გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის ქიმიკოსებმა ე.წ. მიკრობოტები შექმნეს, რომლებიც წყალში მოხვედრისას სწრაფად მოძრაობენ და მიკრობებს ანადგურებენ.
მიკრობოტები სამეცნიერო წრეებში დაბინძურებელი წყალმომარაგების გაწმენდის ეფექტურ საშუალებად უკვე აღიარეს. როგორც წესი, წყლის გასაწმენდად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, მათ შორის ქლორირებას, თუმცა კოლიფაგების, ვირუსების, პათოგენური უმარტივესების, ცისტების, ასევე გრამდადებითი მიკრობების მიმართ ქლორის მოქმედება ნაკლებად ეფექტურია.
გარდა იმისა, რომ მისი მეშვეობით სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, ქლორი ტოქსიკურია, რის გამოც ბევრ ქვეყანაში მისი სადენზიფექციოდ გამოყენება აკრძალულია. ამასთან, ეს მეთოდი საკმაოდ ძვირადღირებულია, ხარჯი ყოველი 1 000 მ3 სასმელი წყლის დასამუშავებლად "წყაროს სახეობისა და წყლის ხარისხის" მიხედვით, საშუალოდ, 50 დოლარს აღწევს.
დეზინფექციის მიზნით ქიმიკატების დამატება არც ისე ეფექტურია, დაბინძურებული წყალი კი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა.
უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 663 მლნ ადამიანს სუფთა სასმელი წყალი არ აქვს. საჭირო გახდა ეფექტური, ხარისხიანი და იაფი საშუალების მოძებნა წყლის დასუფთავებისთვის. რაც მთავარია, მეთოდმა უარყოფითი გავლენა არ უნდა მოახდინოს ადამიანსა თუ გარემოზე.
პლანკის ინსტიტუტში ამტკიცებენ, რომ მათ წყლის გაწმენდის უნიკალურ საშუალებას მიაკვლიეს. მათ მიერ შექმნილი მიკრობოტები გაყოფილნი არიან ორ ნაწილად - ერთი ნაწილი შედგება მაგნიუმისგან, რომელიც წყლის სიღრმისკენ მიიწევს, ბურღივით ტრიალებს და წყალბადის ბუშტებს ქმნის.
მეორე ნახევარი დამზადებულია რკინისა და ოქროს ფენებისგან, რომლებიც დაფარულია ვერცხლის ნანონაწილაკებით. მისი მოქმედება ბაქტერია-ბლასტინის პრინციპზეა დამყარებული, რაც უჯრედის ორად გახლეჩას გულისხმობს.
ამ გზით წყალი იშლება, მიკრობები რკინისა და ორქოს ფენების "ხაფანგში" ხვდებიან და ნანონაწილაკები მათ ანადგურებენ. მას შემდეგ, რაც სამუშაოს დაასრულებენ, მათ წყლიდან მაგნიტების მეშვეობით იღებენ (შეგახსენებთ, რომ მიკრობოტი რკინას შეიცავს). რაც უფრო მეტია ბოტი, მით უფრო შედეგიანია გაწმენდა. საშუალოდ, 20 წუთში ბაქტერიათა 80%-ის განდევნას ახერხებენ.
მიკრობოტი წყლის გასუფთავების მიზნით შექმნილი ერთადერთი რობოტი არაა, მას არაერთი კონკურენტი ჰყავს. მათ შორის, მინიატურული რობოტი, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და დაბინძურებულ წყალს ასუფთავებს.
გასულ წელს მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა ნახშირბადის ნანობოტები დაამზადა, რომლებიც ჩამდინარე წყლებს ეფექტურად გაწმენდენ. მიკრობოტის შემქმნელი მკვლევარები მუშაობას აგრძელებენ. ისინი ამბობენ, რომ ნაწარმი ბიოთავსებადია და ეკოლოგიურ საფრთხეს არ ქმნის. იძლევიან პირობას, რომ დაბინძურებული წყლის პრობლემას მოაგვარებენ.
მიკრობოტის შეძენას მცირე თანხა დასჭირდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა ის ბაზარზე. აქტივირებული სისტემებისა და ნანომატერიების კომბინაცია, ახალი მიკრო და ნანომოტორების შექმნა ახალ ჰორიზონტს გახსნის სამკურნალო, ენერგეტიკულ და გარემოსდაცვით ღონისძიებებში.