ბოლო წლებში მესტიის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტია როგორც ქართველების, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვისაც. მიუხედავად ამისა, რეგიონში პრობლემად რჩება კონკრეტულ ტურისტულ ადგილებამდე მისასვლელი გზები. ასევე, საავადმყოფო, სადაც არ არის შესაბამისი აღჭურვილობა, ერთადერთი აფთიაქი კი მხოლოდ დღის საათებში მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ მესტიის რაიონში ტურისტების დიდი ნაკადი მუდმივად ჩადის, ადგილობრივები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას უჩივიან. მათი თქმით, ზემო სვანეთს ბევრად მეტი ტურისტული პოტენციალი აქვს და სათანადოდ ათვისება არ ხდება. ძალიან ბევრ საინტერესო ადგილამდე მხოლოდ საფეხმავლო გზა მიდის და ამ მხრივ ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან პასიურობს.
მესტიაში პრობლემაა საავადმყოფო, რომელიც არ არის შესაბამისად აღჭურვილი და, ამასთანავე, არის ბევრი სფერო, რისი სპეციალისტიც საერთოდ არ ჰყავთ, რომ ადამიანს საჭიროების შემთხვევაში სათანადო დახმარება აღმოუჩინონ.
რეგიონის მოსახლეობას, ასევე, ძალიან აწუხებს მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების ჩაბარება-გაყიდვის ბაზრის მოუწესრიგებლობა.
მუნიციპალიტეტში სარწყავი და სადრენაჟო არხები დაზიანებულია, ბუჩქებითა და სარეველებითაა დაფარული. სავარგულების დიდი ნაწილი შემოუღობავია, ამიტომ მოსახლეობის უმეტესობა საკუთარი მიწის ნაკვეთების სათანადოდ მოვლასა და დამუშავებას ვერ ახერხებს და ამის გამოც ადგილობრივი სასტუმროები და კაფე-ბარები თითქმის მთლიანად სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩატანილ პროდუქციაზეა დამოკიდებული.
ეკონომიურ და სასოფლო-სამეურნეო პრობლემებთან ერთად რეგიონში სერიოზული ეკოლოგიური პრობლემაც არსებობს. მესტიის მუნიციპალიტეტში, რომლის ტერიტორიის თითქმის 46% ტყის ზოლია, შეშა საწვავის, პრაქტიკულად, ერთადერთი სახეობაა. ამის გამო ხდება ტყეების უკონტროლო და მასობრივი გაჩეხვა. სწორედ ეს არის მეწყრებისა და ზვავების წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
მესტიის მუნიციპალიტეტის პრობლემად ადგილობრივი ხელისუფლების ცუდ მუშაობას მიიჩნევს თეა ჯაფარიძე. მისი თქმით, ასეთი პოტენციალის მხარეში სამუშაო ადგილები პრობლემა არ უნდა იყოს და მოსახლეობის მთაში დამაგრებისათვის მეტი უნდა კეთდებოდეს.
"მე მესტიაში არ ვცხოვრობ, იქ მხოლოდ ზაფხულში და ზამთრის არდადეგებზე ჩავდივარ. ყოველ წელს ვხედავ, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ტოვებს მთას. არადა, მესტიის რაიონის რესურსებისა და პოტენციალის პირობებში ეს პრობლემა არ უნდა იყოს. ტურიზმის განვითრების გარდა, სოფლის მეურნეობაშიც შეიძლება ბევრი ადამიანი დასაქმდეს, მაგრამ ამისათვის არაფერი კეთდება. რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს და ბუნებრივი პირობებია, მხოლოდ ის არის დღემდე და იმის გაფრთხილებაც კი არ ხერხდება.
