თბილისი-ქუთაისის საგზაო მაგისტრალზე მუდმივად მიმდინარე სამუშაოების გამო, რამდენიმე ადგილას მოძრაობა შეფერხებულია. ეს მძღოლების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. ზაფხულში, დედაქალაქიდან დასავლეთისაკენ წამსვლელთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს, შესაბამისად, უფრო ინტენსიური საცობებია მოსალოდნელი.
ზაფხულში საკურორტო სეზონის გააქტიურებასთან ერთად საქალაქთაშორისო გზებზე მოძრაობა ინტენსიური ხდება. ამ დროს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიგ მონაკვეთებზე დიდი შეფერხებებია. საგზაო სამუშაოების გამო გზის გამტარუნარიანობა იკლებს და ხშირია საცობები.
ავტობანის მშენებლობა 10 წელზე მეტია, გრძელდება და დასრულების ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. არადა, მძღოლებისათვის გადატვირთული მოძრაობა მნიშვნელოვანი დისკომფორტის შემქმნელია. მიუხედავად ახალი ინფრასტრუქტურისა, დასავლეთში ჩასვლას თითქმის იგივე დრო სჭირდება, რაც წლების წინ.
მაგალითად, დღემდე ვერ მოხერხდა ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე მაგისტრალის ორივე ნაწილის ამოქმედება, რაც, რა თქმა უნდა, აფერხებს მოძრაობას. ხაშურთან ახლოს (ოსიაურთან) კი ფუნდამენტური მშენებლობაა წამოწყებული და ამიტომ მანქანებს კუს ნაბიჯით უწევთ 1 კმ-მდე მანძილის გავლა.
ახალი გზის მშენებლობა მოსწონს გია ბოკუჩავას, თუმცა მიაჩნია, რომ დროში ზედმეტად გაიწელა. მისი აზრით, ზაფხულში სამუშაოები უნდა ჩერდებოდეს ან ისეთი გრაფიკით მიმდინარეობდეს, რომ მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.
"სამეგრელოდან ვარ და თბილისში ვცხოვრობ. მშობლიურ სახლში თვეში რამდენჯერმე ჩავდივარ. უკვე წლებია, რაც ამ მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს და ვერა და ვერ დასრულდა. გზის განახლება რასაკვირველია, მისასალმებელია, მაგრამ ზაფხულში, როცა მოძრაობა ინტენსიური ხდება, სამუშაოები უნდა ჩერდებოდეს ან ღამე მუშაობდნენ, რომ ტრასაზე მაინც არ იყოს საცობები. ქალაქში უკვე მივეჩვიეთ და ის გვიკვარს, თუ სადმე თავისუფლად შეიძლება გადაადგილება.
ისიც მესმის, რომ სახელმწიფოს არ აქვს თანხები, ერთიანად გააკეთოს მთელი მაგისტრალი, მაგრამ რაღაც გონივრული ვადა ხომ შეიძლება, არსებობდეს? 10 წელია, რაც ამ გზის მშენებლობა მიდის და თუ ამ ტემპტით გაგრძელდა, მომავალი 10 წელიც ვერ დამთავრდება", - ამბობს გია ბოკუჩავა.
"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს ეკისრება.
"სოციალურ ქსელში, ყოველდღიურად ქვეყნდება ფოტო და ვიდეო მასალა იმ საშინელი მდგომარეობის შესახებ, რომელიც ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზეა. ფაქტობრივად, სრული განუკითხაობაა, არავითარი საგზაო ნიშანი და მონიშვნა იქ არ არის. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს გზა მომატებულად საფრთხის შემცველია. ჩვენ არაერთი ავარია გვახსოვს აღნიშნულ მონაკვეთზე.
ამის საპირისპიროდ კი, საგზაო დეპატრამენტი ტრაფარეტულ ინფორმაციას გვაწვდის, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც მალე დასრულდება და ყველაფერი კარგადაა. ეს სრული აბსურდია. ფაქტობრივად, ის ავტოსაგზაო შემთხვევები, თავიდან ბოლომდე, მათი პასუხისმგებლობაა.
მსგავსი მდგომარეობაა თითქმის ყველგან. ცენტრალურ მაგისტრალზეც სრულიად გაუგებარია, სად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, სად უნდა მოხდეს გამიჯვნა ორმხრივი მოძრაობის ერთმანეთისაგან და ა.შ. უმრავლეს შემთხვევაში მაგისტრალური მოკვეთების გაშვება ხდება ექსპლუატაციაში, სადაც არ არის საგზაო უსაფრთხოების ნიშნები და არც მონიშვნები.
ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტთან, სადაც გზიდან გადახვევა ხდება, პირდაპირ ბეტონის ჯებირზეა მიმაგრებული საგზაო ნიშნები, რომელიც არ არის ამრეკლი. ღამე მძღოლს უჭირს, დაინახოს, სანამ ძალიან არ მიუახლოვდება და ხშირად რეაგირებას ვერც ასწრებს. სწორედ ასეთ ადგილებში ხდება, ძირითადად, კატასტროფები.
ძნელია წინასწარ თქვა, რა მოხდება, როცა ტრაფიკი დასავლეთის მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება, ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად. ფაქტობრივად, უნდა გვეშინოდეს ამ გზაზე გადაადგილების. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოსაფხიზლებლად მხოლოდ რადიკალური, აქციების გზა რჩება. სხვაგვარად ისინი ვერ იაზრებენ საფრთხეს და არც პასუხისმგებლობას იღებენ ავტოსაგზაო შემთხვევებზე", - აღნიშნა ვასო ურუშაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე კი ამბობს, რომ თბილისი-ქუთაისის მაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე მართლაც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ საცობი არ შეინიშნება. დაბალ ტემპში, თუმცა მოძრაობა ინტენსიურად ხერხდება, რასაც მძღოლები გაგებით უნდა მოეკიდონ. თავის მხრივ დეპატრამენტი ყველაფერს აკეთებს, რომ სამუშაოები მალე დასრულდეს.
"ტიპობრივი საცობები თბილისი-ქუთაისის ცენტრალურ გზაზე არსად გვაქვს, თუ ავტოსაგზაო შემთხვევა არ არის. უბრალოდ, ოსიაურთან ახლა მიმდინარეობს კვანძის მოწყობა, რის გამოც, რა თქმა უნდა, არის გარკვეული შეზღუდვა, მაგრამ ორივე მიმართულებით თითო-თითო ზოლი გახსნილია. მანქანები შეუფერხებლად, მაგრამ დაბალი სიჩქარით მოძრაობენ.
გასაგებია, რომ მძღოლებს არ მოსწონთ 300-მეტრიანი მონაკვეთის ნელა გავლა, როცა ავტობანზე ძალიან მაღალი სიჩქარით მიდიან, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ მათი მომავალი კომფორტისათვის კეთდება. ჩვენ ბოდიშს ვუხდით ყველას არსებული შეფერხების გამო. რაც შეიძლება მოკლე ხანში აღნიშნული სამუშაოები დასრულდება, თუმცა დარჩება გარკვეული შეზღუდვები, რასაც გაგებით უნდა მოეკიდონ მძღოლები და ყურადღებით გაიარონ ასეთი მონაკვეთები.
რაც შეეხება ქუთაისის შემოვლით გზას, იქ სამუშაოები უსაფრთხოების ზომების სრული სტანდარტიზაციისა და დამატებითი ზომებისათვის მიმდინარეობს. პროცესი დაახლოებით 15 ივლისიათვის დასრულდება. ამის შემდეგ ვაცნობებთ საპატრულო პოლიციას და მათთან შეთანხმებით გადაწყდება, თუ როდის გაიხსნება აღნიშნული გზა ორმხრივად", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.