ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის 30-იანი წლები განსაკუთრებულად ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა მსოფლიოსათვის. მანამდეც მსგავსი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა, თუმცა ახლა მსოფლიოს ჰეგემონმა რომმა პირველად განიცადა მწარე მარცხი ქართლის სამეფოსთან, რომლის გავლენაც ერთიან კავკასიაზე ვრცელდებოდა.
ქართლის მეფე ფარსმან ქველმა ისეთი სვლები შესთავაზა მარადიული ქალაქის მესვეურთ, რასაც ვერაფერი დაუპირისპირეს და პირველად და უკანასკნელად რომის ისტორიაში მანამდე არნახულ დათმობაზე წავიდნენ.
საცნაურია ისიც, რომ ამ მოვლენამდე შვიდიოდე საუკუნით ადრე ვერც აქემენიდებმა შეძლეს კოლხეთის მთიანეთის დაპყრობა და იმჟამინდელი პირობებით მიზერული ხარკის გადახდით დაკმაყოფილდნენ.
მაშინ კავკასიური კოზირის განეიტრალების საკითხი მსოფლიო პოლიტიკის წინაშე არც დამდგარა იმ უბრალო მიზეზების გამო, რომ ამ პრობლემის მოგვარების წინაპირობები სისტემური თვალსაზრისით ობიექტურად ჯერ არ არსებობდა.
სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა ქრისტეშობის შემდგომი ხანა. რელიგიურმა ფაქტორმა ერთიანი კავკასია კიდევ უფრო შეადუღაბა და ამით მნიშვნელოვანი სიძლიერე შემატა მსოფლიო პოლიტიკისათვის დაუძლეველ კავკასიურ კოზირს.
როგორ აღმოჩნდა კავკასიური კოზირი პოლიტიკისთვის დიდი თავსატეხი
მას შემდეგ, რაც მეოთხე საუკუნის 30-იანი წლებიდან ქრისტიანობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში უკვე სახელმწიფო რელიგიის სახით გვევლინება, რელიგიური ფაქტორი დამატებით მუხტს სძენს კავკასიური სახლის ერთიანობას, რამდენადაც ქრისტიანული სარწმუნოება, ფაქტობრივად, აქ მოსახლე ყველა სახელმწიფოს ოფიციალური რელიგია ხდება და ერთიანი გეოგრაფიული სივრცე იდეოლოგიური თვალსაზრისითაც ერთიან სახეს იძენს.
საბერძნეთი, სომხეთის სპარსული ნაწილი, სომხეთის ბიზანტიური ნაწილი, ქართლი, ალბანეთი და სივნიეთი ერთიან იდეოლოგიურ ბანაკად ყალიბდება. სწორედ ეს ერთიანი იდეოლოგიური ბანაკი ხდება ის სამიზნე, რომელზეც შეტევა უნდა განხორციელდეს და რაც კავკასიური კოზირის განეიტრალებით უნდა დამთავრდეს.
ეს უკვე სხვა ეპოქაა, რელიგიათა დაპირისპირების ეპოქა და თუკი ადრე მსოფლიო ბატონობის მოსურნე იმპერიებს მხოლოდ სტრატეგიული თვალსაზრისით აინტერესებდათ კავკასიაზე კონტროლი, ახლა კავკასია დამატებით რელიგიათა დაპირისპირების არენადაც იქცა.
აღმოსავლეთი და დასავლეთის დაპირისპირება წითელ ზოლად გასდევს მსოფლიო ისტორიულ პროცესს, დროთა ვითარებაში დაპირისპირების ხასიათი და ფორმები უცვლელი რჩება, იცვლებიან მხოლოდ მონაწილენი - აქემენიდები ბერძნულ დემოკრატიასა და ალექსანდრე მაკედონელს უპირისპირდებიან, მათი მემკვიდრეები პართელები - რომს, შემდეგ სასანიდები გამოდიან ასპარეზზე და მათ რომის მემკვიდრე ბიზანტია ხვდება მედგრად.
მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში, ასევე ქართლსა და სომხეთში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეტოქეობა სულ სხვა განზომილებაში გადადის და რელიგიურ ელფერს იძენს.
დასავლურ ქრისტიანობას მეტოქედ აღმოსავლური ცეცხლთაყვანისცემა, მაზდეანობა, უხვდება.
რატომ ვერ გაიდგა ფესვები მაზდეანობამ საქართველოში
მაზდეანობა მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული რელიგიაა, რომელსაც განსაკუთრებული სპეციფიკური პრინციპები აქვს. საყურადღებოა, რომ ქრისტიანობის გავრცელებამდე მაზდეანობა ქართლში სამეფო კარზეც მიუღიათ.
როგორც ჩანს, ქართველები მაშინაც ვეტრფოდით ყოველგვარ უცხოურს და სამეფო დინასტიის მიერ მაზდეანობაზე არჩევანიც ამით უნდა აიხსნებოდეს, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ მაზდეანობამ, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ვერ შეძლო, ფართო მასებშიც გაედგა ფესვები, რამდენადაც ქართული კულტურული სამყარო იმ პოსტულატებზე იდგა, რასაც მაზდეანობა აბსოლუტურად განსხვავებულ პრიზმაში აღიქვამდა.
საქმე ეხება ორ სრულიად განსხვავებულ კონცეფტუალურ ხედვას სამყაროზე. მაზდეანები მიიჩნევდნენ, რომ მიწა წმინდათა წმინდაა. მიწის სიწმინდეს ქართველებიც ოდიდგანვე აღიარებდნენ, მაგრამ საქმე ის იყო, რომ, ირანელთა გაგებით, ამ წმინდათაწმინდა მიწის შებილწვა არავის შეეძლო, მათ შორის საფლავის სახით. მიწა არ უნდა შებილწულიყო ადამიანის, როგორც ბინძური არსების, სხეულით.
ეს ქართველისათვის სრულიად უცხო პოსტულატია რამდენადაც საფლავის კულტი არის ის საფუძველი, რასაც მუდმივად ემყარებოდა არა მარტო მთელი ქართული კულტურა, არამედ ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება.
მაზდეანებს საფლავი არა აქვთ, ისინი გარდაცვლილთ საკუთარი ტაძრის დახრილ კიდეებზე აწვენენ და მანამდე აჩერებენ იქ, სანამ მიცვალებულის სხეული სრულიად არ გაიხრწნება და ძვლები არ დარჩება, შემდეგ ამ ძვლებს დებენ ქოთანში და ასე ინახავენ ტაძრის განსაკუთრებულ ადგილას.
სწორედ ეს ნიუანსია ყველაზე მეტად მიუღებელი და საჩოთირო ქართველისა და კავკასიელისათვის.
რატომ შეცვალა ირანმა კავკასიაზე შეტევის იდეოლოგიური სტრატეგია
მაზდეანობის მიღება მარტო სარწმუნოების გამოცვლას არ ნიშნავდა, ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, სრულიად განსხვავებული, რადიკალურად მიუღებელი კულტურული რეალობა მკვიდრდებოდა, ის რეალობა, რომელიც საფლავს არ ცნობს.
არადა, ქართული კულტურა ცივილიზაციის უძველესი გარიჟრაჟიდან სწორედ საფლავის ფენომენზე დგას, საფლავი ქართველი ადამიანისათვის წმინდათაწმინდაა, საფიცარია, განსაკუთრებული ადგილია, რომელსაც თაობები უფრთხილდებიან რუდუნებით.
სწორედ საფლავის, როგორც კულტუროლოგიური ფენომენის, მოშლას გულისხმობდა მაზდეანობის მიღება, რასაც ქართული მენტალობა ვერსადროს შეეგუებოდა, ამიტომაც იყო გამორჩეულად მძაფრი ქრისტიანული და მაზდეანური სარწმუნოებების დაპირისპირება.
ვახტანგ გორგასლის ზეობისას საქართველომ მტკიცედ აიღო გეზი ქრისტიანობისაკენ, ეს აშკარად დასავლური ორიენტაციის აღიარებას ნიშნავდა, რაც იმის დასტურიც იყო, რომ მენტალური ცვლილება, მით უმეტეს სულ სხვა, ქართველთათვის სრულიად უცხო კულტურული გარემოს გათავისება, ფაქტობრივად, უტოპია იყო.
