ანუ რატომ ააგეს მცხეთის ჯვარი საქართველოს თავისუფლების სიმბოლოდ
მამუკა ნაცვალაძე
15.07.2017

 მცხეთის ჯვარი საქართველოს ისტორიის ყველა დროის გამორჩეული სიმბოლოა. უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ადგილას მეშვიდე საუკუნეში აგებული კულტურის ეს უბრწყინვალესი ნიმუში იმთავითვე ქვეყნის თავისუფლების გამოხატულებად იყო ჩაფიქრებული.

მეექვსე საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, ირან-ბიზანტიის დაპირისპირების ხასიათმა და აქედან გამომდინარე მოვლენათა განვითარებამ საშუალება მისცა ქართლს, დამოუკიდებლობა აღედგინა.

როგორ შეარჩია სტეფანოზმა ჯვრის მონასტრის ადგილი

ამ მოვლენის აღსანიშნავად იწყებს ერისმთავარი სტეფანოზი 586/87 წლებში მცხეთის ჯვრის შენებას. მშენებლობა დაახლოებით 18 წელი გაგრძელდა და 604 წელს დასრულდა.

საცნაურია, რომ ეს ადგილი სტეფანოზს შემთხვევით არ აურჩევია - ქრისტიანობის მიღების პირველი ხანებიდანვე აქ ხის მაღალი ჯვარი იდგა, რომელიც მცხეთას დაჰყურებდა. ჯვარი ყოველი მხრიდან ჩანდა, რაც უმთავრესი წინაპირობა იყო იმისა, რომ სარწმუნოებაზე ახლად მოქცეულებისათვის შეეხსენებინა ქრისტიანობის უძლეველობა.

მეექვსე საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ერისთავმა გუარამმა ჯვრის გვერდით ააშენა პატარა ეკლესია, სამლოცველო "მცირე ჯვარი". რამდენიმე წელში იწყებს სტეფანოზი, გუარამის მემკვიდრე, დიდი ტაძრის მშენებლობას.

სანამ მცხეთის ჯვრის შენება დაიწყება, დიდ პოლიტიკური ვნებათაღელვას მოუცავს კავკასია და ქართლი. ვახტანგ გორგასლის შემდეგ ქართლის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები მოირყა. ამაზე განსაკუთრებულად იზრუნეს ირანელებმა, ამიტომაც კავკასიის უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული ადგილი დიდი იმპერიების სათამაშო არენად იქცა.

ირანელებმა ქართლში მეფობა 523 წელს გააუქმეს, იმ დროს, როცა გურგენი აჯანყდა და ეს აჯანება ჩაახშეს. ამ პერიოდიდან საკმაო დრო იყო გასული, თუმცა უმეფობას ვერ ეგუებოდა ქართლი - ისინი ირანელებს არ ემორჩილებოდნენ და არც ირანელები აძლევდნენ ნებას, მათთვის სასურველი მეფე ჰყოლოდათ ქართლელებს.

ამ სიტუაციას საკმაოდ კარგად აღწერს პროკოფი კესარიელი და მიანიშნებს, რომ ქართლში შესაბამის დროს ელოდნენ, რათა ხელახლა აჯანყებულიყვნენ და თავიანთ სასურველ პოლიტიკურ რეალობას დაბრუნებოდნენ.

562 წელს, როცა ეგრისის დიდი ომი დამთავრდა, ბიზანტიასა და ირანს შორის 50-წლიანი ზავი დაიდო, თუმცა 571 წლიდან - მას შემდეგ, რაც ირანელებს ქართლი და სომხეთი აუჯანყდა ხელახლა დაიწყო ბიზანტიისა და სასანიდური ირანის დაპირისპირება, რომელიც მცირე შესვენებებით ოც წელს გაგრძელდა.

571 წელს სომხეთი ვარდან მამეკონიანის მეთაურობით აჯანყდა. სომხებს ქართველებიც მიეშველნენ გურგენის (იგივე გუარამის) ჯარით. აჯანყებულებმა იუსტინე მეორესთან დელეგაცია აფრინეს, ბიზანტიის მაფარველობაში მიგვიღეო.

ბიზანტიის კეისრისათვის ეს სწორედაც რომ მოვლენათა განვითარების სასურველი ვარიანტი იყო, რამდენადაც 562 წლის ზავის დარღვევის მიზეზს თავადაც ეძებდა. საქმე ისაა, რომ მას განსაკუთრებულად ეძნელებოდა ამ ზავის თანახმად ბიზანტიისათვის დაკისრებული ყოველწლიური გადასახადი 30 ათასი ოქრო. ეს ვალდებულება ერთგვარად ხარკის ნაირსახეობად აღინუსხებოდა, რაც რომეებისთვის ფსიქოლოგიურად საკმოდ რთულად გადასატანი იყო.

ბიზანტიის კეისარმა აჯანყებულებს აღუთქვა, რომ ის ბოლომდე იბრძოლებდა ამიერკავკასიაში, თუმცა თუკი რაიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხებდა წარმატების მიღწევას, აჯანყებულებს და მათ ნათესაობას არასდოს მიატოვებდა და რომეებს მოქალაქეობით ხელშეუხებლობის პირობებს სთავაზობდა.

572 წელს კავკასიაში ბიზანტიელებმა მამეკონიანისა და გურგენის აჯანყება საერთო-სახალხო მოძრაობად აქციეს. ამას ირანელთა დამსჯელი რაზმის გამოყვნაც მოჰყვა - სასანიდებმა დამსჯელი რაზმი მარსპან სურენის მეთაურობით გამოაგზავნეს. სწორედ ამ სურენს დაესხნენ თავს დვინში სომხები და მოკლეს, ქართველებმა კი ირანელთა სარდალი გოლონმიჰრანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

აჯანყებულებმა გარკვეული წარმატება მოიპოვეს, ამ პერიოდში ქართლი - კონკრეტულად მტკვრის მარჯვენა სანაპირო რომაელთა მიწაწყლადაა მოხსენიებული. მიუხედავად ამისა, ირანელები კვლავ ცდილობენ სომხეთისა და ქართლის მიტაცებას.

"ნელადრე შეკრბა ქართლი"

571 წელს გურგენის აჯანყება მიანიშნებს იმ ფაქტს, რომ ქართლის დიდებულებმა არა მარტო ირანისაგან თავის დახსნის გეგმა შეადგინეს, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენაც მოისურვეს. გუარამი საგანგებოდაა შერჩეული, ჯუანშერის მიხედვით, ის ვახტანგ გორგასლის შვილიშვილია. "მოქცევაი ქართლისაი" ასე გადმოგვცემს გუარამის ერისმთავრობის დასაწყისს: "ნელადრე შეკრბა ქართლი და განაჩინეს ერისმთავარად გუარამ." სუმბათ დავითის ძე გუარამს ქართველ ბაგრატიონთა მამამთავრად თვლის.

გუარამის ერისმთავრად არჩევის მოვლენებს უფრო დეტალურად გადმოგვცემს ჯუანშერი, რომელიც წერს: "ესრეთ რა უცალო იქმნეს სპარსნი, მაშინ შეითქუნეს ყოველნი ერისთავნი ქართლისანი, ზემონი და ქუემონი, და წარგზავნეს მოციქულნი წინაშე ბერძენთა მეფისა და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნეს ერისთავნი იგი თვის თვისა საერთისთავოსა შეუცვლელად."

ჯუანშერის თხზულებიდან ჩანს, რომ ქართლის ერისთავებს მეფის დასმა კი არ სურთ, არამედ სურთ, სათავეში მათი ნების აღმსრულებელი პირი იყოს. იუსტინე მეორე გუარამს კურაპალატის წოდებას ანიჭებს და აღიარებს ქართლის უმაღლეს ხელისუფლად.

იმ პერიოდისთვის არსებული ნორმებით, ეს ნიშნავდა, რომ ქართლს დამოუკიდებელი მეფე კი არ ჩაუდგა სათავეში, არამედ ბიზანტიელებისგან დანიშნული მოხელე. ქართულ წყაროებში გუარამს და მის შემდგომ კურაპალატებს ეწოდებათ ერისმთავრები ან ერისთავთა მთავრები ან დიდი ერისთავები. ისინი, როგორც მმართველნი, შეუზღუდავნი არ არიან ქვეყნის შიგნით. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც ერისთავებმა ხომ ისინი იმ პირობით აირჩიეს, რომ მათთვის ხელშეუხებლობის პირობა ჰქონოდათ გარანტირებული.

ეს ნიშნავდა, რომ დიდი ერისთავი ერისთავებს თავიანთი მამულების მემკვიდრეობითი მართვის უფლებას უმტკიცებდა. ერისთავებმა ხომ სწორედ ამ პირობით ისურვეს მეფე, რაც ნიშნავდა, რომ ქართლში აღდგა ადრეფეოდალური სახელმწიფო.

როგორ დაათბო ქართლი ხოსრო ანუშირვანის გარდაცვალებამ

576-577 წლებში ბიზანტიელები სასანიდებთან მოლაპარაკებას იწყებენ. თავდაპირველად ირანელები კატეგორიულად ითხოვდნენ 562 წლის საზავო პირობების დაბრუნებას და აჯანყებულების მათთვის გადაცემას. მოლაპარაკების პროცესში მათ კატეგორიული ტონი შეცვალეს და დათმობაზე წავიდნენ. უარი თქვეს 30 ათას მანეთზე, რაც ყოველწლიურად ეკისრებოდათ ბიზანტიელებს სასანიდების სასარგებლოდ, სამაგიეროდ, ბიზანტიელები მზად იყვნენ, დაეთმოთ ირანის სომხეთი და იბერია.

საგულისხმოა, რომ სასანიდებისათვის მთავარი იყო, რომ მათ დარჩათ სომხეთი და იბერია, დანარჩენი საკითხები მათთვის ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანი იყო. ახალი ზავის დადებას თითქოს აღარაფერი უშლიდა ხელს, თუმცა ამ დროს ბიზანტია სასტიკად დამარცხდა სომხეთში ირანელებთან.

ირანელებმა ზავის პირობები დაამძიმეს. თუკი ადრე სასანიდები მზად იყვნენ, აჯანყებულთა გადაცემა არ მოეთხოვათ, ამჯერად მათ პოზიცია შეცვალეს და ბუნტისთავების გადაცემა კატეგორიულად მოითხოვეს. სიტუაცია გაანეიტრალა 579 წელს ხოსრო ანუშირვანის გარდაცვალებამ და ეს საკითხიც მოიხსნა.

რა ცნობები შემოგვინახა ქართულმა მონეტებმა

ჰორმიზდ მეოთხის ტახტზე ასვლის შემდეგ ირანი აღიარებს გუარამის უზენაესობას ქართლში. ქართლიც დაინტერესებულია, წერტილი დაუსვას მრავაწლიან დაპირისპირებას. მით უმეტეს, რომ ბიზანტია თანახმაა, დაუთმოს სასანიდებს პერსარმენია (ირანის სომხეთი) და ქართლი, რაც სასანიდებს ტრადიციულ მდგომარეობას განუმტკიცებს.

ჩანს, რომ ეს საკითხი ქართლში კარგად მოაგვარეს. ამის დასტურია გურგენის სახელით მოჭრილი მონეტები, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს. მონეტები მოჭრილია მეექვსე საუკუნის 80-იან წლებში, გურგენის მონოგრამით. მონეტის შუბლზე ჰორმიზდ მეოთხის უხეშად შესრულებული გამოსახულებაა. აქ ასახულია ფალაური ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ჰორმიზდი უავგუსტესია. მონეტის ზურგზე გამოსახულია მაზდეანური ემბლემა ღვთაებრივი ცეცხლი, რომელსაც მცველები დარაჯობენ.

საგულისხმოა, რომ ამავე მონეტის ზემოთ მეფის გამოსახულებასთან ჩნდება პატარა ჯვარი. ჯვარი ჩვენი ეროვნული ემბლემაა, ასე რომ, მისი გამოსახვა მონეტაზე პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა იყო.

ეს დასტურია იმისა, რომ ქართლის ერისმთავარი იძულებულია, საკუთარი ძალაუფლების საფასურად გარკვეული იდეოლოგიური ხარკი გადაუხადოს სასანიანებს.

