წლების განმავლობაში სტალინის ორეულის შესახებ ლეგენდები დადიოდა, მაგრამ ეს ამბავი მუდამ გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ იმ ოთხი ორეულიდან ერთ-ერთმა მოჰყვა თავისი ისტორია. ეს იყო რუსეთისა და დაღესტნის სახალხო არტისტი, ყოფილი მოცეკვავე და ილუზიონისტი ფელიქს დადაევი.
როგორც დადაევი მემუარებში წერს: "ჯაშუშები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყვნენ, ამიტომ ყველაფერი დიდი სიფრთხილით იგეგმებოდა. ორეულები სტალინს ხშირად ცვლიდნენ ავტომობილით, მატარებლით თუ თვითმფრინავით მგზავრობისას, რათა მათთვის გზა-კვალი აერიათ"
დადაევი თურმე მუდმივად ლავრენტი ბერიას მეთვალყურეობის ქვეშ იყო, მისგან სწავლობდა "ორეული" ბელადის სიარულს, მეტყველებისა და ქცევის მანერას. ბერიას დავალებით მათ მსახიობი ალექსეი დიკი ამეცადინებდათ, რომელიც ფილმებში სტალინის როლს ასრულებდა.
ბერიამ დადაევი პირველად სტალინის როლში საზოგადოებას ერთ-ერთი სპორტული აღლუმის დროს წარუდგინა.
"ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ თავად სტალინი იბარებდა აღლუმს. თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მომემატა, როცა გამოვედი და მთავრობის წევრები ოვაციებით შემხვდნენ. ახლა მთავარი იყო, ნაბიჯები არ შემშლოდა. ახლობლების გარემოცვაში სტალინის ნაბიჯები მტკიცე და სწრაფი იყო, ხოლო შეხვედრებსა და მიღებებზე - ნელი და გაწონასწორებული", - იხსენებს დადაევი.
ბერია დადაევს შემდეგ პარტიულ შეკრებებზეც ასწრებდა, უდიდესი მისია კი სტალინის ორეულს მაშინ დააკისრა, როცა 1945 წელს სტალინს, ჩერჩილსა და რუზველტს შორის შეხვედრა გაიმართა იალტის კონფერენციაზე.
"ორი რეისი იყო ორგანიზებული, ერთ-ერთით მე ვმგზავრობდი, სინამდვილეში, სტალინი უკვე იალტაში იყო", - ამბობს დადაევი. იმასაც ამბობენ, რომ თუ ეს ამბავი ჩაიშლებოდა, სტალინის "ორეულს", მისი დაცვის უფროსსა და ბერიას აუცილებლად დახვრეტდნენ, რათა საიდუმლო გეგმა არ გამჟღავნებულიყო.
როგორ აღმოაჩინა ჩეკისტმა მდინარის ფსკერზე ლავრენტი ბერია
ლავრენტი ბერიასი, სიცოცხლეში კი არა, მისი სიკვდილის შემდეგაც რომ ეშინოდათ, ესეც ცნობილი ამბავია. ედურად შევარდნაძე თავის მემუარებში ერთ ამბავს იხსენებს, რომელიც, როგორც თავად წერს, საკავშირო მნიშვნელობის ანეგდოტად იქცა.
"ის ამბავი, რაც ახლა უნდა მოგითხროთ, ბერიას დახვრეტიდან დიდი ხნის შემდეგ მოხდა. ჩემი უახლოესი მეგობარი, უბრწყინვალესი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე თავის აგარაკზე, შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებს.
"ერთ დღეს მის მეზობლად მცხოვრები რუსი მწერალი კონსტანტინე სიმონოვი ურეკავს და ეუბნება, მოსკოვიდან ორი მეგობარი ჩეკისტი მესტუმრა და უნდა გავუმასპინძოლდეო, მოკლედ, ღვინო სთხოვა. ნოდარს ღვინო არ აღმოაჩნდა, მაგრამ შესთავაზა, აქვე სოფელი მერხეულია, შესანიშნავი რესტორანით და სტუმრები საპურმარილოდ იქ წავიყვანოთო.
"აფხაზეთის სოფელი მერხეული კარგი რესტორნის გარდა იმითაც იყო ცნობილი, რომ ლავრენტი ბერიას მშობლიური სოფელი გახლდათ და ჩეკისტების იქ მასპინძლობა ამ მხრივაც ერთგვარ "სიმბოლურ" აზრს ატარებდა.
"კონსტანტინე სიმონოვს ეს წინადადება მოეწონა. ოთხივე მერხეულში წავიდა. ლაზათიანად მოულხინეს, ერთმა ჩეკისტმა დაიჩემა, მდინარეში უნდა ვიბანაოო. ვერ გადაათქმევინეს. გაიხადა და წყალში ჩავიდა, მაგრამ ამოყვინთვით ვეღარ ამოყვინთა.
"იქვე მყოფი სოფლელები მდინარეში შეცვივდნენ და ცოცხალმკვდარი "კაგებეს" ოფიციერი ნაპირზე გამოათრიეს, ვაი-ვაგლახით მოიყვანეს გონზე. თვალი როგორც გაახილა, მეგობარ ჩეკისტს უხმო და ჩურჩულით ეუბნება, "მდინარის ფსკერზე ლარენტი ბერიაა".
აყველა გაშტერებული უყურებს ერთმანეთს, რაღაც ვერ იყო კარგად - დიდი ხნის დახვრეტილი იყო ლავრენტი პავლოვიჩი. ჩეკისტმა კიდევ ორჯერ გაიმეორა ეს ფრაზა და გული წაუვიდა. რესტორნის დირექტომა რომ ნახა, საქმეს ცუდი პირი უჩანდა, ნოდარ დუმბაძე გვერდით გაიხმო და საიდუმლო გაანდო.
"აქ, რესტორნის ახლოს, ბერიას ძეგლი იდგა, როცა დაიჭირეს, ავიღე და მდინარის ფსკერზე დავმალე, რა ვიცი, ხვალ რა მოხდება, დღეს კი ლანძღავთ, მაგრამ იქნებ დრო მოვიდეს, თქვათ, დიდი კაცი იყო, ხალხის ერთგული შვილიო. ჯაჭვით მყავს დაბმული, მდინარემ რომ არ წაიღოს. ამ უბედურმა წყალში რომ ჩაყვინთა, ეტყობა, ძეგლი დაინახა და ამიტომ არის შეშინებულიო".
ქართული კულტურის დღეები მოსკოვში და ბერიას ოინები
სტალინის ეპოქაში მომხდარ ამბებსა და ლავრენტი ბერიას "ოინებზე" კრემლში ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ რამდენიმე ამბავს მაინც გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში. სწორედ იმ პერიოდს, რომელზეც თავად ლავრენტი ბერია წერდა თავის დღიურში: "სამი წელია, ამ საზიზღარ კარუსელში ჩავერთე: სახკომი, კობა, ტელეფონები, ძილი, კობა, სახკომი, კობა, ტელეფონები - ყველა თავისას ირჩევს, მე კი არც ამირჩევია, თავისთავად გამოვიდა"...
ამ "კარუსელიდან" კი ერთი ამბავი ასე ყოფილა. ლავრენტი ბერია, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, საქართველოში უმაღლეს პარტიულ პოსტს იკავებდა.
მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო ქართული კულტურის დღეები, ლავრენტი ბერიას დაურეკა საბჭოთა კავშირის უშიშროების ნარკომმა ეჟოვმა და ამის შესახებ აცნობა. ბერიამ იმ დღესვე შეკრიბა ბიუროს წევრები, კულტურის მინისტრს უბრძანა, მეორე დღესვე დაეწყო სამზადისი, ყველა რეპეტიციას კი თავად ესწრებოდა.
მოსკოვში გაგმგზავრებამდე სულ ცოტა დრო რჩება. გაიმართა გენერალური რეპეტიცია, რომელსაც ტრადიციულად ბერია ესწრება. აიხადა ფარდა და სცენაზე ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალბატონი გამოჩნდა, სტალინის მისასალმებელი სიტყვა წაიკითხა, შემდეგ პირველ ნომრად გამომსვლელთა სიაში, რომლებსაც ბელადისადმი მიძღვნილი სიმღერა უნდა ემღერათ, დები შუშხიაშვილები დაუსახელებია.
"სცენაზე ქართულ კაბებსა და ჩიხტიკოპებში გამოწყობილი ქალთა ანსამბლი გამოჩნდა. ბერია, რომელიც სილამაზის მოტრფიალე იყო, დები შუშხიაშვილების გარეგნობით აღფრთოვანებული არ დარჩენილა და საყვედურიც უთქვამს ორგანიზატორებისთვის, რომლებსაც თავი უმართლებიათ - რა ვქნათ, ამათზე კარგად დღეს ვერავინ მღერისო.
"ბერიას სასწრაფოდ აუღია კალამი და ფურცელი, ჩამოუწერია 9 ულამაზესი ქალის სახელი და გვარი და უთქვამს, ახალვე აქ მომგვარეთო. მოიყვანეს ეს ქალები, ბერია ეკითხება, სიმღერა და ჩონგურზე დაკვრა თუ იცითო. ყველამ უარი განაცხადა, მაგრამ ამ ქალებს სიმღერის ტექსტი მაინც დააზეპირებინეს, ჩონგურზე სიმების ჩამოკვრა ასწავლეს და მოსკოვში გაამგზავრეს. ვერავინ ხვდება, რა ჩაიფიქრა ბერიამ.
"დაიწყო ქართული კულტურის დღეები მოსკოვში, დარბაზში სტალინი საპატიო ადგილს იკავებს, აიხადა ფარდა და ბელადის წინ უმშვენიერესი ქალები გამოჩნდნენ. პოლიტბიუროს წევრები გაოცებას ვერ მალავენ.
"იქვე, სცენის შუაგულში დგას ქართული ჭირნახულით დახუნძლული დიდ ქვევრშემოდგმული კახური ურემი. თურმე ამ ქვევრში დები შუშხიაშვილები სხედან, შიგნით გაყვანილია მიკროფონი. ისინი მღერიან, სცენაზე კი პირს აღებენ ულამაზესი ქალები.
"სიმღერის დასრულების შემდეგ ატყდა ტაში. კონცერტის დასრულების შემდეგ სტალინს უთქვამს ბერიასთვის - "ძალიან მომეწონა ამ დების სიმღერა და დღეს კრემლში ბანკეტზე უნდა ვამღეროო".
ბერიას ფერი დაუკარგავს, იფიქრა, ამხელა ქვევრს კრემლში ვინ შემატანინებსო, მოკლედ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. სტალინი მობრუნებულა, მხარზე დაურტყამს ხელი ბერიასთვის და მშვიდად უთქვამს: "ნუ ნერვიულობ, ლავრენტი, ქვევრი უკვე კრემლშია". ასე ჩაეყარა საფუძველი საბჭოთა კავშირში ფონოგრამას", - ასე იხსენებს ამ ამბავს ერ-ერთ ინტერვიუში მსახიობი გივი სიხარულიძე.
22 ახალი პალტო "დინამოს" ფეხბურთელებისთვის
ბერია თბილისის "დინამოს" რომ პატრონობდა, ესეც ყველასთვის ცნობილია. ლეგენდარული ფოტოკორესპონდენტი კონსტანტინე შანიძე იხსენებს:
"გუნდის პატრონობა, სტადიონის აშენება, შეკრების მოწყობა და ტრანსპორტირება ითვლებოდა. ალაგ-ალაგ საჩუქრებსაც აკეთებდნენ. ბერია ყოველ დილით რვიდან ცხრა საათამდე სტადიონზე აუცილებლად შეივლიდა.
"ერთხელ თბილისის "დინამო" ბულგარეთში მიდიოდა და ბიჭებს თბილი ტანსაცმელი არ ჰქონდათ, არადა, მაგრად ციოდა. ეს ბორის პაიჭაძემ ბერიას შესჩივლა. გავიდა ერთი დღე, გუნდი ბულგარეთში გაემგზავრა, მატარებული უკვე კურსკში იყო, როდესაც პაიჭაძე ვაგონიდან ჩაიყვანეს და მოსკოვში დააბრუნეს.
"ბუნებრივია, ყველა შეშინდა, რაიმე ცუდი არ მოსვლოდა, მაგრამ საქმე ის ყოფილა, რომ ბერიამ მოსკოვში 22 ახალი პალტო დაახვედრა პაიჭაძეს", - იხსენებს "დინამოს" ყოფილი ფოტოკორესპონდენტი.