"მოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი გამომცემელი და "საქართველოს სამოთხის", "საქართველოს დიდების" და სხვა ისტორიულ თხზულებათა საქართველოს შესახებ ავტორი, მიხეილ საბინინი" - ასეთი მოკრძალებული განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ "ცნობის ფურცელში" 1900 წლის 13 მაისს საქართველოს სიძველეებისა და ეკლესიის ისტორიის გამორჩეული მკვლევარის - მიხეილ საბინინის გარდაცვალების შესახებ, რომელიც მოსკოვში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.
მისი სურვილი - "დამმარხეთ საქართველოში" აუსრულებელი დარჩა, წლების შემდეგ გულისტკივილით რომ გაიხსენებს გაზეთ "ივერიაში" მღვდელ-მონაზონი ტარასი: "საბინინის უპატრონოდ და ობლად დარჩენილი საფლავი ვნახე და ტირილი მომივიდა... ჭეშმარიტად ეკუთვნოდა იმ კაცს, სურვილისამებრ მისისა, ჰღირსებოდა... მონასტერში (დავით გარეჯი. რედ.) სამი არშინი ცივი დედამიწისა... მაგრამ ვინ არის, სად არის, რომ დღეს უფასებდნენ ადამიანს ან საქმეს და ან შრომას."
დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო მასალა, გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს მეფის რუსეთის მიერ საქართველოდან ორჯერ გაძევებული, დევნილი და შევიწროვებული მიხეილ საბინინის მოღვაწეობიდან და გავიხსენოთ მისი ნაშრომები, რომელთაც, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, დღესაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიისთვის.
მიხეილ საბინინი 1845 წელს დაიბადა ტვერელი მღვდლის - პავლე საბინინისა და ქართველი ქალბატონის - ეკატერინე მირზაშვილის ოჯახში.
სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. მისმა სადიპლომო ნაშრომმა "საქართველოს ეკლესიის ისტორია მე-6 საუკუნის ბოლომდე" საგამოცდო კომისიის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
სწორედ პეტერბურგში სწავლის პერიოდში დაუახლოვდა იგი რუსეთში გადასახლებულ სამეფო ოჯახის შთამომავალთ. განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი მე-13-ის შვილიშვილ იოანე გრუზინსკისთან, ქართველ მეცნიერ დიმიტრი ჩუბინიშვილთან, ქართველოლოგ მარი ბროსესთან და სხვებთან.
მისი შემოქმედების მწვერვალი იყო 1882 წელს პეტერბურგში ქართულ ენაზე მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული, შესანიშნავად ილუსტრირებული წიგნი "საქართველოს სამოთხე", რომელშიც აღწერილი იყო 50 ქართველი წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა; 1889-1895 წლებში ლაიფციგსა და ბერლინში დაბეჭდილი "საქართველოს ეკლესიის დიდების" ცნობილი ხატის ლითოგრაფიები.
როგორც ისტორიკოსი როინ მეტრეველი თავის ნაშრომში წერს, მიუხედავად წინააღმდეგობისა და მრავალი სირთულისა, მიხეილ საბინინი შეუპოვრად იკვლევდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, კრებდა და აქვეყნებდა საქართველოს ისტორიისთვის ფასდაუდებელ მასალებს.
"მას ერთი მეწვრილმანისგან შეუძენია სიგელ-გუჯრები, სამეფო განჩინება, საეკლესიო გადაწყვეტილება და სხვა მასალები ანტონ კათოლიკოსის, ზაქარია გაბაშვილის და სხვათა შესახებ. ამ მასალათა მფლობელი თავის დროზე პლატონ იოსელიანი ყოფილა, მისი სიკვდილის შემდეგ მეწვრილმანეს ჩავარდნია ხელში.
"მიხეილ საბინინის სახელთანაა დაკავშირებული ბოდბის ტაძრის განახლება. მან ფული შეაგროვა და სთხოვა საქართველოს ეგზარქოს პალადის და წმინდა სინოდს, ნება დაერთოთ ბოდბეში დედათა მონასტრის დაარსებისა. მისი მცდელობით შეგროვდა ბოდბის ტაძრის კუთვნილი დიდძალი ნივთები, მოწესრიგდა წმ. ნინოს საფლავი და გალამაზდა ეზო.
ცალკე უნდა აღინიშნოს მიხეილ საბინინის გაწეული შრომა გარეჯის მონასტრის მოვლა-პატრონობისთვის. მონასტერში ჩაიტანა შეწირული ფულით პეტერბურგსა და მოსკოვში შეძენელი ძვირფასი ნივთები, რომელთა შორის გამოირჩეოდა ამერიკული ნიგვზის მოოქროვილი და მომინანქრებული კანკელი; სხვადასხვა საეკლესიო ნივთი.
"საქართველოს სამოთხეში" საბინინმა შეიტანა ქართული ისტორიული ლიტერატურის ორმოცდაათი უძვირფასესი ძეგლი: მოთხრობა მიძინებისა წმიდისა ღუთისა მშობლისა; ანდრია მოციქულის ქადაგება; წამება წმ. მთავარმოწმისა გიორგისა; ცხოვრება წმ. ნინოსი; ცხოვრება იოანე ზედაზნელისა; ცხოვრება და წამება წმ. მოწამისა კონსტანტინე მთავრისა; ანდერძი გიორგი მთაწმინდელისა; ცხოვრება წმ. დიდებულისა მეფისა დავითისა აღმაშენებლისა; ანდერძი წმინდა მეფისა დავითისა და გალობა სინანულისა და სხვა.
ეს დიდი წიგნი, რომელიც 650 გვერდს მოიცავს, როგორც საბინინი წერს: "არა სადა იპოვის ასრე ვრცელი და შეკაზმული მშვენიერებითა მხატვრობებითა, ვითარ წიგნი ესე."
კრებულში შეტანილი მასალებისთვის მეცნიერს მიუკვლევია პეტერბურგის საიმპერატორო სამეცნიერო აკადემიისა და საზოგადო საწიგნობლებში.
ძვირფასი ხელნაწერები, როგორც საბინინი აღნიშნავდა, "დარჩომილნი ბატონიშვილთაგან, რამდენიმე მათგანი მერვე, მეცხრე, მეათე და ჩამომავალთა საუკუნეთა არიან. აგრეთვე პარიზის სამეფო საწიგნობელებისაგან.
მოსკოვის დავით ბატონიშვილისა და რუმიანცევის საწიგნობელთა ხელნაწერთა წიგნთაგან. დიდი ჭირი და იწრობა ვნახე მე ამ წიგნის შედგენისა შინა და უმეტეს დაბეჭდვისა შინა," - წერს თავის ნაშრომში როინ მეტრეველი.
რა ვაი-ვაგლახით უხდებოდა ამ წიგნების გამოცემა მიხეილ საბინინს, ეს კარგად ჩანს 1882 წლის 18 დეკემბერს ზაქარია ჭიჭინაძისადმი გაგზავნილ წერილში:
"საყვარელო ძმაო ზაქარიავ!
- აი, ძამო, მე ჩემი წიგნი გავათავე. ამ წიგნს 17 მანეთად ვყიდი და ამის გარდა ყოველი მყიდველი შემდეგ დაბეჭდვისა უფასოდ მიიღებს "მზემეტყველებას" კათოლიკოს ანტონ პირველისა და მოთხრობებისა. სრულიად მზადა მაქვს, მაგრამ უფულობის გამო ისე მიწყვიან და გასყიდულის ფულით მინდა ქაღალდი ვიყიდო და სტამბის ფასი მივცე. აბა, თუ შეგიძლიან, შემწიე.
შენი ძმა და მეგობარი მიხეილ საბინინი."