ბოლო 5 წელიწადში საქართველოში 10 სავაჭრო ცენტრი თუ ბაზრობა დაიწვა. თითქმის ყველა შემთხვევაში ხანძრის გამომწვევ მთავარ დამნაშავედ ელექტროგაყვანილობა სახელდება, მაგრამ იქვე ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, გვიან ღამით, "ელიავას ბაზრობის" ნაწილი დაიწვა - 2500 კვ/მ-მდე. გავრცელებული ცეცხლის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. ხანძრის გაჩენისთანავე დაიწყო საუბარიც იმაზე, რომ ეს ხელოვნურად მოხდა, რადგან "ელიავას ბაზრობის" სხვა ტერიტორიაზე გადატანა სურდათ. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათი ტერიტორიიდან გაყვანა უნდოდათ, რაზეც ისინი უარს ამბობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შემთხვევა 30 იანვარსაც მოხდა. ვაგზალზე მდებარე "ბავშვთა სამყარო" მთლიანად დაიწვა. მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. პირველადი ვერსიით, მიზეზად გაუმართავი ელექტროობა სახელდება, თუმცა დაზარალებულები ამ შემთხვევაშიც ფიქრობენ, რომ ხანძარი განგებ გააჩინეს.
ხანძარმა მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები კომპენსაციის ანაზღაურებას ხელისუფლებას სთხოვენ.
ამ მოთხოვნით "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები ამ დრომდე მართავენ აქციებს. ისინი აღნიშნავენ, რომ გამოძიება ჭიანურდება.
რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, ასეთია: 1."ლილოს ბაზრობა" - 2012 წლის 15 ნოემბერი; 2.სავაჭრო ცენტრი "საბა" - 2013 წლის 26 თებერვალი; 3."ევროპარკი" - 2013 წლის 17 ივლისი; 4."ბოშათა ბაზრობა" - 2014 წლის 16 სექტემბერი; 5."ხოფას" ბაზრობა - 2014 წლის 7 დეკემბერი; 6."ელიავას ბაზრობა" - 2014 წლის 27 დეკემბერი; 7. ისნის ბაზრობა - 2015 წლის 21 იანვარი; 8."ელიავას ბაზრობა" - 2015 წლის 4 აგვისტო; 9."შავი" ბაზრობა - 2016 წლის 2 აგვისტო; 10.ბაზრობა და ბავშვთა სამყარო - 2017 წლის 30 იანვარი.
ამ სიას კი, როგორც ცნობილია, გუშინ დაემატა კიდევ ერთხელ დამწვარი "ელიავას ბაზრობა."
ასოციაციის - "საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე ამბობს, რომ საქართველოში უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, ამიტომ არ გამორიცხავს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს ყოფილიყო, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ხანძარი ვინმეს ხელოვნურად გაეჩინა.
"რაც მშენებლობის სამინისტრო გაუქმდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების დაცვა აღარ ხდება. არადა, ეს ადრე სავალდებულო იყო, პროექტს თან ახლდა და კატეგორიულად ითხოვდნენ უსაფრთხოების დაცვას. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემოდა ნებართვა. ყოველთვის იყო შემოწმებაც.
"ელიავას ბაზრობაზე" დაუცველად ბევრი ადვილად აალებადი ნივთი ინახებოდა, შესაძლოა, ამიტომაც მოხდა ამხელა მასშტაბის ხანძრის გაჩენა. უსაფრთხოების ზომები მთლიანად იყო დარღვეული და ამას ყურადღება არც ექცეოდა.
პრინციპში, არც მოთხოვნები არ არის. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით სასწრაფოდ რაღაც ზომებია მისაღები, მაგრამ ასევე ლაპარაკია, რომ მისი გადატანა უნდათ და სწორედ ამიტომ გააჩინეს ხანძარი, გამორიცხული არაფერია," - უთხრა "რეზონანსს" საკანდელიძემ.
საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის - დავით ზურაბიშვილის თქმით, "ელიავას ბაზრობასთან" დაკავშირებით ორი პროექტია შეტანილი, თუმცა ჯერ არც ერთის დამტკიცება არ მომხდარა.
"ელიავას" თაობაზე ძალიან კარგი პროექტი აქვს გენგეგმის ჯგუფს, რაც გულისხმობს ამ ბაზრობის გადატანას ორ სხვა ადგილას, აქ კი დიდი პარკის და სარეკრეაციო ზონის მოწყობა სურთ, მაგრამ არის მეორე პროექტიც, რომელიც იქ დიდი გადახურული სუპერმარკეტის აშენებას ითვალისწინებს, ანუ, ფაქტობრივად, ბაზრობის გადახურული ვარიანტია მცირეოდენი მოდერნიზაციით.
"ვფიქრობ, პროექტი მთლიანად გენგეგმას უნდა ეფუძნებოდეს. გენერალური გეგმა ჯერ დამტკიცებული არ არის. იყო პირობა, რომ აპრილში უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ძალიან საეჭვოდ ჭიანურდება. უმრავლესობაში მკვეთრი პოზიცია არ ჰქონდათ, მაგრამ უმეტესობა მეორე პროექტის მომხრეა.
"რაც შეეხება თუ რამ გამოიწვია ხანძარი, არ ვიცი, გამოძიებამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი. იმის თქმა, რომ ეს ვიღაცამ გააკეთა, რთულია. იქ უსაფრთხოების ნორმები დაცული ისედაც არ იყო," - გვითხრა ზურაბიშვილმა.
"რეზონანსის" კითხვაზე, რა ხდება, რომ 5 წელიწადში უკვე 10 სავაჭრო ცენტრი დაიწვა, გვპასუხობს: "ასეთი რაღაცები მანამდეც ხდებოდა, ჩვენთან სახანძრო უსაფრთხოების ნორმები ცუდ დღეშია, თუმცა ვნახოთ, გამოძიება რას შემოგვთავაზებს.
"საუბარია, რომ ვიღაცამ დაწვა, ან ვიღაცამ რაღაც სარგებელი უნდა მიიღოს, ამით კი, არა მგონია, ვიღაცას რაღაც სარგებელი მიეღოს," - განაცხადა ზურაბიშვილმა.