"ისლამური სახელმწიფოს" "დედაქალაქის" - ერაყის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქ მოსულისათვის ბრძოლა დამთავრებულია. გუშინ ერაყის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქის აღების შესახებ. მათი ცნობით, გუშინდელი შუადღის მდგომარეობით, ერაყის არმიამ, ფაქტობრივად, სრული კონტროლი დაამყარა მოსულზე და მხოლოდ ერთ გარეუბანში დაახლოებით 5 ტერორისტი უწევდა წინააღმდეგობას ერაყის ნაწილებს, ქალაქის სხვა უბნებში კი უკვე დაიწყო განნაღმვითი სამუშაოები.
მანამდე ერთი დღით ადრე კი ერაყის არმიამ მოსულის მთავარი მეჩეთი - ან ნური დაიკავა. ეს სწორედ ის მეჩეთია, სადაც 2014 წელს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა "ისლამური სახელმწიფოს" შექმნა გამოაცხადა, ხოლო მოსული - მის დედაქალაქად.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ შარშან შემოდგომაზე დაიწყო, რაშიც მას აშშ-ის მეთაურობით შექმნილი სამხედრო კოალიცია ეხმარებოდა.
სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, მოსულის გათავისუფლებით "დაიშმა," ფაქტობრივად, დაკარგა კონტროლი ერაყის ძირითად ქალაქებზე და მისი სამხედრო/პოლიტიკური კონტროლი მხოლოდ სირიის ტერიტორიაზე ვრცელდება.
"შეიძლება ითქვას, რომ მოსული იყო წარმატებული შემთხვევა, სადაც ამერიკელებმა და რუსებმა განახორციელეს კოორდინირებული საბრძოლო ოპერაციები "დაიშის" წინააღმდეგ.
"მოსულის აღებით დასრულებულია "დაიშის" სამხედრო/პოლიტიკური გავლენის ზონების არსებობა ერაყის ტერიტორიაზე. მოსულის აღება ნიშნავს, რომ "დაიშთან" დასრულებულია ფრონტალური ტიპის საბრძოლო ოპერაციები, რაც დამახასიათებელია არმიის დონეზე კონვენციური ტიპის საომარი მოქმედებებისთვის.
"თუმცაღა ეს არ ნიშნავს, რომ "დაიშთან" ომი დასრულდა. პირიქით, "დაიში" გადავა კიდევ უფრო გააფთრებულ სამხედრო მოქმედებებზე. "დაიშთან" ბრძოლა გადავიდა ახალ ფაზაზე, რაც გულისხმობს ე.წ. პარტიზანული და ასიმეტრიული სამხედრო ოპერაციების წარმოებას.
"შესაძლებელია, რომ "დაიშმა" განახორციელოს რამდენიმე კონტრშეტევა, რათა დაიბრუნოს გავლენა ტერიტორიებზე, თუმცა ალბათ გადავა პარტიზანული და ასიმეტრიული საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკაზე, რამაც შეიძლება ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენოს ერაყის ეროვნული არმია.
"ეს კარგად შეგვიძლია გავიაზროთ ამერიკელების დაპირისპირების მაგალითზე "ალქაიდასთან". პარტიზანული ბრძოლებით "ალქაიდამ" საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენა ამერიკულ სამხედრო მანქანას.
"ალქაიდასგან" განსხვავებით, "დაიში" არის საკმაოდ ძლიერი სტრუქტურა, რომელსაც რეალური ზიანის მიყენება შეუძლია ასიმეტრიული ომის პირობებში. როგორც ჩანს, ამას უნდა მოველოდეთ "დაიშისაგან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.