რატომ გახდა ოდიშის სამთავროს თემა აქტუალური ევროპისა და ირანისათვის
მამუკა ნაცვალაძე
24.07.2017

 მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს ისტორიას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მარიამ დადიანი, ქალი, რომელიც თავისი ეპოქის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის ეპიცენტრში აღმოჩნდა.

მისი ძმა, ოდიშის მთავარი ლევან მეორე დადიანი, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ოდიოზური და გავლენიანი ფიგურაა, მისი საერთაშორისო კავშირები სულ სხვა ხიბლს და ძალას მატებს ოდიშის პერსპექტივას. ამ ფონზე ლევანი თავის ულამაზეს დას, მარიამს, პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისათვის იყენებს.

მარიამს საოცარი ბედი არგუნა განგებამ - სამჯერ გაათხოვეს, სამჯერვე მისი ქორწინებისას პოლიტიკური სარჩული იყო მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი მისია მას მეორე ქორწინებისას დაეკისრა - სეფიანთა წინასწარი გათვლით, მარიამს უნდა დაებალანსებინა ის მშვიდობიანი პოლიტიკა, ქართველობას რომ უთხრიდა ძირს და ქვეყნად ჩვენი მენტალობისთვის მიუღებელ ადათ-წესებს რომ ამტკიცებდა.

რატომ ცდილობდნენ ევროპა და ირანი აბრეშუმის გზის აღდგენას

მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდანვე საკმაოდ საინტერესო გეოსტრატეგიული რეალობა გამოიკვეთა. თურქეთის სულთანი შიშის ზარს სცემს არა მარტო ახლო აღმოსავლეთს, დასავლეთ ევროპასაც.

ამიტომაც ანტითურქული კოალიციის გააქტიურება ახლა ყვლაზე მნიშვნელოვანია, ოდიშის სამთავროს ამ მხრივ დიდი ყურადღება ექცევა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს კონკრეტული მიზანი აქვს.

იმდროინდელ სახელმწიფო მმართველთა შორის არის მუდმივი ფიქრი იმისა, რომ ფუნქციადაკარგული აბრეშუმის გზა აღდგეს, ეს დამატებით შემოსავალს მისცემს ყველას. ამ კონტექსტითაა საინტერესო სამეგრელო ევროპისა და ირანისათვის, როგორც შუა გზა.

არის კონკრეტული გეგმა, რომ ირანი-საქართველო-უკრაინა-პოლონეთის მარშრუტის მეშვეობით სავაჭრო კავშირების ინტენსიობა გაიზარდოს. ეს კი ის მაგისტრალია, რომლითაც მეტ-ნაკლებად აღდგება ფუნქცია, საქართველომ კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგად რომ დაკარგა.

ერთი სიტყვით, სწორედ ამ კონტექსტშია საინტერესო და საცნაური ლევან დადიანის ოდიოზური ფიგურაც, მარიამ დედოფლის სამი ქორწინებაცა და ირანის შაჰის კარის დაინტერესებაც ქართველი დედოფლით.

სეფიანების წარმატებულ პოლიტიკას სჭირდება ქრისტიანი მარიამ დედოფალი, ქალი, რომელიც თავის ქვეშევრდომებში პოპულარული იქნება და თავისი საქმიანობით ერთგვარად გაანელებს ირანელთა მიმართ იმ რისხვას, მათ უკეთურ პოლიტიკას რომ მოუტანია შედეგად.

მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს მეტასტაზებივით ჩუმად და ვერაგად მოსდებია ირანული ცხოვრების წესი, ეს სულ სხვა სტრატეგიაა, სულ სხვა ტაქტიკა, მანამდე უცხო და უპრეცედენტო ქართული რეალობისთვის.

ეს ფერისცვალება და პოლიტიკური გარდატეხა საქართველოს მიმართ ირანულ პოლიტიკაში 1631 წლიდან იწყება. მანამდე სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობს საქართველო, ის ხმალამოღებული იბრძვის სეფიანების წინააღმდეგ, მანამდე ქართლის მომავალ დედოფალ მარიამსაც სულ სხვა ცხოვრება აქვს.

ამბავი მარიამ დედოფლის პირველი ქორწინებისა

მარიამ დადიანი მანუჩარ დადიანის შვილია. მას შემდეგ, რაც მანუჩარის პირველი მეუღლე, კახეთის მეფე ალექსანდრე მეორის ქალიშვილი ნესტან დარეჯანი, ლევანზე მშობიარობას გადაჰყვა, ოდიშის მთავარმა სამცხის მთავრის ასულ თამარზე იქორწინა. სწორედ ამ ქორწინებიდან გაჩნდა მარიამი.

1611 წელს მანუჩარ დადიანი ტრაგიკულად დაიღუპა და ტახტზე ავიდა მარიამის უფროსი ძმა ლევანი. ამ დროს, სავარაუდოდ, მარიამი 3-4 წლის უნდა იყოს.

ლევანის მიზანია გავლენის მოპოვება ჯერ დასავლეთ, ხოლო შემდეგ მთლიან საქართველოში. ამ ჯერზე მისი მთავარი მოწინააღმდეგეა იმერეთის მეფე გიორგი მესამე, სწორედ მის წინააღმდეგ მოქმედებისთვის სჭირდება დადიანს გურიელის კეთილგანწყობა.

ამ გათვლას ემსახურება 1621 წელს მარიამის ქორწინება გურიის მთავრის - მამია მეორის ვაჟ სიმონთან. იდილია სუფევდა გურიელების ოჯახში. დაიბადა ოტია, მარიამის უსაყვარლესი შვილი, თუმცა ეს იდილია სულ მალე დაირღვა - სულსწრაფი აღმოჩნდა სიმონი, ვერ მოითმინა, ჟამთა სვლისთვის მიენდო ნება პირველობისა და ტახტს დახარბებულმა საკუთარი მამა, მამია, ძილში გამოასალმა სიცოცხლეს.

ეს 1625 წელს ხდება. ამას დაერთო სიმონის მიერ ლევან დადიანის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა. დადიანს განსაკუთრებული მიზეზი აქვს, დასაჯოს სიმონი. ის იოლად ამარცხებს მამისმკვლელ გურიელს, რომელსაც ოდიშის მთავრის ბრძანებით თვალები დასთხარეს და გურიიდან გააძევეს.

ძნელია იმის გარკვევა, სიმონ გურიელს თვალების დათხრამ გაუნათა გონება და ისე შეუდგა ბერობის გზას, თუ ეს მისი ფიზიკური გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო.

ფაქტია, რომ მამისმკვლელი გურიელი დიდხანს რჩება იერუსალიმში ბერის სტატუსით. ლევანმა თავისი და მარიამი გურიელს ოფიციალურად გაჰყარა და შვილთან ერთად ოდიშში წაიყვანა.

რა მისია დააკისრა სეფიანთა კარმა მარიამ დედოფალს

სეფიანთა ირანი მეჩვიდმეტე საუკუნის 30-იანი წლებიდან სტრატეგიას ცვლის - აშკარა ბრძოლაზე ხელს იღებს და წინააღმდეგობის დაძლევის ფარულ მეთოდებს ირჩევს.

საქართველოსთან სეფიანთა ურთიერთობა უნდა დათბეს, დათბეს ისე, რომ სწორედ ამ რბილმა პოლიტიკამ გააკეთოს ის საქმე, რასაც მიზნად ისახავდა ირანელთა ხმლის ქნევა.

სეფიანთა ამგვარ მზაკვრულ პოლიტიკას კი ყველაზე უკეთ როსტომ ხანი აღასრულებს. ის ერთგულია სეფი მირზასი, სეფიანთა უზენაესი მმართველის, სასტიკი შაჰ-აბასის შვილიშვილის, რომელიც სწორედ ქართველი გამაჰმადიანებული როსტომის ხელშეწყობით ავიდა ირანის ტახტზე.

ბუნებრივია, ისპაჰანის სასახლეში დიდხანს ფიქრობენ პოლიტიკურ ფერისცვალებაზე, ყველაფერი დეტალურად აქვთ გათვლილი, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სანამ როსტომ ხანის გამეფებაზე მიდგება საქმე, კულუარებში განიხილება მისი მეუღლის საკითხი.

მეუღლე აუცილებლად ქრისტიანი უნდა იყოს, ესეც სეფიანთა პოლიტიკის ნაწილია - ის, რასაც ჩუმად, მზაკვრულად გააკეთებს როსტომი, მისი მეუღლის საქციელმა და მისაბაძმა ქრისტიანობამ უნდა გადაფაროს. ეს პოლიტიკური ბალანსი სწორედაც რომ ირანული მზაკვრული პოლიტიკის წარმატების მთავარი გარანტია.

1626 წლიდან ქართლში მცხოვრები იტალიელი კათოლიკე მისიონერი პიეტრო ავატაბილი აღნიშნავს, რომ ახალი მეფე ჯერ ქართლში არ იყო ჩასული, რომ უკვე დადიანის, ანუ ოდიშის მთავრის, დაზე დაქორწინებას ცდილობდაო.

მისი მცდელობის დამადასტურებელია დადიანის კარზე რამდენიმეჯერ საგანგებო მისიით დესპანის გამოგზავნა.

სეფიანებს ლევან დადიანთან ურთიერთობით განსაკუთრებული პლაცდარმი სურთ მოიპოვონ ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ოდიშის გეოსტრატეგიული მდებარეობა ამ მხრივ საუკეთესოა, თანაც ისპაჰანში ისიც უწყიან, რომ ლევანს განსაკუთრებული კონტაქტები აქვს იმ დროს საქართველოთი დაინტერესებულ ყველა ქვეყანასთან.

მათ შორის იყო შაჰ-აბასი, შაჰ სეფის ბაბუა, რომელიც იმის იმედით, რომ ლევანი ოდესმე მის პოლიტიკურ თამაშში ჩაერთვებოდა, ჯამაგირსაც კი უხდიდა.

ამბავი მარიამ დედოფლისა და როსტომ ხანის სისხლიანი ქორწილისა

ერთი სიტყვით, დაინიშნა ქორწილი, ლევან დადიანმა და როსტომ ხანმა, რომელიც ამ დროს 70-ს იყო მიტანებული და 40-ოდე წლით უფროსი გახლდათ თავის რჩეულზე, შეხვედრა ხანისწყლის ხეობაში, ბაღდადთან ახლოს, კაკას ხიდთან დათქვეს.

ეს ქორწინება ნამეტანი აღიზიანებთ იმერეთის მეფე გიორგი მესამესა და კახთა მეფე თეიმურაზ პირველს. ლევანის ძალაუფლების გაზრდა მათი უფლებების შეზღუდვას ნიშნავს, ამიტომაც გამოიტანეს ვერდიქტი - დადიანს კაკას ხიდთან ჩასაფრებოდნენ და როსტომ ხანის მოსვლამდე ერთიანად ამოეხოცათ მაყრიონი.

ეს შეთქმულება ერთ-ერთმა თანამზრახველმა გასცა და მოხდა ის, რასაც იმერეთისა და კახეთის მეფეები ნაკლებად ელოდნენ - დადიანი იქით დაესხა ჩასაფრებულთ. იმერეთის მეფე გიორგი ტყვედ ჩავარდა, თეიმურაზი კი გაიქცა.

მსხვერპლი დიდი იყო და მიუხედავად ამისა, დადიანმა საქორწინო განწყობა არ გაიფუჭა, დიდებული ნადიმი გადაიხადეს მარიამისა და როსტონ ხანის ქორწინების აღსანიშნავად.

სევდიანი ისტორია ოტია გურიელისა და ლუარსაბ ბატონიშვილისა

ნამეტანი უყვარდა ოტია როსტომ ხანს, საკუთარი შვილი არ ჰყავდა და მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა, მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ ოტია მოულოდნელად გარდაიცვალა.

ძნელად გადაიტანეს შვილის სიკვდილი და უშვილძიროდ გადაშენებას ისევ მემკვიდრის აყვანა არჩიეს. იშვილეს კიდეც ლუარსაბ ბატონიშვილი.

