მეთვრამეტე საუკუნის 50-60-იანი წლები კავკასიაში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური წიაღსვლებითაა ხელდასხმული - უკვე იკვეთება ერთიანი კავკასიური სახლის რეინკარნაციის ტენდენცია, კავკასიაში მოსახლე ხალხები გრძნობენ ერთიანობის აუცილებლობას, თუმცა მთავარ წინააღმდეგობას ქმნის ის, რომ ყველას საკუთარი სკიპტრის ქვეშ წარმოუდგენია ეს ერთობა.
აქ, ბუნებრივია, პოლიტიკურმა პროცესებმა უნდა გამოკვეთოს ლიდერი. სწორედ ასეთ ლიდერად ყალიბდებიან ქართლი და კახეთი, ეს ორი სამეფო, ფაქტობრივად, ერთ პოლიტიკურ ერთეულად რომ უნდა იქცეს, ამასაც ყველა ხვდება - მეტად მშვიდი და გამორჩეულად ფაქიზი ურთიერთობაა მამა-შვილს - თეიმურაზსა და ერეკლეს შორის. მათი ერთობლივი სვლებიც სწორედ ქვეყნის გაძლიერებასა და ერთიანი კავკასიური სახლის არსებობის აუცილებლობაზე მიანიშნებს.
როგორ აურია დავთრები რუსეთს კავკასიის ერთიანობის იდეამ
ეს ის პროცესებია, განსაკუთრებულად რომ ურევს დავთრებს რუსეთს - საჭიროა, რამე მოუხერხოს ქართლ-კახეთის სამეფო კარის განწყობას. ჩრდილოელი ერთმორწმუნისთვის ყველაზე საშიში და არასასურველი ტენდენცია ის რეალობაა, რომ ამ ერთიანი კავკასიური სახლის იდეას სრულიად სომხობა უჭერს მხარს.
როგორც კავკასიაში მცხოვრები, ისე თურქეთის იმპერიის ტერიტორიაზე მყოფი სომეხი მოსახლეობა ერეკლეს დიდი იმედით შეჰყურებს, მის ანტიოსმალურ გეგმებს გულშემატკივრობს და მოკავშირედ მოიაზრებს.
ეს ის პერიოდია - მეთვრამეტე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისი - როცა ჯერ კიდევ არ ჩამქრალა იმედი ერთმორწმუნე რუსეთის კეთილგანწყობისა, იმედი იმისა, რომ სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარის სამხედრო ძალის დახმარებითა და თანადგომით კავკასია თავს დაიხსნის მაჰმადიანური ძალმომრეობისგან.
ამიტომაც 1752 წლის ელჩობის წარუმატებლობის შემდეგ საქართველოდან ახალი ელჩობა მიდის რუსეთში - ამჯერად თავად მეფე თეიმურაზ მეორე უნდა ეახლოს რუსეთის საიმპერატორო კარს.
რატომ სთხოვდა სომეხთა კათალიკოსი რუსეთს თეიმურაზის თანადგომას
ამ ელჩობის სამზადისმა გამოაცოცხლა სომხეთიც, რუსეთის თანადგომა ქართლ-კახეთისადმი მასაც არგებს, ამიტომაც სრულიად სომხეთის კათალიკოსი ჰაკობ შემახეცი 1760 წლის 26 ივნისით დათარიღებულ რუსეთის იმპერატორისადმი წერილში წერს:
"ასეთ აუწერელ უბედურებათა და გამოუთქმელ სიმწარეთა გამო გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქართველთა კურთხეული მეფე თეიმურაზი წამოვიდა თავისი ქვეყნიდან, საგზაო სიძნელენი და სხვადასხვა საზრუნავი თავს იდვა, ქრისტიანული რწმენით მოვიდა თქვენი კეთილმსახურების წინაშე, იმედი აქვს რა ყოვლისშემძლე ღმერთისა და მოელის თქვენი უწმინდესობის წყალობას.
რათა დანარჩენ ქრისტიანთა ხსნის დახმარება და საშუალება გთხოვოთ, რომელნიც დიდი ლოცვითა და იმედით მოუთმენლად ელიან შველას.
ამისთვის ჩვენც გეხვეწებით... მისი და ჩვენი თხოვნის შესრულებად იზრუნოთ და ნუ დატოვებთ უყურადღებოთა და უიმედოდ ნუ ჰყოფთ დიდად მორწმუნე მეფესა მაგას, და ჩვენც აქედან შემომავედრებელთ, არამედ ვითარცა ზრუნავთ თქვენს კურთხეულ და გაფურჩქნულ ერზე.
გთხოვთ ესევე ჩვენს საბრალო ერზე და ქართველთა ერზე იზრუნოთ..." წერილიდან ცხადად ჩანს, რომ სომეხ კათალიკოსს სიღრმისეულად აქვს გააზრებული ქართველთა და სომეხთა პოლიტიკური ინტერესების ერთობლიობა, რომ თუკი რუსეთი თეიმურაზის მოთხოვნებს დაეთანხმება, ამით თავად სომხური საზოგადოებაც დარჩება მოგებული.
რატომ მიიჩნია სომეხთა და ქართველთა ერთობა რუსეთმა იმპერიული პოლიტიკისათვის საშიშ მოვლენად
წერილის დედანი ერევანში მატედარანის ხელნაწერთა ფონდშია დაცული. როგორც ჩანს, ის ადრესატს არ თუ ვერ გაუგზავნეს, მიუხედავად ამისა, სომეხი კათალიკოსის წერილობით დაფიქსირებული პოზიცია, ვფიქრობთ, საგულისხმოა და, დიდი ალბათობით, კავკასიაში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის განწყობას გამოხატავს.
აშკარაა ის ტენდენცია, ის ცნობიერება, ქართველთა და სომეხთა პოლიტიკურ ერთობას რომ ამზადებს. ეს კი ის რეალობაა, რაც ჩრდილოელ მეზობელს არაფრით აძლევს ხელს, რამდენადაც ეს განწყობა საკმაოდ ბუნებრივად აღმოცენებულია და არც არავისგანაა მართული.
სწორედ აქ უნდა ჩაერიოს სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი, რომელიც ხვდება რომ ამ პოლიტიკურმა მოვლენებმა შეუქცევადი ხასიათი თუ მიიღო, რუსეთის კავკასიური გეგმებიცა და მსოფლიო ბატონობის იდეაც ჩაილურის წყალს დალევს.
საჭიროა მოქმედებაზე გადასვლა, რაც რუსეთს კავკასიაში მიმდინარე მისთვის არასასურველი პროცესების გაკონტროლების საშუალებას მისცემს. ამ ფონზე საეჭვოდ ჩნდება პოლიტიკურ ასპარეზზე სომეხი ვაჭარი იოსებ ემინი.
როგორ გადაიკვეთა იოსებ ემინისა რუსეთის საიმპერატორო კარის ინტერესები. თეიმურაზ მეორისა და იოსებ ემინის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში, იმპერატორის სასახლეში ხდება.
რუსეთის ხელისუფლებამ წარუდგინა ქართლის მეფეს ემინი, როგორც ინდოეთის სომხური თემის წარმომადგენელი და დიდძალი კაპიტალის მფლობელი.
ბუნებრივია, ელემენტარული ეტიკეტი მოითხოვს თბილად შეხვედრას, მით უფრო რა უნდა ჰქონოდა თეიმურაზს სომეხი ვაჭრის საწინააღმდეგო.
ასეც ხდება, თუმცა ეჭვს იწვევს ერთი გარემოება - იოსებ ემინი რამდენიმე ხნით ადრე სომხეთში, ეჩმიაძინში, იმყოფებოდა. როგორც კი იგებს იმ ამბავს, რომ თეიმურაზი სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრება, სასწრაფოდ ბრუნდება ინგლისში, ხვდება ლონდონში რუსეთის ელჩ გოლიცინს, რომელიც ემინს სარეკომენდაციო წერილს ატანს რუსეთის იმპერიის კანცლერ ვორონცოვთან, ეს უკანასკნელი კი თავობს თეიმურაზისა და იოსებ ემინის პირისპირ შეხვედრის ორგანიზებას.
დიპლომატიური თვალსაზრისით, შესაძლოა, აქ არაფერი არ იყოს საეჭვო, თუმცა იმდროინდელი არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ დახლართული გვგონია იოსებ ემინის ამდენი სამზადისი ქართლის მეფის შესახვედრად, მით უმეტეს მას საკმაოდ ადვილად შეეძლო, თეიმურაზის თბილისში ყოფნისას მოეგვარებინა ეს საკითხი.
ამისთვის ეჩმიაძინიდან თბილისში ჩამოსვლა იყო საჭირო და აქ კი საკმაოდ მარტივი იყო მეფესთან შეხვედრა. საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ - ქართველი მეფე არ არის საზოგადოებისგან იზოლირებული, მისი ინფორმირება საკმაოდ იოლია, რადგანაც მუდმივად ინარჩუნებს ქვედა ფენებთან კონტაქტს.
ქართული სამეფო სწორედ ამ პოსტულატზეა აგებული, ბუნებრივია, ეს უწყიან სომხეთშიც, რამდენადაც ბევრი სომეხი ერეკლეს და თეიმურაზს მფარველად მიიჩნევს და ბევრიც საკუთარ მეფედ აღიარებს.
და მიუხედავად ამისა, იოსებ ემინი თეიმურაზთან შეხვედრის საკმაოდ შორ და არცთუ იოლ გზას ირჩევს. სწორედ ამიტომაც ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ემინი რუსეთის საიმპერატორო კარის პროექტია.
სწორედ მისი მეშვეობით უნდა მოახერხოს ერთმორწმუნე ქრისტიანულმა სახელმწიფომ, მოვლენები თვითდინებაზე კი არ მიუშვას, საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს.
ქართველთა და სომეხთა კეთილგანწყობა მას კარგს არაფერს უქადის. ამიტომაც სანკტ-პეტერბურგმა სათანადო ინსტრუქციებითა და მოქმედების გეგმით აღჭურვა ემინი. მიუხედავად ამისა, ემინს ქართველი მეფეები თბილად ხვდებიან.
ესეც ბუნებრივია - თეიმურაზი და ერეკლე არ არიან განებივრებულნი ევროპასთან ურთიერთობითა და უცხო სახელმწიფოთა მხარდაჭერით, ისინი ნებისმიერ საქმიან წინადადებას გულდასმით განიხილავენ.
რა მიზანს ისახავს იოსებ ემინის სომხური პროექტი
იოსებ ემინი 1759 წლიდან დასავლეთ სომხეთში განმათავისუფლებელ იდეებს ქადაგებს, ოსმალეთის იმპერიის მარწუხებში მოქცეულ ანატოლიელ სომხობას განსაკუთრებულად უჭირს და იმედად სწორედ იმ ძალას მიიჩნევს, კავკასიელი მოძმეები რომ სასოებით შეჰყურებენ.
ეს ის დროა, როცა ირანის შაჰმა ქერიმ ხანმა, რომელიც ერეკლესგან საკმაოდ დავალებულია, ოფიციალურად აღიარა კახეთის მეფის პროტექტორატი ერევანზე და როგორც ომან ხერხეულიძე მიანიშნებს, შეუთვალა კიდეც ერევნის ხანს: "შენ რაიცა ხარკი სახელმწიფო გედვას, ყოველსავე მეფეს ირაკლის მისცემდეთ და ჰმორჩილებდეთ ვითარცა არს წესი მორჩილებისა..."
მარტო ერევნის სახანოზე არა აქვს გავლენა ქართველ მეფეებს. ერეკლეს მეთვრამეტე საუკუნის 60-იანი წლებიდან, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულებიდან აბსოლუტური უმრავლესობა ემორჩილება.
ესეც სახიფათო ნიუანსია რუსეთის საიმპერატორო კარისთვის, განსაკუთრებით სახიფათო და რთულად დასაძლევი ნიაუანსია ის, რომ ერეკლე კარგად ხვდება პაპამისის - ვახტანგ მეექვსის პოლიტიკურ შეცდომას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აშკარად არ დაუპირისპირდეს მაჰმადიანურ სახელმწიფოებს.
