საქართველოს ისტორიაში ძნელად თუ შევხვდებით ისეთ ოდიოზურ პერსონას, როგორიც სამეგრელოს მთავარი ლევან მეორე დადიანია. მას არ გაუმართლა იმით, რომ დროს ასცდა და სხვა რეალობაში არ დაიბადა. ის იყო კაცი, რომელმაც ჩაკეტილ სივრცეში მოახერხა საკმაოდ ბევრი რამ - საკუთარი მამულის გაძლიერება კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით.
მას ურთიერთობა ჰქონდა იმ დროისათვის თითქმის ყველა პოლიტიკურ ლიდერთან - რომის პაპიდან დაწყებული, შაჰ-აბასით დამთავრებული. მას ანგარიშს უწევდა რუსეთი, ოსმალეთის სულთანი.
ამბავი დროს აცდენილი კაცისა
მსოფლიოს ნებისმიერი ფეოდალი კი არა, უზენაესი ხელისუფალი - მეფე ინატრებდა ასეთ ხვავრიელ და ინტენსიურ კონტაქტებს. ეს ის კოზირია, რომლის საშუალებითაც ქვეყანას სულ სხვა მასშტაბები შეიძლება შესძინო, საკუთარი მამული უფრო საინტერესო გახადო მსოფლიო ცივილიზაციისათვის, მაგრამ ეს სულ სხვა ეპოქაა - მეჩვიდმეტე საუკუნე, როცა საქართველო სამეფო-სამთავროებადაა დაშლილი.
საქართველო გლობალური მსოფლიო პოლიტიკის ინტერესის სფეროში აღარ მოიაზრება, ის საინტერესოა, როგორც რეგიონული მნიშვნელობის გეოსტრატეგიული არე.
ასეთ რეალობაში შეძლო იმ მასშტაბების მიღწევა, რასაც ლევან დადიანმა მიაღწია, მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერ და გონიერ კაცს თუ ხელეწიფება, თუმცა ამ გონიერი პოლიტიკოსის მიღმა დგას საკმაოდ ოდიოზური, სკანდალური ადამიანი, კაცი, რომელმაც ცოლს ცხვირი მოაჭრა, ბიძამისს ცოლი წაართვა, საკუთარი და - საქართველოს ისტორიაში ცნობილი მარიამ დედოფალი (მის სახელს უკავშირდება სვეტიცხოვლის რესტავრაცია, ქართლის ცხოვრების ნუსხის გადაწერა, რომელიც ჩვენამდე მოღწეულ ნუსხებს შორის ყველაზე ადრინდელია) ისე "აბურთავა", როგორც მისთვის სასურველი პოლიტიკა მოითხოვდა.
სწორედ მარიამის საშუალებით უახლოვდება ის შაჰ-აბასს, მარიამი პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად სეფიანთა შაჰის პოლიტიკის გამტარებელ როსტომ ხანის მეუღლე ხდება, ხოლო როსტომის სიკვდილის შემდეგ შაჰ-ნავაზს მიჰყვება ცოლად.
საცნაური ისიცაა, რომ ლევან დადიანი, რომელსაც სამეგრელოს კარზე ჩამოსული ყველა დასავლეთევროპელი მისიონერი აღიარებს, როგორც განათლებულსა და განსაკუთრებული უნარისა და ნიჭის მქონეს, დედით ბაგრატიონია, კახეთის მეფე ალექსანდრე მეორის შვილიშვილი. სწორედ აქ, გრემში, კახეთის სამეფო კარზე ყალიბდება ლევანის ფსიქოლოგიური ტიპი.
როგორ აირეკლა დადიანის მენტალიტეტზე ბავშვობის უმძიმესი ეპიზოდები
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისი ურთულესია პოლიტიკური თვალსაზრისით. ასპარეზზე ჩნდება ახალი პოლიტიკური მოთამაშე, რუსეთი, რომლის მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას გამოხატავენ კახეთის მეფის კარზე.
მაჰმადიანთა დაპირისპირების არედ ქცეულ საქართველოში იმედით შეჰყურებენ ერთმორწმუნე ჩრდილოელს, როგორც დამხმარე ძალას, ბუნებრივია, ჯერ კიდევ არავინ უწყის - რუსი სანდო არაა, რომ რუსთან დადებულ ხელშეკრულებას კაპიკის ფასიც არა აქვს.
