ია აბულაშვილი
30.06.2017

 "ის ქმნიდა კარნავალს. ავტორიც თვითონ იყო და პერსონაჟიც. ცდილობდა, კარნავალში ჩაება რაც შეიძლება მეტი მოქმედი პირი. ხელისუფლების სიმბოლოს არად აგდებდა. იერარქია მისთვის არ არსებობდა. საბჭოთა ნორმებს დაუპირისპირდა. სევდიანი თვალები ჰქონდა, აღმოსავლური. თბილისელი იყო, უყვარდა თბილისის ქუჩები, ბაღები, მოედნები", - წერდა რევაზ კვესელავა სერგო ფარაჯანოვზე, კაცზე, რომლის ნიჭსაც ეთაყვანებოდა ფელინი, კუროსავა, პაზოლინი, ივ სენ ლორანი, მარჩელო მასტროიანი, ტონინო გუერა, მიქელანჯელო ანტონიონი, ფრანჩესკო როსი, ალბერტო მორავია, ბერნარდო ბერტოლუჩი, ანჟეი ვაიდა, ანდრეი ტარკოვსკი და მსოფლიოს სხვა გამოჩენილი ხელოვანები.

ბავშვობა ძველი თბილისის აივნიანი სახლებით გარშემორტყმულ ეზოში გაატარა. "ჩემი თეატრი" - ასე ეძახდა ფარაჯანოვი ამ ეზოს, სადაც ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, ებრაელი, ქურთი და იეზიდი.

მისი ცხოვრება კი ასეთი იყო - ერთდრულად ბედნიერი და ტრაგიკული, წარმატებულიც და დაუფასებელი; ეპატაჟური. სწორედ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, მკითხველს შევთავაზოთ თავისუფლებისმოყვარე სერგო ფარაჯანოვის უცნაური ამბების მომსწრე მისი მეგობრებისა და თაყვანისმცემლების მოგონებები.

გარი კუნცევი: "კიევში ფარაჯანოვი მთლად ცენტრში ცხოვრობდა. მისი პატარა ბინის ორი ფანჯარა გადიოდა მოედანზე, სადაც ხელისუფლება სადღესასწაულო აღლუმს მართავდა.

"ერთ მშვენიერ დღეს, "დიდი რევოლუციის" მორიგ იუბილეზე, შინ დაბრუნებული ფარაჯანოვი გაოცებული შედგა. მიუხედავად მზიანი ამინდისა, ოთახში ბნელოდა. მალევე გაერკვა, სიბნელის მიზეზი იყო აღლუმის ორგანიზატორების მიერ მის სახლზე დაკიდებული ბრეჟნევის გიგანტური პორტრეტი. გენერალური მდივნის თვალები, სახელგანთქმული წარბებით, ორივე ფანჯარაზე განლაგებლიყო, ერთი თვალი - საძინებლის, მეორე კი სამზარეულოს ადგილს აბნელებდა. დროშებით მოფენილ მოედანზე მთავრობის ორკესტრი უწყვეტად უკრავდა.

"ფარაჯანოვს დრო არ დაუკარგავს, გააღო ფანჯარა, აიღო ბასრი მაკრატელი, აცოცდა რაფაზე და გამოცდილი მხატვარივით ზუსტად ნახატის მიხედვით ამოჭრა ბრეჟნევის თვალი. ამონაჭრის შუაში დადგა სკამი, მოეწყო მოხერხებულად და ინტერესით დაიწყო ცქერა სადღესასწაულო ენთუზიაზმით აბობოქრებულ მოწინავეთა კოლონის.

"რამდენიმე წამში კოლონას თითქოს ჟრუანტელმა გადაურბინა. აირია რიგები, ვიღაცამ ბრეჟნევის პორტრეტზე ხელით ანიშნა. ატყდა ხარხარი, რესპუბლიკის პატრონებმა მოიხედეს პარტიული ბოსის გამოსახულებისაკენ და გაშეშდნენ. ბრეჟნევის ცალი თვალი ცოცხალივით გამოიყურებოდა, თვალის გუგა აქტიურად მოძრაობდა და ყველას ეჩვენებოდა, თითქოს ბელადი აღლუმის მონაწილეებს თვალს უკრავდა.

"ბინის კარი მალევე გაიღო და ფარაჯანოვის საძინებელში "კაგებეს" განრისხებული თანამშრომლები შეცვივდნენ. ერთი ნახტომით ოსტატურად ჩამოხსნეს ფარაჯანოვი რაფიდან. "მე არავის ვიგდებ აბუჩად, მხოლოდ და მხოლოდ მსურდა, ჩემი ფანჯრიდან მეცქირა აღლუმისთვის... ოღონდ ბრეჟნევის თვალით. განა, ეს დანაშაულია?!" - მშვიდად აძლევდა პასუხს აყაყანებულ პოლკოვნიკებს ფარაჯანოვი.

"აღლუმი დიდხანს ვერ დააწყნარეს, ხალხი კიდევ დიდხანს უცქერდა ტრიბუნის ნაცვლად ბელადის ჩავარდნილ თვალს..."

"ერთხელ ჟურნალისტებმა მომავალ გეგმებზე ჰკითხეს. მან სრულიად სერიოზულად უპასუხა, რომ იწყებს მუშაობას ახალ საბავშვო ფილმზე.