ამიტომაც სასანიანური ირანის შაჰის კარზე კავკასიაზე შეტევის სტრატეგიული მიმართულებების რადიკალურად შემობრუნება ხდება. მათ კარგად გაიაზრეს, რომ მაზდეანობა ვერ გამოდგა ქრისტიანობასთან დაპირისპირების ის საშუალება, სასურველი შედეგის მომტანი რომ იქნებოდა.
ასეთ ხისტ დაპირისპირებას მხოლოდ ძალით თუ შეეძლო მოეტანა შედეგი, მაგრამ ძალა ბიზანტიის იმპერიასაც არანაკლები ჰქონდა და საომარი მოქმედებით მიღწეული შედეგი სრულიადაც არ იყო მუდმივი და მყარი.
ამიტომაც სასანიანები უარს ამბობენ თავიანთ პირვანდელ კონცეფციაზე და კავკასიაში დამკვიდრების სტრატეგიას ცვლიან. გადაწყვეტილებას იღებენ - თავად ქრისტიანული სარწმუნოების შიდა დაპირისპირება გამოიყენონ. ეს უფრო ეფექტური იქნება - აქ არავინ აიძულებს ქრისტიანს, სულ სხვა ცხოვრების წესზე გადაერთოს და სულ სხვა, მანამდე მიუღებელ კულტურულ გარემოში იცხოვროს.
აქ ალტერნატივად სთავაზობენ ქრისტიანებს, არ მიიღონ სარწმუნოების ის ფორმა, რასაც ბიზანტიის იმპერია ქადაგებს. უარყონ დიოფიზიტობა და მონოფიზიტობა აღიარონ.
რატომ ვერ მოერია მაზდეანობა საქართველოში ქრისტიანობას
ქართლი ირანელთა მოთხოვნას უპირისპირდება, მართალია, მანამდეც არის ჩვენთან კონცეფტუალური აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, ღმერთი ერთსახოვანია თუ ორსახოვანი, თუმცა სისტემური, სახელმწიფოებრივი ხაზი მაინც იმ გზას მიჰყვება, რომლითაც სახელმწიფო რელიგიად დიოფიზიტობაა აღიარებული, ქრისტიანობის ის მიმართულება, რასაც ბიზანტიის იმპერია ქადაგებს.
საცნაურია ისიც, რომ ეს ქართველთა მტკიცე არჩევანია. მას შემდეგ, რაც ვახტანგ გორგასლის ზეობისას ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, არათუ შეცვლილა, დღის წესრიგშიც კი არასდროს დამდგარა პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი.
ქართული კულტურული სამყარო სრულად დაეფუძნა დასავლურ, ქრისტიანულ ფასეულობებს. ამ ფონზე, ბუნებრივია, ირანისათვის მთავარი თავსატეხია, ვინ შეიძლება იყოს მისი დასაყრდენი, ვინ შეიძლება შეიტანოს დისონანსი ერთიან კავკასიურ ქრისტიანულ არეალში? და აქ ჩერდება სომხეთზე არჩევანი. ყველაზე უკეთ სწორედ სომხურმა თემმა უნდა იკისროს ის, რომ ირანის მმართველობის იდეოლოგიური დასაყრდენი გახდეს.
რატომ აღმოჩნდა სომხეთი სასანიანთა პოლიტიკის იდეოლოგიური დასაყრდენი
ამ ყველაფერს პოლიტიკურმა პროცესებმაც შეუწყო ხელი. საქმე ისაა, რომ 387 წელს სპარსეთი და ბიზანტია საბოლოოდ შეთანხმდნენ სომხეთის საკითხზე. ქტეზიფონის ზავით სომხეთი ორ არათანაბარ ნაწილად გაიყო - აღმოსავლეთი სომხეთი - დაახლოებით ოთხი მეხუთედი სპარსეთმა შეიერთა, დასავლეთი ნაწილი კი ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცა.
ოთხი ათეული წლის შემდეგ, 428 წელს, სპარსელებმა სომხეთში მეფობა გააუქმეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ სომხეთი სრულად მოექცა ირანელთა კონტროლის ქვეშ და ამ რეალობაში ძალიან იოლი აღმოჩნდა ირანელთათვის სომეხთა კონტროლი.
