირ თავის ტკივილს, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ყურადღების დაქვეითებას, გულფიცხობას, სტრესის მიმართ დაბალ გამძლეობას, ეპილეფსიურ რეაქციებს, გონებრივი და შემეცნებითი უნარის დაქვეითებას", - განმარტავს გახოკიძე.

მისი თქმით, ტელეფონის გამოსხივება მოქმედებს არა მარტო მოსაუბრეზე, არამედ ყველაზე, ვინც კი 1-3 მეტრ რადიუსში იმყოფება.

"ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამედიცინო გამოკვლევა 13 ქვეყნის ათასობით პაციენტზე. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა იმ ჯგუფში, რომლებიც არ ხმარობდნენ მობილურ ტელეფონებს, თავის ტვინის სიმსივნეების განვითარების რაოდენობა 40%-ით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე იმ ჯგუფში, რომლებიც მობილური ტელეფონებით საუბრობდნენ დღეში არანაკლებ 30 წუთისა 10 წლის განმავლობაში.

ტვინის კიბოთი დაავადების რისკი მათაც კი აქვთ, ვინც მობილური ტელეფონით მხოლოდ 15 წუთი სარგებლობს დღეში! კანცეროგენი (კიბოს წარმომქმნელი აგენტი) იწვევს უჯრედის მუტაციას მის გენეტიკურ აპარატზე ზემოქმედების გზით.

კანცეროგენური ნივთიერებები მოქმედებს "ჯამური შხამის" მსგავსად. უმნიშვნელო დოზით კანცეროგენური მოქმედება არ ვლინდება, მაგრამ მთელი სიცოცხლის განმავლობაში იგი ჯამდება და დაზიანება შეუქცევადი ხდება", - განმარტავს პროფესორი.

მეცნიერთა პროგნოზით, 2020 წლისთვის თავის ტვინის სიმსივნეთა რაოდენობა 20-ჯერ გაიზრდება. როგორც რამაზ გახოკიძე აღნიშნავს, ბავშვის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ელექტრომაგნიტური ველის მიმართ, ვიდრე მოზრდილისა. ამიტომ მას უნდა მოვარიდოთ მობილური ტელეფონი.

"ელექტრული ველი მოქმედებს უმაღლესი ნერვული სისტემის ფორმირებაზე. დამტკიცებულია, რომ ბავშვის ტვინი უფრო მეტ ელექტრომაგნიტურ ენერგიას შთანთქავს და ზიანდება ტვინის უბნების (მათ შორის, გონებრივ განვითარებაზე პასუხისმგებელი უბნების) დიდი რაოდენობა. ბავშვის თავის ქალის ძვლები ბევრად თხელია, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ მისი ძვლის ტვინი 10-ჯერ მეტ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას შთანთქავს. კომფორტი ჩვენ ძვირი გვიჯდება - საკუთარი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ძალიან ზიანდება", - ამბობს მეცნიერი.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ შევამციროთ მობილური ტელეფონების მავნე ზემოქმედება, გახოკიძის რჩევით, ამისთვის უნდა ავირჩიოთ უმცირესი სიმძლავრის მოდელი. ტელეფონის ყიდვისას ყველა უნდა დაინტერესდეს მისი გამოსხივების დონით (შთანთქმის ხვედრითი კოეფიციენტით), ხოლო მობილური გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

როგორც რამაზ გახოკიძე განმარტავს, მობილური აპარატის გამოყენება არ შეიძლება: ბავშვებისა და მოზარდებისთვის 16 წლამდე, ფეხმძიმე ქალებისთვის ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ნევრასთენიით, ფსიქოაპათიით, ნევროზით, ეპილეფსიით დაავადებულთათვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის (გონებრივი) მქონე პირთათვის.

რაც არ უნდა გვიკვირდეს, საქართველოში მობილური ტელეფონის ხარისხი არ არის დამოკიდებული მფლობელის სტატუსზე საზოგადოებაში. დაბალშემოსავლიანი ადამიანებიც ყველაფერს აკეთებენ, იდებენ ვალს და ლამის ტყავიდან ძვრებიან, რომ რაც შეიძლება ძვირად ღირებული და მრავალფუნქციური ტელეფონი შეიძინონ.

სპეციალისტები მოგვიწოდებენ, შევზღუდოთ მობილური ტელეფონის გამოყენების დრო და სიხშირე არაუმეტეს 2-3 წუთისა ერთ დარეკვაზე, ხოლო დღის განმავლობაში 10-15 წუთზე მეტი არ ვისაუბროთ.

რაც ასევე მთავარია, არ დაიძინოთ მობილურ ტელეფონთან ახლოს, რადგან ლოდინის რეჟიმშიც კი მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არღვევს ძილის ფაზების ნორმალურ მონაცვლეობას.

როგორც პროფესორი მერაბ ჯიბლაძე ამბობს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბუმის საუკუნეში მათი გონივრულად მოხმარება უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ და არა პირიქით.

"მობილური ტელეფონით დიდხანს საუბარი, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მოზარდებში ტვინის უჯრედების დაზიანებას იწვევს, რადგან ამ დროს ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირე 2 გიგაჰერცს აღწევს, აღიძვრება იმავე სიხშირის ულტრაბგერა, რომლის ტალღის სიგრძე დაახლოებით ადამიანის ტვინის უჯრედის ზომისაა, რისგანაც უჯრედები იწყებს რხევას და მათი ნაწილი კვდება. ყოველი წუთი საუბრისა გარკვეული რაოდენობით უჯრედების სიკვდილს იწვევს, რაც შესაძლოა, 10-15 წლის შემდეგ გამოვლინდეს, ეს განსაკუთრებით სახიფათოა ახალგაზრდა ტვინისთვის.

ცხადია, ახლა მობილურ ტელეფონს ვეღარავინ შეეშვება, ამიტომ, რაც შეიძლება ცოტა უნდა ვისაუბროთ, უფრო "ესემესებით", ტექსტის სახით გადავცეთ ინფორმაცია, ტელეფონით საათობით საუბარი სმენის ნერვსაც აზიანებს. იმ ყურით, რომელზეც ხშირად გვაქვს მიდებული მობილური, უფრო ცუდად გვესმის. სწორედ ამიტომ საუბრობენ ევროპაში, როგორც წესი, ყურსასმენებით, რაც საგრძნობი შეღავათია", - განმარტავს ჯიბლაძე და დასძენს, რომ ტელეფონის გამოყენებისას ელექტრომაგნიტური ტალღის მიერ აღძრულ ულტრაბგერას ყველაზე ძლიერი ზემოქმედება აქვს მაშინ, როცა მობილური უკავშირდება გადამცემ სადგურს და როცა მასში პირველი ზუმერი გაისმის.

"აუცილებელია, რომ აპარატი გარკვეულ დისტანციაზე გვეჭიროს ან ხმამაღლა ლაპარაკზე, ე.წ. "ლაუდსფიქერზე" ჩავრთოთ, საკმარისია, საუბრისას მობილური ტელეფონი ყურზე 20 წუთი გვქონდეს მიდებული, მის ირგვლივ სხეულის ტემპერატურა ნახევარი გრადუსით იზრდება. ჩვენში, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ღამითაც არ რთავენ მობილურს, ბალიშის ქვეშ უდევთ, თითქოს გადაუდებელი საქმეები აქვთ, რაც აშკარად საფრთხის შემცველია და რასაც ევროპასა თუ იაპონიაში ვერსად ნახავთ", - აცხადებს იგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×