ამბავი ტიმოთე გაბაშვილის საიდუმლო დიპლომატიური მისიისა
მამუკა ნაცვალაძე
01.07.2017

 მეთვრამეტე საუკუნის 50-იანი წლებიდან თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ისტორიაში. საუკუნეზე მეტი ხნის შესვენების შემდეგ პირველად აკურთხეს სამეფო ტახტზე ასული ხელისუფალი ქრისტიანული წესით.

ეს 1744 წელს ხდება. ვახტანგ მეექვსის პოლიტიკური შეცდომები სამაგალითო აღმოჩნდა მისი სიძის - თეიმურაზისა და შვილიშვილის - ერეკლე მეორისათვის, რომელნიც თავიანთი მოღვაწეობის განმავლობაში ცდილობდნენ დაბალანსებული პოლიტიკის შენარჩუნებას საქართველოს როგორც მაჰმადიანურ მეზობლებთან, ისე რუსეთთან. მაგრამ იმასაც ხვდებოდნენ, რომ ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გაკეთებულიყო.

სწორედ ამ რეალობაში მწიფდება იდეა ანტიოსმალური კამპანიისა, რამდენადაც ეს სწორედ ის ქვეყანაა, ის ბუდეა, სადაც გამორჩეულად მფარველობენ დაღესტანს, აღმოსავლეთ საქართველოს უბედურების ბუდეს. აშკარაა, რომ ლეკთა გამუდმებული თარეში მხოლოდ მას შემდეგ მოისპობა, თუკი დაღესტნელებს აღარ ეყოლებათ ძლიერი ზურგი ოსმალეთის იმპერიის სახით.

როგორ იწყებოდა ქართველ მეფეთა მიერ კავკასიური კოზირის რეინკარნაცია

ნადირ შაჰის გარდაცვალებამ კიდევ უფრო გამოკვეთა ქართლ-კახეთის სამეფოს პერსპექტივები, აშკარა იყო, რომ სწორედ ერეკლე და თეიმურაზი დაისაკუთრებდნენ კავკასიაში პირველობას.

პირველობა სრულიადაც არაა ქართველ მეფეთა ახირება. პირველობა არ ნიშნავს დანარჩენი პოლიტიკური თუ ეთნიკური ერთეულების დამორჩილებას. ქართველი მეფეები ვიწროფეოდალურ ჩარჩოებს საკმაოდ გასცდნენ ცნობიერებით და საერთაშორისო პოლიტიკის გლობალური პრიზმიდან უყურებენ საკუთარ ქვეყანაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

სწორედ ამ გლობალური პრიზმიდან უნდა გამოიკვეთოს ის ტენდენციები, რასაც ერეკლესა და თეიმურაზის პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს და გამოიკვეთა კიდეც. აშკარად ჩანს, რომ რთული რეგიონია კავკასია, ეს სირთულე კი დიდ თავსატეხს უქმნის მსოფლიო იმპერიებს, ამიტომაც იზრუნეს მათ კავკასიური კოზირის გასანეიტრალებლად.

სწორედ ამ პრიზმიდან ჩანს კავკასიური კოზირის რეინკარნაციის აუცილებლობა, მისი გაცოცხლება, ამისთვის კი, პირველ რიგში, საგარეო ფაქტორების გათვალისწინებასთან ერთად, ერთიანი შიდაკავკასიური სახლის მშენებლობაა აუცილებელი.

და აქ, ბუნებრივია, აქტუალური ხდება სომეხ ხალხთან ურთიერთობის ფორმების მოძებნა და საერთო ინტერესების განსაზღვრა. მაგრამ არის საერთაშორისო კონიუნქტურაც და ამ კონიუნქტურასაც უნდა გაეწიოს ანგარიში. სწორედ ამაზე ფიქრობენ ქართველი მეფეები.

ამბავი ქართველთა და სომეხთა ერთობლივი ავღანური ლაშქრობისა

ფრანგი დიპლომატი შარლ პეისონელი, იზმირის კონსული, რეალურად გვიხატავს იმ პოლიტიკურ სურათს, სადაც აშკარად ჩანს, ერთი მხრივ, ქართველ მეფეთა ინიციატივა, მეორე მხრივ, პოლიტიკური სიფრთხილე.

აი, რას წერს პეისონელი: "1751 წელს ავღანეთის ამბოხით განრისხებულმა თეიმურაზ და ერეკლე მეფეებმა გაილაშქრეს მათ დასამორჩილებლად. სომხები შეუერთდნენ ქართველთა ჯარს. სომეხ მხედრებს თავიანთ დროშებზე და ტანსაცმელზე ჯვრები ეკეთათ. ეს ჯვაროსნები ეკვეთნენ ავღანებს ქალაქ ოდურბის ახლოს, სძლიეს და უმეტესი ნაწილი აკუწეს ნაწილ-ნაწილ.

"ოსმალები განრისხდნენ ამ ჯვაროსნების გალაშქრებით და ეჭვი გაუჩნდათ - ხომ არ მოქმედებდნენ ეს ჯვაროსნები რუსებთან შეთანხმებით, რომელთაც ასტრახანის მხრიდან დასაზვერი ჯარი წინ წამოსწიეს.

"ერეკლემ ავღანების დამარცხების შემდეგ წინ წაიწია თავრიზამდე, რომელიც მან დაიპყრო. ის არ დაკმაყოფილდა ამით და გაილაშქრა ლეკებზე და განჯისა და ურუმის ხანებზე. დაამარცხა ისინი სასტიკად და განაცხადა, რომ ის მოქმედებდა როგორც დევლეთ-შერიკი, ანუ სპარსეთის მოკავშირე."

როგორ დადგა ჟამი "გამოხსნა-აღდგომისა"

სწორედ სპარსეთის მეკავშირის ფორმატში გადაიდგა ერთიანი კავკასიის რეინკარნაციის პირველი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ოსმალეთს ეჭვი მაინც რჩება, ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც სწორედ ოტომანთა ინსპირირებულია ის წერტილოვანი დარტყმები, ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრიობას რომ აყენებს საშიშროების წინაშე. ეს ის დარტყმებია, რაც შლის სახელმწიფოს ეკონომიკურ ფუნდამენტს. ამ პრობლემის მოგვარება სასიცოცხლოდ აუცილებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის.

და ასე ნათლად ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის 50-იან წლებში, საერთო პოლიტიკური კონცეფციიდან გამომდინარე, აქტუალური ხდება ოსმალეთის იმპერიის განეიტრალების საკითხი.

ოსმალეთი რუსეთის იმპერიის მთავარი მეტოქეა, სწორედ ამ ორი სახელმწიფოს დაპირისპირებამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ სახეს მიიღებს საბოლოოდ კავკასია.

ქართლ-კახეთის მეფეები რუსეთს დაღესტნელი ლეკების მხრიდან განუწყვეტელი თარეშის აღკვეთას სთხოვენ, რუსეთს კი ეს არ ეთმობა, რამდენადაც დაღესტანი ის კოზირია, რასაც აღმოსავლეთ საქართველო ჩრდილოელ ერთმორწმუნესთან ურთიერთობის აუცილებლობის ხედვამდე მიჰყავს.

ამ ფონზე ვითარდება ქართლ-კახეთის სამეფოდან ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში, რომელთაც თეიმურაზისა და ერეკლეს წერილი მიაქვთ იმპერატორთან. საკმაოდ საინტერესოა ამ წერილიდან ერთი ამონარიდი, რაც, ფაქტობრივად, სრულად მიანიშნებს კიდეც ქართველ მეფეთა იმდროინდელ პოლიტიკურ ხედვასა და სტრატეგიას. "ვინაითგან აწ მყოფთა ამ ჟამსა არღარავინ არს უსჯულოთა მეფეთაგანი უფალი ჩვენზედა... აწ არს ჟამი გამოხსნისა და დღე აღდგომისა ჩვენისა."

 ეს მთავარი გზავნილია იმჟამინდელი ქართული პოლიტიკური კონცეფციისა. აშკარად ჩანს, რომ მაჰმადიანურ ქვეყნებთან ურთიერთობა სხვა ფორმატში უნდა გადაიზარდოს და ამისათვის სწორედ ის კოზირი უნდა მოიშალოს, ოტომანთა იმპერია რომ იყენებს აღმოსავლეთ საქართველოს წინააღმდეგ და რასაც ქვეყანა პარალიზებამდე მიჰყავს.

როგორ დაიგეგმა ანტიოსმალური კამპანია

მაგრამ ოტომანთა იმპერია ის ძალაა, რომლის წინააღმდეგ ხუმრობა არ შეიძლება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამ კონტინენტზეა გადაჭიმული და იმდროინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური მოთამაშეა. ამიტომაც საგანგებოდ უნდა დაიგეგმოს ყოველი ნაბიჯი მის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება აშკარა, საყოველთაოდ აფიშირებული და გაცხადებული მიზანი. ამ ნაბიჯისთვისაც ნიღაბია საჭირო, ეს ნიღაბი კი ყველაზე უკეთ სწორედ ქრისტიანული პილიგრიმობაა. ჰოდა, იყენებენ კიდეც ამ ფორმატს სამეფო კარზე და საგანგებო მისიით გზავნიან აღმოსავლეთში მთავარეპისკოპოს ტიმოთე გაბაშვილს. საგულისხმოა, რომ ამ მოგზაურობის ინიციატივა სწორედ ქართლ-კახეთის ხელისუფალთაგან მოდის.

მთავარეპისკოპოსისათვის რომ საინტერესო უნდა იყოს ქრისტიანული სარწმუნოების ძეგლების აღწერა, აბა, ამაში ვის შეუძლია, ეჭვი შეიტანოს, მაგრამ ამ ინტერესს იქით არის სხვა ინტერესი - რეალურად აღიწეროს ის განწყობა, რაც ოსმალეთის იმპერიის იმ ნაწილში სუფევს, ქრისტიანებით, უპირატესად სომხებით, რომ არის დასახლებული.

ბუნებრივია, ისმის კითხვა - რატომ შეჩერდა არჩევანი ტიმოთე გაბაშვილზე? რით დაიმსახურა მან ეს პატივი, რატომ ენდობიან ერეკლე და თეიმურაზი მას?

საქმე ისაა, რომ ტიმოთე პოლიტიკურად საკმაოდ საიმედო ფიგურაა ერეკლესა და თეიმურაზისათვის. ამ ელჩობამდე ათიოდე წლით ადრე მოსკოვში ვიზიტისას ჩანს, რომ ტიმოთე დაპირისპირებულია ვახტანგ მეექვსის შთამომავლობასთან და ეს ფაქტი, ბუნებრივია, ერეკლე-თეიმურაზის მხრიდან მის მიმართ ნდობას აღძრავს.

ამბავი რუსული ოქრო-ფარჩით ხელდამშვენებული ტიმოთე გაბაშვილისა

ისიც საგულისხმოა, რომ ტიმოთე გაბაშვილი თვითმხილველია იმ ცინიკური დამოკიდებულებისა, რასაც რუსეთის საიმპერატორო კარი ქართველთა თხოვნის მიმართ გამოხატავს.

იმერთა მეფე ალექსანდრე მეხუთის თხოვნას, გამოუგზავნოს რუსთ ხელმწიფემ ჯარი და ყოველწლიური სარგო დააწესოს ამ ჯარის შესანახად (ბუნებრივია, ეს რუსეთის საიმპერატორო კარის ინტერესებშიც შედის, რამდენადაც ამ ნაბიჯით ის იმერეთის სამეფოს სახით იღებს საკმაოდ მნიშვნელოვან პლაცდარმს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად), რუსეთი უგულებელყოფს და საკმაოდ ცინიკური ფორმით ისტუმრებს ოქროს ფარჩითა და სიასამურის ბეწვეულით "ხელდამშვენებულ" ტიმოთეს მოსკოვიდან.

ტიმოთე გაბაშვილის მოსკოვში ყოფნისას კიდევ ერთი სახასიათო ამბავი ხდება - კრემლის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ის მონაწილეობს სომეხი არქიეპისკოპოსის - მინასის მართლმადიდებლობაზე მოქცევის საეკლესიო ცერემონიალში.

ამ მოქცევას, გარდა სარწმუნოებრივი მნიშვნელობისა, საკმაოდ გამოკვეთილი პოლიტიკური წახნაგებიც აქვს, რამდენადაც სულ მალე თავად ერეკლე მეორეც დააყენებს სომეხ მღვდელმთავრებთან შეხვედრისას საკითხს, რომ კავკასიური ერთობისათვის საჭიროა ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივი დაახლოება.

ტიმოთე ის ფიგურაა, რომელმაც ზუსტად იცის რუსული დიპლომატიის იწილო-ბიწილოცა და საკუთარი ქვეყნის მოსალოდნელი საფრთხეები, ამიტომაც ტიმოთე გაბაშვილს ქართლ-კახეთის ხელისუფალნი ბოლომდე ენდობიან.

ერთი სიტყვით, ტიმოთე გაბაშვილი ერეკლე მეორისა და თეიმურაზ მეორის პირადი დავალებით იერუსალიმისა და ათონის მოსალოცად მიდის. უცხო გარემოსთან ადაპტირება და სასურველი ინფორმაციის მოპოვება მას არ გაუჭირდება, რამდენადაც კარგად იცის თურქული, რუსული, სომხური და ბერძნული ენები.

როგორ მოახერხა ტიმოთე გაბაშვილმა დიპლომატიური მისიის ინსპირირება

ტიმოთე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ოსმალეთს, თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა, კონსტანტინოპოლში შვიდი თვე რჩება. აღწერს წმიდა ადგილებს, მაგრამ საკმაოდ საგულისხმოა, რომ განსაკუთრებული გულმოდგინებით ინიშნავს გზებს, ქალაქებს, ციხე-სიმაგრეებს, ნავსადგურებს...

ბუნებრივია, მკაცრად იცავს ინსპირირების წესებს, ის მეფე ერეკლესა და თეიმურაზს ცნობებს ზეპირად აწვდის სოფელ ალიდან სტამბულში მყოფი ქართველების მეშვეობით. არ უნდა გამოირიცხოს ისიც, რომ ეს ქართველები საგანგებოდ იყვნენ ჩასული სწორედ იმ მისიით, რომ ტიმოთეს ცნობები ზეპირად ჩამოეტანათ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე.

მაინც რა იყო ის, რის აღწერასაც მოერიდა ტიმოთე გაბაშვილი წერილობით? ეს აშკარად ოსმალეთის იმპერიაში არსებული ანტითურქული განწყობაა. ის ხვდება აქ მცხოვრებ სომხობას, იგებს მათ დამოკიდებულებას ადგილობრივი ხელისუფლებისადმი, უჩნდება სურვილი, რომ ჩავიდეს ყველაზე ანტითურქული განწყობის რეგიონში - არნაუტთა ქვეყანაში.

წმინდა კულტუროლოგიური თვალსაზრისით, გაბაშვილს აინტერესებს ქართული კვალი. მან იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში აღწერა მირიან მეფის, ვახტანგ გორგასლის, ბაგრატ მეფის ფრესკები და შეძლებისდაგვარად მათი პორტრეტები გადმოხატა. ტიმოთე გაბაშვილის ამ უნიკალურ ჩანაწერებს, რომელსაც "მიმოსვლა" ჰქვია, საკმაოდ დიდ ფასს სძენს ის რეალობა, რომ შემდგომში ეს ფრესკები არც ერთ მოგზაურს აღარ უნახავს.

როგორ გამოჩნდა კავკასიურ პოლიტიკაში იოსებ ემინი

სულ მალე ტფილისში, ისანის სამეფო სასახლეში, გამოჩნდება იოსებ ემინი, სომეხი ვაჭარი, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. ემინი დაადასტურებს, რომ თუკი ერეკლე ოსმალეთს შეუტევს, სომეხი მოსახლეობა ქართველთა გვერდით იქნება. აქ საუბარი არ იყო მხოლოდ კავკასიაში მცხოვრებ სომხებზე, თურქეთის ტერიტორიაზე განსახლებული სომხები, ემინის მტკიცებით, მზად არიან, დაუპირისპირდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას და ქართველთა მოკავშირეები იყვნენ.

ერთი სიტყვით, სრული პოლიტიკური იდილიაა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგომა-გამოხსნისათვის. ეს კი ის გეგმაა, რუსეთს რომ არ აძლევს ხელს, ამიტომაც სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარმა რაიმე უნდა იღონოს.

და უბინძურესი პოლიტიკური ინტრიგების სამჭედლო, მისი უდიდებულესობა რუსეთი, ამჯერად იოსებ ემინის სომხური კოზირის განეიტრალებაზე იწყებს ფიქრს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×