მოსახლეობა სახელმწიფოს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გაკონტროლებას სთხოვს
თამარ მუკბანიანი
25.07.2017

 თბილისელებისთვის წყალმომარაგების შეზღუდვა უცხო არ არის, თუმცა ზაფხულის ცხელი დღეებისა და მაღალი ტემპერატურის პირობებში სასმელი წყლის ხშირი და დიდი ხნით შეწყვეტა მოქალაქეებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის. შესაბამისად, მათი გაღიზიანება პიკს აღწევს და ისინი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურს" უმოქმედობაში ადანაშაულებენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების ხშირი შეწყვეტის მიზეზი მილების დაზიანებაა, შიდა ქსელებს კი ისინი არ ემსახურებიან.

მას შემდეგ, რაც ივლისში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, დედაქალაქის წყალმომარაგების კომპანიის მისამართით პრეტენზიები საკმაოდ გახშირდა. წყლის ხშირი გათიშვა თბილისში ახალი ამბავი არ არის, თუმცა ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე ზაფხულშია. ცხელ დღეებში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეწყვეტა (ხანდახან 2-3 დღით) სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს.

უმეტეს შემთხვევაში "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლის შეზღუდვით მიწოდებას მილების დაზიანებით ხსნის, თუმცა ეს მოსახლეობის მდგომარეობას არ ამსუბუქებს. ხშირად ამა თუ იმ უბნის მცხოვრებლებს 38-40-გრადუსიანი სიცხის პირობებში, რამდენიმე დღის უწყლოდ გატარება უწევთ.

რუსა ხარებაშივილი სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ მის უბანში წყალმომარაგების გათიშვა უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, წყალი ხშირად 2-3 დღითაც კი უწყდება.

"უწყვეტ წყალმომარაგებაში ვიხდით ფულს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის უზრუნველყოფა არ ხდება. ბოლო 2 თვეა, ჩემთან უბანში გაუსაძლისი მდგომარეობაა, წყალი ხშირად 2-3 დღითაც კი წყდება. როცა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" ვრეკავ ან "ფეისბუქის" გვერდზე ვუპოსტავ, გაოცებული მეკითხებიან, სად არის პრობლემა და მერე მუდმივად ერთი და იგივე პასუხი აქვთ, რომ დაზიანების გამოა შეწყვეტილი, თანაც "ძალიან წუხან შექმნილი დისკომფორტის გამო", ამ დისკომფორტის შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად კი არაფერს აკეთებენ.

2 კვირის წინ წყალი შეწყდა და მესიჯი მომივიდა, რომ 24 საათში აღდგებოდა მოწოდება. რასაკვირველია, არ აღდგა და დავურეკე. ამის შემდეგ მითხრეს, 13:00 საათზე შევძლებთ პრობლემის აღმოფხვრასო. საბოლოო ჯამში, ესეც ვერ მოახერხეს და 47 საათი უწყლოდ გავატარეთ.

7 თვის შვილი მყავს, რომლის მოვლისა და ჰიგიენისათვის დიდი რაოდენობით წყალი მჭირდება. ამდენს ფიზიკურად ვერ ვიმარაგებ. ვერსად ვატევ, თორემ წყლის რეზერვუარები დიდი რაოდენობით მაქვს შეძენილი, რაგდან ვიცი, შეიძლება ნებისმიერ დროს დავრჩეთ უწყლოდ, თან - გაურკვეველი დროით.

ყველაზე უპასუხისმგებლო კომპანიაა. არ ვიცი, რომელი უწყებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ვინმე უნდა აკონტროლებდეს. სახელმწიფო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ დედაქალაქის წყალმომარაგების საკითხით. არ შეიძლება, საკუთარ ნებაზე იყოს მიშვებული ამხელა სტრუქტურა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" რუსა ხარებაშვილმა.

