ბოლო რამდენიმე წელია, მოდური გახდა ფეხით სეირნობა. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დანიშნულების ადგილამდე მისვლას ქვეითად ამჯობინებენ. მათი აზრით, დედაქალაქში არსებული საცობების გამო ხშირად ფეხით სიარული უფრო მომგებიანია. ცალკე თემაა ჯანმრთელობა და წონის კონტროლი. ბერძენი ექიმი ჰიპოკრატე ფეხით სიარულს ადამიანისთვის საუკეთესო სამკურნალო საშუალებად მიიჩნევდა.
გამოკვლევების თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც ხშირად და რეგულარულად მოძრაობენ, უფრო ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც სტატიკურ ცხოვრებას ეწევიან. ევროპაში ეს ტენდენცია, დიდი ხანია, შეიმჩნევა და ახლა უკვე საქართველოს ჯერიც დადგა. თბილისელები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ავტობუსებსა და ლიფტებზე, მანქანებსა და ტაქსებზე, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში უზიარებენ ერთმანეთს, რამდენი ნაბიჯი გაიარეს დღის განმავლობაში. რამდენად სასარგებლოა ახალი ტენდენცია? ფეხით სიარულის მოყვარულებისთვის დღიურ ნორმად 10 000 ნაბიჯი მიიჩნევა, ანუ დაახლოებით 7-8 კილომეტრი.
გაზეთმა "რეზონანსმა" ქვეითებთან დაკავშირებით აზრი ფიზმომზადების მწვრთნელს ჰკითხა. მარინა ნანობაშვილი ამბობს, რომ ფეხით სიარული შეიძლება ვარჯიშზე სასარგებლოც იყოს, ოღონდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
"მთავარი წესია, არ იარო ჩქარა, რადგან სწრაფად დაიღლები, მაგრამ არც ნელა სიარულია გამოსავალი, შედეგს ვერ მიიღებ. უმჯობესია საშუალო სიჩქარის შერჩევა. თუ ქვეითის სიჩქარე 5 კმ/სთ იქნება, 400 კალორიას დაწვავს. აუცილებელია დროის დანიშვნა. ყველამ უნდა შეარჩიოს სასურველი აღმართი და აკონტროლოს სუნთქვა (ისუნთქეთ მშვიდად და ღრმად).
სიარულის მარტივი მათემატიკა ასეთია: დღეში გავლილი 1 კილომეტრი დაახლოებით 300 კალორიას წვავს. იმისათვის, რომ ადამიანმა 500 გრამი დაიკლოს, 3500 კალორია უნდა დაწვას, ანუ კვირაში ყოველდღე უნდა დაწვას 500 კალორია; კვირაში კილონახევრის დასაკლებად კი ყოველდღე 1,5 კმ უნდა იაროს. კარგი ვარიანტია ძაღლის ყოლა და მასთან ერთად სიარული. მარტო სიარული მოსაწყენია, ამიტომ მეგობრების აყოლიება ამ პრობლემას მოაგვარებს.
საჭიროა მობილურში ნაბიჯმთვლელის ჩამონტაჟება, ასე უფრო მარტივად დადგინდება გადადგმული ნაბიჯების რაოდენობა. ფეხით მოსიარულემ ავტომობილი სამსახურთან ან სახლთან კი არა, ცოტა მოშორებით უნდა დააყენოს, რათა გარკვეული მანძილის გავლის საშუალება მიეცეს. თუ ძალიან შორს არ არის, უმჯობესია სამსახურში ან სასწავლებელში ფეხით სიარული.
სასურველია კიბეებზე ფეხით ასვლა, რაც ფეხების ფორმას ალამაზებს. კარგია ბავშვებთან ერთად სეირნობა. როცა კი საშუალება არსებობს, ავტომობილით გადაადგილებას ფეხით სიარული სჯობს.
აუცილებელი პირობაა ბეჭებში გამართული და მუცელშეწეული სიარული. ქვეითმა მოძრაობა უნდა დაიწყოს კვირაში სამჯერ 20 წუთის განმავლობაში. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ფეხით სიარული აუმჯობესებს ჯანმრთელობას, კუნთები მოჰყავს ტონუსში, ახალისებს ცხოვრებას და წონის კონტროლიც მტანჯველი დიეტის გარეშე თავისუფლად შეიძლება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მარინა ნანობაშვილმა.
