აშშ-ის სახელმიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად შრომითი თუ სექსტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს ასობით მოქალაქე ხდება, თუმცა დიდია იმ უცხოელთა რაოდენობაც, რომლებიც ექსპლუატაციის მსხვერპლნი საქართველოში ხდებიან.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო არის გოგონების და ქალების სექსტრეფიკინგის, ასევე მამაკაცების, ქალების და ბავშვების შრომითი ექსპლუატაციის წყარო, სატრანზიტო და საბოლოო დანიშნულების ქვეყანა.
ქალები და გოგონები საქართველოდან სექსტრეფიკინგს ექვემდებარებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში და ნაკლებად ჩინეთში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
საქართველო ასევე სატრანზიტო ქვეყანაა ცენტრალური აზიის ქვეყნების მცხოვრებლებისთვის, რომელთა ექსპლუატაცია ხდება თურქეთში. ქალები ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან იძულებით პროსტიტუციას ექვემდებარებიან აჭარის რეგიონის სატურისტო ადგილებში.
ტრეფიკინგის გამოვლენილ მსხვერპლთა უმეტესობა ახალგაზრდა უცხოელი ქალია, რომლებიც სამუშაოს ეძებენ.
ქართველი კაცები და ქალები იძულებით სამუშაოს ექვემდებარებიან ქვეყნის შიგნით, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ეგვიპტეში, კვიპროსში და ერაყში. ქართველი, ბოშა და ქურთი ბავშვები იძულებით მათხოვრობას ექვემდებარებიან.
ანგარიშში მოყვანილ ზოგიერთ მონაცემს არაზუსტს უწოდებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში, სოციოლოგი თამარ მაისურაძე.
"საქართველოს მოქალაქეების ტრეფიკინგის ფაქტები ერაყში არ დასტურდება, სამაგიეროდ, არაფერია ნათქვამი ისრაელზე, რუსეთის ფედერაციაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ამ უკანასკნელ შემთხვევებში საქმე შრომით ექსპლუატაციასთან გვაქვს.
"არის შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს დაპირებული თანხის ნახევარს აძლევენ, ან სამუშაო პირობები იმაზე მძიმეა, ვიდრე მათ წინასწარ დაჰპირდნენ.
"რატომღაც ტრეფიკინგი ყველას მხოლოდ ქალთა პროსტიტუციაში იძულებით ჩართვა ჰგონია, თუმცა შემთხვევათა უდიდესი ნაწილი შრომით ექსპლუატაციას ეხება," - თქვა მაისურაძემ "მთელ კვირასთან" საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, რომელიც თავს ტრეფიკინგის მსხვერპლად მოიხსენიებს, ამას ანგარების მიზნით, გარკვეული ფინანსური კომპენსაციის მიღების მიზნით აკეთებს, რადგანაც ყოფილა შემთხვევები, როდესაც დაზარალებულები იმ ქვეყანაში, იმავე ქალაქსა და იმავე დაწესებულებაში, სადაც, მათი თქმით, ისინი ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდნენ, კვლავ წასულან.
"1990-იან და 2000-იან წლებთან შედარებით ვითარება, რა თქმა უნდა, პოზიტიურად არის შეცვლილი. ამაში დიდი როლი ძალოვან სტრუქტურებში კორუფციის აღმოფხვრამ, იმ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებამ და სამუშაო ადგილების ზრდამ განაპირობა.
"დიდი როლი ითამაშა საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებამაც, მაგრამ ამ მხრივ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რადგანაც ჩვენი მრავალი თანამოქალაქე კვლავ უცხო ქვეყნებში სეზონურ სამუშაოებზე წასვლით ირჩენს თავს. ამ დროს ხშირ შემთხვევაში ისინი დამსაქმებლის მხრიდან ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან.
"სიტუაციას ამ ქვეყნების სამართალდამცავების კორუმპირებულობაც ართულებს. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა თურქეთსა და საბერძნეთშია", - თქვა მაისურაძემ.
მისი ვარაუდით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება იქ საქართველოდან სეზონურ სამუშაოებზე წასულთა შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლად ქცევის ალბათობას ზრდის.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის საჭირო ინფორმაცია ქართულ ენაზეა განთავსებული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით მეტწილად პოზიტიურად არის შეფასებული, თუმცა, ავტორთა აზრით, დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ მეტი ძალისხმევაა საჭირო.
"მთავრობამ სერიოზული ძალისხმევა გამოიჩინა 2017-2018 წლებისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, ხელისუფლებამ არ გაზარდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა და ტრეფიკინგის ნაკლები რაოდენობის მსხვერპლი გამოავლინა.
"შრომითი ინსპექტორები გაურკვეველი მანდატით მოქმედებენ და შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, შეამოწმონ დამსაქმებლები", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
შრომითი ინსპექციის დეპარტამენტის უფლებამოსილების გაზრდისა და საქმიანობის გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც.
შრომითი ურთიერთობის მკვლევარ ოთარ გრიგოლიას თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს საქართველოშივე ღირსების შემლახველ და რთულ, სახიფათო პირობებში უწევთ მუშაობა. დამსაქმებელი კი, პრაქტიკულად, დაუსჯელად ეწევა მათი შრომის ექსპლუატაციას.
"შრომის ინსპექციის არსებული პროგრამა არაეფექტურია. რომც აღმოაჩინოს ტრეფიკინგის ფაქტი, რაც ძალიან გაუჭირდება, სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა დარეკოს პოლიციაში. მეორე მხრივ, იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის პუნქტი ამავე პროგრამაში ძალიან რთული დასადგენია.
"ერთი მხრივ, შრომის იძულებას არ აქვს ერთი ფორმა, ანუ პირდაპირი იძულების ფორმა, შეიძლება მსხვერპლი ირიბი იძულების ან ერთი შეხედვით უხილავი იძულების მსხვერპლი იყოს, რომელსაც ინსპექცია ვერ დაადგენს. მას ამის მანდატი არ აქვს.
"ხოლო შრომითი ექსპლუატაცია რა არის, ამის შესახებ განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში არ გვხვდება. შესაბამისად, რომც მოინდომონ ინსპექტორებმა, შრომითი ექსპლუატაციის ფაქტებს ისინი ვერ დაადგენენ", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბრისას ოთარ გრიგოლიამ.