ია აბულაშვილი
20.07.2017

 "ყველაზე უფრო მისი ნიჭის თაყვანისმცემელი იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობდა, რუსთაველის შემდეგ ჩვენ ასეთი ნიჭიერი პოეტი არ გვყოლიაო. "ხუთაშაბათობის სხდომებზე", რომელნიც ილიას ბინაზე ეწყობოდა-ხოლმე და რომელთაც ესწრებოდნენ რედაქციის ყველა წევრი, მწერლები და ილიას მეგობრები, ხშირად კითხულობდნენ ვაჟა-ფშაველას ამა თუ იმ თხზულებას" - წერდა თავის მოგონებებში ვაჟაზე ექვთიმე თაყაიშვილი.

პირველი ნაწარმოები, რომელიც ილიამ ვაჟას შემოქმედებიდან წაიკითხა, იყო "შვლის ნუკრის ნაამბობი". ილია გაოგნებულა და დიდხანს იძახდა თურმე, "კოჭებზედვე ეტყობა, რა ვაჟიც უნდა გამოვიდეს მაგ ვაჟისაგან, შორს წავა, შორს!"

როგორ შეატყო "კოჭებში" ილიამ ვაჟას გენიოსობა, ამის შესახებ არაჩვეულებრივი წერილი აქვს დაწერილი მოსე ჯანაშვილს და დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ წერილიდან ვთავაზობთ ამონარიდს ჩვენს მკითხველს.

"ვისაც ძველი "ივერიისთვის" თვალი უდევნებია, ეხსომება, რომ ლექსები ძალიან იშვიათად იბეჭდებოდა მაშინ. მიზეზი ის იყო, რომ ილია ძალიან მკარად ეკიდებოდა ლექსებს და ბევრს მოსთხოვდა მელექსეს. რაც შეეხება ხალხურ ლექსებს და ვაჟა-ფშაველას, ამათ ყოველთვის დიდი ადგილი ეთმობოდათ გაზეთში.

სოფრომ მგალობლიშვილმა მუდმივ მუშაობას თავი დაანება, იმის მაგიერ უნდა მოგვეწვია ვინმე. სწორედ ამ დროს ვაჟა-ფშაველა უადგილოდ დარჩა და რადგან მე და გიგა ყიფშიძე კარგად ვიცნობდით, ვარჩიეთ, ილიასთან მოგველაპარაკნა და ვაჟა რედაქციაში მოგვეწვია მუდმივ თანამშრომლად. რა გამოვიდა ამ თანამშრომლობიდან, ქვევით გაიგებთ, ჯერ კი ცოტა უკან უნდა დავბრუნდე.

ვაჟა-ფშაველა მე პირადად გავიცანი სოფელ თონეთში, რომელიც მანგლისის ახლოს მდებარეობს, სულ ოთხი ვერსტის სიშორეზე. ეს ასე მოხდა. ვაჟა მასწავლებელი იყო თონეთის სკოლაში, რომელიც წერა-კითხვის საზოგადოებას ექვემდებარებოდა. ერთხელ საზოგადოებას წერილი მოუვიდა, საიდანაც ვცანით, რომ ვაჟას რაღაცაზე ჩხუბი მოსვლია მანგლისში მყოფ ჯარის ოფიცერთან. მე მაშინ საზოგადოების მდივანი ვიყავი და ადგილობრივი საქმის გამოსაკვლევად მე მომიხდა თონეთში წასვლა. აქ ვაჟას ნაამბობიდან შემდეგი გავიგე. თონეთში სამი რუსეთის ოფიცერი მოსულიყო და დუქანში ქეიფი გაემართათ. ოფიცერს რაღაც არასაკადრისი სიტყვა ეთქვა ქართველების შესახებ, ვაჟას ეს შეურაცხყოფად მიუღია და სილა გაერტყა აფიცრისთვის. ატყდა ჩხუბი-აურზაური. ვაჟამ მითხრა, თუ საზოგადოებას რაიმე უსიამოვნება მოელის ჩემი გულისთვის, მე თვითონ დავანებებ თავს აქაურ მასწავლებლობასო.

ვაჟას სკოლაში ჰქონდა ბინა და მეც მასთან ჩამოვხდი. ვაჟამ ლაპარაკი ჩამოაგდო "ივერიაზე" და, სხვათა შორის, მკითხა - აი, ლექსები და პატარა მოთხრობები მაქვს დაწერილი და "ივერია" ხომ არ დამიბეჭდავსო. მერე გადმოალაგა დიდრონი რვეულები და წამიკითხა ჯერ "შვლის ნუკრის ნაამბობი" საყმაწვილო მოთხრობა, მერე პოემა "მოხუცის ნათქვამი". ჩემს აღტაცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ვუთხარი:

- შე კაი კაცო, თუ მაგისთანა ძვვირფასი მარგალიტები მოგეპოვებოდა, აქამდინ რას ინახავდი ძუნწივით, ზანდუკში ჩაკეტილს. მომეცი, ხვალვე წავიღებ "ივერიაში". დიდი სიამოვნებით დავბეჭდავთ და სასყიდელსაც მიიღებ. ვაჟამ მითხრა, მოთხრობა უკვე გავგზავნე საყმაწვილო ჟურნალში დასაბეჭდადო.

ტფილისში დაბრუნებისას ერთხელ კიდევ გადავიკითხე საყმაწვილო ჟურნალში დაბეჭდილი "შვლის ნუკრის ნაამბობი" და იმ დღესვე მოვათავსე "ივერიაში" რეცენზია, სადაც ვამბობდი: ასეთი მოთხრობის დაწერა შეუძლიან მხოლოდ დიდ ნიჭს. ილიამ ეს რეცენზია წაიკითხა, შემოვიდა რედაქციაში და გვითხრა, აბა, ერთი მაჩვენეთ ეგ მოთხრობაო. წავუკითხეთ, კითხვის დროს ილიას სიამოვნების შუქი გადაჰკრავდა სახეზე. კითხვა რომ გავათავე, ილიას აღტაცებას საზღვარი არა ჰქონდა - "კოჭებზედვე ეტყობა, რა ვაჟიც უნდა გამოვიდეს მაგ ვაჟისაგან, შორს წავა, შორს!" - გაიძახოდა ილია თავის ჩვეული შორსმჭვრეტელობით.

შემდეგ, ცოტა გვიან, ვაჟამ თავის "მოხუცის ნათქვამი" მოგვიტანა "ივერიაში" დასაბეჭდად. მკითხველის მოვალეობა კისრად ედვა გიგა ყიფშიძეს, რომელსაც რედაქციის მედავითნეს ვეძახდით. გაგამ თავისებურად, გრძნობით გადააბულბულა.

- გიგა, აბა, ერთი კიდევ გადაიკითხე,- ეუბნება ილია. გიგამ გადაიკითხა, ილია დიდხანს ჩაფიქრებული იჯდა. ეტყობოდა, დიდი შთაბეჭდილება იქონია წაკითხულმა. მერე თითქოს ძილიდან გამოერკვაო, ილიამ აღტაცებით წამოიძახა - "არა, ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ! გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ!" რომაელები იტყოდნენ, ბრჭყალებზე სცანით ლომიო. ილია შთაგონებით მიჰხვდა, რომ ახლად გამონავარდებული ლომის ლეკვისგან დიდი და მძლავრი ლომი გამოვიდოდა.

ვაჟას რედაქციაში მოწვევა მუდმივ მუშაობისთვის გადაწყვეტილი იყო. მხოლოდ ილია ცოტად ეჭვობდა და გვეუბნებოდა - კარგსა ვშვრებით, მაგისი ნიჭი გაზეთის მუშაობაში ჩავკლათ? მართალს ამბობდა ილია. აქაც წინასწარ გრძნობამ არ უმტყუნა მას და მალე თვით ვაჟამ მოგვცა პასუხი. ვაჟამ რედაქციაში იმუშავა მხოლოდ სამი დღე. ვაძლევდით გადასაკითხავად და გასასწორებლად კორესპონდენციებს, ვათარგმნინებდით პატარა წერილ ამბებს რუსული გაზეთებიდან. ორ დღეს მუშაობდა, თუმცა იმის მუშაობას დიდი ხალისი არ ეტყობოდა. მოვიდა რედაქციაში მესამე დღეს. ცოტა ჩაფიქრებული იყო, მივეცი რუსული გაზეთი, მოვუხაზე ერთი ადგილი უცხოეთის ცხოვრების ამბებიდან და ვუთხარი - აბა, ლუკა, ეს ადგილი მალე გადამითარგმნე, თორემ სტამბა ძალას გვატანს და მასალა კი ცოტა გვაქვს.

მე საქმეებში გავერთე და ვაჟა დროებით გადამავიწყდა. მომაგონდა და ვუთხარი - რა ჰქენ, ლუკა გადათარგმნე? წინ დაწერილი ქაღალდი ედვა. ვიფიქრე, ეს სწორედ ნათარგმნი იქნება - მეთქი და ხელი დავავლე გადასათვალიერებლად. დავხედე, ლექსია.

- ეს რა ამბავია, ლუკა? - ვეკითხები.

- თარგმანის სამაგიეროდ ეგ ლექსი დავწერე. თარგმანის მაგივრობას გასწევს.

ამავე დღეს ვაჟამ გამოგვიცხადა, რომ რედაქციას თავს ანებებს. მე აქ მუშაობას ვერ შევძლებო. რედაქციას თათბირი ჰქონდა და ასე გადავწყვიტეთ, მიგვეცა ვაჟასთვის თვეში ხუთი თუმანი და ვაჟას, სამაგიეროდ, ევალებოდა, თვეში რაიმე ნაწარმოები უსათუოდ მოეწოდებინა. ვაჟა აიბარგა და გასწია თავის ჩარგალში. დაუბრუნდა არწივი თავის საყვარელ მთებს. ვაჟა სინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას. დროგამოშვებით ჩამოდიოდა ვაჟა ტფილისში ხურჯინაკიდებული ცხენით. ხურჯინში ელაგა საგზალი, ხორცი, პური - ტფილისში საცხოვრებლად და ლექსები, მოთხრობები, პოემა და კიდევ სხვა ნაწერები ფშავლების ცხოვრებიდან. დაუტოვებდა ყველა ამას რედაქციას და ისევ გაემგზავრებოდა თავის საყვარელ მთებისკენ, და ასე და ამგვარად მთის კაცი ვაჟა ჰკვებავდა სუსტს ქართულ მწერლობას, როგორც მთის პატარა ნაკადული, მდინარედ ქცეული, ჰრწყავს და სულს უდგამს ბარის გადამხმარ დედამიწას" - ასე იხსენებდა მოსე ჯანაშვილი "ივერიაში" ვაჟას მუშაობის სამ დღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×