საკუთარ პოზიციას ექიმებიც გამოხატავენ. ისინი ამბობენ, რომ ფეხით სიარული ჯანმრთელობის საწინდარია და ბოლო დროს ხშირად ხვდებიან დედაქალაქის ქუჩებში მოსეირნე ადამიანებს.
"სასიამოვნოა, ფეხით მოსიარულე ახალგაზრდებს რომ ვხედავ. სიარული ვარჯიშის ყველაზე მარტივი ფორმაა. მისი შესრულება მაშინაც შეიძლება, როცა ადამიანს არასდროს უვარჯიშია. საუბარია ჩქარი ნაბიჯით სიარულზე, რომელსაც მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის.
სიარული ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკს. კვლევების თანახმად, იმ ადამიანს, ვინც დღეში ნახევარ კილომეტრზე მეტს დადის ფეხით, ეს სენი არ განუვითარდება. ხშირი სიარული უზრუნველყოფს კუნთების ტონუსს - ფეხის კუნთებს და ფეხებს მთლიანად აძლევს ლამაზ ფორმას, მეტ ძალას და გამძლეობას; აუმჯობესებს გულის მდგომარეობას (ნებისმიერ გულით დაავადებულ ადამიანს დღეს ურჩევენ, რომ იაროს ფეხით, რათა გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა).
ფეხით სიარული არეგულირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ნაწლავების მდგომარეობას, ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს 31%-ით. ის ადამიანს, ვინც რეგულარულად 15 წუთზე მეტს ფეხით დადის, ნაკლებად უვითარდება ვერაგი დაავადება. დღეში 30-45 წუთი ფეხით სიარული დეპრესიულ განწყობას ხსნის, აგრეთვე ებრძვის გლაუკომას. იმ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 3-4-ჯერ ინტენსიურად დადიან ან დარბიან ძალიან იშვიათად უვითარდებათ გლაუკომა.
რასაკვირველია, ფეხით სიარული ყველას ეხმარება წონის კონტროლში. ეს ფიზიკური აქტივობაა და, შესაბამისად, ამ დროს იხარჯება კალორიები. სიარული აუმჯობესებს სახსრების და ძვლების პრობლემებს. 30 წუთი ფეხით სიარული 40%-ით ამცირებს ბარძაყის მოტეხილობის ალბათობას (განსაკუთრებით ასაკოვნ კატეგორიაში). იმ ადამიანს, ვინც 20-30 წუთი დადის დღის განმავლობაში, უკეთესი გლუკოზის მეტაბოლიზმი აქვს და დიაბეტის რისკი უმცირდება.
ფეხით სიარული აუმჯობესებს სუნთქვას, მის სიხშირეს, ჟანგბადის მიწოდებას სისხლძარღვებისთვის, რაც კარგია ფილტვების გასააქტიურებლად," - აღნიშნა ექიმმა ცირა ბეგაშვილმა.
თბილისელთა დიდი ნაწილი უკვე ქვეითად გადაადგილებას ირჩევს. ისინი რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, პირველ რიგში კი, ჯანმრთელობის პრობლემებს უსვამენ ხაზს.
"იმის მიუხედავად, რომ ავტომობილი მყავს, უპირატესობას მაინც ფეხით სიარულს ვანიჭებ, რადგან ჩემთვის უფრო მოსახერხებელია. დედაქალაქი ძალიან გადაიტვირთა და დანიშნულების ადგილამდე რომ მივიდე, ორჯერ მეტი დრო მინდა, ვიდრე ფეხით სიარულისას. ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია. რამდენიმე წლის წინ მსუქანი ვიყავი. მას შემდეგ, რაც ფეხით დავიწყე სიარული, 35 კილოგრამი დავიკელი. ვცდილობდი, დღეში 2 საათი მაინც მევლო და ამან ნამდვილად გამოიღო შედეგი. ახლა რაღაც მოდური ტრენდი გახდა ფეხით გადაადგილება. კარგია, თუ ამას ყველა გაითვალისწინებს", - აღნიშნა "რეზონანსთან " საუბრისას თბილისელმა ვალერი ოჩხიკიძემ.