ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება მუდმივად უძვირდება. ამიტომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტს გაურბიან. მიუხედავად საყოველთაო დაზღვევისა, ხალხს მკურნალობისთვის მაინც უზარმაზარი თანხის გადახდა უწევს.
ჯანდაცვის გაძვირება დასტურდება საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვითაც. მაგალითად, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით 2017 წლის ივნისში ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით. გაძვირება შეეხო სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფს - 21,3 პროცენტით და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას - 5,4 პროცენტით. დაახლოებით იგივე მდგომარეობა იყო მაისშიც, როდესაც ჯანდაცვის მიმართულებით ფასები გაიზარდა 6,7%-ით, რაც ერთგვარი დასტურია, რომ სამედიცინო მომსახურება თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე შეუჩერებლად ძვირდება.
სოციალური ფონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2017 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში უფასო წამლების პროგრამა ამოქმედებულიყო. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ. მედიკამენტების ღირებულება, სიმბოლურად, თვეში ერთი ლარით განისაზღვრება. დაფინანსდება შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები: მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა, კორონალური სისტემის დაავადებები, დიაბეტის მე-2 ტიპი, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
მიუხედავად მთავრობის მონდომებისა და სახელმწიფო პროგრამების ასე თუ ისე გამართული მუშაობისა, ჯანდაცვის მომსახურების გაძვირებას ვერაფერი აბრკოლებს. მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო მომსახურების გაძვირებას ადასტურებს და ამბობს, რომ ჯანდაცვაში სისტემური ხარვეზებია, რაც უარყოფითად აისახება როგორც პაციენტზე, ასევე სახელმწიფოზე.
"საქართველოს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების ფასი მძიმე ტვირთად აწევს. სამწუხაროა, რომ წლიდან წლამდე ყველაფერი ძვირდება. არიან პაციენტები, რომლებსაც უკვე უჭირთ მათთვის მნიშვნელოვანი ანალიზის გაკეთება ან საერთოდ ვერ ახერხებენ ვიზიტს ექიმთან გაზრდილი გადასახადის გამო. ამ დროს მას შეიძლება ისეთი ანალიზიც დაუნიშნონ, რომელიც საერთოდ არ სჭირდება.
თავად სისტემაა პრობლემური, რაც ჯანდაცვისთვის სერიოზული პრობლემაა. როდესაც დაზღვევით მიდის პაციენტი, სჭირდება ერთი ანალიზი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უწერენ ორჯერ მეტს, რადგან ფული ჩაერიცხებათ სახელმწიფო ან კერძო სექტორიდან. არსებობს მაგალითები, როდესაც ექიმი ფარმაცევტულ კომპანიასთანაა შეკრული და შეიძლება არ სჭირდებოდეს გარკვეული მედიკამენტი, თუმცა მოგების მიღების მიზნით უნიშნავენ რამდენიმეს. ბოლო წლებში უკვე ყველა ასე მუშაობს და ამან საქართველოში მახინჯი ფორმა მიიღო. ამ დროს საჭიროა კომპლექსური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სერგო ჩიხლაძემ და უფასო მედიკამენტების პროგრამის ამოქმედებასაც შეეხო.
"რაც შეეხება ახალ პროგრამას, რომელიც 1 ივლისიდან დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანია, სრული მასშტაბით გაიშალოს. იმ დაავადებებზე, რომელზეც გათვალისწინებულია მედიკამენტები, რაღაც შეღავათი ექნებათ. ამოქმედების შემდეგ კი დაველოდებით პირველად შედეგებს, თუ როგორ მოხდა მისი განხორციელება, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა და ფინანსური შეღავათი მიიღეს თუ არა," - განაცხადა ჩიხლაძემ.
"გახსოვდეს ჰიპოკრატეს" ხელმძღვანელი მანანა ბერიძე ამბობს, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს უჭირს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება. აუცილებელია, მოსახლეობას ხელი შეეწყოს, რათა მათ შეძლონ ექიმთან ვიზიტის ხარჯების დაფარვა. ბერიძეს მიაჩნია, რომ უფასო წამლების პროგრამა ბოლომდე გამჭვირვალე არ არის.
"არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ცუდია, პირიქით, მისასალმებელია, როდესაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დაუფინანსდება მედიკამენტები და შეუმსუბუქდება ის მძიმე ტვირთი, რასაც მთლიანად სამედიცინო ჩარევა ითვალისწინებს. მეორე საკითხია, რამდენად შეცვლის საერთო სურათს უფასო მედიკამენტების პროგრამა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ არ მომისმენია დარგის სპეციალისტების მოსაზრება. პოლიტიკოსების აზრი კი საერთოდ არ არის საინტერესო. ყველა პარტია თავისი პრიზმიდან უყურებს ასეთ ამბებს და თავისებურად აფასებენ. არ შეიძლება, აზრს ნებისმიერ თემაზე პოლიტიკოსები გამოთქვამდნენ. ასევე, არ შეიძლება ამ აზრების მოსმენა დაინტერესებული ადამიანებისგან. მე კითხვა მიჩნდება, რატომ მაინცდამაინც ერთი ქსელის აფთიაქი, სხვა არ არსებობს?
ჩვენ თუ მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფაზე ვსაუბრობთ, იგი აუცილებლად უნდა იყოს მთლიანად ბაზარზე გადანაწილებული. დახურულია ფასწარმოქმნის პროცესიც, საზოგადოებამ უნდა ვაკონტროლოთ ბიუჯეტი, რადგან ის ჩვენი, გადამხდელების შედგენილია. ასევე, საინტერესოა, რატომ არ გაიცემა ეს მედიკამენტები ყველა პენსიონერზე. ძალიან კარგი ნაბიჯია, თუმცა მოსახლეობას მცირე პროცენტით მიეცემა შეღავათი სამედიცინო მომსახურებაში," - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბერიძემ.