საქართველოს ისტორიას უამრავი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები ახსოვს და დღევანელ სტატიაში მათი გახსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ, მხოლოდ რამლენიმე საინტერესო ამბავი გვინდა გავიხსენოთ მე-18 საუკუნის სამი გმირი ქალისა: თინა წავკისელის, თამარ ვაშლოვანელისა და მაია წყნეთელის თავდადებაზე.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ისტორიულ წყაროებში ამ გმირი ქალების შესახებ ცნობები ძალიან მცირეა, თუმცა ფოლკლორმა, ხალხურმა პოეზიამ მათი გმირობის ამბავი მაინც შემოგვინახა.
ისტორიკოსმა დიმიტრი ჯანაშვილმა 1882 წელს გაზეთ "ივერიაში" გამოაქვეყნა ისტორიული ჩანაწერები - "სამი გმირი ქალი", რომელებიც ერთ ეპოქაში, ერეკლე მეფის დროს ცხოვრობდნენ და იბრძოდნენ.
თინა წავკისელი
როგორც ამბობენ, დიმიტრი ჯანაშვილს თინა წავკისელის ამბავი შეუტყვია წავკისის მებატონის შვილისგან, თავად ასლან ბებუთიშვილისგან.
თინა წავკისელი გვარად ფეიქრიშვილი ყოფილა. სიყმაწვილეში თავის ბატონს შეურაცხყოფა მიუყენებია, რომელიც მოუკლავს. ერთხანს კოჯრის ციხეში იმალებოდა. გასულა ხანი და თინა და მისი ტოლი გოგო-ბიჭები სპარსელებისთვის მიუყიდიათ.
გზაში სპარსელებს მათზე ძალადობა განუზრახავთ. თინას დაურიგებია თავისი მეგობრები, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. სპარსელებისთვის წაურთმევიათ ხმლები და იქვე დაუხოცავთ. მათ ცხენებზე შემსხდარან, მეფე ერეკლესთან წასულან და თავის უბედურების ამბავი დაწვრილებით უამბნიათ.
ერეკლე გაკვირვებულა მათი სიმამაცით, თინა წავკისელი სასახლეში დაუტოვებია, რომელსაც კარგად შეუსწავლია თოფის სროლა, ხმლისა და ხანჯლის ტრიალი.
ერთ ომში თინასა და ერთ უცნობ მებრძოლს ისეთი სიმამაცით უომიათ, რომ ერეკლე აღფრთოვანებულა. ორივე სასახლეში მიუწვევია და უთხოვია, ჯვარი დაეწერათ. ახალგაზრდებს მეფის სურვილი შეუსრულებიათ.
ცოლ-ქმარი წავკისში დასახლდა და ორი ვაჟიც შეეძინა. როგორც დიმიტრი ჯანაშვილი აღნიშნავს, ერთხელ ერეკლე მეფეს სოფელ წავკისის ყველა გლეხობა მდევრად გამოუყვანია. ამ დროს სოფელში ხმა დაირხა, წავკისს დარბევას თათრები უპირებენო.
თინას წავკისელი ქალები, ბავშვები და მოხუცები სოფლის კოშკში შეუხიზნავს, კოშკის კიბის სათოფეზე ფუტკრის სკები დაუწყვია, ორივე მხარეს კარი შიგნით ჩაუკეტავს და თანასოფლელებისთვის უთქვამს, - მე თბილისში მივდივარ, რათა ჩვენს მფარველ პატარა კახს შევატყობინო მტრის თავდასხმაო.
თქვენ ნუ გეშინიათ, მაგრად იყავით, თუ მტერი კოშკს მოადგება, დაამტვრევს ძირის კარებს, ამოვა კიბეზე, თქვენ სკიდან ფუტკრები გამოუშვით, რომ მტერი ჩემ მოსვლამდე შეაჩეროთო. შეირაღებული სასწრაფოდ მოახტა ცხენს და თბილისიკენ წავიდა.
ამასობაში ურიცხვი ლაშქარი ხალხით სავსე კოშკს თავს დაესხა. ქალები ისე მოიქცნენ, როგორც თინამ დაიბარა, სკებიდან ფუტკრები გამოუშვეს, სიბნელეში ფუტკრებს ისეთი ბზუილი და კბენა დაუწყიათ, რომ თავდამსხმელები ვეღარ იგერიებდნენ.
1795 წელს თბილისში აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, თინა წავკისელი სამშობლოს დამცველ მამაკაცებთან ერთად იბრძოდა, მაგრამ მამაცი ქალი მტერს ტყვედ ჩაუგდია. ერეკლე მეფემ თინა წავკისელი აღა-მაჰმად-ხანის მებრძოლების ხელიდან დაიხსნა, მაგრამ იგი მტერმა კვლავ ხელში ჩაიგდო და წამებით მოკლა.
ერეკლე მეფემ თინა წავკისელი ქმრის გვერდით დაასაფლავებინა, საფლავის ქვაზე ორივეს სახელები ამოაჭრევინა, მათი ობლები კი სასახლეში წაიყვანა აღსაზრდელად.
თამარ ვაშლოვანელი
დიმიტრი ჯანაშვილის ცნობით, ერთხელ ვაშლოვანს თავს მტერი დაესხა. აუკლია სოფლები და ტყვედ წაუყვანია სოფლის მცხოვრებლები. თამარ ვაშლოვანს სასწრაფოდ შეუკრებია რაზმი, რომელშიც ბევრი ქალიც ყოფილა, გამოსდევნებია, დასწევია და სასტიკად დაუმარცხებია, ტყვეები კი გაუთავისუფლებია.
გადმოცემის თანახმად, თამარ ვაშლოვანელი გლეხების დიდი დამცველი ყოფილა, ერეკლე მეფისთვის მათი გასაჭირის შესახებ არაერთხელ უამბნია, რისთვისაც ბევრი მტერი ჰყოლია თავადების სახით.
ერთხელაც შეუპყრიათ და მტკვარში გადაუგდიათ. წყლის აზვირთებულ ტალღებს ქალი ერთ ბორცვზე მიუხეთქებია, ღონემიხდილს უკანასკნელი ძალები მოუკრებია და ბორცვზე ასულა, მაგრამ სისუსტის გამო ვეღარ ჩამოსულა და მომკვდარა.
გარდაცვლილი ქალი მეცხვარეს უპოვია და სოფლისთვის შეუტყობინებია.
მაია წყნეთელი
გლეხის ქალ მაია წყნეთელსაც ერეკლე მეფის დროს უცხოვრია. სულ ყმაწვილი ყოფილა, ბატონს რომ ნამუსი აუხდია. მშობლებმა ეს უბედურება ვერ გადაიტანეს, მამას ტყეში თავი ჩამოუხრჩვია, დედას კი შიმშილით მოუკლავს თავი.
ამის მერე ჩაიცვა მაიამ მამის ჩოხა, ხელში ხანჯალი აიღო და ასე ვაჟკაცურად გამოწყობილი თბილისში მეფე ერეკლეს ეახლა და უთხრა, რომ მათე ერქვა და მფარველობა უთხოვია.
გადის ხანი და კახეთს ლეკები დაესხნენ თავს. მეფემ სალაშქროდ ჯარი შეყარა, მათ შორის იყო მაია წყნეთელიც, ისე უომია, რომ მეფე გაუოცებია, მაშინ სულ 20 წლისა ყოფილა, როცა გარეშე და შინაურ მტერს თავზარს სცემდა.
თავგასული თავადებისგან გლეხობას იცავდა, რისთვისაც უამრავი მტერი გაიჩინა. ეს ამბავი ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის და თავს აღარ შევაწყენთ, მხოლოდ ერთ ამბავს გავიხსენებთ.
ტყეში ყაჩაღად გასული მაია თავს სომხეთს აფარებდა. ერთ სოფელში, სადაც მაია ცხოვრობდა, ერეკლე მეფე ჩასულა. ერეკლეს ერთი სოფლიდან მეორე სოფელში აცილებდნენ, გზად მტერი რომ შემოხვდათ.
მაიას თოფი უკვე მზად ჰქონდა და ესროლა. მერე ხმალამოღებული მტერს შეება. მისი გმირობის შემყურეთ სხვებსაც გული მისცემიათ და ისე მომხდური გაუნადგურებიათ, რომ ამბის წამღები არავინ დაუტოვებიათ.
ერეკლე მეფეს უკითხავს - ვინა ხარ შენ ეგეთი გმირიო! - ბატონისაგან გამოდევნილი მათე გახლავართ. დიდებული მეფის წინაშე ვაცხადებ, რომ ვარ დედაკაცი და არა მამაკაციო.
ამ სამ გმირ ქალს ლადო ასათიანმა ლექსი მიუძღვნა:
"ისე მტკიცე იყვნენ, თურმე, ვით მეტეხის კედელნი,
გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის,
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი."
ფრაზა: "მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის,
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი"