"ჩვენში მთასვლელობა მარტო მთაზე მსვლელობა არასოდეს ყოფილა, იგი ჩვენი ეროვნული ყოფით, ისტორიითა და გეოგრაფიით ნაკარნახევი ვაჟკაცური მოღვაწეობა იყო და არის", - ეს სიტყვები ალპინიზმზე შეყვარებულ კაცს, ცნობილ ქართველ მწერალ ლევან გოთუას ეკუთვნის, რომელსაც არ შეიძლება არ დაეთანხმო, როცა ისტორიამ ამდენი მასალა შემოგვინახა მიუდგომელ მწვერვალებზე ქართველთა ასვლის შესახებ.
სულ ახლახან სვანეში 2 500 წლის წინანდელი წერაყინის ანალოგი, მთასა და ყინულზე სასიარულო იარაღი აღმოაჩინეს. უტყუარი ცნობები მოგვეპოვება იმის შესახებ, რომ ერეკლეს მეფობის დროს ვინმე იოსებ მოხევე მღვდელი "ნებითა თვისითა, აღვიდა მყინვარის მთასა შინა კაცთაგან შეუვალსა". ეს ამბავი მოთხრობილია იოანე ბატონიშვილის "კალმასობაში".
1923 წელს გიორგი ნიკოლაძისა და ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით ზედიზედ ორი ექსპედიცია მოეწყო მყინვარწვერზე. გიორგი ნიკოლაძის 18-კაციანმა ჯგუფმა მყინვარწვერზე 1923 წლის 28 აგვისტოს მიაღწია, მათ შორის იყო 5 ქალი. გეოფიზიკის ობსერვატორიის პირველი სამეცნიერო ექსპედიცია, რომელსაც ალექსანდრე დიდებულიძე ხელმძღვანელობდა, 1923 წლის 3 სექტემბერს ავიდა მყინვარწვერზე. ეს ექსპედიცია იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საფუძველი ჩაეყარა კავკასიონის მთავარი ქედის გეოფიზიკურ კვლევა-ძიებას. ექსპედიციის წევრებმა შეადგინეს ყაზბეგის მთის ზუსტი რუკა დევდოროკის მყინვარის მხრიდან. ასევე აღმოაჩინეს ახალი გზა ყაზბეგის მთისკენ გერგეთის მხრიდან.
მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავმა ქართველმა მთამსვლელმა სახელი გაითქვა საკუთარი თავგანწირვით, მათ შორის იყვნენ გაბრიელ და ქებუნ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი, გოჯი ზურებიანი, მაქსიმე გვარლიანი, ალმაცგერ კვიციანი, რომლებიც იცავდნენ კავკასიონის უღელტეხილს. სწორედ მათ ჩამოხსნეს იალბუზიდან გერმანელი ნაცისტების დროშა და განდევნეს მათი სამთო ნაწილები. ასეთი მაგალითები უამრავია და ერთ სატატიაში ყველას ვერ ჩავატევთ. თუმცა მკითხველს დღევანდელ სტატიაში შევთავაზებთ ლეგენდარული ქართველი მთასვლელის, მიხეილ ხერგიანის უდიდესი წარმატებების მომსწრე მისი მეგობრებისა და თაყვანისმცემლების მოგონებებს.
1964 წელს მიხეილ ხერგიანი ინგლისში მიიწვიეს ტურნირზე, ადგილობრივ ცნობილ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. ერთ-ერთ ასეთ შეჯიბრებას დაესწრო დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე. დედოფალი დიდი ინტერესით აკვირდებოდა მთამსვლელთა ოსტატობას. "ერთს ვიცნობ, ჩვენია, მაგრამ ვინ არის ის მეორე, კლდის ვეფხვივით რომ დაცოცავს?" - უკითხავს ელისაბედ მეორეს.
ეს მეორე ქართველი მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი იყო. დედოფლის ეს ფრაზა ბრიტანულმა მედიამ მაშინვე აიტაცა. ამის შემდეგ მიხეილ ხერგიანი ალპინიზმის ისტორიაში "კლდის ვეფხვის" სახელით შევიდა.
მისი მოწაფე ნუგზარ ნიგურიანი ერთ ამბავს იხსენებს. მეგობრებს, "თოვლის ჯიქად" წოდებულ თენსინგ ნორგეისა და მიხეილ ხერგიანს, ერთად უნდა დაელაშქრათ იალბუზი. იმ დღეს ამინდი გაფუჭდა და თენსინგ ნორგეიმ ასვლაზე უარი თქვა. მიხეილ ხერგიანი ავიდა და საღებავით მთაზე დიდი ასოებით დაწერა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, თენსინგ!" ასე დახვდა გამოდარების შემდეგ იალბუზზე ასულ "თოვლის ჯიქს" მეგობრის, მიხეილ ხერგიანის მისალმება.