- ფულს მაძლევს იუნესკო, - ამაყად მოავლო თვალი დარბაზს ფარაჯანოვმა და დასძინა, - საერთოდ, მე იგი მომეწონა, წესიერი და სიმპათიური ახალგაზრდა კაცია ეს იუნესკო.

ჟურნალისტებმა ერთმანეთს გაოცებით გადახედეს. მე ფარაჯანოვისკენ გადავიხარე და სასწრაფოდ გადავუჩურჩულე:

- ეს კაცი არ არის, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია!

- ჰმ! - მშვიდად, აუღელვებლად მომისმინა, - მე კი ყოველთვის მეგონა, რომ ის რუმინელი ბიზნესმენი იყო."

იური მეჩითოვი: "პარიზში გამგზავრებამდე სერგო ფარაჯანოვმა სვანეთისუბნელ მექუდეს ფრანგი დიზაინერისთვის ქუდი შეუკვეთა. თავისი საქმის ოსტატ მიხეილ მეჩითოვს ბევრი ცნობილი ადამიანისთვის ჰქონდა ქუდი შეკერილი, მაგრამ ივ სენ ლორანისთვის შეკვეთის მიღება მაინც ღირსების საქმედ მიაჩნდა და მართლაც საოცარი ქუდი შეკერა. რამდენიმე დღეში პარიზიდან ფარაჯანოვის ტელეგრამა მიიღო მექუდემ, სადაც წერდა, როგორ აღაფრთოვანა მის მიერ შეკერილმა ქუდმა ივ სენ ლორანი".

ლელა ანჯაფარიძე: "1973 წელს სერგო ფარაჯანოვი დააპატიმრეს. 5 წელი გაატარა ლუკიანოვის მკაცრი რეჟიმის ციხეში. გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა, მაგრამ არ გატყდა. ციხის ეზოში ტოტებს, ყვავილებს აგროვებდა და ჰერბარიუმს აკეთებდა, პატარა კოლაჟებს კი მეგობრებს უგზავნიდა.

"ერთხელ "კეფირის" ბოთლის თავსახურზე ლურსმნით პუშკინის პორტრეტი ამოტვიფრა. ათწლეულების შემდეგ ეს პორტრეტი ფელინის ხელში აღმოჩნდა. მან კი ფარაჯანოვის ნამუშევრის მიხედვით მედალი ჩამოასხა, რომლითაც დღესაც ჯილდოვდება რიმინის კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმები".

ფარაჯანოვი 1977 წლის 30 დეკემბერს ვადამდე 11 თვით ადრე გაათავისუფლეს ლუი არაგონის შუამდგომლობით, რომელიც ბრეჟნევს დაემუქრა, რომ ლენინის პრემიას უკან დაუბრუნებდა, თუკი ფარაჯანოვს არ გაათავისუფლებდა.

ციხიდან გამოსულის შემდეგ საკუთარი გასვენების ინსცენირება მოაწყო. გრანდიოზული პანაშვიდი გადაიხდა. ცოცხალი ფარაჯანოვის გასვენებაში იყვნენ როგორც მისი მეგობრები, ისე მისი არაკეთილმოსურნენიც, რადგან დიდი მაესტრო მათ ერთმანეთისგან არ არჩევდა. ავტომობილზე მისი სურათი იყო გამოკრული, თავად კი უკან მოჰყვებოდა. გამვლელები რომ კითხულობდნენ - ვის მიასვენებენო, თვითონ პასუხობდა - სერგო ფარაჯანოვსო.

1988 წელს თბილისში მარჩელო მასტროიანი ჩამოვიდა. ამ ამბავს ელდარ შენგელაია ასე იხსენებს: "მარჩელო მასტროიანი გვესტუმრა, სახლში მოვილხინეთ, ვიქეიფეთ. მერე გეზი სერგო ფარაჯანოვისკენ ავიღეთ. მთაწმინდაზე ცხოვრობდა. სანამ მანქანა მოძრაობდა, ვიარეთ. მერე ფეხით განვაგრძეთ გზა. ავედით ფარაჯანოვთან. მან მთელი კონცერტი მოაწყო, ასე იცოდა. ფეხსაცმელები აჩუქა - ცალზე მასტროიანი დააწერა, მეორეზე - მარჩელო. თავისი კოლაჟებიც უსახსოვრა".

ფარაჯანოვს ერთი მეზობელი ქალი ჰყავდა, რომელიც მარჩელო მასტროიანზე იყო შეყვარებული. ეს იცოდა ფარაჯანოვმა და სტუმარი რომ გამოაცილა, ქუჩაში ყვირილი ატეხა - გაიღვიძეთ, მარჩელო მასტროიანი ჩამოგიყვანეთო. გააღვიძა თურმე კოტე მესხის ქუჩის ბინადრები. მერე ამ ქალის ფანჯარასთან მივიდნენ მარჩელო და ფარაჯანოვი. ნამძინარევ ქალს მარჩელო მასტროიანი რომ დაუნახავს, გული წასვლია.

ირაკლი კვირიკაძე: "იმ ღამეს მთელი სოლოლაკი ფეხზე იყო, ვიწრო ქუჩაზე ხალხი ღვინის ბოთლებით, ყველით, მწვანილით მორბოდა. გაიშალა გრძელი სუფრა და დაიწყო ქეიფი. განთიადის მთვარე ანათებდა, მარჩელო ქართულ სიმღერებს უსმენდა, ღვინოს სვამდა. ისეთი ბედნიერი იყო, რომ ყვიროდა - "ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს! საცხოვრებლად თბილისში ვრჩები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×