მარიამ ელიაშვილი
03.07.2017

 მეცნიერები ჩვენი გონების ფუნქციობის შესწავლას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. უკანასკნელმა კვლევამ ტვინის ნაწილების ახალი დაჯგუფებები გამოავლინა, რომელთა შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდით.

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს ტვინის სკანირების სისტემა, იგი გვაჩვენებს, როგორ ყალიბდება აზრები ჩვენს გონებაში.

მეცნიერებმა დაინახეს, რომ ტვინის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ტიპის ფიქრებზე მუშაობს. ერთი ნახევარსფერო შეიძლება ფიქრობდეს, როგორ დააღწიოს თავი ხანძარს, მეორე აკვირდებოდეს ფერებს.

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარები ტვინის კომპლექსების შესწავლით ფიქრების ჩამოყალიბების პროცესს სწავლობენ: "ადამიანის ტვინის ყველაზე დიდი მიღწევა ფიქრების ერთმანეთთან დაკავშირება და აზრის ჩამოყალიბებაა.

"ჩვენ ვიპოვეთ გზა, როგორ უნდა დავინახოთ ტვინის კომპლექსური სიგნალები. ეს აღმოჩენა ფიქრისა და ტვინის გააქტიურებულ ნაწილს შორის კავშირს გვიჩვენებს და ვხედავთ, როგორ "შენდება" აზრი," - ამბობს მკვლევარი მარსელ ჯასთი.

მეცნიერებმა ეფ-ემ-ერ-ეი მოწყობილობის მეშვეობით ტვინის სკანირება მოახდინეს, რის გასაანალიზებლად ალგორითმები გამოიყენეს. მათი მიზანი იყო, დაედგინათ, ტვინის რომელი ნაწილი რა ტიპის ფიქრის ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი.

ამავე პრინციპზეა დამყარებული ხელოვნური ინტელექტის ძრავა. მათ აჩვენებენ 100 ძაღლის ფოტოს, რათა ასწავლონ, რომ ფოტოზე ძაღლია გამოსახული. შემდეგ აჩვენებენ სხვა ფოტოებს და უნდა ამოიცნონ, რომელი მათგანია ძაღლი.

ამ შემთხვევაში ალგორითმს აქვს 339 წინადადება და მონაწილეობს 7 მოხალისე. სანამ 340 აზრის დეკოდირება მოხდება, პროგრამა წინადადებებს ცვლის.

ერთ-ერთი წინადადება ასეთი იყო: "მოწმემ სასამართლო პროცესზე იარაღი გაისროლა", მოხალისის ფიქრში გაჩნდა საგანი, მოქმედების პროცესი და გარემო. ალგორითმს შეუძლია, გამოიცნოს ესა თუ ის აზრი და პირიქით-ნერვული აქტივობის საფუძველზე დაინახოს მათი ჩამოყალიბების პროცესი.

აზრის "სამშენებლო ბლოკების" იდენტიფიკაციამ აჩვენა, რომ ტვინში არის რაღაც, რის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით. ამ "ბლოკებზე" დაკვირვებამ მკვლევარებს დაანახა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნებისაა და რა ენაზე საუბრობს ადამიანი, ყველა მათგანის ტვინი ერთნაირად ფუნქციობს.

"ჩვეულებრივი ტექნოლოგია აღიქვამს დაახლოებით ისეთ მარტივ პასუხებს, როგორებიცაა: "კი" და "არა". უკანასკნელი კვლევა კი უფრო რთულ ამოცანებს ხსნის. ჩვენი მოწყობილობა იმახსოვრებს სიგნალებს, რომლებიც ტვინში დროის მოკლე პერიოდში წარმოიქმნება და შემდეგ რთულ გადაწყვეტილებად ფორმირდება," - აღნიშნავს ჯასთი.

ეს წინსვლა ჩამოყალიბებული აზრების გაშიფვრის საშუალებას იძლევა. შესაძლოა, ალგორითმმა ტვინის იმ ნაწილში ფორმირებული ფიქრების დეკოდირება შეძლოს, რომლებიც სოციალურ აქტივობასთან, კომუნიკაციასთან, ღონისძიებასა და კონკრეტული ადგილის კოორდინატების ზუსტ განლაგებასთანაა დაკავშირებული.

კვლევაში ასევე იყენებენ ე.წ. ჭკვიან ალგორითმებს. გასულ წელს მეცნიერებმა ტვინის იმ ნაწილების შესასწავლად, რომლებიც სახეს გამომეტყველებას სძენენ, ეი-აი ალგორითმი გამოიყენეს. პროგრამა გვეხმარება გამოვიკვლიოთ, როგორ ზემოქმედებს აზროვნება ჩვენს მიმიკაზე.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სკანირება, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, გამოიცნონ, თუ რა მივირთვით ვახშმად ან სად ვაპირებთ წასვლას. მათ ჯერჯერობით ჩვენი ყველა აზრის გაშიფვრის საშუალება არ აქვთ, მაგრამ უახლოეს მომავალში შეიძლება ამ პროგრამით ისეთ ადამიანებს დაეხმარონ, რომლებსაც კომუნიკაცია არ შეუძლიათ.

"შემდეგი ეტაპი ზოგადი ფიქრების იდენტიფიკაცია იქნება, შეგვეძლება, გავშიფროთ ადამიანის ყველა აზრი. ჩვენ გვაქვს მიზანი - ტვინის რუკის შექმნა", - ამბობს ჯასთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×