იონა მეუნარგია, რომელიც საკუთარ თავს ქართული ლიტერატურის "მეწვრილმანეს და ფაქტების მომქუჩებელს" ეძახდა, უბის წიგნაკს დაატარებდა, ამა თუ იმ მწერლის ცხოვრებიდან, შეხვედრებიდან ან საუბრებიდან მნიშვნელოვანი მომენტები რომ მოეხაზა. ქართული ლიტერატურის ამ "მეწვრილმანემ და ფაქტების მომქუჩებელმა" უზარმაზარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა - კრიტიკულ-პუბლიცისტური ნარკვევები, ფელელეტონები, რომლებიც იმდროინდელ ქართულ პრესაში იბეჭდებოდა.
იონა მეუნარგია იყო პირველი, ვინც ქართულ ლიტერატურაში ბიოგრაფიული ჟანრი დაამკვიდრა, მის კალამს ეკუთვნის მოგნებები და ნარკვევები გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. რაც შეეხება ინტერვიუს, განსაკუთრებით ბლიცინტერვიუს, რომელიც სრულიად ახალი ხილი იყო ქართულ ჟურნალისტიკაში, იონა მეუნარგიას აქაც თავის სიტყვა უთქვამს და თავად ამას "ანკეტას" ეძახდა.
დღევანდელ სტატიაში მკითხველს ვთავაზობთ ბლიცინტერვიუს აკაკი წერეთელთან, რომელიც იონა მეუნარგიამ ჩაწერა.
- რომელი თვისება უფრო მოგწონს კაცისა?
- მამაკაცური სულგრძელობა.
- რომელი თვისება მოგწონთ ქალისა?
- გულწრფელი დაუდგრომლობა.
- რას უფრო გინდა აკეთებდე?
- მისთანა საქმეს, რომელიც თავაშვებულს ჰლაგმავდეს და გულგატეხილს ამხნევებდეს.
- რით განსხვავდება შენი ხასიათი?
- საფუძვლიანში სიმტკიცით და წვრილმანში უხასიათობით.
- რომელია ყველაზე დიდი ბედნიერება?
- გარემოების ატანა.
- რომელია ყველაზე დიდი უბედურება?
- გულმაძღარობა.
- რა ფერი უფრო გიყვარს?
- დროზე მოხდენილი.
- რა ყვავილი?
- ვარდი.
- შენ რომ აკაკი არ იყო, ვინ გინდა იყო?
- მაინც აკაკი.
- სად უფრო გინდა ცხოვრობდე?
- ყველგან და არსად.
- რომელი მწერლის პროზა უფრო მოგწონს?
- არდაზიანის.
- რომლის პოეზია?
- გურამიშვილის.
- ვინ უფრო მოგწონს კაცთაგან ისტორიაში?
- გიორგი ბრწყინვალე.
- რომანში ვინ გირჩევნია კაცთაგან?
- ავთანდილი.
- ქალთაგან?
- ნესტანდარეჯანი.
- რა სახელები უფრო გიყვარს?
- ელენე და არჩილი.
- რა უფრო გძულს ქვეყანაზე?
- წვრილმანობა.
- რა შეცდომას უფრო აპატიებ კაცს?
- ყოველგვარს, თუკი შეინანებს.
- რა სასმელს უფრო ეწყობი?
- წყალს.
- ვინ არის ყველაზე ლამაზი ქალი ქუთაისში?
- ის, რომელიც მე შემიყვარდება.
- შენი ცხოვრების დევიზი რა არის?
- შრომა და მოთმინება.
- რომელი ადგილი უფრო მოგწონს "ვეფხისტყაოსანისა?
- ჩვენი კრიტიკოსებისგან დაწუნებული.