მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ყველაზე სისხლისმღვრელი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში, საქართველოსთვის ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა. ამ პატარა ქვეყნიდან 800 ათასი მეომარი გაიწვიეს ომის წლებში, აქედან 300 ათასზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა, ბევრი უგზოუკვლოდ დაიკარგა.
პარტიზანულ ბრძოლებში ქართველ მეომართა თავგანწირვაზე კი ლეგენდები დადიოდა. ისტორიამ მრავალი ქართველი პარტიზანის სახელი და მათი გმირობის მაგალითები შემოგვინახა, განსაკუთრებით იტალიაში მებრძოლი პარტიზანული რაზმისა, რომელშიც 300-ზე მეტი ქართველი ირიცხებოდა და მრავალ წარმატებულ ბრძოლაშიც მიუღიათ მონაწილეობა.
დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ-ერთი მათგანი, ჩრდილოეთ იტალიაში, ნოვარის პროვინციის დაბა ბელჯერეტაში, გმირულად დაღუპული ქართველი პარტიზანი ფორე მოსულიშვილი, გვინდა, გავიხსენოთ, აგერ, სამოცდაათი წელია, ყოველ 25 აპრილს - ფაშიზმისაგან იტალიის გათავისუფლების დღეს მის გმირობას რომ იხსენებენ მადლიერი იტალიელები.
ქართველი და იტალიელი ხალხის მეგობრობის ეს მნიშვნელოვანი ისტორიული ეპიზოდი კი ასე ყოფილა: ფორე მოსულიშვილი 1916 წელს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში დაიბადა, მისი სამხედრო კარიერა კი 1939 წელს წითელ არმიაში გაწვევით დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის წინ სამხედრო სამსახურს ლატვიის ქალაქ დაუგავასპილსში გადიოდა.
ერთ-ერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. სხვა ტყვეებთან ერთად შემდეგ იგი პოლონეთში გადაიყვანეს, კრუშინის საკონცენტრაციო ბანაკში, 1943 წლის დამლევს - პოლონეთიდან საფრანგეთში.
1944 წელს ტყვეთა ნაწილი, მათ შორის ფორე მოსულიშვილი, იტალიის ქალაქ სტრეზაში მოხვდა. ტყვეებმა შემთხვევით ისარგებლეს და გაქცევა მოახერხეს. სოფელ ჯენეზიას ტყეში ფორეს რაზმი იტალიელი პარტიზანების რაზმს შეუერთდა და გარიბალდის "რემო სერვალდიეს" სახელობის 118-ე ბრიგადის მეორე ბატალიონ "პეპინოს" ქვედანაყოფ "არმანდოში" იბრძოდა.
პირველი საბრძოლო ოპერაცია "არმანდომ" 1944 წლის სექტემბერში ჩაატარა, სადაც ფორემ დაბა ომენის ჰოსპიტლიდან გამოიხსნა პარტიზანები და საშუალება მისცა რაზმს, შენობა დაეკავებინა.
იმავე წლის სექტემბრის ბოლოს მისი რაზმი დაბა დომოდოსოლის რაიონში იბრძოდა და 30 გერმანელი ჯარისკაცი გაანადგურეს. ფორემ გერმანელებს ცხვირწინ აუფეთქა სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდი, რომელიც ნოვარას პროვინციასთან აკავშირებდა.
ამის შემდეგ გადაიცვა გერმანელი ოფიცრის ფორმა, თამამად შევიდა ქალაქ ტრეზის ლუდხანაში, ერთ-ერთ გერმანელ ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო და ასე მიიყვანა პარტიზანთა ბანაკში.
1944 წლის დეკემბერში გერმანელებმა პარტიზანების განადგურება გადაწყვიტეს და ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს გარიბალდის 118-ე "რემო სერვალდის" ბრიგადაზე.
ეს მოხდა 1944 წლის 3 დეკემბერს, გამთენიისას. სოფელ კოლონიაში "მოტა როსას" გორაკზე ღამის გასათევად შეფარებული პარტიზანული ქვედანაყოფი, სულ 17 პარტიზანი, ალყაში აღმოჩნდა.
17-იდან 7 ქართველი იყო, დანარჩენი იტალიელი: რაზმის მეთაური ედო დელ გრატა ქალაქ პიზადან, მარიო ბინონი სოფელ კლოაციდან, ფენიტო ფერეტი ქალაქ ომენიდან და სხვები. გააფთრებულ ბრძოლაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, ფორე მოსულიშვილი კი დაიჭრა. ამ დროს ვაზნები შემოელიათ. გერმანელებმა პარტიზანებს წინადადება მისცეს, თუ მეთაური ჩაგვბარდება, ყველას სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო.
"ერთმანეთს გადავხედეთ, ვიდრე რაზმის მეთაური ედო დელ გრატა და ვერც ერთი ჩვენგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ბედავდა, გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა, როცა ჩვენს დახოცვამდე წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: "მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია. "გაუმარჯოს პარტიზანებს!" "გაუმარჯოს თავისუფლებას!" ამოიღო იარაღი და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ თექვსმეტ კაცს სიცოცხლე შეგვინარჩუნა," - ასე იხსენებდა წლების შემდეგ ფორე მოსულიშვილის გმირობას ერთ-ერთი იტალიელი პარტიზანი მარიო ბინონი.
1970 წლის 28 თებერვალს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ ხელი მოაწერა დეკრეტს ფორე მოსულიშვილის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შესახებ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით "მხედრული მამაცობისთვის."
დაჯილდოების მოტივაციაში კი ნათქვამია: "ქართული ჯგუფის უნტერ-ოფიცერმა გერმანულ არმიას გამოსტაცა სამოცდაათამდე თანამემამულე სრული შეიარაღებითა და აღჭურვილობით. შედიოდა, როგორც პარტიზანი იტალიურ მოქმედ შენაერთებში ლომბარდიაში, თავი გამოიჩინა სამხედრო ნიჭითა და თავისუფლების რწმენით.
"სასტიკი თავდაცვითი ბრძოლისას, თავის ქვედანაყოფიანად ალყაში მოქცეულმა, ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, როცა საბრძოლო მასალა სრულიად ამოეწურათ და მტერი მოითხოვდა, რომ ყველას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, თუკი მეთაური დანებდებოდა, მან გმირული ჟესტით შეცვალა მეთაური და განაცხადა, რომ თავად იყო მეთაური.
"იმავდროულად, უცაბედად, მან პისტოლეტი ამოიღო და საფეთქელში დაიხალა ბოლო ტყვია შეძახილით: "გაუმარჯოს პარტიზანებს!" "გაუმარჯოს იტალიის თავისუფლებას!"
ჯარისკაცის, მეომრის, იარაღის თანაძმობის ბრწყინვალე ფიგურამ ყოველგვარი წარმომავლობისა და საზღვრებს მიღმა შეძლო, ერთ იდეალში შეერთებინა თავისი სამშობლოს სიყვარული, რაც თავისუფალ ადამიანებს ახასიათებს."
"ოქროს მედალი "მხედრული მამაცობისთვის" იტალიის რესპუბლიკის ყველაზე საპატიო ჯილდოა და მაღალი რანგის სამხედრო პირს ავალდებულებს, პირველი მიესალმოს იმ ჯარისკაცს, რომელიც ამ მედალს ატარებს.
"იტალიაში ერთ-ერთ ქუჩას ფორე მოსულიშვილის სახელი ჰქვია. იტალიის მთავრობამ ფორე მოსულიშვილს ეროვნული გმირის საპატიო წოდება მიანიჭა, რომელსაც იტალიის ისტორიაში ასე მოიხსენიებენ - "პერ ბატალია, ჯორჯანო პარტიჯანი."
ასეთი პატივი მიაგეს თავისუფალი ქვეყნის შვილებმა მათ მიწაზე, ქალაქ არონაში, დაკრძალულ ქართველ გმირს, რომლის უკანასკნელი სიტყვები იყო - "გაუმარჯოს თავისუფალ იტალიას!"