გასულ ზაფხულს დასასვენებლად ჩასული კბილის საშინელმა ტკივილმა შემაწუხა. რაიონში ერთადერთი აფთიაქია და რომ მივედი, სწორედ მაშინ იკეტებოდა. ვთხოვე, დამაყუჩებელი მოეცათ, რაზეც ფარმაცევტმა მიპასუხა, რომ მეორე დღეს მივსულიყავი, რადგან სამუშაო საათები უკვე დამთავრებული იყო. წარმოიდგინეთ, ამდენი ადამიანი ცხოვრობს, ამდენი ტურისტი ჩადის და რაიონში ერთადერთი აფთიაქია და ისიც ასე მუშაობს.
აღარაფერს ვამბობ საავადმყოფოზე, რომელშიც ტექნიკა უკიდურესად მოძველებულია და განახლება რომც მოხდეს, აზრი არ ექნება, პროფესიონალები არ ჰყავთ, რომლებიც ახალ აპარატურასთან მუშაობას შეძლებენ," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თეა ჯაფარიძემ.
გია ილდანი მესტიის მკვიდრია, მისი თქმით, ყველა პრობლემის საწყისი ადგილობრივი მთავრობის უმოქმედობაა და სწორედ ამ ფაქტითაა გამოწვეული სხვა დანარჩენი.
"რაიონში ელემენტარული რამეც კი პრობლემაა. მაგალითად, ყველი და ხორციც კი დისტრიბუტორებს ჩამოაქვთ და ისინი ამარაგებენ სასტუმროებსა და კაფე-ბარებს. მიწები რომ სრულად ათვისებული იყოს, მთელ დასავლეთ საქართველოს ეყოფოდა რამდენიმე სახეობის აგროპროდუქტი მესტიიდან.
პირდაპირ კურიოზია, სვანეთში რომ კარტოფილი იმერეთიდან და სამეგრელოდან ამოაქვთ, თუმცა ასე ხდება. ადგილობრივ ხელისუფლებას როცა ეუბნები, ეს და ეს პრობლემაა, ამბობენ, ბიზნესში ვერ ჩავერევით და ვერ გავხსნით ჩაბარების პუნქტებს, სადაც სოფლებიდან მოსახლეობა ჩამოიტანს პროდუქტსო. ამაში არ ერევიან, სამაგიეროდ, სხვა ყველაფერში, რაც მათ არ ეკითხებათ, თავით არიან გადაშვებული. რამდენიმე წელია, საკრებულოს შენობის გარე ფასადზე საათია გაჩერებული და ის ვერ აამუშავეს. ამათ სხვა რა უნდა გააკეთონ? აი, ეს არის ადგილობრივი მთავრობის სახე," - ამბობს გია ილდანი.
რაიონის მთავარ პრობლემად ახალგაზრდების მიგრაცია მიაჩნია მაია ხარძიანს. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, ჯერჯერობით მთავრობამ ვერ განახორციელა ისეთი პოლიტიკა, რომ ახალგაზრდებს მთაში ცხოვრების სურვილი გაუჩინოს.
"ცალკეული შემთხვევები რომ მესმის, ახალგაზრდები მთას უბრუნდებიანო, ძალიან მიხარია, მაგრამ ამას მასობრივი სახე ნამდვილად არ აქვს. დაბრუნება კი არა, აქ გაზრდილი ბავშვებიც კი ქალაქში გარბიან.
პოლიციაში ადგილობრივები მუშაობენ და იმის გამო, რომ აქ ყველა ერთმანეთის ახლობელი და ნათესავია, ბევრ რამეს პატიობენ. საბოლოო ჯამში, ეს ქაოსს იწვევს, რაც ტურისტებსაც აფრთხობს და ადგილობრივებსაც. ნორმალური საავადმყოფოც არ არის, რაც ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია.
ჩვენი გამგეობა რაღაც გაურკვეველ კონცერტებს და საღამოებს აწყობს და ეს ჰგონიათ რეგიონის განვითარებაზე ზრუნვა. არადა, მესტიას სოფლის მეურნეობითა და ოქროს მოპოვებით ბევრად მეტი შანსი და რესურსი აქვს, ამაზე რომ ვინმე რეალურად ზრუნავდეს," - ამბობს მაია ხარძიანი.