"1967 წელს საფრანგეთში შეჯიბრება ტარდებოდა კლდეზე ცოცვასა და ალპინიზმში. ვიაჩესლავ ონიშენკოსა და მიშას წყვილი ყველას აოცებდა. ისინი 4 საათში გადიოდნენ ნებისმიერ რთულ მარშრუტს, რომელსაც სხვები 7-8 საათს ანდომებდნენ. ამიტომ პრესის ინტერესი მათ მიმართ დიდი იყო. მოკლედ, საბჭოთა წყვილი ტურნირზე მიიწვიეს, ფრანგულმა ტელევიზიამ კამერები მომართა, მაგრამ საოცრება, მხოლოდ სლავა ონიშენკო გამოჩნდა, მიშა კი არსად ჩანს. ორჯერ თუ სამჯერ გამოაცხადეს მიშა ხერგიანის გვარი. შევშფოთდი, რა ხდება, რა დაემართა-მეთქი მიშას. მოსაძებნად წავედი. იქვე ახლოს, მიწაზე იჯდა, ქართულად რაღაცას ღიღინებდა და თოკით კვანძს აკეთებდა.
მივუახლოვდი და ვეკითხები, ხომ კარგად ხარ-მეთქი. მშვიდად ამომხედა და მითხრა, შეჯიბრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, სანამ არ გამოაცხადებენ, სვანი მიხეილ ხერგიანი საქართველოდანო. რა უნდა მექნა, ტურნირს ხომ ვერ ჩავშლიდით... ბოლოს, როგორც მიშას სურდა, ისე გამოაცხადეს. ყველა გაკვირვებული იყო, საქართველო გაგვიგონია, მაგრამ სვანი რას ნიშნავსო, კითხულობდნენ. მე ავუხსენი, რომ სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ძალიან ლამაზი კუთხეა, სადაც ხერგიანი დაიბადა-მეთქი", - წერდა თავის ჩანაწერებში საბჭოთა დელეგაციის ერთ-ერთი წევრი გიპერნეიტერი.
1969 წელს იტალიაში, ექსტრა კლასის მწვერვალების დალაშქვრის შემდეგ, მიხეილ ხერგიანი მწვერვალ სუალტოთი დაინტერესდა, იხსენებს მისი აღზრდილი ნუგზარ ნიგურიანი ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით, ბევრ ალპინისტს უნდოდა სუალტოს დალაშქვარა, მაგრამ ქვების ცვენის გამო უფრთხოდნენ. როდესაც გაიგო მიშა ხერგიანმა, რომ ეს მარშრუტი გაბრიელ ივნესს გაუვლია 1937 წელს, ხოლო მისმა ბიძა გაბრიელ ხერგიანმა 1937 წელს დალაშქრა უშბა, როგორც ამბობენ, ეს იყო მოტივი, რომ სუალტაზე აუცილებლად ასულიყო, თანაც - ცალფა თოკით. ხერგიანის გადაწყვეტილებამ ყველა გააოცა, რადგან ასეთი კატეგორიის მწვერავლებზე მხოლოდ ორმაგი თოკით ადიოდნენ, რადგან ქვის ცვენის დროს, თოკის გაწყვეტის შემთხვევაში, მეორე თოკი რჩება. ხერგიანი ფიქრობდა, რომ ცალფა თოკით სუალტას რეკორდულად მოკლე დროში დალაშქრავდა.
"1964 წლის 4 ივლისს მიხეილ ხერგიანი და მისი მეწყვილე ვიაჩესლავ ონიშენკო, მოსკოველი ქირურგი და ალპინისტი სუალტოზე ასვლას შეუდგნენ. 600 მეტრის გავლის შემდეგ ონიშენკო დაცვაზე დადგა, მიშა ხერგიანი ამ დროს კლდის შიდა კუთხეში ბუნებრივ ღარში იმყოფებოდა. ქვის ცვენაც სწორედ აქ დაიწყო. მიხეილ ხერგიანს მანევრირების საშუალება არ მიეცა, ქვის ცვენის დროს თოკი გადაიჭრა და "კლდის ვეფხვი" სუალტოს მოსწყდა.
ეს მართლაც დიდი ტრაგედია იყო. იტალიაში ეროვნული დროშებიც კი დაუშვეს. იტალიიდან მიხეილ ხერგიანი დიდი პატივით საქართველოში ჩამოასვენეს. მისი კუბო ვეფხვის ფეხებზე იდგა. სახლში რომ შეასვნეს, მამამ შვილის უკანასკნელად ნახვა ისურვა. სწორედ მაშინ შეხსნეს მიხელ ხერგიანს ქამარი, რომელიც სუალტოზე ეკეთა და ის გადაჭრილი თოკიც ამოიღეს, რომლითაც დაბმული იყო", - იხსენებს ნუგზარ ნიგურიანი.
1969 წელს ნოვოსიბირსკის მთამსვლელთა კლუბ "ვერტიკალის" წევრებმა თუქესტანის 4 960 მეტრის სიმაღლის მწვერვალს მიხეილ ხერგიანის სახელი უწოდეს. 1971 წლიდან თამაშდება მისი სახელობის პრიზი კლდეზე ცოცვაში. მიხეილ ხერგიანს სიმღერა უძღვნა ვლადიმერ ვისოცკიმ, რუსმა პოეტმა ევგენი ევტუშენკომ ლექსი - "ხერგიანის თოკი". 1978 წელს, მზის სისტემაში აღმოჩნილ მცირე პლანეტას მიხეილ ხერგიანის სახელი მიენიჭა. მის პატივსაცემად გამოშვებულ მედალს "კლდის ვეფხვის" გამოსახულება ამშვენებს, ხოლო მედლის მეორე მხარეს მიხეილ ხერგიანის უკანასკნელი სიტყვებია ამოტვიფრული: "მე თქვენ მიყვარდით, ადამიანებო!"