გვანცა წულაია
20.07.2017

ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებას, რომლის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ელჩებს "პარტიული დავალებები" მისცა.

"ალბათ ოპოზიციურ ფრთაზე მიკერძოებული უნდა იყო, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებებში პარტიული დავალებები ამოიკითხო. ეს უკვე ინტერპრეტირების აქამდე ცნობილ ფარგლებსაც კი სცილდება. გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის ეს განცხადება შეურაცხყოფას აყენებს როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს, რომელსაც პრეზიდენტის მხარე პარტიულ აქტივად მოიხსენიებს. სწორედ ამის გამო, წესით, პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსი შეურაცხყო," - განაცხადა მდინარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ამბასადორიალზე "ელჩებისთვის პარტიული დავალებების მიცემად" შეაფასა.

თქვენი აზრით, რომელი მხარეა პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის სიტუაციის მორიგ გამწვავებაში დამნაშვე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებთმცოდნე): ვფიქრობ, ნათქვამი ორივეს უნდა მოეზომა, რადგან სახელმწიფო მოღვაწეები არიან. ურთიერთობა ხალხის სალაპარაკოდ არ უნდა გახადონ. არაპოლიტიკური ტექსტები საჭირო არ იყო.

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ასეთი კინკლაობა და, ასე ვთქვათ, ერთმანეთში სიძულვილის ენის გამოყენება უნდა შეწყდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ორივე ინსტიტუციას ავნებს, ჩვენ კი სტაბილური ინსტიტუცია გვჭირდება. ორივე მხარეს თავშეკავება მართებს. ეს ქვეყანა ამ ხალხს ჩავაბარეთ და მოვითხოვთ, რომ იყვნენ კორექტულები, საქმეზე მიმართულები იყვნენ. ჩვენი კულტურა ადრე თავაზიანი ადამიანების კულტურა იყო, რაც დაიკარგა. გვაჩვენონ მაგალითი, რომ შეიძლება პოლიტიკურად იბრძოლო. შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ აუცილებელია ფორმის მოძებნა. ახალგაზრდა ხელისუფლების ხელში ვართ, მაგრამ მათ დაღვინებას, დაქალებას და დაკაცებას ვერ დაველოდებით. კატეგორიულად მოვითხოვ, ერთმანეთის მიმართ კორექტულები იყვნენ, რაც საზოგადოების მიმართ კორექტულობა გამოვა.

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): როგორც ყოველთვის, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პრეზიდენტობა, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა არ დატოვა პრეზიდენტის სასახლე, მასზე დაქვემდებარებული ადამიანები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ყოველთვის გამწვავებაზე მიდიან. ცდილობენ, პრეზიდენტი დაამცირონ და ცუდად მოიხსენიონ. ეს გამონაკლისი არაა. პარლამენტის მხარე ისევ გამწვავებაზე მიდის. პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც ყოველთვის, უსამართლოდ ეპყრობიან.

 

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი):  რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს ევალება კობახიძის მსგავსი უტიფარი პერსონის პარლამენტის თავმჯდომარედ დასმის გამო. იგი ჩვეულებრივი დასმული მარიონეტია. მას საქართველოს წინაშე რაიმე დამსახურება არ გააჩნია. მთელი რიგი პერსონალი არიან მარიონეტები. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი აკრიტიკებს ე.წ კონსტიტუციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×