ოპოზიციური პარტიების ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომ ხელისუფლებასთან საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართოს კონსენსუსის მიზნით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით უმრავლესობა დღეს იმსჯელებს.
"ოპოზიციასთან დისკუსიისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით. ოპოზიციური პარტიები საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვებზე თუ საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე. ზოგმა კომისიის შემადგენლობა დემარშით დატოვა, ზოგმა მონაწილეობა მიიღო სახალხო განხილვებში. ასე რომ, ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენს ურთიერთობას ოპოზიციასთან რაიმე აკლია, გარდა იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო აზრთან ვერ მივდივართ," - აღნიშნა ვოლსკიმ.
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო იმედოვნებს, რომ საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონსენსუსი მიიღწევა და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენ კვლავაც ვაცხადებთ, რომ დიალოგი და შეთანხმება შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ სწორ გზას წარმოადგენს. ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ ხელისუფლებასთან ერთად განვიხილოთ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხი," - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.
თქვენი აზრით, არის თუ არა იმის რესურსი, რომ საკონსტიტუციო პროექტზე ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანიპუბლიცისტი): დიდი იმედით არ მესახება ეს პროცესი, მაგრამ კარგი იქნებოდა, რაღაც კონსენსუსამდე თუ მივიდოდნენ, რადგან ეს ყველაფერი უკვე ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს.
სულ აგრესია და უკან გადადგმული ნაბიჯები არ შეიძლება. მგონია, რომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ. თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად პროგრესს უნდა უკავშირდებოდეს. თუ ერთი მხარე რეგრესისკენ მიდის, ამ შემთხვევაში მას საზოგადოება უნდა მიეხმაროს, რომ მიიღონ ისეთი წინადადება, რომელიც უფრო პროგრესული იქნება. რა თქმა უნდა, დათმობაზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს, თუმცა უნდა გადაწონოს იმ წინადადებამ, რომელიც საქართველოსთვის უფრო პროგრესული იქნება.
გივი სიხარულიძე (პოეტი, მსახიობი): მე მგონია, რომ ესენი ვერასდროს, ვერფერში ვერ შეთანხმდებიან და ერთ პოზიციაზე ვერასდროს დადგებიან.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): გამორიცხულია, ამაზე უკვე დიდი ხანია, საუბარი მიდის. კონსულტაციებიც იყო, თუმცა ხელისუფლება ძალიან ხისტ პოზიციას იკავებს. ამიტომ მგონია, რომ ეს უბრალოდ დროის კარგვა იქნება.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): შეუძლებელია, რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ. ეს არის წყლის ნაყვა და მეტი არაფერი. რას უშვრება ამ საცოდავ კონსტიტუციას, გინდა ერთი მხარე, გინდა მეორე - ეს კიდევ ცალკე თემაა, თუმცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსენსუსი წარმოუდგენლად მიმაჩნია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე