აშშ-მა სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენების მზადებაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის შონ სპაისერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"აშშ-მა ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის კიდევ ერთი გამოყენებისთვის პოტენციური მზადების ნიშნები გამოავლინა, რამაც შესაძლოა, მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის - ბავშვების მასობრივი მკვლელობა გამოიწვიოს. აღნიშნული მზადება სირიის რეჟიმის მიერ 2017 წლის 4 აპრილს ქიმიურ თავდასხმამდე განხორციელებულ ქმედებებს ჰგავს", - ნათქვამია განცხადებაში.
შონ სპაისერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ სირიაში მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების მიზნით მოქმედებს.
"თუმცა, თუ ასადი კიდევ ერთ მასობრივ მკვლელობას განახორციელებს ქიმიური იარაღის გამოყენებით, მას და მის შეიარაღებულ ძალებს ეს ძვირი დაუჯდებათ", - დასძინა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, მოსალოდნელ ქიმიურ თავდასხმაზე კრემლი არ ფლობს არანაირ ინფორმაციას.
ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი კატეგორიულად ემიჯნება ფრაზას - "კიდევ ერთი თავდასხმა", რადგან ფაქტის დასადგენად ობიექტური გამოძიება არ ჩატარებულა.
აშშ-ის ბრალდებას გამოეხმაურა ეროვნული შერიგების საკითხებში სირიის სახელმწიფო მინისტრი ალი ჰაიდარი, რომლის განცხადებითაც, სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას არ აპირებს და არც არასოდეს გამოუყენებია.
მან უარყო თეთრი სახლის განცხადება იმის თაობაზე, რომ ოფიციალური დამასკო ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.
ალი ჰაიდარმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის არმიას არასოდეს გამოუყენებია ქიმიური იარაღი, ხოლო ამგვარი ინფორმაციის გავრცელება სირიის წინააღმდეგ დიპლომატიურ ომზე მიუთითებს.