ეს ის პერიოდია, როცა ჩრდილოეთ კავკასიის საკმაო ნაწილი ოსმალთა გავლენის ქვეშაა, აქ გავრცელებული მაჰმადიანობა, ფაქტობრივად, ანგრევს კავკასიური ერთიანობის იმ მოდელს, რასაც საუკუნეების განმავლობაში წარმატებით იყენებდნენ ქართველი მეფეები.
ჩრდილო კავკასია ახლა სწორედაც რომ კავკასიური ერთობის დასაშლელად გამოიყენება. რუსის გამოჩენა კავკასიაში ნამეტნავად აფორიაქებს მაჰმადიანურ სამყაროს, მიუხედავად სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებისა, არც ირანს და არც ოსმალეთს არ სჭირდება კავკასიის შემცილე, მესამე ძალა.
ეს გაღიზიანებას იწვევს და სწორედ ასეთ რეალობაში მწიფდება ის დრამატული ეპიზოდი, რამაც ჭკუა უნდა ასწავლოს რუსეთის შემყურე კახეთს. სისხლიანი 1605 წელი შავ ლაქად შევა ისტორიაში.
შაჰ-აბასი გამაჰმადიანებულ კონსტანტინეს აგზავნის კახეთის სამეფო ტახტზე. კეთილად ხვდებიან მას მამამისი ალექსანდრე და ძმები. კონსტანტინე სეფიანთა დავალებას ასრულებს და კლავს მამას და ძმას.
ამას ლევან დადიანი საკუთარი თვალით ხედავს, ამ დროს ის 8 წლისაა, 8 წლის ბავშვის ფსიქიკამ მძიმედ აირეკლა ეს ეპიზოდი. ღალატი, თვალთმაქცობა, გაუტანლობა, რწმენისთვის თავდადება... კონსტანტინე თავისი რძლის, მის მიერ მოკლული ძმის ცოლის - ქეთევან დედოფლის ცოლად მოყვანას ითხოვს.
გაოგნებულია დედოფალი, გაოგნებულია კახეთი. მცირეწლოვანი ბავშვის თავში ეს ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი და მის ცნობიერებაშიც ძალუმად იჭრება.
როგორ წაართვა ლევან დადიანმა ბიძამისს ცოლი
დედის სიკვდილთან ერთად სწორედ ამ ზნეობრივად მრავალფეროვან წახნაგებში უნდა ვეძიოთ ლევან დადიანის ფსიქოლოგიური ტიპის ფორმირების სათავე. 5 წლის შემდეგ, 1611 წელს, ლევანს სამეგრელოში აბრუნებენ - მამამისი მანუჩარ დადიანი ტრაგიკულად აღესრულა და სამეგრელოს მთავრის ტახტი უნდა გადაიბაროს.
ზუგდიდის ახლოს ნადირობისას მანუჩარის და მისი აზნაურის ცხენები ერთმანეთს დატაკებიან შემთხვევით. ეს შემთხვევა ფატალურად დასრულებულა, მანუჩარი ვეღარ მოუბრუნებიათ სააქაოს, რამდენიმე დღე უცოცხლია, სასიკვდილო სარეცელზე მხოლოდ ის მოუსწრია, რომ გიორგი ლიპარტიანისთვის უთქვამს - ლევანს შენ მიმიხედეო.
სწორედ გიორგი ლიპარტიანის, მისი ბიძის, მეურვეობით იბარებს ლევანი სამთავროს ტახტს, ამ დროს ის 14 წლისაა. სულ მალე გადაწყდა ლევანის ქორწინების ამბავიც - აფხაზთა მთავრის - სეტემან შარვაშიძის ქალიშვილი დარეჯანი მოიყვანა ცოლად, ორი შვილიც ეყოლათ, მაგრამ ვერ შედგა მათი ოჯახური თანაცხოვრება.
მიზეზი ლევან დადიანის ბიცოლა, ბიძამის გიორგი ლიპარტიანის ცოლი ნესტან-დარეჯანი გახდა, გვარად ჭილაძე. ნამეტანი ცუდად დაადგა თვალი ლევანმა ბიცოლას, არც ნესტან-დარეჯანი განაზებულა და გაიბა ქართული მენტალობისთვის უპრეცედენტო რომანი.
ლევანი ამალით ეწვია ბიძამისს სალიპარტიანოში, აქედან მოიტაცა გულისსწორი და ცოლად დაისვა. ლიპარტიანისათვის ამ ამბავს ბნედა გამოუწვევია და იქვე მომკვდარა.
როგორც ჩანს, ნამეტანი იძალა ვნებებმა, ისიც აშკარა გახდა, რომ ლევანს არც უცდია, ასეთი უპრეცედენტო ურთიერთობა საკუთარ ბიცოლასთან დაემალა, პირიქით, იმაზე დაიწყო ფიქრი, რომ როგორმე მოეშორებინა ოფიციალური მეუღლე.
როგორ გადაუხადა ლევან დადიანს მეუღლემ სამაგიერო
კულუარები საკმაოდ ჩახლართულია, ვნებები ისე დუღს, ვერსალის სამეფო კარი მონაგონია. რატომღაც ლევანს არ უფიქრია ორცოლიანობა, ბუნებრივია, მისი მენტალობისა და ფსიქოლოგიის კაცისთვის არ იქნებოდა ეს ნაბიჯი უცხო და გასაკვირი. არ უფიქრია ალბათ იმიტომ, რომ დარწმუნდა მისი ოფიციალური მეუღლის ღალატში.
აქაც ვნებებია აშლილი - ბიცოლაზე შეყვარებულ ქმარს ვერ აპატია ასეთი ქცევა შარვაშიძის ასულმა და თავადაც იგივე ფორმით მოისურვა ქმრისთვის სამაგიეროს გადახდა. სამეგრელოს პირველი ვეზირი მერაბ ქორთოძე ყოფილა დედოფლის რჩეული.
ამ კავშირს მეცნიერთა უმრავლესობა უარყოფს, ფიქრობენ, რომ ლევანმა ეს ყველაფერი თავად ჩაიფიქრა და თავად მოაწყო დიდი სპექტაკლი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთი შეუბრალებელია ლევანი თავისი ცოლისა და პირველი ვეზირისადმი, მათი დასჯისას ისეთ სასტიკ ფორმებს იყენებს, რომ აქ უნდა გამოირიცხოს თამაში, ასე მხოლოდ გამწარებული და უკიდურესად შეურაცხყოფილი ადამიანები იქცევიან.
ღალატის გამო ლევან დადიანმა მეუღლეს ცხვირი მოაჭრა. აფხაზეთის მთავარ შარვაშიძეს თითქოს ცხვირმოჭრილი ასულის უკან მიბრუნება არ ეყოფოდა, ახლა მისი სამთავროს აოხრება განიზრახა ლევანმა.
სეტემანი დაბნეულია, მოულოდნელობის ეფექტი თავისას აკეთებს, შარვაშიძე იძულებულია, კავკასიის მთიანეთს შეაფაროს თავი. ეს ისეთი გამოწვევაა, რომელსაც ვერასდროს მოინელებს კაცი, არაა გასაკვირი, რომ სეტემანი შანსს არ ტოვებს, სამაგიერო გადაუხადოს დადიანს, ამიტომაც ხშირად არბევს სამეგრელოს.
როგორ ცდილობდნენ ფეოდალები დადიანის თავნებობის აღკვეთას
ლევანის გაძლიერება და თავნებობა ფეოდალურ წრეებს ნაკლებად აძლევს ხელს, დადიანის წინააღმდეგ იკვრება საკმაოდ ფართო წრე, რომელმაც ლევანის მისწრაფებები უნდა გაანეიტრალოს.
დადიანმა პირველი ვეზირი, ბუნებრივია, გააძევა ოდიშიდან, თავშესაფარი მერაბმა გურიაში ნახა. სწორედ გურიელის კარზე იკვრება ლევანის წინააღმდეგ მოქმედთა წრე. გურიელი, ფაქტობრივად, დადიანის გავლენის ქვეშაა, მის სამთავროს ის განაგებს.
შეთქმულებაც სწორედ აქ დაიგეგმა, ამ საიდუმლო გეგმაში ჩართეს დადიანის მერიქიფეც. ყველაფერი სკრუპულოზურად იყო გათვლილი.
დადიანი ტრაპეზისას ერთსა და იმავე ადგილზე ჯდებოდა. მისი ეს ჩვევა გამოიყენეს და ამ რეალობაზე ააგეს გეგმა შეთქმულებმა.
ერთ-ერთი წვეულებისას მეღვინის ნიშანზე დაქირავებულმა მკვლელმა აფხაზმა დადიანს სკამის ზურგიდან მახვილი ესროლა, გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არც არსებობდა, თუმცა დადიანს გაუმართლა, სიმკვირცხლემ უშველა, უცებ გაიაზრა, რაც ხდებოდა მის თავს და მაგიდას გადაემხო. არც დაშავებულა ისე გადარჩა.
დადიანი საქმის გარკვევას შეუდგა. აღმოჩნდა, რომ შეთქმულებს თანაუგრძნობდა მისი ძმა იესე. განაჩენი სასტიკი იყო - იესეს თვალები დასთხარეს და რაც კი ქონება გააჩნდა, წაართვეს. დაიჭირეს მერაბ ქორთოძე - ჯერ მოკლეს, შემდეგ კი უპრეცედენტო ვერდიქტი გამოუტანეს - მისი ცხედრის ზარბაზნიდან გასროლა ბრძანეს და აღასრულეს კიდეც.
ჯერი სიმონ გურიელზე მიდგა, დადიანმა გურიელი დაამარცხა და შემდეგ თვალები დასთხარა.
როგორ დაუსვა წერტილი ლევან დადიანის ოცნებებს ერთმა საბედისწერო შემთხვევამ
ეს ლევან დადიანის საგმირო ქმედებების მხოლოდ მცირედი ნაწილია, მისი ცნობიერება კლასიკური ფეოდალის მსოფლმხედველობითაა ხელდასხმული და ამ პრიზმიდან ყველაფერს სათავისოდ ხედავს - დასავლეთ საქართველოსაც და აღმოსავლეთსაც, როგორც ბაგრატიონი, დიდი ალექსანდრე მეორის შვილიშვილი.
ეს ინტრიგებიც მეტ-ნაკლებად მისი ოცნების საქართველოს იმპერატორობაზეა (ეს იტალიელი მისიონერის, კასტელის ფორმულირებაა) გათვლილი, თუმცა მანამდე დიდი გზაა... არადა, ამ დიდ გზას, ჩაკეტილ სივრცეს ისეთი ოდიოზური კაციც კი, როგორიც დადიანი იყო, ვერ მოერია, ვერ გადალახა ფეოდალური ცნობიერება და ფსიქოლოგიური მარწუხები.
ამ ინტრიგათა კასკადს საკმაოდ სევდიანი დასასრული აქვს - დადიანს ჭილაძის ქალთან ორი ვაჟი ეყოლა, ერთი - ალექსანდრე, რომელიც ვერ დადიოდა, მეორე პაპის სეხნია მანუჩარი, მამასავით მკვირცხლი და მოხერხებული. მანუჩარ დადიანზე იყო მთელი იმედი გადატანილი, მასზე დიდ ფსონს დებდა მამამისი, თუმცა...
აყველაფერი ერთმა საბედისწერო შემთხვევამ გადაწყვიტა - მანუჩარი მოულოდნელად დაიღუპა. ეს უდიდესი ტკივილი იყო მამისთვის, ამ ტრაგედიამ ალბათ განვლილი ცხოვრება სხვაგვარად დაანახა სამეგრელოს უძლეველ მთავარს.
აყველაფერს მოერია ლევანი, შვილის სიკვდილს კი - ვერა. თავზე ლახტი გადაურტყამს უბედურს. დიდხანს აღარ უცოცხლია. საქართველოს ისტორიაში ყველაზე ოდიოზური ფიგურა წალენჯიხის ტაძარში დაკრძალეს.
ეს 1657 წელია, ამ წელს დაესვა წერტილი საქართველოს იმპერატორობაზე მეოცნებე კაცის ფიქრებს. მისი ოცნების სამეფოს, კახეთს, თურქმანთა ველური ტომები შემოსევიან. ბახტრიონის აჯანყებამდე სამიოდ წელიღა რჩება.