აი, რას წერს მოვსეს ხორენაცი თავის "სომხეთის ისტორიაში": "სპარსელი მოხელეები არავის რთავდნენ ბერძნული მწიგნობრობის შეთვისების ნებას, მხოლოდ ასურულის შესწავლა შეიძლებოდა."
თუ რატომ იყო დამთმობი ირანის შაჰი სირიული კულტურის მიმართ, ძალიან მარტივი ასახსნელია - სწორედ აქ იყო ცენტრი ქრისტიანობის იმ მიმდინარეობებისა, რომელიც ბიზანტიაში გავრცელებულ დიოფიზიტობას უპირისპირდებოდა.
ამიტომაც სირიული კულტურის გავრცელება, ფაქტობრივად, ბიზანტიური სარწმუნოების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა.
როგორ გაანათა სომხური ჯოჯოხეთი ირანულმა ქრთამმა
საცნაურია ის, რომ ისე მკვიდრდება სომხეთისათვის სარწმუნოების ეს ახალი მიმართულებები - მწვალებლობა, მონოფიზიტობა, რომ სომხურ თემში არავითარ წინააღმდეგობას არ აწყდება, ყოველ შემთხვევაში, წყაროებში არსად არის მინიშნებული, რომ ეს მენტალური ცვლილება სომეხთაგან ვინმემ გააპროტესტა.
დადგენილი ფაქტია, რომ ეს სარწმუნოებრივი ორიენტაცია ყოველგვარი პროტესტის გარეშე მიიღეს სომხეთში. საგულისხმოა ისიც, რომ სომხურ ეკლესიას არასდროს გასჩენია სურვილი, იერარქიული პრეტენზიები წამოეყენებინა ქრისტიანული სამყაროსადმი. მისი მუქარა და პრეტენზიები ყოველთვის მხოლოდ სპარსეთის სამეფოს სახელით იყო დეკლარირებული.
ფაქტია, სასანიანთა ირანის, როგორც დამპყრობლის, არჩევანს სრულიად სომხეთი მორჩილად დათანხმდა, დათანხმდა სპარსელთაგან ქრთამის გადახდის საფასურად.
აი, რას წერს არსენ საფარელი თავის თხზულებაში "განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა": "სპარსთა მეფენი აიძულებდეს სომეხთა, რათა განეშორნენ ბერძენთა სარწმუნოებასა... და რათა სიძულვილი შთავარდეს შორის მათსა განშორებითა სჯულისათა და ამით, უმეტეს მორჩილ იყვნენ სამეფოსა სპარსთასა და ქრთამი დიდძალი აღუთქუნა წინამძღუართა სომეხთა, რათამცა იქმნა ეგრეძ".
ამრიგად, სპარსეთის შაჰი სომხებს იმ სარწმუნოების აღიარებას სთხოვს, რომლის კონტროლიც მას ხელეწიფება. ერთადერთი პირობაა მხოლოდ დასაცავი - ეს არ უნდა იყოს დიოფიზიტობა, მართლმადიდებლობა.
დასაშვებია ყველაფერი, თუნდაც მწვალებლობა. თუ ამ წესებს არ დაემორჩილებიან სომხები, მაშინ შაჰი ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება. ამას ისევ არსენ საფარელი უთითებს, რომლის თქმითაც, პეროზ მეფე ასე მიმართავს სომხებს: "გამოირჩიეთ ყოველთა ასურთაგან სჯული თვინიერ მელქთაისა, რომელნი არიან სჯულითა ბერძენ, ანუ დაუტევეთ ქუეყანაი თქუენი და ილტვოდეთ ჩუენგან!".
როგორ გამოუყვანეს კავკასიურ კოზირს სასანიდებმა წირვა
ეს მტკიცე, მონოლითურ კავკასიურ პოლიტიკურ სივრცეში შეტანილი პირველი დისონანსია. ერთ დროს ერთიან იდეოლოგიურ ბანაკს, რომელიც კავკასიის ფარგლებს სცილდებოდა და რისი წყალობითაც ერთიორად იზრდებოდა მსოფლიო პოლიტიკაში კავკასიური კოზირი, ასე გამოუყვანეს წირვა სასანიანებმა. ეს იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი მსოფლიო პოლიტიკაში კავკასიური კოზირის განეიტრალებისა. მსოფლიო პოლიტიკას უმართავი კავკასია არ სჭირდება.