1-ელ ივლისს "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად დაასახელა. ამასთან დაკავშირებით გუშინ რეგიონული განვითარების და ინფრასტუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ კახი კალაძე პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ის გაიმარჯვებს და ამით თბილისი გაიმარჯვებს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა უკონკურენტო, კონკურენტები ალბათ არიან, მაგრამ მე მჯერა, რომ კახი ამ არჩევნებში პირველსავე ტურში გაიმარჯვებს," - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობისთვის "ნაციონალური მოძრაობიდან" - ზაალ უდუმაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში კი საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იბრძოლებენ.
გჯერათ, რომ კალაძე პირველსავე ტურში გაიმარჯვებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): თუ შევხედავთ იმ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც ქვეყანაში მმართველი გუნდის დამსახურებით შეიქმნა, გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა ვნახოთ, რა პროგრამას ჩაატარებენ არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ. არასამართლიან არჩევნებში მას გამარჯვების შანსი ნათლად აქვს. თუმცა არა მგონია, ეს პირველსავე ტურში მოხდეს.
რეზო მიშველაძე (მწერალი): სხვათა შორის პასუხის გაცემა გამიჭირდება. ეს საარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული. ასევე, იმ პროგრამაზე, რომელსაც ბატონი კახი წარმოადგენს. ვერ ვიტყვი და არ მინდა, ბატონ კახის, ჩემს მეგობარს, გავუადვილო გზა, რომელიც უნდა გაიაროს. ეს გზა კი ნურავის ნუ ეიოლება. იქნება საბრძოლო გზა. უკვე ვხედავთ, ოპოზიციური მერობის კანდიდატები რა ფართო ნაბიჯებით და როგორ მასშტაბურად მიიწევენ მერის სკამისაკენ თავიანთი მასმედიის ორგანოებიდან. მაგრამ ერთადერთი იმედი მაქვს, ჩვენი ერი საკმაოდ ბრძენი გახდა იმისათვის, რომ სწორად შეაფასოს ნაბიჯები, რაც "ნაცმოძრაობამ" ერთხელ უკვე გადადგა და მთელი საქართველო დღესაც ნანობს. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური იქნება. მაგრამ, ასევე, დარწმუნებული ვარ მეორე ტურში კახი კალაძის გამარჯვებაში.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული რესურსი ამოქმედდება. სხვა კანდიდატების მომხრეები სხვადასხვა მიმართულებად დაიშლებიან და მგონი, რომ პირველსავე წრეში გაიმარჯვებს.
ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): მეორე ტური, მგონი, რომ საჭირო არ გახდება. 99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს. წარმატებას ვუსურვებ მას.
გია ბუღაძე (მხატვარი): ალეკო ელისაშვილი თუ უკვე ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ტური საჭირო გახდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე