"მილიონი ლიტრი ღვინის წარმოების ქარხანა ააგო, რომელიც საუკეთესო იყო მთელ ამიერკავკასიაში"
ია აბულაშვილი
08.07.2017

 "ტფილისიდან 40 ვერსზედ, სოფელს მუხრანთან, დიდი სასახლე დგას. სრულიად ვერ წარმოიდგენ თავს, რომ საქართველოში ხარ, არამედ საფრანგეთის, ან ინგლისის სოფელში...

"ვისაც ამგვარი სასახლე არ უნახავს საზღვრის გარე, ის მხოლოდ მაშინ წარმოიდგენს ამის სიდიადეს და სიმშვენიერეს, როდესაც ბავშვობაში მოგონილ ზღაპრებს მოიგონებს" - წერდა გაზეთი "ცნობის ფურცელი" მუხრანში მდებარე ბაგრატოვანთა სასახლეზე, რომელიც ივანე მუხრანბატონმა 1875-1888 წლებში ფრანგი არქიტექტორის პროექტითა და დახმარებით ააგო, უმშვენიერესი ბაღი და ვენახები კი ვერსალის მებაღეს გააშენებინა.

ვინ არ სტუმრობდა ამ ულამაზეს სასახლეს - ქართველი და უცხოელი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, პლატონ იოსელიანი, გიგო გაბაშვილი, არტურ ლაისტი და სხვები. სასახლის მფლობელის სტუმარმასპინძლობა და მისი ცქრიალა ღვინოები განთქმული იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც.

სწორედ ამ უნიკალური სასახლისა და მისი მფლობელის - ივანე მუხრანბატონის მოღვაწეობიდან, გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე საინტერესო ამბავი დღევანდელ სტატიაში.

1512 წელს ქართლის მეფე დავითმა თავის ძმას, უფლისწულ ბაგრატს საჩუქრად უბოძა ქსნისა და არაგვის ხეობაში მდებარე მუხრანის მამულები.

ამ მამულში დაიბადა მე-19 საუკუნის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე ივანე მუხრანბატონი. სწავლა-განათლება პეტერბურგში მიიღო. მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში და სწორედ მის რიგებში მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში შამილის წინააღმდეგ. თურქებთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენით.

სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ 42 წლის ივანე მუხრანბატონი არჩეული იყო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად, მარშლად.

საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ იგი დაინტერესებულა სოფლის მეურნეობით, კერძოდ, მეღვინეობით და დიდი ცოდნაც შეუძენია ბორდოსა და შამპანის რეგიონებში. სამშობლოში დაბრუნებულმა შესანიშნავი ვენახები გააშენა და მილიონზე მეტი ლიტრი ღვინის წარმოების ქარხანაც ააგო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელ ამიერკავკასიაში.

ეს ამბავი კი ასე ყოფილა - ივანე მუხრანბატონმა საფრანგეთიდან მოიწვია მეღვინე ემირ ჟანი, რომელსაც დაახმარა ქართველი მეღვინე ზაალ ჯორჯაძე და დაიწყო ევროპული წესით ღვინის დაყენება. ადგილობრივი და შემოტანილი ყურძნის ჯიშების შერწყმით დაამზადა უმაღლესი ხარისხის ღვინო. მისი ვენახები 400 დესეტინაზე იყო გაშენებული და თითოეულზე 200 სათლი ღვინო მზადდებოდა.

მუხრანის ღვინოზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდებოდა და წარმატებითაც იყიდებოდა სანკ-პეტერბურგის და მოსკოვის ბაზრებზე, ასევე, ვარშავასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პარიზში, ვენასა და აშშ-ში. ივანე მცხრანბატონი რუსეთის საიმპერატორო კარზე ღვინის ექსკლუზიური მიმწოდებელი გახდა.

აყველაზე დიდი პოპულარობა მუხრანბატონის ღვინოებმა 1863 წელს მოიპოვა, როდესაც თბილისში გამართულ სოფლის მეურნეობის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო მიიღო. წარმატებას წარმატება მოჰყვა, ივანე მუხრანბატონის ღვინის ქარხნის ყოველწლიური შემოსავალი 300 000 მანეთს აჭარბებდა.

მისი ღვინოები საერთაშორისო გამოფენებზე გადიოდა. 1882 წელს მოსკოვში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე მუხრანის ღვინოებმა მთავარი პრიზი დაიმსახურა, იმავე წელს ოდესაში გამართულ სოფლის მეურნეობის გამოფენაზე კი ოქროს მედალი მოიპოვა. 1884 წელს იალტაში გამართულ სოფლის მეურნეობის გამოფენაზე საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად.

პარიზში ღვინის გამოფენაზე მუხრანის ცქრიალა ღვინომ პირველი პრიზი მიიღო. 1892 წელს კი ისევ მოსკოვის გამოფენაზე სახელმწიფო ჯილდო დაიმსახურა.

პოპულარობის ზენიტს მუხრანის ღვინომ 1889 წელს მიაღწია, როდესაც პარიზში უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა, მუხრანბატონს კი, ვენახების მფლობელს, საფრანგეთის მთავრობამ სოფლის მეურნეობის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა. ამ ღვინიდან შემოსული თანხით ფინანსდებოდა საქართველოში სკოლები, პირველი უნივერსიტეტი, პრესა და თეატრი.

იმასაც ამბობენ, რომ მუხრანბატონს დიდი ნიჭი ჰქონია მარკეტინგულ საქმეშიც, მაგალითად, პარიზის ბაზრებზე დასამკვიდრებლად ერთი ხრიკისთვის მიუმართავს. მის მიერ დაქირავებული სტუდენტები პარიზის რესტორნებში შედიოდნენ და მუხრანის ღვინოს მოითხოვდნენ. როგორც კი რესტორნის მეპატრონე ეტყოდა, რომ ასეთი ღვინო არ ჰქონდათ, სტუდენტები დემონსტრაციულად ტოვებდნენ პარიზის რესტორნის დარბაზებს. კლიენტების დაკარგვით შეშინებული რესტორნის მეპატრონეები იძულებული ხდებოდნენ, ცნობილ სომალიეებთან ერთად მუხრანის ღვინოს გასცნობოდნენ და რესტორნებში შეეტანათ.

საბჭოთა პერიოდში ბოლშევიკებმა ივანე მუხრანბატონის სასახლეში ილიას მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი შეასახლა. ღვინის ქარხანა განადგურდა, სარდაფი კი, რომელიც მილიონ ბოთლ ღვინოს იტევდა, მიწით ამოუვსიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×