ქართველ მწერალთა შორის ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ვაჟა-ფშაველამ დაგვიტოვა, როგორც ბესიკ ხარანაული იტყვის, ლექსები - ვარსკვლავებივითაა დაუთვლელი, პოემები შვიდი მნათობივით, თუმცა არანაკლები ნაამბობი და მოგონებაა ჩვენამდე მოღწეული ვაჟაზე და სწორედ რამდენიმე მათგანი, გვინდა, გავიხსენოთ დღევანდელ სტატიაში.
ფსევდონიმი "ვაჟა ფშაველა" პოეტისთვის პეტერბურგში მის ფშაველ მეგობარ დიმიტრი ცისკარიშვილს შეურქმევია. "ვაჟა" ფშავ-ხევსურეთში ვაჟკაცს ნიშნავს. დიმიტრი ცისკარიშვილი ხან ვაჟას ეძახდა, ხან ფშაველს, მერე შეუერთებია და ვაჟა- ფშაველა დაუძახია.
ერთხელ ვაჟას ძველი ტანსაცმლით გაუვლია, მწერლებს უცვნიათ, მაგრამ არად ჩაუგდიათ. გაბრაზებულა ვაჟა, ძმის ჩოხა ჩაუცვამს და ხელახლა ჩაუვლია. მაშინ კი მიიპატიჟეს ვაჟა მწერლებმა და ღვინო შეუთავაზებიათ. ვაჟას ღვინო ჩოხის "მასრებზე" გადაუსხამს და უთქვამს - "ტანისამოსს ეცით პატივი, თორემ ძველმანით წეღანაც არ გავიარეო?"
ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ჩოხა ჰქონია, რომელიც მწერლებმა აჩუქეს. ერთხელ ვაჟას მეზობელი გარდაეცვალა, მეზობლის ოჯახი კი ისეთი ღარიბი ყოფილა, ჩოხაც არ ჰქონიათ, რომ მიცვალებულისთვის ჩაეცვათ. ვაჟას ეს ამბავი გაუგია. დაუბარებია მეზობლის ბიჭი და თავისი ერთადერთი ჩოხა გაუტანებია - "ქრისტიან კაცს შიშველს ხომ არ დავმარხავთო" - უთქვამს.
როგორც ამბობენ, ვაჟა-ფშაველა სინათლის უქონლობის გამო ხშირად ცეცხლის შუქზე წერდა თავის უკვდავ ნაწარმოებებს. შავად დაწერილს მხოლოდ ერთხელ ათეთრებდა და დაწერილ ადგილებს იშვიათად ასწორებდა.
ოხუნჯობა ძალიან ჰყვარებია ვაჟას. ერთხელ თბილისში ჩამოსულა, შესულა სადალაქოში თმა- წვერის შესაკრეჭად, დალაქისთვის კი შაური მიუცია. დალაქს ეცოტავა გასამრჯელო და უთქვამს პოეტისთვის - შაურს რომ მაძლევ, სემიჩკა ხომ არ მომიყიდია შენთვისო. შენ რომ იცოდე, რა თავი გაკრიჭე, მაგასაც არ გამომართმევდიო - უპასუხია ვაჟას.
ერთხელ მათურელს უთქვამს პოეტისთვის - ლუკავ, რად გინდა, დაჭყეტილი თვალით რომ დადიხარ, არა სჯობის, ექიმს გაასწორებინოო?
- მე რომ ჩემი დაჭყეტილი თვალით არ გიბრიალებდეთ, შენ და ჩემს ძმა სანდროს ვიღა შეგაშინებთო! - ღიმილით უთქვამს ვაჟას.
ილია ჭავჭავაძე ილიაობაზე ყველას თავისთან ეპატიჟებოდა საგურამოში. წესად კი ჰქონდა, რომ მისი ოჯახიდან ფხიზელი არავინ არ უნდა წასულიყო.
ვაჟამ, ცნობილი იყო, რომ ზომა იცოდა სმაში. ილიას ვინ აღარ მიუჩენია, რომ დაეთროთ, მაგრამ ვერა და ვერ დაათვრეს. წასვლის დრო მოსულა და ვაჟა წასასვლელად მოემზადა. მივიდა თავის ბედაურთან და რას ხედავს. ცხენი არყით ისე დაუთვრიათ, რომ ფეხზე ვეღარ იდგა. მე რომ ვერ მომერიეთ, ცხენი დამითვრეთო! - უთქვამს ვაჟას. იმ ღამეს საგურამოში დარჩენილა და კარგადაც მოულხენია.
იოსებ იმედაშვილი იხსენებს: "გასული საუკუნის 80-იან წლებში რუსეთში გამოჩნდა ერთი უცხო ტომიყლაპია, კაზაკთა ატამანი თუ მოატამანო, ვინმე ანისიმოვი, რომელიც მცირე ერთა დაპყრობის აზრებს ქადაგებდა და რუსეთის მეფის მთავრობის მხრივ დიდი წარმატება მოიპოვა.
რუსთ ბატონობის მომხრე გაზეთებიც ტაშს უკრავდნენ; სადაც წავიდოდა, ყველგან გაზეთები დიდის ქებით იხსენიებდნენ, მაგრამ ასეთივე ზეიმით არ შეხვდნენ საქართველოში. იქ იმ დროს გაზეთ "დროების" რედაქტორმა სერგი მესხმა ეს ამბავი გულცივად და უფრო უარყოფითად აღნიშნა.
ერთ დღეს ვსხედვართ რედაქციაში: სერგი მესხი, ახალგაზრდა ვაჟა და მე. ამ დროს შემოიჭრა ერთი შუატანის კაზაკურად ჩაცმული კაცი და შემოჭრისთანავე იკითხა:
- რედაქტორი რომელია?
- მე გახლავართ- მიუგო სერგი მესხმა.
- მე ანისიმოვი გახლავართ.
- ძლიერ სასიამოვნოა!
- თქვენ დაწერეთ ჩემზე?
- ჩვენ დავწერეთ.
- მერე როგორ გაბედეთ! მთელი რუსეთი ხელის გულზე მატარებს, თქვენ კი! - შესძახა ხმამაღლა და ხანჯალი შეისწორა.
-ბატონო, ნუ ყვირით, აქ რედაქციაა! - მიუგო სერგი მესხმა, ცოტა არ იყოს შემკრთალმა. მეც სიცხე დამადგა, აქ ხანჯლით არ დაგვერიოს - მეთქი.
- როგორ თუ ნუ ვყვირი! - ახლავე დასწერეთ თქვენივე საწინააღმდეგო ჩემი საპატიო წერილი, თორემ... და ხანჯლის ტარზე იტაცა ხელი.
სერგი კიდევ უფრო წახდა, შევკრთი მეც, ხოლო ვაჟამ დინჯად მიუგო - თორემ?
- თორემ გიჩვენებთ სეირს და გადახედა შემკითხველს.
- ვიდრე გვაჩვენებდეთ, თვითონვე ნახე, - მიუგო ვაჟამ, წამოხტა, უცებ შეატრიალა, ჭიტლაყი ამოჰკრა და გარეთ გაუძახა -სადაც შენი დაიკვეხო, ჩვენიც არ დაივიწყოო.
იმ წუთას გულზე მოგვეშვა, მაგრამ ქუჩაზე გავლისა კი მერიდებოდა. ეს დამთხვეული არასად შემხვდეს, ხანჯალი არ გვატაკოს მეთქი... მაგრამ ვაჟას ჭიტლაყი ისე ემაგრა ანისიმოვს, რომ მეორე დღიდანვე ტფილისიდან გამქრალიყო.
ქუჩაში არსად შემხვდესო... დააბოლოვა აკაკიმ სიცილით. მერე დაუმატა, ჩემო რედაქტორო, მე იშვიათად მინახავს მწერალი, რომ სიტყვა და საქმე ასე ერთი ჰქონდეს, როგორც ვაჟას... მას დღეს აქეთ იგი ჩემს გულში კელაპტარივით ანთია!".
"ვაჟა- ფშაველა მე პირადად გავიცანი პეტერბურგში, როდესაც უნივერსიტეტში მივედი. ის მოვიდა თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში და ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომებს სათვისტომო საკითხების შესახებ.
ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად. არავითარი რვეული ან წერილობითი საბუთი ხელში არ ჰქონია და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება. ლექსები, რასაკვირველია, დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენზე.
როდესაც მე დავაარსე საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოება, ჩვენ შევუდექით აგრეთვე სახალხო პოეზიის ნიმუშების შეკრებასა და გამოქვეყნებას. გვინდოდა დაწვრილებით ეთნოგრაფიული მასალები, საზოგადოდ მთიელთა და განსაკუთრებით ფშავ-ხევსურების შესახებ.
მე ვთხოვე ვაჟა-ფშაველას "ამას შენზე უკეთესად ვერავინ ვერ შეგვიდგენს. გასამრჯელოს მოგართმევთ, შეგვიკრიბე ასეთი მასალა. ჩვენ გვაინტერესებს, ვიცოდეთ ფშავ-ხევსურების ცხოვრების პირობები, მათი ზნე-ჩვეულებანი, მისწრაფებანი და ხასიათი."
ვაჟა-ფშაველა დამპირდა და რამდენიმე ხნის შემდეგ მოგვიტანა შესანიშნავი მოთხრობა "ფშაველი და მისი წუთისოფელი", რომელიც დაიბეჭდა "ძველი საქართველოს" მეორე ტომში.
ეს ნაწარმოები ნამდვილად პოეტური მოთხრობაა, რომელსაც თან ახლავს ფშავური ლექსები და ანდაზები. ხევსურების შესახებ ასეთი მოთხრობის დაწერა, საუბედუროდ, მას აღარ დასცალდა" - ამონარიდი ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებიდან ვაჟაზე.
როგორც ამბობენ, 1924 წელს სერგო ორჯონიკიძესთან მივიდა ქართველ მწერალთა დელეგაცია და სთხოვეს, ლევან რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო. სერგო ორჯონიკიძეს ქართველი მწერლები ასეთი პასუხით გამოუსტუმრებია: თვითონ ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო!