უცხოეთში გადახვეწილი ქართველი მოღვაწეების კვალის ძიების საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რეზო თაბუკაშვილს, რომელმაც ამ თემას დოკუმენტური ფილმების მთელი ციკლი მიუძღვნა. მისი დამსახურებაა, რომ საქართველოს დაუბრუნდა სხვადასხვა წიგნთასაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები და ფოტომასალა, მათ შორის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების გერონტი ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტოები; ერეკლე მეფის წერილები ვენეციის გამგებლისადმი; სულხან-საბა ორბელიანის სამაჯური, რომელიც რომის პაპმა აჩუქა და უცხოეთში წლების განმავლობაში გაბნეული საქართველოს ბევრი უნიკალური ნივთი.
დღევანდელ სტატიაში, რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე ვერ შევჩერდებით, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი, გვინდა, გავიხსენოთ ქვეყნის შორიდან მოამაგე მიხეილ თამარაშვილის ცხოვრებიდან და მოღვაწეობიდან, ვის საფლავსაც იტალიაში რეზო თაბუკაშვილმა მიაგნო.
ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი მიხეილ თამარაშვილი ახალციხეში დაიბადა. დაწყებითი განათლება იქვე მიიღო. 1878 წელს სტამბულში გაემგზავრა სასწავლებლად პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებული ქართული კათოლიკური ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში. შემდეგ სწავლა განაგრძო ესპანეთში, ხოლო 1891 წლიდან სწავლობდა რომში, სასულიერო აკადემიაში, სადაც სამი წლის შემდეგ ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიენიჭა. სწორედ ამ პერიოდში დააგროვა უამრავი დოკუმენტური მასალა ვატიკანის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიისა და ლონდონის არქივებში საქართველოს ისტორიის, კერძოდ საქართველო - ევროპის ურთიერთობის შესახებ. დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი "საქართველოს ეკლესიის ისტორია დასაბამიდან დღემდე," რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა, ფრანგმა ჟურნალისტმა ჟოზეფ პტიმ კი სტატია მიუძღვნა:
"თამარაშვილის ნაშრომი ფრიად საინტერესოა არა მარტო შინაარსით, არამედ იმ დიდი შთაბეჭდილებითაც, რასაც იგი ახდენს... ამ წიგნში საგმირო ისტორიაა იმ ერისა, რომელმაც მიუხედავად ხანგრძლივი საშინელი დევნისა, შეინარჩუნა სიმამაცე, სულგრძელობა, სამართლიანობა და დარჩა თავისი ქრისტიანული ტრადიციების ერთგული."
მიხეილ თამარაშვილი 1911 წელს გარდაიცვალა. იგი სანტა-მარინელას ეკლესიაში დაკრძალეს, თუმცა მალევე გადაასვენეს ქალაქ ჩივიტავეკიას წმ.მარინას პანსიონში. თამარაშვილის ცხედრის შენახვის თანხა 70 წლის ვადით გადაუხდია იტალიელ კონდოლადო კუციოს, მისი გარდაცვალებიდან 68-ე წელს კი რეზო თაბუკაშვილმა ბოლომდე უჭირისუფლა და სამშობლოს მიწას მიაბარა.
"ამას არც ვყვები და არც ვწერ არსად, მაგრამ თვენახევარი წყდებოდა საკითხი, დავესაჯეთ თუ მოეცათ საშუალება დასაფლავებისა. კუბო 40 დღის განმავლობაში დამალული მქონდა. იყო საშიშროება, რომ უბრალოდ მოიპარავდნენ, მერე იტყოდნენ, რომ თაბუკაშვილმა იქ ვიღაც მოთხარა, მერე სიმთვრალეში სადღაც დაკარგა. რა, გაუჭირდებოდათ ამის გაკეთება?
ჩამოსვენება დღეს გახდა ჩვეულებრივი ამბავი, მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო. ცეკა-ს ბიუროზე ასეთი გამოსვლაც იყო, თაბუკაშვილმა ცეკა-ს კუბო მიაყენა რესპუბლიკის უკითხავად, უნდა დავსაჯოთ. დღეს თამარაშვილი ჩამოგისვენათ, არავინ რომ არ იცის, ვინ არის, სრულიად უცნობი და ხვალ შეიძლება რობაქიძე მოგაყენოთ კარზე" - ასე იხსენებდა რეზო თაბუკაშვილი წლების შემდეგ მიხეილ თამარაშვილის ცხედრის სამშობლოში დაბრუნების ისტორიას.
"ბოლოს და ბოლოს მივაგენით თამარაშვილის საფლავს ჩივიტავეკაიას სასაფლაოზე. სასაფლაოს დირექტორმა გვკითხა, თქვენ მთავრობის დავალებით ხართ ჩამოსულიო?
-არა - უპასუხა რეზომ.
- აბა, თქვენი ნათესავია?
- არა, არც ნათესავი არ არის.
- აბა, რას ეძებთ ასე გამწარებულები?
- ჩვენი ეროვნული ტრადიცია გვავალებს, პატივი მივაგოთ ჩვენს ყველა ღირსეულ წინაპარს, - უთხრა რეზომ.
გაგიჟდა ის კაცი. ცოლის სამსახურში დარეკა, უფროსს სთხოვა, გაათავისუფლეთ ერთი დღითო. მერე ცოლს უთხრა: წადი სახლში, სადილი მოამზადე, იმისთანა რჯულის ხალხი მომყავს, ჯერ რომ არ გინახავს და არც გაგიგიაო," - იხსენებდა ოპერატორი იური ბარამიძე.
რეზო თაბუკაშვილს ოპერატორთან ერთად დაუტოვებია სასტუმრო და ყველაზე იაფფასიან სასტუმროში გადასულა. მთელი ეს დღეები, ვიდრე საქმეს მოაგვარებდა, შიმშილობდა, რათა რაც ფული ჰქონდა, არ დაეხარჯა. ერთ დღესაც გული შეწუხებია, გამვლელებს დიაბეტით დაავადებული ჰგონებიათ და შოკოლადით მოუსულიერებიათ. უკანასკნელი თანხა მიხეილ თამარაშვილის კუბოს შესაძენად გადაუხდია.
"კუბო შეიძინა, სცადა, სასტუმროში შეეპარებინა, მაგრამ ადმინისტრაციამ ნება არ დართო, ტურისტებს დააფრთხობსო. რეზო ოპერატორთან და კუბოსთან ერთად სასტუმროდან გამოაძევეს. ორი ღამე იტალიის ერთ-ერთ სკვერში გაატარეს. აქედანაც რომ გამოაძევეს, მხრებზე კუბოგადაკიდებული რომის ქუჩებში დადიოდნენ," - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მუზეუმის თანამშრომელი იზა ვეფხვაძე.
თავად რეზო თაბუკაშვილს კი ამ თავგადასავალზე წლების შემდეგ უთქვამს, მე ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ჭირისუფალი ვიყავიო.
მოკლედ, დადგა თამარაშვილის საქართველოში გადმოსვენების დრო. აეროპორტში წავიდნენ, რეზო თაბუკაშვილს სულ 5 დოლარი აქვს ჯიბეში. როგორც რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იხსენებდა, თაბუკაშვილს უსიამოვნება იტალიის აეროპორტშიც შეხვდა.
"თამარაშვილის ცხედარს იტალიიდან საქართველოში მოასვენებენ, თვითმფრინავის სალონში ცხედრის შეტანის უფლება არ მისცეს და საბარგო განყოფილებაში გააგზავნეს. თამარაშვილი საბარგო განყოფილებაში როგორ ჩავაბაროო, გაგიჟებულა რეზო. ატყდა ერთი ამბავი. მოვიდნენ პოლიციელები.
- ვინ არის, შენი მამაა?
- არა - უპასუხა რეზომ.
- ძმა? - გაუმეორეს კითხვა პოლიციელებმა.
- არა, დიდი მეცნიერია, დიდი ქართველი - უპასუხია რეზოს.
თუ მისთვის არავინაა და მაინც ასე იკლავს თავს, მაშინ ჩვენ შევიტანთ სალონშიო, უთქვამთ გაკვირვებულ პოლიციელებს და თამარაშვილის ნეშტი თვითმფრინავის სალონში შეიტანეს."
მიხეილ თამარაშვილის კუბოს რეზო თაბუკაშვილი საკუთარი სახლის სარდაფში მალავდა, შემდეგ ცხედარი ქარელში ოპერატორ იური ბარამიძის სახლში წაიღო. როგორც იქნა, დაარწმუნა საქართველოს მთავრობა, რომ მიხეილ თამარაშვილს მისი დამსახურებისთვის ეკუთვნოდა სამშობლოში პატივით დაკრძალვა. "შევარდნაძე მაშინ ძალიან ბრძნული სიდინჯით მოეკიდა ამ საქმეს. მაშინ საქართველოში შევარდნაძემ კი არა, არავინ იცოდა თამარაშვილის არსებობა, მეცნიერთა მცირე წრის გარდა" - წერდა რეზო თაბუკაშვილი.
1978 წელს მიხეილ თამარაშვილის ცხედარი ეროვნული მუზეუმიდან დიდუბის პანთეონამდე ქართველმა ხალხმა დიდი პატივით გააცილა. იმ დღეს გაიგეს ქართველებმა, რა ღვაწლი მიუძღოდა მას მშობლიური ქვეყნის წინაშე.