მოსახლეობისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მიწის უფასო რეგისტრაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ივნისის მონაცემების მიხედვით, მიწა მხოლოდ 144 517-მა მოქალაქემ დაიკანონა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. პროექტის დასრულებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ნაკლებად სავარაუდოა, ამ პერიოდში მოსახლეობა გააქტიურდეს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მიწის დაკანონებას 2018 წლის პირველ ივლისამდე ბევრი ვერ შეძლებს. მათი აზრით, სახელმწიფოს მეტად უნდა გაეადვილებინა დაკანონების წესები, რადგან უფასო დაკანონების მიუხედავად, უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რასაც დიდი დრო სჭირდება.
მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან დღემდე მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 6,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შარშანდლიდან მოყოლებული, ჯამში, 82 400-ზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა. თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში - 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს.
საჯარო რეესტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ 2018 წლის 1-ლი ილისის შემდეგ ის მიწები, რომლებიც დაკანონებული არ იქნება, სახელმწიფოს მფლობელობაში გადავა. მათი თქმით, სახელმწიფო გაისად უფასო რეგისტრაციის პროგრამას დაასრულებს, თუმცა შემდეგ წლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მიწის დაკანონება, ოღონდ საკუთარი ხარჯით. რეესტრის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული ტიპის სუბსიდია სახელმწიფომ ისევ დაუშვას და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი მიმდინარე პროექტში მართვის პრობლემას ამჩნევს. მისი აზრით, ხელისუფლებას არ შეუძლია პრიორიტეტების სწორად გადანაწილება და თითქმის ყველა სფეროში გაურკვევლობაა. კოღუაშვილს მიაჩნია, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხებიც არასწორადაა გადანაწილებული, რის გამოც დათქმულ ვადაში ვერ ჩაეტევა და მოსახლეობის ნაწილი მიწის დაკანონების გარეშე დარჩება.
"მთავრობა დღემდე ვერ გაერკვა პრიორიტეტებში. უშუალოდ მიწების რეგისტრაციაზე რომ ვისაუბროთ, მოქალაქეებს 2018 წლის 1-ელ ივლისამდე აქვთ დრო, თუმცა ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და უდიდესი პრობლემა იქნება, ამ ხალხმა მიწის დარეგისტრირება რომ ვერ მოასწროს.
2 მლნ-ზე მეტი ნაკვეთია გასატარებელი და როგორ უნდა ჩაეტიოს საჯარო რეესტრი ამ დროში, არ მესმის. სახელმწიფოს კი არ უნდა გაემარტივებინა, არამედ უნდა გაეადვილებინა რეგისტრაცია, ამ ორ სიტყვას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. როდესაც ეს საკითხი იხილებოდა, ჩვენ პარლამენტს შევთავაზეთ გეგმა, თუ როგორ უნდა დაერეგისტრირებინათ მიწები გაადვილებული ფორმით, თუმცა ამათ ეს ვერ გაიგეს.
წარმოგიდგენიათ, 2018-მდე ხალხმა რომ ვერ მოასწროს რეგისტრაცია და ეს მიწები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდეს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია მართვის პრობლემა, რომელიც ყველა სფეროს მოედო და სამომავლოდ ძალიან ცუდ ცხოვრებას გვიქადის," - განუცხადა "რეზონანსს" კოღუაშვილმა.
უძრავი ქონების ექსპერტი, ეკონომიკის დოქტორი ანზორ მესხიშვილი დარწმუნებულია, რომ უფასო რეგისტრაციის მიუხედავად, 2018 წლის 1-ელ ივლისამდე მოსახლეობა მიწის დარეგისტრირებას ვერ მოასწრებს. ის 12 რაიონი, რომელთაც სახელმწიფომ თანხა გამოუყო, დარეგისტრირდება, თუმცა დანარჩენ სოფლებში მხოლოდ კერძო სექტორში შემავალი მიწები აღირიცხება, დანარჩენი კი აღრიცხვის გარეშე დარჩება.
"კანონის მოქმედების ბოლო ვადამდე, ანუ 2018 წლის 1-ელ ივლისამდე, ყველა მიწა უნდა აღირიცხოს მფლობელობაში. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს გამორიცხულია. მართალია, პირველადი რეგისტრაცია და ასევე აზომვითი სამუშაოები უფასოა, თუმცა ამზომველები სამუშაოების ჩატარებაზე უარს აცხადებენ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი, განხორციელებული სამუშაოს შემდეგ რამდენად აუნაზღაურდებათ ხარჯი.
როდესაც მოქალაქე მიდის და ეუბნება ამზომველს, მიწა ამიზომე და ფულს სახელმწიფო გადაგიხდისო, ყველა ამბობს უარს. ჩემი აზრით, ვერ დასრულდება დათქმულ ვადაში აღრიცხვა. იმ 12 რაიონში, რომელსაც სახელმწიფომ თანხა გამოუყო, დარეგისტრირდება, თუმცა დანარჩენ სოფლებში მხოლოდ კერძო სექტორში შემავალი მიწები აღირიცხება.
თუ მთავრობამ მიწის ბალანსი არ შემოიღო, როგორც ეს 2004 წლამდე იყო, ისე არაფერი გამოუვა. მიწები აღირიცხებოდა დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით, სიტუაცია უფრო დალაგებული იყო. ახლა ყველაფერი ბედის ანაბარაა მიტოვებული," - აღნიშნა მესხიშვილმა.
პროფესორი ჯუმბერ ფანჩულიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 2018 წლის 1-ელ ივლისამე ცოტა დროა და შეიძლება ყველამ მიწა ვერ დაირეგისტრიროს. უფასო რეგისტრაციასთან ერთად სახელმწიფომ ყველა ის ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს, რის გამოც შეიძლება ბევრმა მიწის საკუთრებაში გაფორმება ვერ მოასწროს.
"2018 წლის ივლისამდე უნდა მოესწროს იმ 12 საპილოტე რაიონში მიწების დარეგისტრირება, რომელთათვისაც სახელმწიფომ თანხა გამოყო. იქ სისტემური რეგისტრაცია მთლიანად უფასოა. თუ ვინმემ არ შეიტანა განაცხადი, შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში არ იქნება სახელმწიფო დამნაშავე.
სახელმწიფომ თითქოს გააფრთხილა მოსახლეობა და ვალი მოიხადა, რაღაც პერიოდი დრო მისცა, მაგრამ აქ მაინც ბევრი ნიუანსია. ზოგს საბუთები აქვს დაკარგული, ზოგ შემთხვევაში სხვას აქვს მითვისებული მესაკუთრის ნაკვეთი და უსაბუთობის გამო ვერ ახერხებს დროულ რეაგირებას. აუცილებელია, რეგისტრაცია იყოს გაადვილებული, რაც პრობლემას გადაჭრის და ხალხიც კმაყოფილი დარჩება," - განუცხადა "რეზონანსს" ჯუმბერ ფანჩულიძემ.