საქართველოში სავაჭრო ობიქტებს შორის დიდი კონკურენცია. მაღაზიათა ქსელები ყოველ დღე ახალი სიახლეებს სთავაზობენ მომხმარებელს. ბოლო 10 წლის განმავლობაში საცალო ვაჭრობის ბაზარზე ბევრი რამ შეიცვალა. მომხმარებელი უფრო მომთხოვნი გახდა, სხვადასხვა კომპანია კი კლიენტებს უფრო და უფრო მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. უბნის პატარა მაღაზიებს სუპერმარკეტები ანაცვლებენ, სუპერმარკეტებს კი კონკურენციას ჰიპერმარკეტები უწევენ. დატვირთული სამუშაო დღეების ფონზე, მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი გახდა, კვირაში ან თვეში ერთხელ, ჰიპერმარკეტში მისვლა და სასურველი პროდუქციის ერთბაშად ნაკლებ ფასად შეძენა.
სუპერმარკეტები კლიენტებს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტსა და სხვადასხვა ფასდაკლებას სთავაზობენ, უბნის მაღაზიები კი მომხმარებლის შენარჩუნებას კვლავ ნისიების გაცემით ცდილობენ.
სურსათის მაღაზიის მფლობელი ლეილა ხარებავა ამბობს, რომ სუპერმაკეტების მოზღვავების ფონზე მუშაობა ძალიან რთულია. ფაქტობრივად, უბნის მაღაზიებში მუშაობა აღარ არის.
"უცნაურია, მაგრამ თავი ნისიით გაგვაქვს. ნისია რომ არ იყოს, დავიკეტებოდით. ძირითადად ქსელური მარკეტინგი მუშაობს კარგად, რადგან მათ ფასდაკლებები აქვთ. თუმცა, თუ მათ ერთ პროდუქტზე აქვთ ფასდაკლება, მეორე პროდუქტზე ოთხმაგი ფასი უდევთ. სუპერმარკეტები 5 პროდუქტზე დააკლებენ ფასს, ამით იზიდავენ კლიენტებს, ჩვენ დანარჩენ პროდუქტებზე უფრო დაბალი ფასი გვაქვს, მაგრამ მომხმარებელი მაინც იმ სუპერმარკეტში შედის, ამიტომ გვიწევს პროდუქციის მარაგის შემცირება. როცა არ იყიდება, სხვა გზა არ გვაქვს. კლიენტის შესანარჩუნებლად ვცდილობთ კარგად მოვემსახუროთ და მოწესრიგებული გარემო დავახვედროთ.
მომხმარებელი, რომელიც ფასდაკლებას ხედავს, რა თქმა უნდა, სუპერმარკეტში არჩევს შესვლას. საცხოვრებელი კორპუსების ქვემოთ სამ-სამი სურსათის მაღაზიაა გახსნილი და ასეთი კონკურენციის ფონზე ვერც ერთი ვეღარ მუშაობს. ალბათ ძალიან მალე ჩემი მაღაზიის დახურვა მომიწევს", - ამბობს ლეილა ხარებავა.
ცისანა ფილაური 20 წელზე მეტია სურსათის მაღაზიას ამუშავებს, თუმცა ამბობს, რომ ბოლო დროს რეალიზაცია ძალიან შემცირებულია. მაღაზიის ფლობელი იმ პოლიტიკაზე საუბრობს, რომელიც პატარა სასურსათო მაღაზიების დახურვისკენაა მიმართული.
"ცოტა კლიენტია, ერთი რომ მოდის და მას მეორე მოჰყვება, ვცდილობ პირველს მალე მოვემსახურო, რომ ის მეორე არ გამექცეს, ამასობაში მეც რაღაც მეშლება. ყველა კორპუსთან მაღაზიაა გახსნილი, ქუჩაში კი ხალხი არ დადის, ვაჭრობა არ არის. ნისიებით ვცდილობ კლიენტების შენარჩუნებას, მაგრამ ის ნისიაც ნახევარზე მეტს აღარ მოაქვს. დისტრიბუტორებს ხელებში უნდა უყურო, რომ ცუდი პროდუქცია არ დაგიტოვონ, საქონლის გამოცვლასაც აგვიანებენ, ისინიც ჩვენ დაჩაგვრას ცდილობენ. მაგალითად, ქსელურ მარკეტებს თუ გარკვეულ პროდუქციას 1,25 ლარად აძლევენ, ჩემთან 1,50 ლარად შემოაქვთ იმ მიზეზით, რომ სუპერმარკეტები მათგან პროდუქციას უფრო დიდი რაოდენობით იძენენ. ასეთ პირობებში მე რა ვქნა, როგორ გავყიდო ნაკლებ ფასად?
მომხმარებელი რომ შემოვა, მინდა გავუღიმო, კარგად მოვემსახურო, მაგრამ მეც აღარ მაქვს განწყობა. დილიდანვე დაძაბული ვარ და ველოდები ინსპექტორებს, ამიტომ ვეღარ ვახერხებ კლიენტის განწყობაზე ზრუნვას. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ეს პატარა მაღაზიები დაიხუროს", - ამბობს ცისანა ფილაური.
ერთ-ერთი სურსათის მაღაზიის კონსულტანტი "რეზონანსთან" იმ შეთავაზებაზე საუბრობს, რომლის საშუალებითაც მუდმივ კლიენტებს ინარჩუნებენ:
"ხალხს ძალიან უჭირს, ნისიებით ვუწყობთ ხელს და ჩვენც ნელ-ნელა გაგვაქვს თავი. გარკვეული პროდუქტების ქსელიდან ამოღება მოგვიხდა. ვცდილობთ ფასების თვალსაზრისითაც გავითვალისწინოთ მომხმარებლის აზრი. როცა გვეუბნებიან იმ მაღაზიაში ამ პროდუქციას უფრო იაფად ყიდიანო, ჩვენც ვცდილობთ დავაკლოთ და შევინარჩუნოთ კლიენტი.
აქ ყველა შინაური მოდის, ბარათით გადახდას არავინ ითხოვს. ვხუმრობთ კიდეც, რომ "ჰუმანიტარული მაღაზია" ვართ, რადგან ყველა ნისიად ყიდულობს პროდუქტს და მაშინ იხდიან ვალს, როცა ამის შესაძლებლობა აქვთ. ამიტომაც სანამ ხალხის მატერიალური მდგომარეობა არ გამოსწორდება, ჩვენი მაღაზიის საჭიროება იქნება", - განაცხადა ნანუკა ეცადაშვილმა.
გაზეთმა "რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხული მოსახლების უმეტესობა სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებს ანიჭებს უპირატესობას, უბნის სასურსათო მაღაზიებს კი ეჭვის თვალით უყურებს. მომხმარებელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ სუპერმარკეტების უპირატესობა ისაა, რომ იქ პროდუქციის შენახვისთვის შესაბამისი პირობებია დაცული.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებელი, ეკონომისტი ოთარ ანგურიძე საცალო ვაჭრობის ბაზრის ტენდენციებზე საუბრობს და უბნის მაღაზიების გადარჩენის გზად, მათ გაერთიანებას ასახელებს:
"დიდი სავაჭრო ქსელები "ყლაპავენ" პატარა მაღაზიებს, მაგრამ ეს ხდება უფრო იმ უბნებში, სადაც მატერიალურად უზრუნველყოფილი მოსახლეობაა ან მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. თუ ვნახავთ ისეთ უბნებს, სადაც ნაკლებად შეძლებული მოსახლეობა ცხოვრობს ან არ არის მჭიდროდ დასახლებული, იქ მსხვილი მარკეტები თითქმის არსად გვხდება. ასეთ დასახლებებში მნიშვნელოვანია ლოკალური ბაზრების განვითარება, სადაც წვრილ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ პროდუქცია გამოიტანონ და გაყიდონ.
ტენდენცია ასეთია, შემოდიან ევროპული ბრენდები და კონკურენცია ძალიან დიდია. ფასები მაღლა მიიწევს და ეს სტატისტიკურ მონაცემებშიც კი აისახება. კონკურენცია მომხმარებლების მოზიდვისთვის დიდია, როგორც ფასდაკლებებით, ასევე დაგროვებითი ბარათების გამოყენებით. ზოგს ეს სტიმული აქვს, რომ კონკრეტულად ერთ ქსელში შევიდეს და იყიდოს ის, რასაც წვრილი მაღაზიები ვერ სთავაზობენ. უბნის მარკეტებს ბევრი რაოდენობით და მრავალი სახეობის პროდუქციის შეძენა არ უღირთ, რადგან ხარჯი ეზრდებათ.
როდესაც კონკურენცია იზრდება, მცირე და საშუალო სექტორმაც უნდა მოახერხოს გადაწყობა იქითკენ, საითკენაც ბაზარი კარნახობს. თუ კონკრეტული ლოკაციის ადგილებში არსებული პატარა მაღაზიები გაერთიანდებიან, მათ თავისუფლად შეუძლიათ საკმაოდ დიდი კონკურეცია გაუწიონ იგივე მსხვილ ქსელებს.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ წვრილი მაღაზიები გაერთიანებიან, გადააწყობენ თავის ბიზნეს გეგმებსა და იდეებს, მოახდენენ თანხების აკუმულირებასა, ერთობლივი ძალით მოახერხებენ კონკურენციაში თავისუფლად შესვლას. ეს სავსებით შესაძლებელია მოწესრიგებული ბუღალტერიით, სურსათის კონტროლით, ჰიგიენის დაცვითა და ა.შ." - განუცხადა "რეზონანსს" ოთარ ანგურიძემ.