ამისთვის საჭიროა, კარგად მოემზადოს და შესაფერისი დრო და ვითარება შეარჩიოს. რუსეთის საიმპერატორო კარზე სწორედ ის გეგმა მუშავდება, რითაც ასეთ მოზომილ პოლიტიკაზე უნდა ააღებინონ ხელი ერეკლეს.
ამიტომაც იყენებენ ემინის იდეებს, რაც ოსმალეთის ქვეშევრდომობაში მყოფი სომხობის გათავისუფლებას გულისხმობს.
რატომ ვერ დაიყოლია იოსებ ემინმა ერეკლე ოსმალეთთან ომზე
ოსმალეთი რომ თავის ტერიტორიებს ემინის ხვეწნა-მუდარით არ დათმობს, აბა, ამას რა მიხვედრა უნდა, ერთადერთი გზა შეიარაღებული დაპირისპირებაა, ამ მხრივ კი ემინის გეგმაში მთავარი ადგილი სწორედ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს უკავია.
საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ერეკლე სწორედ ოსმალთა იმპერიასთან შერკინებას ესწრაფვის, ემინის იდეები იდეის დონეზე მისაღებია მისთვის, მაგრამ დაუპირისპირდე იმ იმპერიას, რომელიც სამ კონტინენტზეა გადაჭიმული, ნიშნავს იმასაც, რომ სათანადო ზურგი და სამხედრო ძალა გქონდეს.
სწორედ ამ ზურგს ეძებს ერეკლე ხან დასავლეთში, ხანაც - რუსეთში. სამწუხაროდ, უშედეგოდ. რაც შეეხება სამხედრო ძალას, ქართული ლაშქარი, აშკარაა, ამ დიდ ამოცანას ვერ გასწვდება, ის კი არა და ლეკების თარეშის ალაგმვაა მთავარი ამოცანა, სრულიად რომ ანგრევს ქართულ სამეფოს ეკონომიკურადაც, პოლიტიკურადაც და მენტალურადაც.
ამ რეალობაში ოსმალეთთან ომი, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრივად თვითმკვლელობის ტოლფასია. არადა, ანატოლიელი სომხობა აბობოქრებულა, წმინდა კარაპეტას მონასტრის მოძღვარი ოვნანი მზადაა, იდეურად ჩაუდგეს სათავეში ამ მოძრაობას, ერეკლეს თანხმობას ელოდებიან.
ერეკლე დუმს, კარგად ხვდება, რას ნიშნავს ასეთი ნაბიჯი. იმასაც ხვდება, რომ მას იმ შეცდომის გამეორების უფლება არა აქვს, ვახტანგ მეექვსემ რომ დაუშვა თავის დროზე.
ემინის ავანტიურა ჩაიშალა, ჩაიშალა ის დიდი გეგმები, რაც სომეხ ვაჭარს ჰქონდა, თუმცა ამის მიზეზი ერეკლე ნაკლებად გახლდათ. სულ მალე გამჟღავნდა, რომ ემინი სრულიადაც არ წარმოადგენდა ინდოეთის სომხურ სავაჭრო წრეებს და არც ის კაპიტალი ჰქონდა, რითაც თავს იწონებდა.
ამ ფონზე კიდევ უფრო ცხადად ჩნდება მისი ვიზიტები და იდეები, როგორც რუსეთის საიმპერატორო კარის პროექტი.
როგორ ჩაიშალა რუსეთის მორიგი ანტიქართული ავანტიურა
ასე ჩაიშალა კიდევ ერთი რუსული ავანტიურა ქართლ-კახეთის სამეფოსადმი. ახლა სულ სხვა მიმართულებით უნდა ეძებნა გამოსავალი ერთმორწმუნე იმპერიას, აშკარა იყო - მხოლოდ კომპლექსური სრულიად განსხვავებული მრავალმხრივი სტრატეგია თუ მოუღებდა ბოლოს ერეკლეს თავნებობას და შეუვალობას.
მართალიც აღმოჩნდა - და იწყება კასკადი ქართულ სახელმწიფოებრიობაზე შეტევისა, სადაც სომხური კოზირიც თამაშობს ისევ ჩვეულ როლს და ბაგრატიონთა შიდა დაპირისპირებებიც. გეორგიევსკის ტრაქტატამდე სულ ორი ათეული წელი რჩება.