უცხოელები სხვადსხვა ტიპის მომსახურების სიძვირეს უჩივიან
მარი ჩიტაია
30.06.2017

 ზღვისპირა კურორტებზე პირველი დამსვენებლები გამოჩნდნენ. როგორც აღმოჩნდა, სასტუმროების მფლობელთა მთავარი სამიზნე უკრაინელი და რუსი ტურისტები არიან. უცხოელები აჭარაში სეზონის გამოცხადებამდეც გამოჩნდნენ. წლევანდელ სეზონზე მომსახურების ფასი არ გაზრდილა.

ყველაზე ძვირი მომსახურება კვლავ ბათუმშია, სადაც ბინის ფასი ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. სანაპირო ზოლთან ახლოს ერთი ოთახის ქირაობა, საშუალოდ, 30-40 ლარამდე ღირს, ორი და მეტი ოთახი კი 50-100 ლარად ქირავდება. რაც შეეხება კვების ობიექტებს, იქ ტრადიციულად კატასტროფული ფასია. საღამოს საათებში ბარებსა თუ ღამის კლუბებში შესვლაც ძალიან ძვირია. მიუხედავად ამისა, ბათუმი დამსვენებლების რაოდენობას არცერთ ზაფხულს არ უჩივის.

ბათუმისგან განსხვავებით, ბინის დაქირავება შედარებით იაფია ქობულეთში. ივლის-აგვიტოში 1 ოთახი 2 საწოლით 20-25 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე ადის. ურეკში ერთ ადამიანისთვის განკუთვნილი სერვისი 10 ლარიდან იწყება და 20-30 ლარს აღწევს. იქვე არის მცირე ზომის, საოჯახო სასტუმროებიც, რომლის ფასიც 30-60 ლარის ფარგლებში მერყეობს. აგვისტოში კი, ფასი როგორც სასტუმროებში, ასევე ბინებზე მინიმუმ 10-20 ლარით იზრდება.

აყველაზე მაღალი მაზანდა გრიგოლეთსა და კვარიათშია. აღნიშნულ კურორტებზე დასვენების საფასური 80-100 ლარიდან იწყება და მომსახურების ხარისხის შესაბამსიად მატულობს.

ამინდის შეცვლა საზღვაო კურორტებს სასიკეთოდ დაეტყო. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ წარმატებული სეზონი ექნებათ. მათი უმეტესობა შეკვეთებს, ძირითადად, ინტერნეტით იღებს. ზოგი ამბობს, რომ ტურისტებმა მთელი ივლისი და აგვისტო წინასწარ დაჯავშნეს. ზოგი უკმაყოფილოა და არ მალავს, რომ დამსვენებლის მიღება ჯერჯერობით ვერ შეძლეს.

ქობულეთში ზაზა შავაძე ორსართულიან კერძო სახლს აქირავებს. ეს მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. შავაძის თქმით, დამსვენებლები უკვე გამოჩნდნენ. ამ მხრივ კი უპირო ლიდერები არიან უკრაინელები.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა. შარშან და შარშანწინ ვალის გასტუმრებას მოვუნდით. საკმაოდ დიდი ხარჯი გავწიეთ, რომ კომფორტული პირობები შეგვექმნა. შარშან აგვისტოშიც კი ცოტა დამსვენებელი გვყავდა. ახლა ამინდს სასიკეთო პირი უჩანს და ჩვენც იმედიანად განვეწყვეთ", - ამბობს შავაძე.

ქობულეთშივე მდებარე სასტუმრო "მირაჟში" პირველი ტურისტები მიიღეს. ისინი უცხოელ ვიზიტორებს მასპინძლობენ და შეკვეთებასაც საკმაოდ იღებენ.

"დაახლოებით 2 კვირაა, რაც დამსვენებლები გამოჩნდნენ. ადგილობრივებზე მეტი უცხოელია, უფრო რუსები და უკრაინელები. ივლისი და აგვისტო დაჯავშნილია, შეკვეთები ინტერენეტის საშუალებით მივიღეთ. ამინდმა თუ ხელი შეგვიწყო, სეზონს კარგი პირი უჩანს", - აცხადებენ სასტუმროში.

ანალოგიური მდგომარეობაა ბათუმში, სადაც სიძვირის მიუხედავად, მოთხოვნა ყოველთვის შესამჩნევია, ტურიზმისთვის რთულ პერიოდშიც კი. აჭარის მთავარ ქალაქში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროს თანამშრომელი თენგიზ ბოლქვაძე ამბობს, რომ სამზადისი 1 თვის წინ დაიწყეს და უკვე რამდენიმე ტურისტის გამასპინძლებაც შეძლეს.

"ორი ოჯახი ჩამოვიდა რუსეთიდან. ცოტა ადრე პოლონელი წყვილი გვყავდა. ამინდი ცუდი იყო, მაგრამ 1 კვირაზე მეტხანს მაინც დარჩნენ. სასტუმროებს კიდევ არა უშავს, მაგრამ რესტორნებსა და კაფე-ბარებში საკმაოდ მაღალი ფასია. ტურისტებმა ეს არაერთხელ აღნიშნეს, მაგრამ მომსახურების ტარიფების შესახებ წინასწარ არიან ინფორმირებული. ამ მხრივ უკმაყოფილება არ დაუმალავთ, თუმცა აქაურობა ძალიან მოსწონთ.

მომსახურების ფასი არ გაგვიზრდია, ლარიც მეტ-ნაკლებად სტაბილურია და ეს ხელს გვიწყობს, რომ ფასს არ გადავხედოთ. ისედაც ძვირია", - ამბობს თენგიზ ბოლქვაძე.

გრიგოლეთსა და კვარიათში დასვენება საკმაოდ მაღალია ფასებია. ადგილობრივების ინფორმაციით, 80 ლარზე იაფად სახლები არ ქირავდება.

"არაჩვეულებრივი ჰავისა და ზღვის წყალობით კვარიათი დამსვენებლების დიდ ინტერესს იწვევს. ვინც ერთხელ ჩამოვიდა, ხშირად გვაკითხავს. ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ადამიანმა კარგად დაისვენოს. ადგილებს წინასწარ გვიკვეთავენ. თითო ოთახს 170 ლარად ვაქირავებ, მაქვს ასევე 80 და 100-ლარიანი ნომრები. ამინდმა თუ გაამართლა, წელს გამორჩეული ტურისტული სეზონი გვექნება", - ამბობს ვანო ქალდანი, საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

სეზონის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ განმუხურში. აქ ძირითადად, საოჯახო ტიპის სასტუმროები და სახლებია, რომელიც დამსვენებლებზე ქირავდება. ერთდღიანი დასვენების საფასური კურორტზე 30-40 ლარის ფარგლებშია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წინასწარი შეკვეთი არ მიუღიათ, თუმცა სეზონზე აქტიურობას ელოდებიან.

"დამსვენებლის დეფიციტს არ ვუჩივით. სეზონზე უცხოელებიც მოდიან და ადგილობრივებიც. მისაღები ფასიდან გამომდინარე, სტუმარი თითქმის ყველა რეგიონიდან გვყავს. განმუხური ჯერ კიდევ ახალ კურორტად ითვლება და მის მიმართ ინტერესი უკვე გაჩნდა. ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებულია. ივნისის ბოლოს რამდენიმე დამსვენებელი გამოჩნდა, მაგრამ აქტიური სეზონის დადგომამდე ჯერ საკმაო დროა. ვფიქრობ, შეკვეთები შუა ივლისიდან გააქტიურდება", - ამბობს მზია გოგოხია, განმუხურის მკვიდრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×