მთავრობამ და "საქართველოს რკინიგზამ" ხალხს პირობა ვერ შეუსრულა
მარი ჩიტაია
29.06.2017

 კახეთში სამგზავრო მატარებლის აღდგენას ითხოვენ. თბილისი-თელავის ხაზის ამოქმედების მოთხოვნით კახელებმა ხელისუფლებას რამდენიმეჯერ მიმართეს, მაგრამ არც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში და არც ახალი ხელისუფლების დროს ეს თემა აქტუალური არ ყოფილა. "საქართველოს რკინიგზას," როგორც ჩანს, ეს საკითხი ნაკლებად აინტერესებს.

გარდა იმისა, რომ რკინიგზა იაფი სატრანსპორტო საშუალებაა, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც საუკეთესოა, რის გამოც იგი აქტუალობას არ კარგავს. ხალხი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურა არსებობს და სანამ დაიკარგება, მისი გამოყენება შესაძლებელია, რასაც იზიარებენ სპეციალისტებიც. ისინი მთავრობას, კერძოდ, "საქართველოს რკინიგზას" კახეთში სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციისკენ მოუწოდებენ.

დაახლოებით 25 წელია, რაც კახეთში სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეჩერდა. სატვირთო მატარებლის ფუნქცია შენარჩუნდა და ამ დანიშნულებით რეისები კანტიკუნტად სრულდება, უმეტესწილად ჯართი გადააქვთ.

"რეზონანსი" ამ საკითხით იმის შემდეგ დაინტერესდა, რაც რედაქციაში კახეთიდან დაგვიკავშირდნენ და რკინიგზის გამო გულისტკივილი გამოხატეს. კახელმა პენსიონერმა გომალდი მაღრაძემ გაიხსენა, რომ რეგიონის მიმართულებით დედაქალაქიდან 3 მატარებელი მოძრაობდა და ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დაჰყვებოდა.

"ორი მატარებელი - თელავამდე, ერთიც წნორამდე დადიოდა. ეს იყო დაახლოებით 25 წლის წინ. ახლა არც ერთი აღარ არის. საწყენია კახეთის რკინიგზის ფუნქციის მოშლა და სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა. ამ დროს დასავლეთ საქართველოს ყველა მსხვილი ქალაქი დედაქალაქს მატარებლით უკავშირდება.

ჩვენი სურვილია, როგორმე დავაინტერესოთ ამ საკითხით მთავრობა და რკინიგზის რეაბილიტაცია მოახდინონ. მანქანებთან შედარებით, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. ნაკლებ ხარჯს მოითხოვს და უსაფრთხოების მხრივაც საუკეთესოა. "საქართველოს რკინიგზა" ელექტრომატარებლებს მუდმივად ამატებს დასავლეთის მიმართულებით და რა გახდა, ერთი სამგზავრო მატარებელი ჩვენც გამოგვიყონ, როცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობს. თანაც, ხალხი დასაქმდება.

თბილისისკენ კახელები ძირითადად მიკროავტობუსით ვგმზავრობთ, იშვიათად ტაქსითაც, რაც ხარჯიანია. მატარებელი იქნება ძალიან დიდი შეღავათი, ამაზე დიდ სამსახურს მთავრობა ვერ გაგვიწევს", - ამბობს გომალდი მაღრაძე და დასძენს, რომ მატარებელი საუკეთესო საშუალებაა მოვაჭრეებისთვისაც, რადგან ტვირთის იაფად გატანა შეეძლებათ.

"ზაფხულსა და შემოდგომაზე ხალხი ხილ-ბოსტნეულს ბაზარზე წაიღებს, კახეთში კი იაფად შემოვა დასავლეთში მოყვანილი პროდუქტი. ზამთარში, როდესაც ამინდის გაუარესების გამო მანქანებს უჭირთ გადაადგილება, მატარებლით ამის პრობლემა აღარ შეიქმნება", - ამბობს კახელი გლეხი.

სარკინიგზო მაგისტრალი ხელს შეუწყობს დედაქალაქთან სისტემატურ კავშირს, რასაც საწვავის გაძვირებისა და სატრანსპორტო ხარჯის გაზრდის გამო ხშირად ბევრი მოქალაქე ვერ ახერხებს.

თბილისის მკვიდრი, წარმოშობით კახელი ლალი ლაღაძიშვილი ამბობს, რომ მატარებელი იყო საუკეთესო საშუალება ურთიერთობის თვალსაზრისითაც, რის დეფიციტსაც დღეს ხალხი განიცდის.

