ონლაინ საკრედიტო კავშირებმა პოლიტიკა შეცვალეს და მასობრივად გადაერთვნენ გრძელვადიანი სესხების სისტემაზე. მართალია, სწრაფი სესხები მათ საქმიანობაში კვლავ რჩება, თუმცა, როგორც ჩანს, ტენდენცია შეიცვალა და გრძელვადიანი სესხი ონლაინ კომპანიების საქმიანობაში პრიორიტეტი ხდება. ყველა შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი 100%-მდეა. მომხმარებელს კი, ფაქტობრივად, ორმაგი თანხის გადახდა უწევს.
ფინანსისტ ირაკლი ბერძენაძის შეფასებით, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებზე რეგულაცია დაწესდა, მაგრამ მისი სათანადოდ აღსრულება არ ხდება. ეს საბოლოოდ მომხმარებელს აზარალებს. გრძელვადიანი სესხების შემოღებას კი ბერძენაძე მომხმარებლების გადახდისუუნარობას მიაწერს.
"კომპანიებმა გადაწყვიტეს, რომ ტენდენცია შეცვალონ, რადგან სწრაფი სესხის გადამხდელებს ძალიან გაუჭირდათ ვალდებულებებთან გამკლავება. ამიტომ შედარებით რისკიანი და გრძელვადიანი აქტივები არჩიეს. რეგულაციები რომ რეალურად გაეტარებინათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე. როცა გაჭირვებული კაცი 300 ლარის ოდენობით იღებს სესხს და გაცემის საკომისიო 4%-ია, ეს არის განუკითხაობის ტიპური მაგალითი.
თავის დროზე რეგულაციები ქაღალდზე დაიწერა ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. ერთ დღეში იღებენ გადაწყვეტილებებს და შედეგზე არავინ ფიქრობს. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოს მოსახლეობა ონლაინ სესხებით ცხოვრობს და არც არის სხვა ალტერნატივა.
არ მესმის, რა შეიცვალა იმ კანონით, რომლითაც კომპანიებს 100%-იანი ზღვარი დაუწესდათ. თუ მაშინ უკიდურესად მაღალი პროცენტი იყო, ახლა არაპირდაპირი ხარჯი გაზარდეს და მომხმარებელს მომსახურების საკომისიო, დამტკიცების საკომისიო და სხვა ტიპის გადასახადები დაუწესეს. ისევ აგრძელებენ მოსახლეობის გაყვლეფას. თუ ვინმე ასე არ ფიქრობს, უბრალოდ, თავს იტყუებს", - აცხადებს ბერძენაძე და დასძენს, რომ ძვირადღირებული სესხების გაცემამ, შესაძლოა, კომპანიებს საბოლოოდ პრობლემა შეუქმნას, რადგან მომხმარებელს ამ ვალდებულების გასტუმრება დროთა განმავლობაში გაუჭირდება და საერთოდაც არ გადაიხდის.
"ნებისმიერი ძვირადღირებული სესხი, რა ვადითაც უნდა გაიცემოდეს, პრობლემაა კომპანიისთვის. მოკლევადიანი სესხების ამოღებაც უჭირთ და გაცილებით გაუჭირდებათ ძვირადღირებული სესხების ამოქაჩვა. მართალია, ონლაინკომპანიები მიკროსაფინანსოებად გარდაიქმნენ და შევიდნენ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში, მაგრამ სებ-მა რეალურად ვერ გააკონტროლა.
მოქალაქისთვის, რომელიც იღებს სესხს და დასჯერდება, რომ 100%-იანი აიღოს, უკვე არ აქვს საპროცენტო განაკვეთს მნიშვნელობა. თუკი 300%-იანს შესთავაზებენ, მასაც უყოყმანოდ აიღებს, ამაში დარწმუნებული ვარ. ასეთ დროს გადახდისუნარიანობა იკლებს. პრობლემური სესხების მოცულობა ყოველთვის დარჩება დაბალ დონეზე, ეს აშკარაა", - ამბობს ბერძენაძე.
მოსაზრებას, რომ ონლაინ კომპანიების ბაზარზე კონტროლი გასამკაცრებელია, ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი არ იზიარებს, თუმცა მიაჩნია, რომ ახალი რეგულაციის გამო ბევრს გაუჭირდა, ბევრიც გაკოტრდა ან გაკოტრების პირასაა.
"ონლაინ კომპანიები გასცემდნენ მცირე მოცულობის მოკლევადიან სესხებს და კრედიტების მასობრივად გაცემაზე იყვნენ ორიენტირებული, ცხადია, იმისდა მიუხედავად, ადამიანს შეეძლო თუ არა გადახდა. კლიენტების ნაწილს რომც არ დაებრუნებინა სესხი, მაღალი გადასახადის წყალობით მაინც არ გადიოდნენ ზარალზე.
მას შემდეგ, რაც აიკრძალა წელიწადში 100%-ზე მეტი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემა, გრძელვადიან სესხებზე გადაერთვნენ. როგორც ჩანს, უფრო კარგად შეისწავლეს კლიენტები. რა ვადითაც უნდა აიღონ, 100%-იანი სეხი ყველა შემთხვევაში წამგებიანია მომხმარებლისთვის", - ამბობს ჯანიაშვილი და დასძენს, რომ სესხებისადმი მაღალი მოთხოვნა გამოწვეულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობით, რა მიმართულებითაც მთავრობას ყურადღების გამახვილება მოუწევს.
"სოციალური ფონის ბრალია, რომ ხალხს შემოსავალი თვიდან თვემდე არ ყოფნის. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და გამოკითხულთა 70%-მა გვითხრა, რომ მიმდინარე ხარჯის დასაფარად აიღეს სესხები. იშვიათად, რომ ვინმემ ონლაინ სესხი სხვა მიზნით გამოიყენოს. მოსახლეობა ყურადღებით უნდა მოიქცეს, რომ კაბალურ პირობებზე არ დათანხმდეს. კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას არ ვემხრობი, რაღაც ჩარჩოში ონლაინ ორგანიზაციები ისედაც მოაქციეს და თავის გატანა უჭირთ. ბევრი მათგანი ან უკვე გაკოტრდა, ან მალე გაკოტრდება", - აცხადებს ჯანიაშვილი.
რატომ ამჯობინებენ ქართველები არასაბანკო სესხების აღებას, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მომხმარებლებზე დაყრდნობით გასცა პასუხი. ფინანსურმა პორტალმა "ტოპსესხი.კომ"-მა ჩაატარა კვლევა, რისი მიზანიც იყო, გაერკვია ქართველების დამოკიდებულება არასაბანკო სესხების მიმართ.
გაირკვა, რომ მომხმარებელს არასაბანაკო სესხებში მისი აღების სისწრაფე ხიბლავს ყველაზე მეტად (გამოკითხულთა 29%); 18% იმიტომ სარგებლობს არასაბანკო სესხით, რომ ბანკებმა უთხრეს უარი. რესპონდენტთა 16% ძირითად მიზეზად ასახელებს იმ ფაქტორს, რომ არასაბანკო სესხს იღებს უფრო დაბალი შემოსავლის ფონზეც.
კვლევებით დადგინდა ასევე სწრაფი სესხების მიზნობრიობის საკითხიც: მომხმარებელთა 30% ამას აკეთებს ყოველდღიური საჭიროებისთვის; 13% - დაუგეგმავი ხარჯებისთვის; 10% - სამედიცინო ხარჯებისთვის; 37% - სხვა ხარჯებისთვის.