წყალმომარაგების ხშირ შეზღუდვაზე საუბრობს ანდრია სპარსიაშვილი. მისი თქმით, კომპანია, რომელსაც 24-საათიან წყალმომარაგებაში უხდის საფასურს, პასუხისმგებელი არ არის მთავარზე, მილების იქამდე შეცვლაზე, ვიდრე დიდი დაზიანება მოხდება.

"წყალმომარაგებაში მთავარი ხომ მილებია, რომლითაც წყალი მოგვეწოდება. კომპანია კი, რომელსაც საფასურს უწყვეტ მიწოდებაში ვუხდით, ამაზე პასუხს არ აგებს. ამასობაში, როგორც წესი, სადმე კატასტროფული დაზიანება მოხდება და რამდნიმე დღე უწყლოდ გვტოვებენ.

წინა თვეში წყალი 3 დღით იყო შეწყვეტილი. უხერხულია ამაზე საბარი, მაგრამ სასმელ წყალსა და პირად ჰიგიენაზე აღარაფერს ვამბობ, უბრალოდ, მთელი დიღმის მასივი გაწამდა. უსიამოვნო სუნი სადარბაზოებშიც კი იგრძნობოდა. ამ დროს, როცა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" ვრეკავდი, აბსოლუტურად მშვიდი ტონით მპასუხობდნენ, რომ წყალმომარაგება აღდგებოდა დაზიანების აღმოფხვრისთანავე. კითხვაზე - მასშტაბური დაზიანების თავიდან ასაცილებლად რატომ არაფერს აკეთებენ? - გპასუხობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ანდრია სპარსიაშვილი.

წყლის ხშირი შეწყვეტა უცხო არ არის ანი მესხიასთვისაც, რომელიც ვარკეთილში ცხოვრობს. მისი თქმით, ამას გარდა, პრობელმაა გეგმური სამუშაოების დროს წყლის მიწოდების გრაფიკიც.

"გარდა იმისა, რომ წყალი ხშირად წყდება და არაერთხელ გავსულვარ დედაჩემთან ნაძალადევში იმისათვის, რომ მებანავა, დიდი პრობლემაა გეგმური სამუშაოების დროს გრაფიკის შემოღება.

წინა კვირას 17:00 საათიდან მეორე დღის 13:00 საათამდე იზღუდებოდა ოთხი დღის განმავლობაში წყალმომარაგება. ვინც სულ სახლშია, ალბათ, მისთვის ნაკლები პრობლემაა, მაგრამ მე ვმუშაობ და სწორედ მაგ დროს სამსახურში ვარ. სახლში ექვსის მერე მოვდივარ. ისე გამოვიდა, რომ როცა სახლში ვიყავი, წყალი არასდროს მოდიოდა. რაც მოსახლეობას აწუხებს, იმაზე საერთოდ არ დარდობს კომპანია.

სულ ვფიქრობ და მეცოდებიან ოპერატორები, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში ათასი ლანძღვა-გინების მოსმენა უწევთ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო უფროსები ჰყავთ. მთავარი დამნაშავე მაინც ხელისუფლებაა, რომელიც არ აკონტროლებს სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსზე პასუხისმგებელ კერძო კომპანიას", - ამბობს ანი მესხია.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აცხადებენ, რომ შიდა ქსელის შეცვლა მათი მოვალეობაა არაა. დაზიანების შემთხვევაში ყველაფერს აკეთებენ წყალმომარაგების დროული აღდგენისათვის.

"მოგეხსენებათ, შიდა ქსელების შეცვლას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" არ ემსახურება. ეს არ არის ჩვენი მოვალეობა. დაზიანების შემთხვევაში ყველაფერს ვაკეთებთ წყალმომარაგების დროული აღდგენისათვის.

რაც შეეხება წყლის ხშირ გათიშვას, ინფორმაცია წყალმომარაგების შეზღუდვების შესახებ კომპანიის ვებ-გვერდზეა განთავსებული და შეგიძლიათ, გაეცნოთ", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×