როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოს პარკმშენებლობის ისტორიაში ჭავჭავაძეების წინანდლის ბაღს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია, რომელიც ცოცხალი მუზეუმი და საბაღო ხელოვნების ნიმუშია.
ჩვენმა მკითხველმაც კარგად იცის ამ ბაღის შესახებ, თუმცა დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი ჭავჭავაძეების უნიკალური ბაღის ისტორიიდან.
სოფლის მებატონეს ორი ქალიშვილი ჰყოლია, რომელთაგან ერთს დალი ერქვა. მათ სანახავად მისულ სასიძოს თავისი საპატარძლოს წინ მდგარი ულამაზესი დალი მოსწონებია და წამოუძახია, წინა დალი გამატანეთო - ასეთია ლეგენდა წინანდალზე.
ისტორიულ წყაროებში კი წინანდალი პირველად მე-15 საუკუნიდან გვხვდება. ჯერ ალექსანდრე კახთა მეფის მიერ ამ სოფლის მცხეთის საეპისკოპოსოსთვის გადაცემის, ხოლო შემდეგ თეიმურაზ მეორისა და ერეკლე პირველის მიერ გაცემულ სიგელ -გუჯრებში.
ამ სოფლის ისტორია დაკავშირებულია ჭავჭავაძეების გვართან. 1680 წელს ერეკლე პირველს მთლიულეთიდან, სოფელ ჭავჭავიდან, წინანდალში ჩამოუსახლებია თავისი ერთგული რამდენიმე ოჯახი. ისტორიულ ქრონიკებში წერია: "1438 წელს ალექსანდრე მეფის მიერ შიო კათალიკოსისადმი მიცემულ სიგელში მოხსენიებულია ჭავჭავაძეთა ფეოდალური გვარი".
მეორე გადმოცემით: "ოდეს გამეფდა ერეკლე პირველი წელსა ქრისტესა აქეთ 1680-სა შემდგომად მსახურებისათვის დაასახლა ადგილსა წინანდალსა და მიიღო აზნაურად შემდგომად. მეფემან თეიმურაზ აღიყვანან მცირე თავადის ხარისხსა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო, და უკანასკნელი უფროსე მეფემან მეორემან ერეკლემ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნითგან წოდებულნი".
ვახუშტი ბაგრატიონი, დიდი ქართველი გეოგრაფი, ისტორიკოსი და კარტოგრაფი კახეთის ამ მიდამოებს, სადაც სხვა სოფლებთან ერთად წინანდალიც შედის, ასე მოიხსენიებს "და არს ადგილი ესე ტყიანი, მცირედ ველიანი, გარნა ტყე უმეტეს ხილიანი, ღვინო კეთილი და კარგი".
მოკლედ, ამ უმშვენიერეს სოფელში გარსევან ჭავჭავაძეს მე-18 საუკუნის დასასრულს სასახლე აუშენებია, როგორც მისი თანამედროვენი წერენ - "რბილი ავეჯითა, სურათებითა, გობელენებითა, სერვიზ-ვაზებითა, ვერცხლისა და ოქროს სერვიზით დამშვენებული. და ყველაფერი ესა ღირდა ათასეული მანეთი."
გარსევან ჭავჭავაძის ვაჟმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ შემდეგ სახაზინო ბანკიდან სესხად აიღო 800 მანეთი და ამ ფულის მცირე ნაწილი წინანდლის მამულს მოახმარა, დიდი ნაწილით კი ერთდროულად დაიწყო საცხოვრებელი სახლების, დეკორატიული პარკის, ღვინის სარდაფებისა და ვენახის გაშენება.
საფრანგეთიდან სპეციალურად მოუწვევია ლანდშაფტის არქიტექტორი არნოლდ რეგელი, რომელმაც დააპროექტა პარკი. ეს პარკი შემდგომში გახდა პირველი პარკი ამიერკავკასიაში, ხოლო დაგეგმარებით ჭავჭავაძის წინანდლის ბაღს ადარებდნენ მსოფლიოში ცნობილ ინგლისურ ბაღებს, როგორებიცაა რიჩმონდის პარკი, კიუს ბოტანიკური ბაღები და კენსინგტონის ბაღები.
ამ ბაღის შესახებ წერდნენ ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, საფრანგეთის კონსული გამბა და სხვები. ალექსანდრე დიუმამ ჭავჭავაძეების პარკს "ედემის ბაღი" უწოდა.
წინანდლის ზღაპრულ ბაღში 500-წლოვანი ცაცხვების ჩრდილში წერდა ალექსანდრე გრიბოედოვი თავის უკვდავ "ვაი ჭკუისაგან". აქ წაიკითხა პირველად ტატო ბარათაშვილმა "ბედი ქართლისა". ამ ზღაპრულ სავანეს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ ლერმონტოვი, პუშკინი და სხვა გამოჩენილი უცხოელი მწერლები თუ საზოგადო მოღვაწეები.
ამ პაკრში იდგა "წმინდა მარინეს" ეკლესია, სადაც გრიბოედოვმა და ნინო ჭავჭავაძემ ჯვარი დაიწერეს.
ამ ბაღში გამართა ალექსანდრე ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ღვინის საცავი, სადაც თავისავე წარმოებულ ღვინოებთან ერთად უნიკალური ევროპული ღვინოების კოლექცია შეაგროვა. ღვინის დაძველებისა და შენახვისათვის აქ იდეალური პირობები იყო.
ალექსანდრე ჭავჭავაძე პირველი იყო საქართველოს ისტორიაში, ვინც წინანდალში ბოთლებში ჩამოასხა ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო, რის შემდეგაც საქართველოში ღვინის ევროპულად წარმოებას ჩაეყარა საფუძველი.
დღეისათვის ამ ღვინის საცავში დაცულია 16 500- მდე ბოთლი ღვინო, მათ შორის 1841 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმული ღვინო "საფერავი".
400-500-წლოვანი ხეები
წინანდლის ბაღი გაშენებული იყო 18 ჰექტარ მიწაზე. მასში უხვად ხარობდა ადგილობრივი და ეგზოტიკური დეკორატიული მცენარეები, მუხის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის 400-500-წლოვანი ხეები. სულ 400-მდე სახეობა, აქედან 150-ზე მეტი ეგზოტიკური.
ხარობდა სუბტროპიკული ხილიც: იაპონური ზღმარტლი, ტკბილი ჰოვენია, იაპონური კომში, ზეთისხილი, იაპონური ხურმა; ასევე, ქაღალდის ხე, დრანცი, იუკა, ახალი ზელანდიის სელი, შინდი, წაბლი; სამკურნალო მცენარეები - წვავი, ხეჭრელი, ხეშვალი; ასევე, ბამბუკი, კორპის მუხა, დაფნა, ქაფურის ხე, ცხენისწაბლა; სურნელოვანი მცენარეები თუია და ვარდი. ამ ბაღის მშვენება იყო ვარდშემოხვეული სიყვარულის ხეივანი, ბამბუკების რიგი, ბზის ლაბირინთები. ყოველივე ამას ამშვენებდა შესანიშნავი შადრევანი.
ჭავჭავაძეების ეს უნიკალური ბაღი და კარმიდამო შამილის აჯანყების დროს, 1854 წლის 21 ივნისს, განთიადისას შამილის შვილის - ნიაზ ყაბი-მაჰმუდის მეთაურობით, ლეკთა 3 000-კაციანმა ბრბომ ვანდალურად დაარბია და გაანადგურა, ტყვედ წაიყვანეს 24 ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ თავად დავით ჭავჭავაძის ოჯახის წევრებიც.
"აქედან ჩანდა, თუ როგორ ივსებოდა პარკი ცხენოსნებით, ისმოდა გაშმაგებული ლეკების ყვირილი. მათ დარტყმაზე ხმაურით იმსხვრეოდა მინები, ჭრიჭინებდა ავეჯი, აწკრიალდა სკივრებში ვერცხლეულობა.
ჩვენამდე მოდიოდა ორი ფორტეპიანოს არეული ხმები, რომელთა კლავიშებზე აბრახუნებდნენ ველურები. გაძარცვეს სასახლე, ერთმანეთს გლეჯდნენ ძვირფას ნადავლს. ძარცვამ ერთ საათს გასტანა. მსხვილი სიმდიდრით, ოქრო-ვერცხლით, ბრილიანტით, ძვირფასი ჭურჭლით და ქსოვილებით დატვირთული ხურჯინები მოიგდეს უნაგირზე და წავიდნენ დაღესტნისკენ" - წერდა ფრანგი აღმზრდელი ქალი დრანსე.
გაძარცვული სასახლე და ბაღი ცეცხლს მისცეს, მაშინ დაიწვა ჭავჭავაძეების მდიდარი ბიბლიოთეკაც. 1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა, წინანდლის მამული გაეყიდა, რომელიც საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა.
ამ პერიოდიდან იწყება მამულის რეკონსტრუქცია, შემდეგ კი ჭავჭავაძეების მთელი მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა.