საქართველოში, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს, რის გამოც სპეციალისტები მოსახლეობას განსაკუთრებული რეკომენდაციებით მიმართავენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებშიც სიცხის კრიტიკული მაჩვენებელია. ამ მხრივ საბერძნეთი გამოირჩევა, სადაც ტემპერატურამ 45.9 გრადუსს მიაღწია.
ცხელ ამინდს სოფიაში მსხვერპლიც კი მოჰყვა. დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო 180-ზე მეტს, მათ შორის ბავშვებს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდათ. რეკორდული სიცხეა თურქეთში, მაკედონიაში, ალბანეთსა და ხორვატიაშიც. ასევე, ბულგარეთსა და რუმინეთში.
რაც შეეხება საქართველოში სიცხის კრიტიკულ მაჩვენებელს, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 5 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცხელი ამინდი შენარჩუნდება.
ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აუცილებელია, მოქალაქეებმა საცხოვრებელ სახლში შეინარჩუნონ სიგრილე და ტემპერატურა 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ შეამოწმონ.
"დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32, ხოლო ღამით - 24 გრადუსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ ფანჯრების გაღება რეკომენდებულია ღამით და მისი დატოვება შეიძლება დილამდე (თუ ეს სახიფათო არ არის).
სპეციალისტების რეკომენდაციით, იმისთვის, რომ სახლში სიცხის შეღწევა შემცირდეს, აუცილებელია ფანჯრების, ჟალუზებისა და დარაბების დახურვა, განსაკუთრებით მზის მხარეს.
"შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
"თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეს", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
მათივე რეკომენდაციით, სიცხეში დიდი ოდენობით სითხის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა. ამასთან, დღის საათებში უნდა მოვერიდოთ ფიზიკურ აქტივობას და, რაც მთავარია, ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ.
"მიიღეთ გრილი შხაპი ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე.
"იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სითხის დაგროვება აიცილოთ თავიდან. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლისა, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფა. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს," - აცხადებენ სპეციალისტები და სხვების დახმარების აუცილებლობას უსვამენ ხაზს.
"ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც. თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელთაც სჭირდებათ თქვენი დახმარება, მოინახულეთ, სულ მცირე, ყოველდღე.
"თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, ჰკითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე. შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ, როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის დროს", - აცხადებენ სამინისტროში.
ხოლო თუ მოქალაქეს ექნებათ შეგრძნება: თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას და გაიზომოს სხულის ტემპერატურა.
"მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება.
"თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს.
"სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30 გრადუსი ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე," - აცხადებენ სამინისტროში.