"ხინკალს, ქაბაბსა და საცივს არაფერი სჯობს, მაგრამ მისი მომზადება რთული და ძვირია"
თეო გუდავაძე
28.06.2017

 ტრადიციული ქართული საკვები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღემდე ასეა. საქართველო ძალიან ამაყობს თავისი კერძებით, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ევროპული და ინტერნაციონალური სამზარეულო. ეს როგორც ოჯახურ დღესასწაულებზე, ასევე რესტორნებსა და ბარებშიც გახდა შესამჩნევი. საინტერესოა, ეს ერთგვარი მოდაა თუ არსებობს რაიმე სხვა ობიექტური მიზეზი.

ქართული კერძების საოცარ გემოს არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც აღნიშნავენ. ტურისტებისთვის საყვარელ ქვეყნად საქართველო, ხშირ შემთხვევაში, სამზარეულოს მრავალფეროვნების გამო ქცეულა. ამ დროს საკუთრივ ქართველების ერთი ნაწილი უცხო კერძებისადმი მიდრეკილებას იჩენს. მიზეზი არაერთგვაროვანია.

ნატა გელაშვილი 22 წლისაა, ის კულინარიულ აკადემიაში სწავლობს და ამბობს, რომ ერთი და იგივე საკვები მოსაბეზრებელი ხდება. ამიტომ მუდმივად საინტერესოა ახალი გემოს ძიების პროცესი:

"რთულია, პასუხი გავცე კონკრეტულ კითხვას, მაგრამ მე, როგორც დიდი გურმანი, ვფიქრობ, რომ ქართველებს საოცარი სამზარეულო გვაქვს. უცხო სანელებლები, დამზადების ტექნიკა და ნატურალური პროდუქტი - ყველაფერი ხელს გვიწყობს და ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ამით. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მუდმივად ერთმა და იმავე საჭმელმა მობეზრება იცის. ადრე არ იყო უცხო სამზარეულოს კულტურა, ახლა კი ნელ-ნელა შემოდის. ახალ წელს ოჯახებში მხოლოდ საცივი და ე.წ. "ვინეგრეტი" აღარ გვხვდება. მე პირადად ამ ფაქტს მივესალმები და ძალიან მომწონს ლამაზი სუფრა უცხოური და ქართული კერძებით სავსე.

ბევრი უცხოური კერძის მომზადება გაცილებით იაფიც ჯდება და ეს მიზეზიც განაპირობებს ტრადიციული კერძების ჩანაცვლების პროცესს. ამას ემატება სიმარტივე. დიასახლისები დამეთანხმებიან, რომ ხინკლის მოხვევა ბევრად რთულია, ვიდრე "სტეიკის" შეწვა, დროც ნაკლები სჭირდება. იგივე ვარიანტია სალათებშიც. ქართული ფხალეულობა უფრო რთული გასაკეთებელია.

რაც შეეხება ტკბილეულს, სად ტორტის გამოცხობა და სად ჩიზქეიქის გაკეთება. არ გიწევს გაზქურასთან საათობით გაფაციცებით ლოდინი და ნერვიულობა, გამოგივა თუ არა კარგი ნამცხვარი. მოკლედ, ზარმაცი ქართველებისთვის უცხოური მარტივი კერძები კარგი გამოსავალი აღმოჩნდა. აკეთებენ იოლად და იაფად. ამან არა მგონია, ეროვნული კერძები ოდესმე ჩაანაცვლოს, უბრალოდ, ახლა ტენდენციაა ასეთი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნატა გელაშვილმა.

ქართული კერძების მრავალფეროვნებასა და საოცარ გემოს არავინ უარყოფს, მაგრამ ამავე დროს ძალიან უჭირთ უარის თქმა ამერიკულ ბურგერებსა და იტალიურ პიცაზე. ქართულ შემწვარ კარტოფილს ე.წ. ფრი ურჩევნიათ მიუხედავად იმისა, რომ არც იაფი და არც მარტივი დასამზადებელი არ არის. გიორგი ხარაიშვილი 21 წლის სტუდენტია. მას ძალიან უყვარს ქართული სამზარეულო, თუმცა მიაჩნია, რომ ყოველდღიურობისთვის არ არის გათვლილი:

"ვგიჟდები ჩემი ქვეყნის კერძებზე: საცივი, ხინკალი, ფხალეული, მჭადი, ლობიო, მწვადი, მაგრამ დაფიქრდით, რამდენად მძიმეა ყოველდღე ამის ჭამა და თუნდაც გაკეთება. ზოგადად გურმანი ვარ და ძალიან მიყვარს გემრიელად წახემსება. სტუდენტი ვარ, დღის უდიდეს ნაწილს ქუჩაში ვატარებ, არჩევანს ბურგერებზე, შაურმასა და პიცაზე ვაკეთებ. იშვიათად, მაგრამ "სპაგეტსაც" მივირთმევ, "სტეიკსაც". არ მგონია, ეს უფრო იაფი ჯდებოდეს, ვიდრე სახლში დამზადებული ეროვნული კერძები, პირიქით, მაგრამ ერთი და იგივე საკვები ძალიან მომბეზრდა.

კარგია, ოჯახებშიც რომ დაიწყეს უცხო კერძების მომზადება. სულაც არ მგონია, რომ ქართული კერძები დავიწყებას მიეცემა, როგორც ამას ზოგიერთები ამბობენ. რაც მეტი არჩევანი იქნება, მით უკეთესია", - აღნიშნა გიორგი ხარაიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ქართული სამზარეულო მრავალფეროვანია და რთულიც კი. იგი მოიცავს მრავალგვარი საკაზმისა და საწებლის, ნიგვზის, სუნელების და სხვადასხვა მცენარის გამოყენების მთელ სისტემას. განუმეორებელია საქართველოს თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები: თუშური ყველი, ხევსურული ხინკალი, ფშავური ხაჭო, რაჭული ლორი, სვანური კუბდარი, აჭარული აჩმა და ა.შ. შეიძლება ერთი და იგივე კერძი, ერთნაირი დასახელებით სხვადასხვა კუთხეში მეორდება, მაგრამ მომზადების პროცესი და შემადგენლობის მცირედი სხვაობა თითოეულ მათგანს განუმეორებელს ხდის. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, დიდ ხარჯსაც უკავშირდება და საზოგადოების ნაწილი იაფი უცხოური საკვების შემოღებას სწორედ ამით ხსნის.

საინტერესოა ასევე დიასახლისების აზრიც, რამდენად მოსახერხებელია უცხოური სამზარეულო, დროის, თანხისა და სიმარტივის თვალსაზრისით. მანანა კავთელაძე 42 წლის დიასახლისია და ამბობს, რომ უცხოური სამზარეულო უფრო მეტად იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას. მათი მომზადებაც უფრო მარტივია.

"ქართულ ეროვნულ კერძებს არაფერი მირჩევნია და ვერც ვერასდროს ვამჯობინებ სხვა გემოს, მაგრამ ზოგიერთი შემოსული საკვები უფრო სწრაფად მზადდება ან უფრო მარტივია, ან იაფი. მოკლედ, ყველაფერს თავისი უპირატესობა აქვს. ხშირად არ მქონია საკმარისი ყველი ხაჭაპურისთვის ან მომრჩენია ერთი სოსისი, რომელიც შესანახად არ ღირს, საჭმელად კი ცოტაა და უცებ გამიკეთებია ბავშვებისთვის მინი-პიცა. მქონია მორჩენილი კრემი და ხილი და გამიკეთებია ჩინური ტორტი. მსგავსი შემთხვევა ხშირია. კარგია ხინკალი, ქაბაბი, საცივი, მაგრამ მისი მომზადება რთული და ძვირია დღევანდელ პირობებში, რიდესაც დროც ძალიან ცოტაა და ფულიც", - განუცხადა "რეზონანსს" მანანა კავთელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×