"ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება გაზის სისტემა დავასახელოთ, რომელიც საქართველოში ძირითადად კუსტარულად მზადდება"
ნინო ქეთელაური
04.07.2017

 "მოულოდნელად საჭის ქვედა მხრიდან გამოვარდა კვამლი და ცეცხლი. რაც იმ მომენტში მოვიფიქრეთ, იყო ის, რომ მიმავალი მანქანიდან გადმოვმხტარიყავით, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში მანქანა აფეთქდა," - იხსენებს "რეზონანსის" ჟურნალისტი თამთა მურაჩაშვილი, რომლის ავტომობილიც ახლა სრულიად გამოუსადეგარია.

ბოლო პერიოდში ავტომობილის აფეთქების ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ამასთან, მეპატრონეების მტკიცებით, მათ მანქანებს არანაირი ტექნიკური პრობლემა არ ჰქონია. სპეციალისტები კი მსგავსი შემთხვევების ძირითად მიზეზად კუსტარულად დამზადებულ გაზზე მომუშავე სისტემას ასახელებენ.

თათა მურაჩაშვილი "რეზონანსთან" აფეთქების დეტალებს ყვება.

"მე და ოჯახის წევრები ვისხედით მანქანაში, 5 ადამიანი. ლოტკინის დაღმართზე ვიყავით, სიჩქარე დაახლოებით 40-50-ს აჩვენებდა, როდესაც მოულოდნელად საჭის ქვედა მხრიდან გამოვარდა კვამლი და ცეცხლი.

"რაც იმ მომენტში მოვიფიქრეთ, იყო ის, რომ მიმავალი მანქანიდან გადმოვმხტარიყავით. გაჩერებას ვეღარ მოვასწრებდი, კარები და ღვედები კიდევ ავტომატურად იკეტება აფეთქების მომენტში. გადმოხტომიდან რამდენიმე წუთში მანქანა აფეთქდა.

"სასწრაფომ თემქის საავადმყოფოში გადაგვიყვანა, დედაჩემს ოთხი ნაკერი აქვს თავზე, მეც თავი დამიზიანდა სერიოზულად," - ამბობს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ავტომანქანა ახალი იყო, სრულიად გამართული და არანაირი ტექნიკური პრობლემა არ ჰქონია, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რას შეიძლება გამოეწვია აფეთქება.

"ცეცხლი სახანძრომ ჩააქრო, მაგრამ მანქანა დამწვარია. დამკითხეს, აინტერესებდათ, რას შეიძლებოდა გამოეწვია. ექსპერტიზაზე ვერ გამყავს, იმიტომ, რომ საიდანაც ცეცხლი გაჩნდა, ის ადგილი მთლიანად დამდნარია," - აცხადებს თამთა მურაჩაშვილი და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში კიდევ რამდენიმე ავტომანქანა აფეთქდა, თუმცა მიზეზი იქაც დაუდგენელია.

"ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს აუფეთქდა. როგორც ვიცი, გადაღებაზე იყვნენ გასულები და იქიდან დაბრუნებულებს აუფეთქდათ, საბედნიეროდ, გადარჩნენ, მაგრამ მანქანა გამოუსადეგარია. ასევე, აფეთქება მოხდა დიდუბეში დაახლოებით ერთი თვის წინ", - ამბობს ჟურნალისტი.

მსგავსი შემთხვევების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი კუსტარულად დამზადებულ გაზის სისტემას ასახელებს.

"სამწუხაროდ, მსგავსი სტატისტიკა არსებობს თუ არა, ისიც არ ვიცით. რამდენადაც მახსოვს, შარშან რუსთავში მიკროავტობუსიც კი აფეთქდა. საბედნიეროდ, შიგნით მგზავრები არ ყოფილან და არავინ დაშავებულა.

"ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება გაზის სისტემა დავასახელოთ, რომელიც საქართველოში ძირითადად კუსტარულად მზადდება. სახელმწიფოს კი აქვს ასეთი მიდგომა, რომ უნდა დაიწყოს გაზის ბალონების შემოწმება ავტომობილებში, თუმცა ამისთვის შესაბამისი ტესტცენტრები არ არის.

"მსგავსი ტესტცენტრი სულ ორია, ისიც დედაქალაქში. პირველ ეტაპზე შემოწმება 20 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის დაწესდა. მათ 1 ივლისამდე უნდა გაევლოთ, მაგრამ ვერავინ გაიარა.

"თუმცა უფრო სწორი იქნება არა ავტომობილების შემოწმება, არამედ იმ კომპანიების, ვინც ამას ამონტაჟებს. თუ დარჩებიან ის კომპანიები, ვინც ამას არა კუსტარულად, არამედ ქარხნული წესით გააკეთებენ, მაშინ პრობლემა ნაკლები იქნება და არც მძღოლების დევნა იქნება საჭირო," - ამბობს დავით მესხიშვილი და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს არც გაზგასამართ სადგურებზე იცავენ.

"მე მაინც უფრო გაზზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან, ჩემი ინფორმაციით, ასეთი უცაბედი აალება ძირითადად ხდება გაზზე მომუშავე ავტომობილებზე. ეს შეიძლება მოხდეს უშუალოდ დატვირთვის დროსაც, სადაც 200 ატმოსფერული წნევა არის მაქსიმალური, მაგრამ ხშირად მეტით ხდება ხოლმე და ბალონები ვეღარ უძლებს.

"ერთი მხრივ, ფურცელზე დაწერილი წესები არსებობს, როგორი უნდა იყოს ბალონი, როგორ უნდა ხდებოდეს გაზით დატვირთვა, რა მანძილზე უნდა იყოს მოსაცდელი, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, მაგრამ ზოგან სიგარეტსაც კი ეწევიან, არათუ წესებს იცავენ. ამ მიმართულებით, გარდა ფურცელზე დაწერილი რეგლამენტისა, არაფერი კეთდება," - აცხადებს დავით მესხიშვილი და სახელმწიფოს შესაბამის რეკომენდაციებს სთავაზობს:

"რადგან ვამბობთ, რომ მსგავს შემთხვევებში გაზია წამყვანი, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს შემდეგი რამ: მოიზიდოს შესაბამისი ინვესტიციები და ტესტცენტრები აშენდეს, მოიფიქროს რაღაც მარეგულირებელი, რომლითაც გაზის სადგურებზე შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმება მოხდება და ამავე დროს, კომპანიებს, რომელნიც კუსტარულად ამზადებენ, უნდა აუკრძალონ ამის გაკეთება.

"იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, მე უარესი პროგნოზი მაქვს, ამ გაზის ბალონებს მაქსიმალური რესურსის ამოწურვა უწევთ სწორედ ამ პერიოდში, ამ წლებში და თვეებში, ასე რომ, ამ მხრივ ძალიან დიდი საფრთხე არსებობს," - აცხადებს დავით მესხიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×