"ცივი ომის მწვავე ფაზაში გადასვლა" და "მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალი, უფრო სერიოზული დაპირისპირებების გამოწვევა" - ასე აფასებენ ანალიტიკოსები აშშ-ის სურვილს, რომ "საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების განადგურების შესახებ" შეთანხმებიდან გავიდეს.
აღნიშნული ინიციატივის მიზეზად ამერიკელი კონგრესმენები რუსეთის მხრიდან შეთანხმების არაერთხელ დარღვევას ასახელებენ.
შეთანხმების თანახმად, მხარეებმა პასუხისმგებლობა აიღეს, არ აწარმოონ, არ გამოსცადონ და არ განალაგონ აღნიშნული რადიუსის მქონე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. ხოლო სამი წლის განმავლობაში უნდა გაენადგურებინათ მიწისზედა ბაზირების ყველა გამშვები დანადგარი და რაკეტა 500-დან 5500 კმ-მდე რადიუსით.
ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძის შეფასებით, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ე.წ. გამალებული შეიარაღებისა და მხარეებს შორის ნდობის გაჩენის მხრივ.
მისივე თქმით, ამ შეთანხმებიდან გამოსვლა ცივი ომის მწვავე ფაზაში გადასვლასა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ახალ, უფრო სერიოზულ დაპირისპირებებს ნიშნავს.
"რუსეთი და დასავლეთი (აშშ, ევროპა) ერთმანეთს ადანაშაულებენ შეთანხმებების დარღვევაში. რუსეთი ამერიკას ბრალს სდებს ანტისარაკეტო გამშვები დანადგარების განლაგებაში რუსეთის ირგვლივ, კერძოდ აღმოსავლეთ ევროპაში, ახლახან - სამხრეთ კორეაში."როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ დანადგარების გადაწყობა "ხმელეთი-ხმელეთი", კერძოდ კი პერშინგის ტიპის რაკეტების გამოსაყენებლად, წუთების, მაქსიმუმ საათების საქმეა. პერშინგის ტიპის რაკეტები კი ზუსტად "საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების შესახებ" შეთანხმებაში იყო მოყოლილი.
"შესაბამისად, რუსეთი ხედავს საფრთხეს, რომ ცალკე რუსული ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ იქმნება სერიოზული ფარი, რაც მხარეთა უპირატესობაზე გავლენას ახდენს, ასევე შესაძლებელი ხდება რუსეთის საზღვრებთან ანტისარაკეტო სისტემების ნაცვლად, უმოკლეს ვადებში შეიქმნას "ხმელეთი-ხმელეთი" ტიპის სარაკეტო სისტემები, რაც ასევე არღვევს ბალანსს.
"ამავე დროს, თვით რუსეთმა ბოლო ფაზაში გადაიყვანა რუსეთის მთელ პერიმეტრზე, ანუ დასავლეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის საზღვრებზე, ასევე არქტიკაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის სამუშაოები", - ამბობს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ წლების წინ რუსეთს ანტისარაკეტო შეტყობინების სისტემაში გარღვევები მთელ რიგ მიმართულებებზე ჰქონდა.
"ამჟამად კი უზრუნველყოფილია მთელი პერიმეტრის გადაფარვა. ასევე მთელ პერიმეტრზე რუსეთმა უკვე განალაგა ს-300 და ს-400 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. ამასთან, მოსკოვისა და სხვა მსხვილი სამრეწველო ეკონომიკური ცენტრების ირგვლივ ასევე განლაგებულია თავდაცვის თანამედროვე სისტემები", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
მისი თქმით, რუსეთი ასევე აქტიურად ავითარებს სარაკეტო შეიარაღებას და 2015 წლიდან დღემდე, სანაპირო ბაზირების სარაკეტო კომპლექსების პოტენციალი ბალტიის ზღვაზე, შავ ზღვაზე, არქტიკაში, შორეულ აღმოსავლეთში რამდენჯერმე გაიზარდა.
"იგივე ეხება სახმელეთო ბაზირების კომპლექსებს, თუმცა ღიად ამ თემაზე არავინ ისაუბრებს - იმაზე, რომ რუსეთი აქტიურად ახორციელებს "ისკანდერების" ტიპის სარაკეტო კომპლექსების განლაგებას, რომელთა მანძილი 500 კმ-მდე აღწევს.
"აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა სამხედრო პოტენციალი, რასაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს სირიაში. რუსეთმა უკვე დღეისათვის 50%-მდე განაახლა შეიარაღება. 2020 წლამდე ამ მაჩვენებლის 70%-მდე გაზრდა იგეგმება.
"დანარჩენი ტექნიკის მოდერნიზაცია-რემონტი მიმდინარეობს და აქაც მაღალ მაჩვენებლებთან გვაქვს საქმე. რუსეთის, როგორც სარაკეტო, ასევე თავდაცვითი პოტენციალი, რაც ერთმანეთის გარეშე არ განიხილება, საგრძნობლადაა გაზრდილი", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
რაც შეეხება "საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების შესახებ" შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლას, ანალიტიკოსის შეფასებით, ეს გამოიწვევს, როგორც მინიმუმ, ამ ტიპის შეიარაღების აქტიურ განვითარებას რუსეთისა და ამერიკის მიერ.
"ასევე გაართულებს დასავლეთსა და რუსეთს შორის ისედაც გაუარესებულ დიპლომატიურ ფონს. ალბათ, ეს გამოიწვევს გამალებულ შეიარაღებას", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
ანალიტიკოსი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი აცხადებს, რომ როდესაც ერთი მხარე შეთანხმების პირობებს არღვევს, ლოგიკურია, რომ სხვა ქვეყნებს გასვლის სურვილი უჩნდებათ. თუმცა, ნებისმიერი შეთანხმების დარღვევა ზედმეტი დაძაბულობის შემომტანია.
"ზესახელმწიფოებს შორის ნებისმიერი შეთანხმება დგება იმიტომ, რომ დაცული იყოს მსოფლიო წესრიგი და შეთანხმების მონაწილე ქვეყნები თავის თავზე იღებენ ამის უზრულველყოფას. მაგრამ, როდესაც ერთ-ერთი მხარე არღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, მეორე მხარეს აქვს სრული უფლება, გამოვიდეს შეთანხმებიდან.
"თუმცა, ზოგადად, იმ ხელშეკრულებიდან გამოსვლა, რომელიც ერთგვარი სტაბილურობის გარანტიაა, სახელმწიფოთა ურთიერთობაში ძალიან მძიმე ფონის მაჩვენებელია და თავისთავად ნიშნავს, რომ მხარეებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს", - აცხადებს ირაკლი კიკიანი.