ია აბულაშვილი
24.07.2017

 ქართული ხალხური მედიცინის წიაღში მკურნალთა არაერთი საგვარეულო შტო იშვა, რომელთაც უნიკალური მალამოები შექმნეს. რა თქმა უნდა, ყველას ერთ სტატიაში ვერ გავიხსენებთ, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ამბავს შევთავაზებთ მკითხველს ქართული მალამოს ისტორიიდან.

სამკურნალო მალამოების დამზადების შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები.

როგორც არქეოლოგები ამბობენ, სვანეთში ჭრილობის სამკურნალოდ საქონლის ძვლის ტვინს და ქონის ნაზავს იყენებდნენ. სვანეთში ასევე აღმოჩენილია მალამოს მოსამზადებელი ორსართულიანი ჭურჭელი.

დიდ დოქში თანაბარი რაოდენობით ფიჭვის ფისსა და გოგირდს ყრიდნენ ფენა-ფენად. დოქს დოლბანდით მოუკრავდნენ თავს, ქვაბის სახურავს თავს ამოჭრიდნენ, მიწაში ჩამარხავდნენ, დოქს ზემოდან ცეცხლს დაუნთებდნენ. დოქი ცხელდებოდა, შიგ მოთავსებული ფისი დნობას იწყებდა და წამალი ქვაბში იწურებოდა. ამ ხერხით დამზადებული მალამო კანის დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

ძირითადად მალამოები მზადდებოდა სამკურნალო მცენარეებისაგან. კოლხეთის დაბლობზე გაშენებული ყოფილა "ჰიკადეს ბაღი", სადაც 40-ზე მეტი სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ.

მალამოების შესანახად სპეციალურ ჭურჭელს იყენებდნენ. მაგალითად, მცხეთაში აღმოჩენილია მინის კოლბა, რომელიც პირველი - მესამე საუკუნეებით თარიღდება.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად ასევე აღმოჩენილია უძველესი სამკურნალო აბანოები. "ვეფხისტყაოსანში" ნახსენებია "ვარდის წყლის აბანო" - "ხშირად ესხნა მარგალიტი ვარდის წყლისა აბანოსა".

საპონსაც საქართველოში უძველესი დროიდან იყენებდნენ, ძირითადად სხვადახვა ბალახოვანი მცენარისგან მზადდებოდა: საპანი, საპონელა, ყოჩივარდი, ქაფუნა, კალია. ხშირ შემთხვევაში ეს საპნებიც სამკურნალო დანიშნულების იყო. მალამოს ფუძედ ასევე მიჩნეულია ზეთები, კერძოდ, ზეითუნის, არაქისის, ნიგვზის, აბუსალათინის და სხვა.

მედეას თურმე ზეითუნის ზეთისგან ისეთი მალამო დაუმზადებია, რამაც იაზონს ძალა და მხნეობა შემატა.

ამ სასწაულმოქმედი ზეთების შესახებ, რომლისგანაც შემდეგ მალამოები მზადდებოდა, წერდა მარკო პოლოც: "საქართველოს საზღვრის მახლობლად არის ნაკადული, რომლიდანაც მოედინება ზეთი ისეთი სიუხვით, რომ შეიძლება ასი გემი დაიტვირთოს ერთ ჯერზე.

"ეს ზეთი საჭმელად არ არის გამოსადეგი, მაგრამ გამოიყენება როგორც მალამო, მას შეუძლია ადამიანისა და აქლემის განკურნება მუნისგან."

მალამოს კეთებაში დახელოვნებული ყოფილან ასურელი მამები, რომლებიც სამკურნალო საშუალებად იყნებდნენ ირმის რძეს. ირმის რძის სასწაულებრივ მოქმედებაზე ერთი ასეთი თქმულებაც არსებობს.

გელათის მშენებლობისას ტაძრიდან გადმოვარდნილ, მძიმედ დაშავებულ დავით აღმაშენებელს სამასხუთმა აქიმმა ვერაფერი უშველა, მხოლოდ სამას მეექვსე მკურნალმა, გვარად ავშანდაძემ, შეძლო მეფის გადარჩენა, მან თორმეტი ფურ-ირმის ნაწველ რძეში ჩააწვინა სიკვდილის პირას მყოფი მეფე.

"როდესაც აღმაშენებელი გელათს აშენებდა და გალავანიდაღსა გადმოვარდა, სამასდახუთი აქიმი მოასხეს და ვერა უშველეს. მაშინღა სხვა ერთი აქიმი მოვიდა ყველას უკანის ბოლოსა. მან ასრე თქვა: თუ არა ირმის რძეშიგან დავაწვენთ, არა ეშველების რაო. ქნეს მოკითხული, შეღონდეს, წამოდგა კაცი, ასრე თქუა - "ავშანდაძესა უთქოს თორმეტი ფური ირმის მეწველიო." სხვა ქვეყანასა არა იშოვებოდა. მოიღო ავშანდაძემან რძე, იპრიანა ღმერთმან, დარჩა აღმაშენებელი."

ისტორიამ ასევე შემოგვინახა სხვა მკურნალების სახელებიც: მე-11 საუკუნეში შატბერდის მონასტერში მოღვაწე ცნობილი "აქიმი სამცხისა" გრიგოლ ვაჩაძორელი, რომლის ხელნაწერები მედიცინაზე უცხო ენაზე ითარგმნა 1462-66 წლებში. ასევე ზაზა ფანასკერტელი და მისი "სამკურნალო წიგნი" - კარაბადინი.

