მამუკა ნაცვალაძე
10.07.2017

 მსოფლიოში თითქმის ყველა პოლიტიკური კონფლიქტის მთავარი მიზანი ტერიტორიების გადანაწილებაა. ეს პროცესი უძველესი პერიოდიდან იწყება.

გაერო-ს შექმნამ და მთავარ პრინციპად მეორე მსოფლიო ომის მდგომარეობით სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის აღიარებამ, ერთი მხრივ, წერტილი დაუსვა ამ გაუთავებელ გადანაწილებებსაც და მასშტაბურ დაპირისპირებებსაც და მეორე მხრივ, ლეგიტიმურ ჩარჩოში მოაქცია მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესი.

ამ ფონზე საინტერესოა, როგორ იწყებოდა მსოფლიოში ტერიტორიების გადანაწილება. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს პროცესი პირველად ევროპაში, პუნიკური ომებისას გამოჩნდა, რომლებიც რეგიონალურ მასშტაბს გასცდა და სტრატეგიული, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა.

პუნიკურმა ომებმა მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია ძველი მსოფლიოს პოლიტიკურ განვითარებას. შობამდე მესამე საუკუნის პირველ ნახევარში რომი, რომელიც სულ უფრო მეტ ძალას იხვეჭდა აპენინებზე, სახმელეთო თვალსაზრისით უძლიერესი სახელმწიფო გახლდათ. რაც შეეხება საზღვაო პოტენციალს, აქ მათი მთავარი მეტოქე კართაგენი იყო. მსოფლიოში სრული ბატონობისთვის სწორედ კართაგენი ეღობებოდა რომს.

რომისა და კართაგენის დაპირისპირება, რომელიც მსოფლიო სამხედრო ისტორიის კლასიკადაა აღიარებული, ისტორიაში პუნიკური ომების სახელით შევიდა, რამდენადაც რომაელები კართაგენელებს პუნებს ეძახდნენ.

როგორ შეატრიალა პიროსის დამარცხებამ რომისა და კართაგენის პოლიტიკური ვექტორი

რომის რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალი განსაკუთრებულად მას შემდეგ გაიზარდა, რაც ძვ. წ-აღ-ის |ქ-||| ს-ში რომის რესპუბლიკამ აპენინის ნახევარკუნძულის მთელი ტერიტორა დაიმორჩილა და მათთან კონფედერაციული კავშირი დაამყარა. ამან რომს ახალი ტერიტორიების დაპყრობისაკენ უბიძგა.

ქრისტესშობამდე მესამე საუკუნისთვის რომაელები მთლიანად იმორჩილბენ აპენინებზე მცხოვრებ ხალხებს, გამონაკლისნი გალები არიან. ეს ის პერიოდია, როცა რომაელებს დამარცხებული ჰყავთ იმდროინდელი ამბიციური ბერძენი მხედართმთავარი პიროსი - ეპიროსის მმართველი.

საგულისხმოა, რომ პიროსის წინააღმდეგ ომში კართაგენი და რომი მოკავშირეებად გამოდიან - ორივეს ინტერესებშია მნიშვნელოვანი ძალის ჩამოცილება პოლიტიკური ასპარეზიდან. პიროსის დამარცხების შემდეგ აშკარა გახდა, რომ რომისა და კართაგენის ინტერესები ადრე თუ გვიან გადაიკვეთებოდა.

საქმე ისაა, რომ ხმელთაშუა ზღვაზე იმ დროს სწორედ კართაგენი გახლდათ დომინანტი. კართაგენი ფლობდა ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო ზოლს, ესპანეთის ნაწილს, კუნძულებს სარდინიასა და კორსიკას, აგრეთვე - სიცილიის დასავლეთ სანაპიროს.

თავის მხრივ, კართაგენელებს მეტოქეობას უწევდნენ ბერძნები და ფინიკიელები, რომელთა ქალაქებიც იყო დაარსებული სიცილიაზე. სწორედ სიცილია იქცა რომსა და კართაგენს შორის განხეთქილების ვაშლად. რომმა სიცილიის სრულად დაპყრობა განიზრახა. თავის მხრივ კართაგენსაც სურდა სიცილიის სრულად დაპყრობა, მისი მზარდი ეკონომიკა და სამხედრო პოტენციალი ამ ამბიციის ლოგიკური საფუძველი იყო.

ამბავი კართაგენის მსოფლიო ამბიციებისა

უძლიერესი ფლოტის წყალობით კართაგენი სრულად აკონტროლებდა ხმელთაშუა ზღვისპირეთის დასავლეთ ნაწილს, მათ ჰქონდათ კოლონიები პირინეის ნახევარკუნძულზე, მათვე ეკუთვნოდათ კუნძულები კორსიკა და სარდინია, ასევე - სიცილიის დასავლეთი ნაწილი.

ქალაქი კართაგენი ხმელთაშუა ზღვაში ჩრდილოეთ აფრიკის ღრმად შეჭრილ ქვიან კონცხზე იყო გაშენებული. მოხერხებული ადგილმდებარეობა უამრავ ხომალდს იზიდავდა. არ იყო გასაკვირი ის, რომ სწორედ აქ განვითარდა ვაჭრობა - სანაპიროზე უამრავი საქონლის საწყობი იყო, ნავსადგურში უამრავი მონა მუშაობდა.

გარდა ამისა, კართაგენს გარშემო ნაყოფიერი მიწები ესაზღვრებოდა, საიდანაც ამ მიწების მფლობელებს საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონდათ. კართაგენში საკმაოდ დიდი სიმდიდრე დაგროვდა, ამიტომაც მას ამბიციები გაუჩნდა ხმელთაშუა ზღვისპირეთში ბატონობის თვალსაზრისით.

კართაგენს შეეძლო საკმაოდ დიდი ჯარის დაქირავება, მას არა მარტო ძლიერი ჯარი, არამედ ძლიერი ფლოტიც ჰყავდა. რაც შეეხება თავად ქალაქს, კართაგენი დაცული იყო კოშკებიანი გალავნით.

ერთი სიტყვით, თავიდანვე აშკარა იყო, რომ რომისთვის სრულიადაც არ იქნებოდა იოლი კართაგენის ძლევა. ეს ვარაუდი დრო-ჟამმაც დაადასტურა - სამი საკმაოდ დაძაბული და ხანგრძლივი ომი დასჭირდა ამ ურთიერთობების გარკვევას - საუკუნოვანი დაპირისპირება კართაგენის სრული კატასტროფით დასრულდა.

რატომ ვერ შეაჩერა რომის აგრესია კართაგენელებთან დადებულმა ხელშეკრულებამ

სანამ პირველი დაპირისპირება იქნება, კართაგენი ხედავდა რომში მიმდინარე პროცესებს, მის გაძლიერებას და ბუნებრივია, გარკვეულ ზომებსაც იღებდა პრევენციის თვალსაზრისით.

ამგვარი დატვირთვა გააჩნდა ქრისტესშობამდე 306 წელს რომსა და კართაგენს შორის გაფორმებულ პოლიტიკურ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, რომის არც ერთ ჯარისკაცს არ უნდა დაედგა ფეხი სიცილიის მიწაზე.

საქმე ის იყო, რომ სიცილიაში კართაგენს საკმაოდ არამყარი პოზიცია გააჩნდა, რამდენადაც აკონტროლებდა მხოლოდ კუნძულის დასავლეთ ნაწილს, აღმოსავლეთი კი ბერძნების ხელში იყო.

ქრისტესშობამდე 306 წლის მერე რომში ფაქტობრივად ყველაფერი იცვლება, იმდენად რეალური და ცხადია მისი გაძლიერება, რომ კართაგენის მეკავშირეობა და მით უმეტეს მასთან რამე ვალდებულება, რაც ხელშეკრულებითაა განმტკიცებული, აშკარად ხელის შემშლელი ფაქტორებია რომის განვითარების თვალსაზრისით.

ორმხრივად მზარდი ამბიციები აშკარას ხდის, რომ ადრე თუ გვიან ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს დაუპირისპირდება - ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობა ორხელისუფლებიანობას ვერ ჰგუობს.

ამბავი რომის სიცილიური თავსატეხისა

ომის დაწყების საბაბიც მალე გაჩნდა. ყველაფერი კი დაიწყო სირაკუზის ტირან აგათოკლეს გარდაცვალებით. აგათოკლეს სამსახურში მყოფი კამპანიელი დაქირავებული მეომრები იტალიაში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

თუმცა, ისინი მიუღებელი ჯამაგირის პროტესტის ნიშნად აჯანყდნენ და სიცილიის ბერძნულენოვანი ქალაქი მესინა აიღეს. მესინამ სირაკუზას მიმართა დახმარებისთვის, სირაკუზელებმა კი თავის მხრივ, კართაგენელებს სთხოვეს მხარდაჭერა.

აჯანყებულმა კამპანიელებმა ასევე დაიკავეს მესინის სრუტის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი რეგიუმი. რეგიუმის მოსახლეობამ დახმარებისთვის რომს უხმო.

სიცილიამ დიდი თავსატეხი გაუჩინა რომს, რომელიც თითქოს საბაბს ეძებს დიდი ხანია კართაგენთან დაპირისპირებისათვის, თუმცა, საქმე-საქმეზე რომ მიდგა, არ ჩქარობს კონფრონტაციას. საქმე ისაა, რომ ის ხედავს, რომ მზად არ არის საზღვაო ბრძოლებისათვის, სადაც აშკარაა კართაგენის უპირატესობა. ცხადი იყო, რომ თუ რომი ჯარს გააგზავნიდა სიცილიაზე, ეს ნიშნავდა არსებული ხელშეკრულების დარღვევასა და ომის გამოცხადებას კართაგენთან.

რომაელები იმასაც ხვდებოდნენ, რომ კართაგენთან დაწყებული სამხედრო ესკალაცია მალე გასცდებოდა სიცილიის ფარგლებს და ზღვაზე გადაინაცვლებდა. სწორედ ეს აფიქრებდათ მარადიულ ქალაქში.

როგორ დაიწყო პირველი პუნიკური ომი

რომი გადაწყვეტილების მოლოდინშია - პრაგმატულ აზრს ამბიცია ებრძვის, სწორედ აქ ხდება ის, რომ ამბიციას ვერაფერი აოკებს. წილი ნაყარია - რომაელები საშველად 4 000-კაციან გარნიზონს აგზავნიან. საგულისხმოა, რომ გარნიზონი დაქირავებული კამპანიელებისგან შედგება. ისინი თავიანთი მესინელი თანამემამულეების მიბაძვით აჯანყდნენ და რეგიუმის მოსახლეობა დაარბიეს.

ასე იწყება პირველი პუნიკური ომი. ეს ქრისტესშობამდე 264 წელია. იწყება ომი, რომელიც 23 წელი გრძელდება. ეს არის რომის პირველი მცდელობა აპენინის ნახევარკუნძულის გარეთ ექსპანსიისა.

წინასწარმეტყველური გამოდგა ეპიროსის მმართველ პიროსის სიტყვები - მშვენიერ სარბიელს ვუტოვებ რომსა და კართაგენსო. მსოფლიო პოლიტიკური პროცესი უახლოესი ერთი საუკუნის განმავლობაში სწორედ ამ ორი სახელმწიფოს დაპირიპირებამ უნდა განსაზღვროს.

ამ ომმა უნდა გაარკვიოს, ვინ იქნება ჰეგემონი ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა იმჟამინდელ მსოფლიო ბატონობაზე სერიოზული განაცხადი.

როგორ გაიპარა ჰანიბალ-გისკო აგრიგენტუმიდან

რომისა და კართაგენის პირველი დაპირისპირება მესინასთან ხდება, ხმელეთზე რომაულ ჯარს ბადალი არ ჰყავს და რა გასაკვირია, რომ გამარჯვებაც იოლად მოიპოვეს. აგრიგენტუმთან ბროლაც ხმელეთზეა, ეს ქრისტესშობამდე 262 წელია... იქაც ვერაფერი მოუხერხეს კართაგენელებმა მარადიული ქალაქის დაქირავებულ ლეგიონებს.

არადა, ეს უმნიშვნელოვანესი სამხედრო ბაზა იყო კართაგენელებისა. სწორედ ამიტომ რომაელ კონსულთა სამიზნე ეს ადგილი გახდა. აქ კართაგენელთა 50-ათასიანი არმიაა დისლოცირებული. რომაელთა ოთხივე ლეგიონმა აგრიგენტუმს ალყა შემოარტყა.