ბედი არ ჰქონიათ როსტომსა და მარიამს შვილებში, ლუარსაბიც მოუკვდათ. "გატეხილი ხიდის " მშენებლობისას, დღეს წითელ ხიდს რომ ვეძახით, მომხდარა ეს ამბავი. ხიდის მშენებლობის სანახავად მისული როსტომისთვის უთხოვია ლუარსაბს სანადიროდ წასვლა, ჰოდა, იქიდან უსულოდ მიუსვენებიათ მამობილთან.

ათასი ჭორ-მართალი ერთმანეთში აიზილა ამ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით - ბაადურ სომეხსა და შიოშ ქართველს ადანაშაულებდნენ, მათ მოჰკლეს ლუარსაბიო, თუმცა სიმართლე ვერავინ გაიგო.

როსტომი და მარიამი ბედს მაინც არ შეეპუენ და ისევ იშვილეს, ამჯერად ვახტანგი, მომავალი ქართლის მეფე შაჰ-ნავაზი. ძაძებით შემოსილი დედოფალი ქვეყნისთვის ყველაფერს აკეთებს - მისი დაკვეთით შეაკეთეს ბოლნისის ტაძარი, განაახლეს რუისის ეკლესია, ალავერდი, ააგეს თბილისში დაბლაციხესთან ეკლესია, აღადგინეს სვეტიცხოვლის მორღვეული გუმბათი... გადაწერეს უამრავი წიგნი, მათ შორის "ქართლის ცხოვრება".

როსტომ მეფე ას წელს მიტანებული ღრმად მოხუცი 1658 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის დღესვე წაასვენეს ყუმში და შაჰ-აბასის გვერდით დაკრძალეს.

როგორ შერთეს სეფიანებმა მარიამ დედოფალი ცოლად საკუთარ შვილობილს

მარიამ დედოფალმა პაპუნა ციციშვილი გააგზავნა ისპაჰანში თხოვნით, დაეტოვებინათ ქართლის დედოფლად, როგორც შაჰნავაზის დედა.

ბედის ირონია იყო, რომ ისპაჰანის შაჰის კარზე უარი განაცხადეს და შაჰნავაზს მარიამის ცოლად შერთვა უბრძანეს. გაჯიუტდა დედოფალი, შედეგად, შაჰის ბრძანებით, შიდაპატიმრობაში ჰყავდათ. ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია და ვერც მარიამმა გააწყო ვერაფერი. შაჰნავაზმა ცოლად შეირთო დედობილი.

ესეც ქართული ადათ-წესების ფეხქვეშ გათელვას ისახავდა მიზნად. შვილივით გაზრდილი ვახტანგი დედამისის ქმარი უნდა გამხდარიყო - ამ სიმბოლურ, თუმცა კატეგორიულ მოთხოვნაში ჩანს სრულად მთელი არსი საქართველოში სეფიანთა პოლიტიკისა.

ფეხქვეშ უნდა გაითელოს ეროვნული, ზნეობრივი მენტალიტეტი და კიდევ ერთი, საკმაოდ სახასიათო მომენტი - მარიამი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს ურთიერთობას პირველ ქმართან, სიმონ გურიელთან.

ეს ის სიმონია, ლევან დადიანმა რომ დააბრმავა და ისიც იერუსალიმს შეეკედლა ბერად. მარიამი სიმონს წერილებსაც ხშირად სწერს და საქართველოში დაბრუნებულსაც ხვდება, რა თქმა უნდა, თავისი ქმრისგან - შაჰნავაზისგან დაუფარავად.

პირველი სიყვარული ვერ დაივიწყა მარიამმა, ერთადერთი შვილის, ოტიას, უჩინო მამას ბოლომდე ედგა გვერდით და სულიერად ამხნევებდა. დედოფალი ღრმად მოხუცებული 1683 წელს გარდაიცვალა. ქრისტეშობიდან მეთვრამეტე ასწლეულის დასრულებამდე ჩვიდმეტიოდე გაელვებაღა რჩებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×