მე-14 საუკუნეში ასპარეზზე გამოჩნდნენ მკურნალები მაღარაძე და ივანიძე, რომლებსაც წამლების, მათ შორის მალამოების, აფთიაქიც ჰქონიათ. შემდეგ საუკუნეებში კი მკურნალთა ამ არაერთ საგვარეულო შტოს შეემატნენ თურმანიძეები, ასკურავები, ბერულავები, ნაჭყეპიები და მათი უნიკალური მალამოები.

თურმანიძეების მალამო

ზუსტად არავინ იცის, როგორ აღმოაჩინეს ამ უნიკალური თვისებების მქონე მალამოს რეცეპტი ათი საუკუნის წინ, მაგრამ თურმანიძეების გვარი რომ უკვე მრავალი საუკუნეა, ასოცირდება სასწაულებრივ მალამოსთან, ეს ფაქტია.

სპარსულად "თურმენი" მკურნალს ნიშნავს. ქართულ ისტორიულ წყაროებში ეს გვარი პირველად მე-11 საუკუნეშია ნახსენები. ბაღდადთან, სოფელ წითელხევში, დღემდე შამონახულია პატარა ბაზილიკა, რომლის კედელზეც ფრესკების ქვეშ არის წარწერა: "გიორგის თურმანიძეს, მეუღლესა გულფიქრიას შეუნდოს ღმერთმან. ამინ. ძე მათი თურმანი."

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, გველის ზიგზაგების სიმბოლიკა, რომელიც გამოსახულია ჯვრის სამკლავებში, თურმანიძეების ტრადიციულ საქმიანობაზე მიანიშნებს.

თურმანიძეები საუკუნის განმავლობაში მეფის კარის მკურნალები ყოფილან. ამ გვარს ასევე იხსენიებენ სპარსული, თურქული, აზერბაიჯანული და სომხური წერილობითი წყაროები.

თურმანიძეების გვარის მკურნალებს იწვევდნენ უცხო ქვეყნების მეფეთა სამკურნალოდ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ეს გვარი დიდი პატივით მოიხსენიებოდა რუსეთშიც.

"ამათი გვარნი არიან იმერეთიდგან სამეფო აზნაურები, მოსულნი ქართლში დროსა მეფისა თეიმურაზისას, ქრისტესა აქეთ 1748 და რომელნიცა მოხსენიებულ არიან მეფისა ირაკლისაგან ტრაქტატსა შინა."

მათზე, როგორც მკურნალებზე, ლეგენდები დადიოდა. ამბობენ, 1812 წელს, კახეთის აჯანყების, დროს ფეხში დაჭრილი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე სწორედ თურმანიძის მალამომ განკურნა. გაზეთი "დროება" კი იტყობინებოდა, რომ "სერბეთში დაჭრილების სამკურნალოდ თურმანიძეების გაგზავნაა განზრახული."

გარდა ისტორიული წყაროებისა, თურმანიძეების გვარის კეთილშობილური საქმიანობა ჩანს აკაკი წერეთლის პოემის ერთ ნაწილში - "კიკოლას ნაამბობი":

"იმერელი ვარ ნამდვილი, იმერეთს დაბადებული. გვარადაც თურმანიძე ვარ, ჯანიოზობით ქებული. თვით უკვდავების წყაროში მოზელილი მაქვს მალამო, ანდერძი საგვარეულო გვიწერს, რომ უნდა დავფაროთ და მოსწავლედაც სხვა გვარის ვერავინ ვერ დავიბაროთ."

საექიმო პრაქტიკის ოფიციალური უფლება პირველმა მალაქია თურმანიძემ მოიპოვა. სახალხო მკურნალი 1929 წელს მოსკოვში გამოიძახეს და ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. ბოლშევიკებს საკუთარი თვალით უნდოდათ ენახათ ამ მალამოს სასწაული. მალაქიას თვითონ ამოურჩევია პაციენტები, რომელთა მორჩენაც მართლა შეეძლო.

მკურნალობიდან ორი დღის შემდეგ პაციენტებმა ისეთი შვება იგრძნეს, რომ მერე სხვა ექიმებს აღარ იკარებდნენ. მოსკოვიდან საექიმო პრაქტიკის უფლებით დაბრუნებულ მალაქია თურმანიძეს მოსკოვში მიღებული სიგელი ბუხრის თავზე შემოუგდია და უთქვამს, რაში მჭირდება მაგათი სიგელი, თურმანიძეებს მაგის გარეშეც გვაღიარებენო.

თურმანიძეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უცხოეთის ქვეყნებიდან მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, გაეყიდათ მალამოს დამზადების რეცეპტი, ეს უნიკალური მალამო საქართველოს შემოუნახეს და დღესაც იმ ბუნებრივი შემადგენლობით ამზადებენ, როგორც საუკუნეების წინ - მათი წინაპრები.

საქვეყნოდ ცნობილია ერთი ამბავიც. ამბობენ, რომ იტალიის სახალხო გმირი ჯუზეპე გარიბალდი თურმანიძეების მალამომ ფეხის ამპუტაციისგან იხსნა.

ამ ისტორიულ ცნობას გარიბალდის თურმანიძეების მალამოთი სასწაულებრივი გამოჯანმრთელების შესახებ თურმანიძეების შთამომავალი ზურაბ თურმანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებს.

"მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდით, მოგვეძებნა ამ ისტორიული ცნობის დამადასტურებელი საბუთი. საბჭოთა პერიოდში იტალიაშიც წავედი. ჩვენი ვარაუდით, გარიბალდის თურმანიძის მალამოთი სასწაულებრივი გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია ვატიკანის არქივში უნდა ყოფილიყო დაცული.

"მაშინ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ წერილიც გამატანა ვატიკანში. სთხოვდა, დამხმარებოდნენ საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, მაგრამ წასვლის წინ "კაგებეში" დამიბარეს და მირჩიეს, შინ დამეტოვებინა ეს გზავნილი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×