თურქეთი ცდილობს, თავის საზღვართან ქურთული სახელმწიფოს შექმნა არ დაუშვას
ვახტანგ შამუგია
03.07.2017

 თურქეთი სირიის საზღვარზე მსხვილი სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებზე კარგად ჩანს, როგორ მიემართება თურქული მძიმე ტექნიკა საზღვრისპირა რეგიონისაკენ.

მობილიზაცია სირიის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონ აფრინში ჯარების შეყვანას ისახავს მიზნად. ადგილობრივთა თქმით, აფრინის ტერიტორია თურქული არტილერიის მიერ უკვე დაიბომბა.

რეგიონში მოქმედ ქურთ მეამბოხეთა ლიდერ სიპჰან ჰემოს თქმით, ისინი რეგიონში თურქი სამხედროების გამოჩენას არ დაუშვებენ და ინტერვენციის შემთხვევაში თურქ ასკერებს გააფთრებულ წინააღმდეგობას გაუწევენ.

აფრინის რეგიონი სირიის ჩრდილოეთით მდებარეობს და თურქეთს უშუალოდ ესაზღვრება. ამ ეტაპზე ის ქურთი მეამბოხეების მიერ კონტროლდება.

სწორედ ეს არის მიზეზი ოფიციალური ანკარის გაღიზიანებისა, რადგანაც ადგილობრივ ქურთებს თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედ, ტერორისტულად აღიარებულ "ქურთ მუშათა პარტიასთან" თანამშრომლობაში სდებს ბრალს.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაეფ ერდოღანის თქმით, სირიელი ქურთები "ქურთ მუშათა პარტიას" იარაღითა და ცოცხალი ძალით ამარაგებენ. ასევე, მას არ სჯერა ამერიკული მხარის განცხადებისა იმის თაობაზე, რომ "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების შემდეგ ქურთ მეამბოხეებს განაიარაღებენ.

აღსანიშნავია, რომ, თურქული მედიის ცნობით, აფრინის რეგიონში განთავსებული რუსი სამხედროები პოზიციებს ტოვებენ.

პოლიტოლოგები სირიის პოსტკონფლიქტურ გადანაწილებაზე საუბრობენ. მათი თქმით, "ისლამური სახელმწიფოსაგან" მომავალი საფრთხე თითქმის მთლიანად განეიტრალებულია.

ისლამისტებმა დაკარგეს ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ქალაქი მოსული, მიმდინარეობს ბრძოლები ექსტრემისტთა დედაქალაქად წოდებულ ქალაქ რაქას გასათავისუფლებლად.

შესაბამისად, მთავარი საფრთხის შემქმნელი ძალის განადგურების შემდეგ მის წინააღმდეგ მებრძოლთა შორის დაპირისპირება იჩენს თავს. ამის მიზეზი მოკავშირეთა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ინტერესებია.

სირიელ ქურთებს მათ მიერ ამ ეტაპზე კონტროლირებად ტერიტორიებზე თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურთ, რაც არც ანკარისა და არც დამასკოს ინტერესებში არ შედის. თუმცა ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, თურქეთს მოვლენების ამგვარად განვითარების აღკვეთა ძალუძს. რეგიონში მას მისადმი ლოიალურად განწყობილი თურქომანი მეამბოხეებიც ეხმარებიან.

ერდოღანს ეშინია, რომ სირიის ჩრდილოეთით შექმნილი ქურთული სახელმწიფო, რომელიც თურქეთის მეტწილად ქურთებით დასახლებულ რეგიონებს გაუმეზობლდება, ანკარისათვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცევა, რადგანაც სეპარატისტულ სწრაფვას თურქეთის ქურთები არასდროს მალავდნენ.

თურქი პოლიტიკოსები კი სირიაში ქურთთა სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში ვერ ხედავენ ძალას, რომელიც ადგილობრივ ქურთებს თურქეთის შემადგენლობაში დარჩენას აიძულებს.

საერთაშორისო კოალიციური ძალების სპიკერ რაიან დილონის თქმით, მოკავშირეებისათვის შემაშფოთებელი და მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქ რაქას იერიშზე კონცენტრირებულ ყურადღებას გადაიტანს.

მისი თქმით, ქურთებისაგან დაკომპლექტებული "სირიის დემოკრატიული ფრონტი" გამარჯვებასთან ახლოსაა და მათთვის ხელის შეშლა დაუშვებელია.

ქურთ მეამბოხეთა ლიდერები კი რეჯეფ ტაეფ ერდოღანს ისლამისტებისადმი ირიბ დახმარებაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, ერდოღანმა მშვენივრად უწყის, რომ რაქაზე მოიერიშე ქურთული ძალები აფრინში თურქული არმიის შეტევის შემთხვევაში მთელ ყურადღებას ამ რეგიონზე გადაიტანენ, რაც "ისლამურ სახელმწიფოს" არსებობის დღეებს გაუხანგრძლივებს.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ფრტფ-ს ცნობით, თურქმა სამხედროებმა საზღვრისპირა რეგიონის სოფლების მცხოვრებლებს ევაკუაციისათვის ორდღიანი ვადა მისცეს.

სდფ სპიკერი შარვან დერვიში მსოფლიო საზოგადოებას სირიელ ქურთთა მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

"უკვე წლებია, რაც ჩვენ ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ თავგანწირულად ვიბრძვით, ამ ბრძოლას ჩვენი ერის ბევრი საამაყო შვილი შეეწირა. დღეს მსოფლიო ჩვენ უნდა დაგვეხმაროს, მათ უნდა აიძულონ თურქები, ხელი აიღონ ამ განზრახვაზე. ჩვენ კი მზად ვართ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვებრძოლოთ მათ", - უთხრა შირვან დერვიშმა ადგილობრივ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, 2016 წლის 24 აგვისტოს თურქული არმია სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში სამხედრო ოპერაცია "ევფრატის ფარის" ფარგლებში შევიდა, ოფიციალური დამასკოს პროტესტის მიუხედავად.

მაშინ დეკლარირებული მიზანი სირია-თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიის ისლამისტებისაგან გაწმენდა იყო. ოპერაცია 2017 წლის თებერვალში დასრულდა. შედეგად, ქალაქებს - ჯელაბრუზსა და აზაზს შორის ტერიტორიას თურქი სამხედროები და პროთურქული "სირიის თავისუფალი არმიის" ძალები აკონტროლებენ.

2000 კვ.კმ ტერიტორია რადიკალი ისლამისტებისაგან გაიწმინდა, ქურთებს კი მდინარე ევფრატის მარჯვენა სანაპიროზე მოუწიათ გადასვლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×