ია აბულაშვილი
01.07.2017

 როგორც ქართველი კინოხელოვანები ამბობენ, არა მხოლოდ ქართული კინოს ისტორიაში, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ფილმს ასეთი პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოეწვიოს, როგორიც თენგიზ აბულაძის მიერ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გადაღებულმა ფილმმა "მონანიებამ". ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ, როგორც ფილმის სცენარის თანაავტორი ნანა ჯანელიძე ამბობს, "სიმართლეს მოწყურებულმა ადამიანებმა კონკრეტული, საკუთარი სისხლით გამოვლილი ისტორიული წარსული დაინახეს და თავიანთი ბედი შეიცნეს ეკრანზე".

ფილმის პრემიერა 1986 წლის სექტემბერში მოსკოვში შედგა, მაგრამ ამას წინ უძღოდა უამრავი წინააღმდეგობა. უამრავი ჭორი თუ მართალი დადიოდა თბილისში, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად, თითქოსდა ფილმის სცენარი საქართველოს კომპარტიის ცეკას მაშინდელი მდივნის - ედუარდ შევარდნაძის მითითებით შეიქმნა და რომ შევარდნაძე გრძნობდა, ქვეყანაში ცვლილებები მოხდებოდა და დროს დაასწროო.

რა გზა განვლო და როგორ შეიქმნა ფილმი "მონანიება" - ამის შესახებ ფილმის "თანაავტორად" დასახელებული ედუარდ შევარდნაძე თავის მემუარებში წერდა. სწორედ მისი მოგონებებიდან, გვინდა, რამდენიმე ამონარიდი შევთავაზოთ მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

"ერთხელ მირეკავს კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე და მეუბნება, მოსვლა მინდაო. მისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იყო, დრო დავუნიშნე. თენგიზი დანიშნულ დროს მოვიდა და მაგიდაზე ნაბეჭდი ქაღალდების დასტა დამიდო - ეს არის ჩემი ახალი ფილმის სცენარი, ძალიან მინდა, რომ წაიკითხოთო. "მონანიების" სცენარი იყო.

დავთანხმდი, თუმცა ვუთხარი, რომ ხვალ მე და ჩემი მეუღლე მოსკოვში მივფრინავთ და საღამოს გავეცნობი სცენარს-მეთქი. მართლაც, მოსკოვში ჩემი საქმეები როგორც მოვათავე, სახლში დავბრუნდი თუ არა, კითხვას შევუდექი. ვკითხულობ და სული მეხუთება, წარმოვიდგინე, რა იქნებოდა ეს ეკრანზე.

თბილისში რომ დავბრუნდი, თენგიზ აბულაძე ორი დღის შემდეგ შემომეხმიანა. დავუნიშნე შეხვედრა და შეხვედრის დროს ვუთხარი:

- ორი დიდი პრობლემა იქნება, პირველი ის, რომ ამ სცენარს მოსკოვში კინოკომიტეტი არ მიიღებს, ე.ი. დაფინანსების საკითხი. მეორე - ვთქვათ, დავარწმუნეთ, გადაიღე კიდეც, მაგრამ ეს ფილმი რამდენიმე წელი მზის სინათლეს ვერ ნახავს, თაროზე უნდა იდოს. მაგრამ ეს ფილმი რომ არ გადაიღო, დამნაშავე იქნები საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე.

- რა ვქნაო? - მკითხა.

- მთავარია, ფილმი გადავიღოთ, მერე ვნახოთ-მეთქი როგორ იქნება.

კინოსტუდიის დირექტორ რეზო ჩხეიძის გამოსავალი ერთადერთი იყო - "მონანიების" სატელევიზიო ფილმად გადაღების დაწყება. მოსკოვში კარგი ურთიერთობა მქონდა ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგე შაუროსთან. მოსკოვში ყოფნისას შევხვდი და ვუთხარი - ისეთი უნიკალური სცენარია, რომ შეიძლება ეპოქალური ფილმი გამოვიდეს-მეთქი. უნდა დამეხმაროთ, რომ კინოკომიტეტში სცენარის წაკითხვის გარეშე მოგვცენ ფილმის გადაღების უფლება.

მაშინვე, ჩემი თანდასწრებით დაურეკა კინოკომიტეტის ხელმძღვანელს და უთხრა - "ჩემთან ედუარდ შევარდნაძეა, თქვენ იცით, როგორ ვენდობი. გადაღება უკვე დაწყებული აქვთ, ტელეფილმად აკეთებენ, მაგრამ მე არ მინდა, ეს ტელეფილმი იყოს, ჯობია, კინოფილმად გადავიღოთ. მერე გამოიძახეს თენგიზ აბულაძე. ჩვენი ფილმი ჩაჯდა კინოსტუდიის გეგმაში, ეს უკვე სერიოზული ამბავი იყო.

დაიწყეს გადაღება, გასინჯვაზე მართლაც დამპატიჟეს. მასალის გადაღების პროცესში არ ვერეოდი, მიწვევა კი სიამოვნებით მივიღე. ფილმი ვნახე, ყველა მე მიყურებს - თქვენთვის მისაღებია? თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ფილმზე? - არ მითქვამს, რომ ვიცოდი, თენგიზი რომ ამ ფილმს იღებდა, ისიც საიდუმლოდ ინახავდა ამ ფაქტს.

ფილმმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. მოკლედ, გადაღება დამთავრდა, ფილმი მზად არის ეკრანზე გასასვლელად. მე კი ამ დროს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრად გადამიყვანეს. თბილისში, როგორც ჩანს, იჩქარეს. მაშინდელი ხელმძღვანელობის უჩუმრად ფილმი საზოგადოებას აჩვენეს. ატყდა ერთი ალიაქოთი, ფილმზე რეაქცია ძალიან მწვავე იყო. შედეგი კი - ფილმი თაროზე დაახლოებით ორი-სამი წელი დაიდო.

მოსკოვში ჩასვლისთანავე გორბაჩოვთან ვერ მივიდოდი და ვერ ვეტყოდი, საქართველოში ასეთი ფილმი გვაქვს-მეთქი. ვფიქრობდი, მომწიფდებოდა დრო, როცა ამაზე ლაპარაკს დავიწყებდი.

მერე ისე მოხდა, რომ საქართველოს კომპარტიის მაშინდელი ცეკას მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი მივიდა გორბაჩოვთან და უთხრა: ასეთი და ასეთი ფილმი არსებობს, უხერხულ მდგომარეობაში ვარ, 2-3 წელი თაროზეა. სპეციალისტები ამბობენ, კარგი ფილმიაო და ეკრანზე გაშვება სთხოვა. გორბაჩოვს და მის მეუღლე რაისა გორბაჩოვას ფილმი იმ დღესვე ენახათ. მეორე დღეს გორბაჩოვმა დამირეკა:

- რატომ არ მითხარი, ასეთი ფილმი თუ იყო საქართველოშიო?

- შესაფერის დროს ველოდი-მეთქი. მგონი, დადგა დრო, როდესაც ამ ფილმის გაშვებაზე უნდა ვიფიქროთ.

- მე და რაისას ფილმი მოგვეწონა, ალბათ უნდა გავუშვათ, მაგრამ მინდა გთხოვო, მიხვიდე ლიგაჩოვთან და მას მოელაპარაკო.

- ძალიან უცნაურ საკითხზე მოვედი, მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ და ფილმებისთვის არ მცალია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის საქმე ჩემი მონაწილეობით არის დაწყებული და მიმაჩნია, რომ ლაპარაკი ნამდვილ შედევრზეა, - ვუთხარი ლიგაჩოვს შეხვედრისას.

ლიგაჩოვმა ფილმი ნახა. მართალია, თავისი იდეოლოგიური შეხედულება ჰქონდა, მაგრამ ვერ გაუძლო. მერე გავიგე, მისი მეუღლის ოჯახიც რეპრესირებული ყოფილა. მის ცოლს 1937 წელს მამა დაუპატიმრეს და დახვრიტეს თურმე. ფილმის ნახვისას მის მეუღლეს უტირია.

მეორე დღეს დამირეკა ლიგაჩოვმა და მითხრა, თუ გორბაჩოვი წინააღმდეგი არ არის, გავუშვათო. დავურეკე გორბაჩოვს. ფილმი ჩამოიტანეს მოსკოვში და დაიწყო ჩვენება.

ამის შემდეგ მე ვიზრუნე, რომ ფილმი კანის ფესტივალზე მოხვედრილიყო. კინემატოგრაფიის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ თუ ფილმი კანის ფესტივალზე არ მოხვდებოდა, დანაშაული იქნებოდა. მერე იყო ტრიუმფი.

სხვათა შორის, მოგვიანებით უკვე თავისუფალ საქართველოში ბატონ თენგიზს სურდა, გადაეღო "მონანიება 2", მაგრამ ვეღარ მოასწრო, ამ ქვეყნიდან უდროოდ წავიდა", - ასე იხსენებდა ედუარდ შევარდნაძე "მონანიების" გადაღების ისტორიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×