როგორც პოლიბიუსი წერს, ალყა 5 თვე გაგრძელდა. 5 თვის შემდეგ ქალაქს სურსათი შემოაკლდა. ქალაქი ზღვისგან მოშორებით მდებარეობდა და ფლოტით ვერ მომარაგებოდა. კართაგენის არმიას ჰანიბალ გისკო ხელმძღვანელობს (ეს სულ სხვა ჰანიბალია, ცნობილი სახელგანთქმული ჰანიბალი მეორე პუნიკური ომისას გამოჩნდება).

ის ახერხებდა კართაგენში ელჩების გაგზავნას დახმარების სათხოვნელად. კართაგენიდან ჰანონს მოაქვს არა მარტო პროდუქტი, არამედ მას ახლავს დიდძალი შეიარაღებაც, მათ შორის - 60 სპილო. კართაგენელები ჰერაკლიუმისკენ მიდიან და იღებენ ერბესს.

ეს უმნიშვნელოვანესი ადგილია, რამდენადაც იქ ინახება რომაელთა სურსათის მარაგი. რომაელების მდგომარეობა სურსათის დაკარგვამ საგრძნობლად დაამძიმა, ისინი უკვე ალყის მოხსნაზეც ფიქრობდნენ, თუმცა, სირაკუზის ტირანმა ჰიერონ მეორემ მიაშველა სანოვაგე.

საგულისხმოა, რომ რომაელთა ბანაკებში ავადმყოფობაც გავრცელდა. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ საჩქაროდ უნდა დაეწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა.

რომაელებმა გაარღვიეს კართაგენელთა წინა ხაზი, უკან გაქცეულებმა დააფრთხეს სპილოებიც, რასაც კართაგენელთა სრული მარცხი მოჰყვა. ამის შემდეგ რომაელებმა კიდევ ორი ბრძოლა მოიგეს.

ჰანონი და ჰანიბალ გისკო ერთდროულად აპირებენ რომაელებზე თავდასხმას, მაგრამ რომაელებმა ეს გეგმა ჩაშალეს და იქით აგემეს კიდევ ერთი დამარცხება კართაგენელებს. როგორც პოლიბიუსი წერს, ჰანიბალ გისკოს არმია ჩუმად გაიპარა ქალაქიდან. დიოდორეს თანახმად, აგრიგენტუმის ალყაში 100 000 რომაელი იბრძოდა, საიდანაც 30 000 ქვეითი და 540 მხედარი დაიღუპა.

ამბავი ვირადხმობილი რომაელი სციპიონისა

საგულისხმოა, რომ რამდენადაც ბადალი არ ჰყავდა რომს სახმელეთო ოპერაციებისას, იმდენად უსუსური გახლდათ ზღვაზე, პირველივე საზღვაო დაპირისპირება კართაგენის გამარჯვებით დასრულდა ლიპარის კუნძულებთან, სადაც ტყვედ ჩავარდა გნეუს კორნელიუს სციპიონი, რომაელთა კონსული. ჰამიბალ გისკოს მსგავსად, ესეც სულ სხვა სციპიონია. შემდგომი ორი პუნიკური ომისას კიდევ ორი სციპიონი გამოვა ასპარეზზე.

არ აპატიეს ასეთი სისუსტე რომაელებმა მხედართმავარს და თიკუნიც შესაბამისი უბოძეს - ასინა, რაც ვირს ნიშნავს. უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ დამარცხებას საზღვაო არენაზე, რომი თავის სასარგებლოდ იყენებს.

ის უდიდეს გამოცდილებას იძენს. ის ტექნიკური სიახლეები, რომლებსაც რომი ამკვიდრებს საზღვაო ბრძოლისას პრაქტიკაში, თანდათან აქარწყლებს კართაგენელების უპირატესობას.

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გახლდათ კიბეები, რასაც ყვავი შეარქვეს. სწორედ ამ ყვავებით - კიბეებით გადადიოდნენ კართაგენელების გემებზე, სადაც ხელჩართულ ბრძოლაში იოლად ამარცხებდნენ მეტოქეს.

რომაელები ზედიზედ იგებენ სამ საზღვაო ბრძოლას, რაც კართაგენს კუნძულ სარდინიის დათმობად უჯდება. ასე იწყება უმძიმესი განსაცდელის ხანა კართაგენისა, სულ მალე ომის ხაზს რომი კართაგენის მისადგომებთან აფრიკის ჩრდილოეთით გადაიტანს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×