ამავე პერიოდს განეკუთვნება კიდევ ერთი მონეტა, რომელიც უსახელოა - აქ ჯვარი საკურთხეველზეა გამოსახული.

საგულისხმოა, რომ სიტუაცია არ იცვლება მომდევნო ერისმთავრის-სტეფანოზ პირველის დროსაც, რომელმაც მონეტაზე თავისი სახელი ქარაგმებით წარმოადგინა. აქ ისევ ჰორმიზდს უჭირავს კუთვნილი ადგილი. ეს არის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი მონეტა, რომელიც, სავარაუდოდ, 589 წელს უნდა იყოს მოჭრილი, რამდენადაც ჰორმიზდი ამ წელს ჩამოაგდეს ტახტიდან. ამ მონეტიდან ჩანს, რომ ქართლი ჯერ კიდევ ირანს ემორჩილება.

591 წლიდან რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გარდატეხა ხდება, კარგად ჩანს სტეფანოზის კიდევ ერთი მონეტიდან, სადაც სტეფანოზის სახელი უკვე სრულადაა წარმოდგენილი, რაც მიანიშნებს, რომ მონეტას დამოუკიდებელი ხელმწიფე ჭრის.

ასე რომ, ის სიმწირე, რაც ამ პერიოდის წერილობითი წყაროების მხრივაა დამახასიათებელი, გარკვეულწილად ნუმიზმატიკურმა მასალამ შეავსო, რაც მართლაც ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის ქართლის პერიოდის პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

ორსახოვნება სტეფანოზ პირველისა

ბიზანტიელები სტეფანოზ |-ს საიმპერატორო კარის ტიტულს - პატრიკიოსს ანიჭებენ. ბიზანტიელები თავიანთი გავლენის ქვეშ მოიაზრებენ ქართლის ერისმთავარს, სწორედ ამიტომაც სურთ, ეს ყველაფერი შესაბამის ტიტულატურაში ასახონ. არ ივიწყებენ არც უფლისწულ ადარნასეს და არც ძმა დემეტრეს, რომელთაც ვისპასტოსის ტიტული მიანიჭეს. სიმბოლური დატვირთვა უნდა ჰქონდეს პატარა ქობულ-სტეფანოზის სტრატილატის ტიტულსაც.

სტეფანოზი ენერგიულად მიისწრაფვის საკუთარი უფლებების გავრცელებისაკენ, თუმცა იძულებულია, ფორმალური ქვეშევრდომობა შეინარჩუნოს როგორც ბიზანტიის, ასევე ირანის მიმართ. სწორედ ამის შედეგი უნდა იყოს, რომ ის ვერ ბედავს, თავის თავს მეფე უწოდოს. მემატიანე გადმოგვცემს, რომ მან "ვერ იკადრა მეფობის სახელი სპარსთა და ბერძენთა შიშისგან." არ სურს თავისი ამბიციების გამო ბიზანტია-ირანის გაღიზიანება.

უნდა ითქვას, რომ სტეფანოზ პირველს საეკლესიო წრეები თავდაპირველად განსაკუთრებულად აგრესიულად უყურებენ. ამის მიზეზია ის, რომ მას შიო მღვიმელის მონასტრისათვის წაურთმევია ფარსმან მეფის მიერ ნაბოძები ორი აგარაკი, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხებულა მონასტერთან. ამას ბერები წმინდა შიო მღვიმელის მადლს მიაწერენ.

ამ ფაქტის შემდეგ სტეფანოზი შემობრუნდა ეკლესიისკენ. ის პატივისცემას და მოწიწებას გამოხატავს სასულიერო პირებისა და, ზოგადად, რწმენის მიმართ - უფრო მეტიც, იწყებს ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშის - მცხეთის ჯვრის აღმშენებლობას, რომელიც თავისებური სიმბოლო იყო ქართლის ირანელთაგან გათავისუფლებისა.

სულ მალე, სამი ათეული წლის შემდეგ, ქართლს არაბები შემოესევიან. სწორედ აქ გახდება აშკარა ქრისტიანობის სიმტკიცე და შეუვალობა. ამ ფონზე საქართველოს თავისუფლების სიმბოლო მცხეთის ჯვარიც კიდევ უფრო ამაღლებულად წარმოჩინდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×