ამირან სალუქვაძე თვლის, რომ მსოფლიო ცივი ომის მწვავე ფაზაში გადადის
ნინო ქეთელაური
29.06.2017

 "აშშ-ის გასვლა "საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების შესახებ" შეთანხმებიდან გამოიწვევს, როგორც მინიმუმ, ამ ტიპის შეიარაღების აქტიურ განვითარებას რუსეთისა და ამერიკის მიერ.

"ასევე გაართულებს დასავლეთსა და რუსეთს შორის ისედაც გაუარესებულ დიპლომატიურ ფონს", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სახედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

ამირან სალუქვაძე: შეთანხმებას "საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების განადგურების შესახებ", 1987 წლის 8 დეკემბერს ვაშინგტონში რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი და ის ძალაში 1988 წლის 1-ლი ივნისიდან შევიდა.

შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ე.წ. გამალებული შეიარაღებისა და მხარეებს (სსრკ-სა და დასავლეთს) შორის ნდობის გაჩენის მხრივ.

თუმცა, დღევანდელ რუსეთში გორბაჩოვის პერიოდს და მის მიერ ხელმოწერილ სხვადასხვა შეთანხმებას, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გაყვანას, გერმანიის გაერთიანებაზე დათანხმებას, რბილად რომ ვთქვათ, უარყოფითად აფასებენ.

მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ევროპის, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო შეთანხმებათა პაკეტებით, რომლებსაც, ერთი მხრივ, აშშ და ნატო, მეორე მხრივ, სსრკ და შემდგომში რუსეთის ფედერაცია აწერდნენ ხელს. "შეთანხმება საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების შესახებ" ერთ-ერთი მათგანი იყო.

მსოფლიო და ევროპული უსაფრთხოების კრიზისის ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო, როცა 2015 წელს რუსეთი გავიდა (უვადოდ შეაჩერა) "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმებიდან", რომელიც ასევე უსაფრთხოების ერთ-ერთ საბაზისო შეთანხმებას წარმოადგენდა.

აღნიშნული შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს მსოფლიოში ცივი ომის მწვავე ფაზაში გადასვლას, ახალ, უფრო სერიოზულ დაპირისპირებებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ცივი ომისკენ მიექანება, მე ვთვლი, რომ ცივი ომის ყველა შემადგენელი უკრაინის მოვლენების შემდეგ სახეზეა.

"რეზონანსი": რუსეთის დარღვევები კონკრეტულად რაში გამოიხატება?

ა.ს: რუსეთმა ბოლო ფაზაში გადაიყვანა რუსეთის მთელ პერიმეტრზე, ანუ დასავლეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის საზღვრებზე, ასევე არქტიკაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის სამუშაოები.

ანტისარაკეტო სისტემა მოიცავს სარაკეტო დარტყმების შესახებ შეტყობინების სისტემას და თვით ანტისარაკეტო დანადგარების გაშლას.

ანტისარაკეტო შეტყობინების სისტემაში წლების წინ რუსეთს მთელ რიგ მიმართულებებზე გარღვევები ჰქონდა. ამჟამად უზრუნველყოფილია მთელი პერიმეტრის გადაფარვა.

ასევე მთელ პერიმეტრზე რუსეთმა უკვე განალაგა ს-33 და ს-400 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები. ამასთან, მოსკოვისა და სხვა მსხვილი სამრეწველო ეკონომიკური ცენტრების ირგვლივ ასევე განლაგებულია თავდაცვის თანამედროვე სისტემები.

რუსეთი ასევე აქტიურად ავითარებს სარაკეტო შეიარაღებას. 2015 წლიდან დღემდე რამდენჯერმე გაიზარდა სანაპირო ბაზირების სარაკეტო კომპლექსების პოტენციალი ბალტიის ზღვაზე, შავ ზღვაზე, არქტიკაში, შორეულ აღმოსავლეთში.

იგივე ეხება სახმელეთო ბაზირების კომპლექსებს, თუმცა ღიად ამ თემაზე არავინ ისაუბრებს, რომ რუსეთი აქტიურად ახორციელებს "ისკანდერების" ტიპის სარაკეტო კომპლექსების განლაგებას, რომელთა მანძილი 500 კმ-მდე აღწევს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში რუსეთმა საგრძნობლად გაზარდა სამხედრო პოტენციალი, რასაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს სირიაში. რუსეთმა უკვე დღეისათვის 50%-ზე მეტად განაახლა შეიარაღება.

2020 წლამდე ამ მაჩვენებლის 70%-მდე გაზრდა იგეგმება. დანარჩენი ტექნიკის მოდერნიზაცია-რემონტი მიმდინარეობს და აქაც მაღალ მაჩვენებლებთან გვაქვს საქმე.

მოკლედ, რუსეთის როგორც სარაკეტო, ასევე თავდაცვითი პოტენციალი, რაც ერთმანეთის გარეშე არ განიხილება, საგრძნობლადაა გაზრდილი.

"რ": როგორ ფიქრობთ, აღნიშნული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა რა შედეგებს გამოიწვევს?

ა.ს: ამერიკის გასვლა "საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების შესახებ" შეთანხმებიდან გამოიწვევს, როგორც მინიმუმ, ამ ტიპის შეიარაღების აქტიურ განვითარებას რუსეთისა და ამერიკის მიერ. ასევე გაართულებს დასავლეთსა და რუსეთს შორის ისედაც გაუარესებულ დიპლომატიურ ფონს.

ალბათ ეს გამოიწვევს გამალებულ შეიარაღებას. ამ ტერმინს ჩვენ გადავეჩვიეთ ზუსტად რომ 1987 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ.

პუტინმა ოლივერ სტოუნის ახალ დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ რუსეთს გამალებული შეიარაღება უფრო იაფი დაუჯდება და ის არ იქნება მასშტაბური, არამედ იქნება მიზნობრივი.

არაა გამორიცხული, რომ ეს ინიციატივა ტრამპი-პუტინის ჯი 20-ის ფორმატში მოსალოდნელი შეხვედრის ფონის გაფუჭების მიზნით იყოს გაკეთებული, რათა ორმა ლიდერმა არა ურთიერთობათა დალაგებაზე, არამედ ახალი საფრთხეების თავიდან აცილებაზე ისაუბროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×