"გასული საუკუნის 70-იან წლებში, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მატარებელი კახეთის მიმართულებით ინტენსიურად მოძრაობდა. ცხადია, შემდეგაც, მაგრამ განსაკუთრებით ის პერიოდი მახსენდება, მაშინ ხშირად მიწევდა კახეთში მგზავრობა. მოსახლეობაც ძირითადად რკინიგზით სარგებლობდა. ეს იყო დიდი შეღავათი ხალხისთვის, თანაც იაფი ღირდა და ბილეთის შეძენა ყველას შეეძლო. მახსოვს, კახეთის მატარებელი თბილისის ულამაზესი და მოწესრიგებული რკინიგზის სადგურიდან გადიოდა.

ატმოსფეროც სხვანაირი მახსოვს, ურთიერთობის მეტი საშუალება გვქონდა. დაახლოებით 4 საათი სჭირდებოდა მატარებელს წნორში ჩასასვლელად. ნოსტალგია დღემდე მომყვება. მიმაჩნია, რომ კახეთის სამგზავრო-სარკინიგზო მიმართულება თუ აღდგება, ძალიან კარგ საქმეს გააკეთებენ. იმედი მაქვს, ასეც მოხდება!" - ამბობს ლალი ლაღაძიშვილი.

კახეთის სამგზავრო მატარებლის რეაბილიტაციის საკითხით დაინტერესდა ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე. ის ერთ-ერთი მათგანია, ვისაც უმგზავრია ამ მატარებლით და კარგად აქვს გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა და სარგებელი როგორც რეგიონისათვის, ასევე საქართველოს ეკონომიკისთვისაც.

"თავის დროზე კახეთის რკინიგზა კერძო აქტივებით იყო აშენებული და იგი ემსახურებოდა ღვინის გადატანას ჯერ თბილისის მიმართულებით და შემდეგ კი რუსეთის იმპერიისკენ. თელავამდე ჩავდიოდით, მეც მიმგზავრია და ეს იყო ძალიან კარგი, მოხერხებული და საუკეთესო საშუალება მიმოსვლისათვის. დღეს რამდენადაც ვიცი, ეპიზოდური მოძრაობაა, კვირაში 2-3 რეისს სატვირთო ვაგონები ასრულებენ (ჯართი გააქვთ).

უნდა დაიანგარიშოს რკინიგზამ, რა უჯდება, რა სარგებელს მოიტანს, რატომ არ დადის და სხვა. განსაკუთრებით ზამთარში იქნებოდა ხელსაყრელი, რადგან ამ დროს გომბორის უღელტეხილზე პრობლემაა და გადასვლა ხშირად ჭირს. "საქართველოს რკინიგზამ" უნდა წარმოადგინოს სტრატეგიული ხედვა. სამგზავრო მოძრაობა უნდა აღდგეს, ხალხი ითხოვს და ეს სწორია. რკინიგზა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე იაფი ტრანსპორტია საქართველოში. შესაბამისი ინფრასტრუქტურა კახეთში არსებობს, არ შეიძლება მისი დაკარგვა", - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე.

ცხადია, საინტერესოა "საქართველოს რკინიგზის" პოზიცია, მისი ხედვა და სტრატეგია კახეთის რკინიგზასთან დაკავშირებით, თუმცა უწყებიდან გარკვეული პერიოდი ითხოვეს პასუხის გასაცემად. როგორც ჩანს, სახელმწიფო კომპანიას ამასთან დაკავშირებით არათუ კონკრეტული, არამედ ზოგადი გეგმაც კი არ გააჩნია.

ცნობისათვის, კახეთის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა 1914 წლის 22 სექტემბერს გაიარა, 1915 წლიდან კი ინტენსიურად მოძრაობდა როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებელი. რკინიგზის გაყვანა ილია ჭავჭავაძის დისშვილის - კოტე აფხაზისა და თავადაზნაურთა თაოსნობით მოხერხდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კახეთში სამგზავრო მატარებელი აღარ ჩასულა.

სხვათა შორის, კახეთის რკინიგზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი იყო იმ დაპირებებს შორის, რომელთა განხორციელებასაც 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კახეთის მოსახლეობას დაჰპირდა. ბოლო 5 წელიწადში არც ხელისუფლებას და არც "საქართველოს რკინიგზას" ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×