შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილ წარმომადგენელ თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
როგორც ცნობილია, თათია დოლიძემ ე.წ. "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რასაც სოცლიაურ ქსელში მარშის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა ნაწილის მხრიდან მის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა.
კომენტარების ავტორები არიან: გია კორკოტაშვილი, კონსტანტინე მორგოშია, მიხელ ამისულაშვილი, რამაზ გოგნიძე და გიორგი ონიანი. აღნიშნულმა პირებმა მოგვიანებით საკუთარი ნაწერები წაშალეს, თუმცა, მანამადე მოქალაქეებმა შეურაცხყოფის ამსახველი სქრინ შოდების გადაღება მოახერხეს.
"საქართველოს შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში 2017 წლის 17 ივლისს დაიწყო გამოძიება სოციალური ქსელის საშუალებით თათია დოლიძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნულს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, რომელმაც ყველა საჯარო პირს მოუწოდა, რომ იმოქმედონ, ისაუბრონ და დაუპირისპირდნენ ოპონენტებს მორალის, ადამიანობისა და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში.
"წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის - სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა, ვაჟკაცობა და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში.
განსხვავებულ, მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ," - განაცხადა კახა კალაძემ.
თათია დოლიძის შეურაცხყოფის ფაქტზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ვინ რა დაწერა ზუსტად, არ ვიცი, რადგან, საბედნიეროდ, არ ვარ სოციალურ ქსელებში.
საერთოდ, ექსტრემალური ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურ სიმართლეზე აცხადებენ პრეტენზიას, ხანდახან ვერ აცნობიერებენ, რომ სრულ სისულელეს ამბობენ ან აკეთებენ. სულ რომ მართალი იყო, თუ იმის დაშვება არ შეგიძლია, რომ შეიძლება სხვა არ გეთანხმებოდეს, ეს შენი პრობლემაა. რა თქმა უნდა, უნდა დადგეს მათი პასუხიმგებლობის საკითხი. როდესაც კაცი ქალს ლანძღავს და კარგავს ყველა რაინდულ თვისებას, ეს საშინელებაა, მით უმეტეს, მე ეს ყველაფერი ძალიან მიკვირს "ქართველთა მარშის" შემქნელებისგან. თორემ, ქალი და კაცი აბსოლუტურად თანასწორია და ღირსეული ოპონირება სრულებით მისაღებია.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუ მის მიმართ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ეს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება, მათ შორის - "ქართველთა მარშთან" დაკავშირებით. მოგვწონს თუ არა, უნდა შევეგუოთ, რომ როდესაც დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენის კულტურა გაგვაჩნდეს.
ქეთი ბექაური (იურისტი): თუ პირის მიმართ ადგილი ექნება ძალადობის, მუქარის ფაქტს, მას შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს და უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო უწყება ფაქტის ნამდვილობას დაადგენს, დავა გაგრძელდება სასამართლოში. თუ თათია დოლიძემ ჩათავლა, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა მის მიმართ ადგილი, ის აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როგორც კანონმორჩილი ადამიანი. ნებისმიერი საკითხი ჩვენს ქვეყანაში უნდა გადაწყდეს სამარლებრივი, ცივილური გზით, დანარჩენს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): თუ კანონი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე პასუხისმნგებლობას ითვალისწინებს, ყველამ საკუთარ ნათქვამზე უნდა აგოს პასუხი. ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ საკუთარ ნათქვამზე თავადვე აგებენ პასუხს. მე ვფიქრობ, შეურაცხყოფა ყოვლად დაუშვებელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე